რატომ გააბა ჯაბა ქარსელაძემ რომანი 36 წლის ქალთან და სად იბრძოდა მასთან ერთი ღამის გასატარებლად ერთდროულად ორი მანდილოსანი
უკვე რამდენიმე თვეა, ჯაბა ქარსელაძე სწავლას ჟენევაში განაგრძობს. მართალია, გამგზავრების წინ ფიქრობდა, რომ იქ მის პირად ცხოვრებაში გადატრიალება მოხდებოდა, მაგრამ ასე სულაც არ აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მას გართობისთვის დრო თითქმის საერთოდ არ რჩება. როგორც თავად აღნიშნა, ძალიან მოსაწყენი და პატარა ქალაქია, რომელიც ხანში შესული ადამიანებისთვის უფრო მისაღებია ვიდრე ახალგაზრდისთვის. ამიტომაც, მიზნად დაისახა, რომ პენსიაზე გასვლისთანავე ჟენევაში გადავა საცხოვრებლად და სრულ იდილიას მოიწყობს. დღესდღეობით კი, ჟენევაში მას განწყობას ორი ქართველი მეგობარი ულამაზებს, რომელთა შორის ერთ-ერთი სალომე წვერაიძეა. რაც შეეხება სწავლის პროცესს, მართლაც სანიმუშოა და ჯაბაც ჩვეულ რიტმში განაგრძობს ფინანსების შესწავლას.
– ჯაბა, უკვე ოთხი თვეა, რაც საქართველოდან წახვედი და სწავლას ჟენევაში განაგრძობ. როგორც ვიცი, მანდ საკმაოდ განსხვავებულ რიტმში გიხდება ცხოვრება და ძირითადად სწავლაზე ხარ გადართული. როგორ შეეჩვიე ახალი ცხოვრების სტილს?
– 7 იანვრიდან ჟენევაში ვარ და, რომ გითხრა, ძალიან შევეჩვიე-მეთქი, ტყუილი იქნება. ზედმეტად მოწესრიგებული ქალაქია, ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი, ისე არაფერს აკეთებენ. ვინმეს რომ უთხრა, წამოდი ერთად ვივახშმოთო, გეტყვის, არა, უკვე სხვასთან მაქვს დაგეგმილი შეხვედრაო და ასე შემდეგ. ზედმეტად „კალენდარული“ ხალხია და მათთან ურთიერთობაც ძალიან რთულია, რადგან ყველაფერი წინასწარ აქვთ გამიზნული. გამორიცხულია, შაბათს სახლიდან გამოვიდნენ, კვირა დღეს ხომ საერთოდ გამორიცხულია გარეთ გასვლა. ჟენევაში, ჩემი აზრით, კვირა გარდაცვლილთა დღეა. ყველაფერი დაკეტილია, წყალსა და პურსაც კი ვერ იყიდი. შვეიცარიელებთან მიმართებაში ურთიერთობა ზოგადად ძალიან რთულია. ჩემს უნივერსიტეტში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები სწავლობენ, მათ შორის ძირითადად ამერიკელები არიან და, შაბათობით მხოლოდ მათთან ერთად ვერთობი. ხან ფართებს ვაწყობთ ინსტიტუტში, ხან ბოულინგის სათამაშოდ დავდივართ, ხან – დისკოთეკაზე და ასე შემდეგ.
– სწავლის პარალელურად, სამსახურის მოძებნაც ხომ არ გიცდია?
– კი, როგორ არა, სამსახურს ისტერიულად ვეძებ, სივი ყველგან მაქვს გაგზავნილი. ზოგი მეუბნება, რომ შესაბამისი გამოცდილება არ მაქვს, ზოგი – პირიქით, ზედმეტად განათლებული ხარ და არ შეეფერები კონკრეტულ სამსახურსო.
– შენ ის მითხარი, პირად ცხოვრებაში ხომ არაფერია ახალი?
– სხვათა შორის, საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა დამყარდა ჩემსა და ჩემს ერთ-ერთ ლექტორს შორის, რომელიც ისე მომეწონა, რომ ბოლოს ლამის სიყვარულში გადამივიდა. ძალიან მომხიბვლელი ქალია.
– რამდენი წლის არის?
– 36 წლის. თან, ფინანსებს მიკითხავდა, რომელშიც ყველაზე მაღალი ნიშანი გამომყვა. მეგობრები მეღადავებიან, ალბათ, შენც მოსწონდი და ამიტომ დაგიწერა ასეთი მაღალი ქულებიო.
– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
– ჩვენი ურთიერთობა ცოტა გავასერიოზულეთ. დავიღალე წინ და უკან, მარჯვნივ-მარცხნივ გაუგებრად სიარულით. ერთი ღამის ურთიერთობებმა ძალიან დამღალა. თან, ვბერდები – უკვე 25 წლის გავხდი.
– სადაურია შენი ყოფილი ლექტორი?
– ის არ არის არც ამერიკელი და არც ევროპელი, ებრაელია. ძალიან ჭკვიანია, ფინანსებზე საკუთარი წიგნიც აქვს დაწერილი. 36 წლის ასაკში ასეთი წარმატებული რომ ხარ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამჟამად დოქტორანტურას აკეთებს. ალბათ, გახსოვს, ყოველთვის ვამბობდი, რომ წარმატებულ ადამიანთან მიყვარს ურთიერთობა, მომწონს წარმატებული ქალები, რომლებიც მარტო შენზე არ არიან დამოკიდებული. ასეთ ადამიანებთან ძალიან ადვილია ურთიერთობის აწყობა.
– შენს ახალ გატაცებას რა რეაქცია ჰქონდა, როცა შეიტყო, რომ ჯაბა ქარსელაძე საქართველოში ლექციებს კითხულობს?
– მან თავიდან ამის შესახებ არ იცოდა, მერე ვუთხარი, როცა დავუახლოვდი და მის საგანსაც აღარ ვსწავლობდი. რომ ვუთხარი გარდა იმისა, რომ შენი ყოფილი სტუდენტი ვარ, შენი კოლეგაც ვარ-მეთქი, ძალიან ბუნებრივი რეაქცია ჰქონდა. მიპასუხა, მართალია, ამას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ, ვხვდებოდი, რომ სხვა სტუდენტებისგან განსხვავებული იყავიო. თუმცა, ისიც მითხრა, რომ ჩემს ასაკში ისიც ასწავლიდა სტუდენტებს, ოღონდ, ის ლექტორის ასისტენტი იყო მაშინ.
– შენ რა ასაკში წაიკითხე პირველად ლექცია დამოუკიდებლად?
– პირველად, როცა 30 სტუდენტის წინაშე ლექცია წავიკითხე, 21 წლის ვიყავი. ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა, რისთვისაც, პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა ჩემს დეკანს, კახა შენგელიას, რომ ასეთი შანსი მომცა.
– საქართველოში ყველა გიცნობს და ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ. არ გენატრება ეს სიტუაცია? დარწმუნებული ვარ, ჟენევაში იმავეს არ განიცდი, რასაც აქ.
– ეს სიტუაცია მართლა ძალიან მომენატრა. მიყვარს ქუჩაში გასეირნება და ხალხის რეაქციები. კარგად მიცნობ, რომ ასეთი ტიპი ვარ. სკანდალები და არაფრისგან რაღაცის შექმნა ჩემი მოგონილია. სხვათა შორის, აქაც უთქვამთ, ისეთი სკანდალისტი ხარ, ჟურნალისტი უნდა იყოო. სულ ისეთ კითხვებს ვსვამ, როცა მეგობრები სადმე ერთად მივდივართ, რომ ვიცი, ყველას არ სიამოვნებს პასუხის გაცემა.
– როგორც ვიცი, ძალიან გინდა ჰარვარდის სტუდენტი გახდე, თუმცა, ჯერ ასაკი არ გიწყობს ხელს.
– ჰარვარდში სწავლა ჩემი უახლოესი და ყველაზე სანატრელი ოცნებაა. იმისათვის, რომ ეს ოცნება ავიხდინო, მინიმუმ 28 წლის მაინც უნდა ვიყო. ასე რომ, ჯერ სამი წელი კიდევ წინ მაქვს.
– მართალია, გართობისთვის დრო არ გრჩება, მაგრამ, როგორც თავგადასავლებისა და კურიოზების ოსტატს, აუცილებლად გექნება რამე მოსაყოლი.
– შეიძლება, ამას არ უნდა ვყვებოდე, მაგრამ, მაინც მოვყვები: საფრანგეთში ერთ-ერთ ძალიან მაგარ სათხილამურო კურორტზე დამპატიჟა ჩემმა მეგობარმა. რაღაც ტურნირი ტარდებოდა, სადაც მთელი ევროპის მასშტაბით იყო ხალხი ჩამოსული. მე, რომელიც, თავისუფლად ვიტყვი, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს ნანახი და ხანდახან საკუთარ თავს გარყვნილსაც კი ვუწოდებ, არ მეგონა, კიდევ თუ რამე გამიკვირდებოდა. მაგრამ ორი მანდილოსანი, რომლებიც ერთდროულად თავს დებდნენ სიყვარულზე, ჩემთან ერთი ღამის გატარებაზე ისეთი ფორმით ჩალიჩობდნენ, მართლა ძალიან გამიკვირდა. მათი არანორმალური საქციელიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ევროპაში უკვე ძალიან გარეკილი აქვთ, რადგან ეს უკვე გარყვნილებაც აღარ არის. მე, მაგალითად, თუ ადამიანი მომწონს ან მიყვარს, ვერაფრით დავუშვებ იმას, რომ ის ჩემი თანდასწრებით სხვა მამაკაცს ეზასაოს. შოკირებული ჩამოვედი. რომ ვთქვი, საქართველოში სასურველია, გოგო ქალიშვილი გათხოვდეს-მეთქი, დამცინეს – ქვის ხანაში ცხოვრობთო?
ეს ყველაფერი რატომ მოვყევი, იცი? ძალიან რთულია, ამ ყველაფრის შემდეგ, ჩამოხვიდე საქართველოში და აქ განაგრძო ცხოვრება. ალბათ, სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო, სხვა შემთხვევაში არ მიგიღებს საზოგადოება. არ მინდა ის ღირებულებები დავკარგო, რაც ჩემმა ქვეყანამ მომცა და ჩემს თბილისში შევიძინე. თუმცა, ეს ყველაფერი ძალიან რთულია.
– როდის დაგვიბრუნდები საქართველოში?
– თუ სამსახური დავიწყვე, ამაზე იქნება ყველაფერი დამოკიდებული, თუმცა აქ ძირითადად ეს სექტემბრიდან არის შესაძლებელი. სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ჩამოვალ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს მშობლებს ვუთხრა მადლობა, ასე რომ მიდგანან გვერდში. სხვა შემთხვევაში, ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი. არავის ეგონოს, რომ უცხოეთში ყოფნა ადვილია და, რაც უნდა კარგად იყო, სულ რომ 100 000 გქონდეს თვეში, არის რაღაც სირთულეები, რომლებიც უნდა გადალახო და იმის გაკეთებაც მოგიწევს, რაც არ გინდა, რომ გააკეთო, ისევ და ისევ იმისთვის, რომ წარმატებული იყო. მთავარია, საჭირო დროს აღმოჩნდე საჭირო ადგილას და, კაცმა არ იცის, რას შეიძლება გამოჰკრა ხელი. ყველაზე რთული კი ის არის, რომ არ იცი, სად და როდის არის საჭირო დრო და საჭირო ადგილი. ალბათ, ყველაფერი თავისთავად ხდება.