კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნაწილებდა მუამარ კადაფი მთელი ლიბიის მოსახლეობას ყოველწლიურად ენერგომატარებლების იმპორტით მიღებული მოგების ნახევარს, 5 მილიარდ დოლარს

ლიბიის წინააღმდეგ ნატოს სამხედრო მოქმედებებს ხან აგრესიული ხასიათი აქვს, ზოგჯერ კი კოალიციის ძალებში დაბნეულობაც იჩენს ხოლმე თავს. მეორე მხრივ, რთული წარმოსადგენია, უპირველესი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი წინასწარი გათვლების გარეშე ებმებოდეს სამხედრო ოპერაციაში, მით უმეტეს, არაბულ სამყაროში არსებული რყევების გათვალისწინებით. აზრს იმის შესახებ, თუ რა ხდება ლიბიაში, გნებავთ, ნატოს აღმოსავლურ პოლიტიკაში და რატომ განიცდის კრახს მუამარ კადაფის ისლამური სოციალიზმი, პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს დავეკითხეთ.

– რა შეიძლება, გამოიწვიოს მთლიანად ისლამურ სამყაროში და, კერძოდ, ლიბიაში დასავლეთის ასეთმა არაორგანიზებულმა თუ, თუნდაც, ორგანიზებულმა ჩარევამ?

– დიდი ახლო აღმოსავლეთი, როგორც უწოდებენ იმ არეალს, სადაც ახლა საკმაოდ არაერთგვაროვანი პროცესები მიმდინარეობს, მოიცავს არა მხოლოდ რამდენიმე არაბულ ქვეყანას, არამედ მთელ სივრცეს მაროკოდან აღმოსავლეთით. ამდენად, შეუძლებელია, ლიბიაში მიმდინარე მოვლენები განვიხილოთ ამ კონტექსტის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ლიბიის რეჟიმი ყოველთვის იყო არაორდინარული და ჰყავდა არაორდინარული ლიდერი, რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი უწოდებდა დემონს, ზოგი – გიჟს, ზოგიც – გენიოსს. ეს არის სპეციფიკური ისტორიის ქვეყანა, უზარმაზარ ტერიტორიაზე მდებარე და მცირერიცხოვანი – 6,4 მილიონი ადამიანით დასახლებული, ძირითადად, სასაზღვრო ზოლში; საკმაოდ მდიდარი წიაღისეულით: ნავთობის, გაზისა და ძვირფასი ლითონების უმდიდრესი საბადოებით, რაც საშუალებას აძლევს ამ ქვეყნის მმართველს, შედარებით კმაყოფილი ჰყავდეს თავისი მოსახლეობა და ასეც იყო დიდი ხნის განმავლობაში.

– ესე იგი, ლიბიაში სოციალური გაჭირვება არ ყოფილა?

– ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობით ბოლო პერიოდში ლიბიამ გაუსწრო დიდ ბრიტანეთს, ხოლო უმუშევრობა ლიბიაში საერთოდ არ არსებობდა.

– აბა, რას ერჩიან კადაფის?

– ხალხს ყოფით დონეზე ყოველთვის უნდა პური და სანახაობა, მაგრამ მისი შინაგანი მოთხოვნილება არის თავისუფლება. როდესაც თავისუფლება შინაარსგამოცლილია, ამას ვერანაირი მატერიალური სიკეთე ვერ შეცვლის. ვეცდები, მოკლე ექსკურსი გავაკეთო ლიბიის წარსულში. ლიბიის დღევანდელი რეჟიმი შედეგია 1969 წელს სამხედროების მიერ მოწყობილი გადატრიალებისა, რომელსაც სათავეში ედგა პოლკოვნიკი მუამარ კადაფი. მათ ჩამოაგდეს მეფე იდრის პირველი და მოვიდნენ ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული სოციალური ლოზუნგებით. დასავლეთი მაშინვე შეშფოთდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ძალიან მალე ლიბიიდან გააძევეს ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო ბაზები. ლიბიამ გამოაცხადა ახალი ქვეყნის მშენებლობის ახალი კურსი. იყო რეციდივები, როდესაც სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებსაც ავიწროებდნენ და ისინიც იძულებული გახდნენ, თანდათან დაეტოვებინათ ლიბია. დღეს ლიბიის ძირითად მოსახლეობას შეადგენენ არაბები, სუნიტები თავიანთი რწმენით და ამ ტერიტორიის უძველესი მოსახლეობა: ბერბერები და ტუარეგები, ოღონდ მცირე რაოდენობით. კადაფიმ თანდათან გამოამჟღავნა თავისი არაორდინარული ხედვები. მაშინ ძლიერი იყო საბჭოთა კავშირის გავლენა და სულ მალე გამოაცხადა ლიბიის დიდი არაბთა სოციალისტური რესპუბლიკა. ლიბია გახდა სოციალისტური, ოღონდ ეს იყო ისლამური სოციალიზმის ნაირსახეობა, მაგრამ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი, – მუამარ კადაფის ჰქონდა პრეტენზია, ყოფილიყო მუჰამედის, იესოსა და მოსეს საქმის გამგრძელებელი. იგი ერთ პერიოდში განიმსჭვალა არაბული ერთიანობის იდეალებითაც, მაგრამ ვერც 1971 წელს შექმნილი ლიბიის, სირიისა და ეგვიპტის გაერთიანებული სახელმწიფო შედგა და ვერც 1973 წელს უკვე – ეგვიპტისა და ლიბიისა. სამაგიეროდ, დაუდეგარი მუამარი, რომელიც ბედუინის კარავში დაიბადა 1940 წელს, თუმცა, რატომღაც, თავად მიიჩნევს, რომ 1942 წელსაა დაბადებული, ახალ-ახალ იდეებს სთავაზობდა თანამოძმეებს. მაგალითად, მას სჩვევია ასეთი ნაბიჯები: სამხრეთ კორეაში შეიძენდა ავტომანქანებს, ჩამოიყვანდა და მეოთხედ ფასად მიჰყიდდა ლიბიელებს, ლიბიელებიც ბედნიერები იყვნენ ამით. ანდა, ვთქვათ, ისიც, რომ ლიბიას ენერგომატარებლების ექსპორტით წლიურად რჩება, დაახლოებით, ათი მილიარდი ამერიკული დოლარი. ამ მოგების ნახევარი მიდის ბიუჯეტში, ნახევარი ნაწილდება ლიბიის ოჯახებს შორის. მე სამი წლის წინანდელი მასალა მაქვს ნანახი, რომლის მიხედვითაც, 600 000-მა ლიბიურმა ოჯახმა მიიღო 7-დან 10 000 დოლარამდე თანხა.

– რატომ იქცევა ასე უცნაურად?

– ეს გამომდინარეობს მუამარ კადაფის მსოფლმხედველობიდან, რომელიც მან ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში: „მწვანე წიგნი“. ის ამბობს, რომ სიმდიდრე, ძალაუფლება და იარაღი ეკუთვნის ხალხს. ანუ მთელი ამ სახელმწიფოს ქონება ხალხის საკუთრებად გამოაცხადა. თუმცა ისიცაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მას, როგორც ქვეყნის ლიდერს, რომელსაც არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ აქვს, არავინ უშლიდა ხელს ამ ქონების მართვაში, მაგრამ ამ თეორიის ელემენტებს ცხოვრებაში მაინც ატარებდა. სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, ლიბიაში არ არსებობს, თუმცა არის პარლამენტი და მთავრობა. რეფორმები მიმდინარეობს მუდმივად, ხშირად მტკივნეული და წარუმატებელი, მაგრამ ამას ფარავს ნავთობიდან მიღებული შემოსავალი. ბოლოს მან სირტში, ხალხის წარმომადგენლების შეკრებაზე, გამოაცხადა ახალი ბედნიერი ჯამაჰირიის შექმნა, ანუ ისეთი ქვეყნის, სადაც ყველაფერი იდეალურად იქნება და ქვეყანა დაყო 1 500 კომუნად. ეს 1 500 კომუნა არის თვითმმართველი ერთეულები, თავისი ბიუჯეტითა და პოლიციით. ის ამბობს, თუ შემოიჭრება ვინმე, დაგირიგებთ იარაღს და იომეთ ბოლომდეო. აი, ასეთია კადაფის ხედვა, მაგრამ, ბუნებრივია, ადამიანებს ოდენ ფულიც არ აკმაყოფილებთ.

– განსაკუთრებით, თუ დანაყრებული არიან და ყოფითი პრობლემები არ აწუხებთ.

– შესაძლოა, ასეც ითქვას. ამიტომაც არაბული რევოლუციების ტალღის გამო ლიბიაში დაიწყო უკმაყოფილება. კადაფი ძალიან ცბიერი და გამჭრიახი ადამიანია. მისი უცნაურობების მიღმა ჩანს აღმოსავლური პრაგმატიზმი. მისთვის უცხო არ იყო დასავლელი პოლიტიკოსების მოსყიდვის პრაქტიკა. მას ძალიან კარგი ურთიერთობები ჰქონდა ბერლუსკონისთან, სარკოზისთან, სხვებთანაც და ეს არ ეფუძნებოდა მხოლოდ მათი იდეალებისა და სულიერ ერთობას. კადაფიმ ასეთი ინფორმაციაც გაავრცელა, რომ არჩევნების წინ სარკოზის ფული მისცა, რამაც სარკოზი დიდად გაანაწყენა და ახლა ის არის ნატოს მთავარი დამრტყმელი ძალა ლიბიის წინააღმდეგ, რადგან დემოკრატი ქვეყნების ლიდერებიც ადამიანები არიან. სარკოზი ბოლომდე იომებს კადაფის ჩამოსაგდებად და აქ არაფერ შუაშია ღირებულებების შეუთავსებლობა.

– ლიბიის წინააღმდეგ ბრძოლის მთელი ფილოსოფიური წიაღსვლები დადის იქამდე, რომ ერთი განაწყენებული კაცი ეომება თავის გამნაწყენებელს?

– ასე გამოდის, ადამიანური ურთიერთობების დონეზე დადის ყველაფერი და ხშირად ხდება ასეთი რამ ისტორიაში. რთული იყო ამის წარმოდგენა, მაგრამ ლიბიაში მოსახლეობის ერთი ნაწილი, ოღონდ არა უმეტესობა, კადაფის რეჟიმის წინააღმდეგია. გაითვალისწინეთ, ეს ნავთობით მდიდარი ქვეყანაა. მოვიტანოთ სხვა მაგალითი: რა განაპირობებს სოციალურ სიმშვიდეს ყაზახეთში და უკმაყოფილებას ყირგიზეთში? ყირგიზი და ყაზახი მოქალაქეები მენტალობით ახლოს დგანან ერთმანეთთან, უბრალოდ ყირგიზები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე ყაზახები. ამიტომ ძალიან ძნელია, რომ ასეთ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობამ გააკეთოს გინივრული არჩევანი. ლიბიაში პოლიტიკური პარტიები, ფაქტობრივად, არ არის. პოლიტიკური პროცესი მკვდარია, ადამიანის უფლებები დაცული არ არის, უბრალოდ ხალხია გამოკვებილი. ასეთ პირობებში კი, როგორ შეიძლება, რომ მოსახლეობის უმეტესობა კრიტიკულად იყოს განწყობილი ადამიანისადმი, რომელიც 1969 წლიდან დღემდე განუკითხავად, საკუთარი ფანტაზიებით განაგებს 6,4 მილიონი ადამიანის ბედს?! თანაც, ერთი შეხედვით, ჩანს, რა კარგი კაცია – არ სვამს, არ ეწევა.

– ქალებში თუ დადის?

– სანიმუშო ცხოვრების წესი აქვს. მას ჯერჯერობით ორი ოფიციალური ცოლი ჰყავდა: პირველი, იდრის პირველის გენერლის ასული ფატიმა იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს. ის დღეს უბრალო ინჟინერია. პირველ ცოლთან გაყრიდან ორ თვეში კადაფიმ ცოლად მოიყვანა სამხედრო ჰოსპიტლის მედდა, რომელთანაც ხუთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა, ერთიც იშვილა, თუმცა 1986 წელს ტრიპოლის ამერიკული დაბომბვების დროს გოგონა დაიღუპა. ასე რომ, მუამარი არცთუ ურიგო, მე ვიტყოდი, კარგი მეოჯახეა. ლიბიაში აკრძალულია აზარტული თამაშები, მოქმედებს მშრალი კანონი. თავად კადაფი არ სვამს, ტელევიზიები ხელისუფლების აბსოლუტურ კონტროლქვეშაა. პოლიტიკური ინფორმაციის თავისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომაც, ბუნებრივია, ასეთ პირობებში წინააღმდეგობა არ წარმოიშობა. რეალური ხედვა მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ადამიანებს თავისუფალი ინფორმაციის მოსმენის საშუალება აქვთ. ამიტომ არის ლიბიის მოსახლეობა კადაფის მხარდამჭერი და მომთმენი. მაგრამ იმიტომ არსებობს საერთაშორისო საზოგადოება, რომ მაშინაც კი, თუკი კადაფის ნავთობით ჰყავს დაპურებული ლიბია, მიუთითოს ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ასე რომ, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს კადაფის და რა ნაწილია მისი წინააღმდეგი. აქ არის კიდევ ერთი მზაკვრობა: ამას ამბობდა მუბარაქი, ამბობს კადაფი და იმეორებს სალეხი: მართალია, ჩვენ დიქტატორები ვართ, მაგრამ პროდასავლურები და, თუ ჩვენ წავალთ, ალ-ქაიდა მოვაო. ეს უკიდურესად ბრიყვული პოლიტიკაა და დასავლეთი აღმოსავლური ცბიერების ამგვარ ანკესს არ უნდა წამოეგოს. ამიტომ ობამა მართებულად იქცევა, როდესაც ამბობს, წავიდეს პროცესი და, თუ, ვინც მოვა, არ დაიცავს წესებს, ჩვენ მათაც დავუპირისპირდებითო.

– საბჭოთა კავშირის შემდგომი პერიოდი აჩვენებს, რომ დასავლეთი ადამიანის უფლებების დაცვის გამო არ იწყებს საომარ მოქმედებებს, თუმცა დეკლარირებული სწორედ ეს საბაბი სახელდება ხოლმე. სარკოზი რასაც ერჩის კადაფის, უკვე ახსენით, ობამას რეალური მიზანი როგორია, იმას გარდა, რომ ლიბიელების უფლებების დაცვა უნდა?

– ობამა არის ამერიკული ექსპერიმენტი, მაგრამ, ვფიქრობ, მას, ვინც ეს ექსპერიმენტი ჩაიფიქრა, მისი მნიშვნელობა ბოლომდე გააზრებული არ ჰქონდა. ობამა ჯერ შეუფასებელი მოვლენაა და ბევრს ეგონა, ბუში უმცროსის მიერ ჩიხში შეყვანილ ერაყისა და ავღანეთის კამპანიას, ამერიკის სახელმწიფო ვალის ასტრონომიულ ციფრებს ავკიდებთ ამ ნიჭიერ, სიმპათიურ ფერადკანიან ადამიანს. თუ ცუდად გააკეთებს, მას დაბრალდება და, ბოლოს და ბოლოს, ეს ექსპერიმენტის ამბავიაო. მაგრამ სინამდვილეში, ობამა ძალიან შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა. ის მიჰყვება ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის დაწერილ და დაუწერელ კანონებს, მაგრამ ყოველთვის ამბობს თავის სიტყვას. გაგახსენებთ, მან თქვა, ავღანეთიდან ჯარებს 2011 წელს გავიყვანო. რამდენიმე დღეში „რესპუბლიკელები“ მაკკეინის მეთაურობით ჩადიან ავღანეთში და ამბობენ, ჩვენ აქედან არ გავალთ 2015 წლამდეო. ობამა კი გამოდის და ამბობს, ჩვენ გავალთ 2011 წელს და დავტოვებთ ბაზას. მეორე – წააგო არჩევნები და ეს, ერთი შეხედვით, „რესპუბლიკელების“ ტრიუმფია, მაგრამ, მეორე მხრივ, ობამამ თავისი პასუხისმგებლობა, რაც აჰკიდეს, გადაუნაწილა „რესპუბლიკელებს“ და ახლა ყველა საკითხზე მათ წარმომადგენლებს ეთათბირება სენატსა და კონგრესში. დაიწყო ფიქრი მეორე ვადაზე და ამის დასტურია, სარბიელზე დონალდ ტრამპი რომ გამოაგდეს – ოდიოზური ფიგურა, რაც ნიშნავს, რომ „რესპუბლიკური“ ფრთა უნდა იყოს დისკრედიტებული და ობამას ომითა თუ ეკონომიკური კრიზისით შელახული იმიჯი გამოსწორდეს. გაგახსენებთ, ობამა არ არის პაციფისტი. მან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ნობელის პრემია გადასცეს, ხაზი გაუსვა სამართლიანი ომების აუცილებლობას. თითქოს ლიბიის თემისგან შორს წავედით, მაგრამ, რეალურად, ჩვენ ზუსტად ამ თემაზე ვსაუბრობთ. თავდაპირველად, კადაფი, რომელმაც შესანიშნავად იცის ლიტერატურა, ისტორია, რუსი ანარქისტები მოსწონდა, რატომღაც, ძალიან. იცის ლენინი და ბევრი სხვა რამ, „ეკაიფებოდა“ დასავლეთს. მან იცოდა, რომ დასავლეთი ბევრს ვერაფერს გააკეთებდა, ვერ დაიწყებდა სახმელეთო ოპერაციას, რადგან იგივე დაემართებოდა, რაც ალექსანდრე მაკედონელს. გარდა ამისა, როგორც კი ამერიკა შევიდოდა ლიბიაში, რუსეთი შეიძლებოდა, მაშინვე შეჭრილიყო ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. მაგრამ დღეს უკვე დასავლეთი „ეკაიფება“ კადაფის, ოღონდ ეს ძალიან ძვირი უჯდება. იბომბება ლიბია და იხოცება ხალხი. მე მგონია, დასავლეთი სჯის ლიბიელ ხალხს იმისთვის, რომ ის დიქტატორს უჭერს მხარს. რეალურად, ხალხი ყოველთვის ისჯება თავისი მთავრობის გამო. ამიტომ დროა, მსოფლიო დიპლომატია გამჭვირვალე გახდეს. არის ვერსია, განსაკუთრებით რუსი ანალიტიკოსები აქტიურობენ, თითქოს ამერიკამ გადაწყვიტა, რადგან ჩიხშია შესული პროცესი აღმოსავლეთში, ააფეთქოს ეს ვითარება და, მართვადი ქაოსის პრინციპებიდან გამომდინარე, შექმნას ახალი ვითარება. მაგრამ ეს თეორია საფუძველშივე მცდარია, რადგან ვერანაირი დასავლური პოლიტტექნოლოგიები ვერ გამოიწვევდა ისეთ ნგრევას, როგორიც არაბულ სამყაროში მოხდა. თუ პროვოცირებულია, მივესალმები, მაგრამ არ მგონია. გაუთავებელ სატანჯველს უარესი დასასრული სჯობია, რადგან ეს ამხელა სივრცე არ შეიძლება იყოს დიქტატორებისა და სხვადასხვა ჯურის შეიხების მმართველობის ქვეშ.

– ყველაზე ცუდი დასასრული სჯობს გაუთავებელ ტანჯვასო, მაგრამ, თუ დასავლეთმა არ იცის კონკრეტულად, რა მიზანს ისახავს, კადაფიზე უარესი რომ მივიღოთ, რომელიც მეთოხედ ფასადაც აღარ მიჰყიდის ავტომანქანებს ლიბიელებს?

– საზოგადოების კათარზისი ხშირად მოითხოვს მსხვერპლს. ჩვენ, ქართველები, ამ მსხვერპლს გავიღებთ უკვე 25 წელია. ჩვენ საბჭოთა ხელისუფლების პირობებშიც კი არასწორად ვცხოვრობდით და ჯინჯილების სანაცვლოდ მოვსპეთ წარმოება, ვაყალბებდით ჩაისა და ღვინის ტექნოლოგიებს. მართალია, ლიბია ძალიან სპეციფიკური მაგალითია, მაგრამ იქ არაფერი განსხვავებული არ ხდება, რაც იემენში. სალეხი, ასევე, პოლკოვნიკი, გასული საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებში მივიდა ხელისუფლებაში, ხალხის ნაწილი მოხიბლა და ძალაუფლების აბსოლუტური კონცენტრაცია მოახდინა. დღეს ის ხალხს ეუბნება, მე გადავდგები, როდესაც გამოჩნდება ღირსეული კაცი ხელისუფლების გადასაბარებლადო. უკაცრავად პასუხია და, შენ ვინ გეკითხება, არის თუ არა ღირსეული კაცი. მოდი, მთელ იემენს ჰკითხე, ვინ არის ღირსეული რამდენიმეს შორის. თუ ჩვენ დავაცდით ცალკე აღებულ იემენს, ცალკე აღებულ ლიბიას, შიგნით გაარკვიონ ურთიერთობა, ეს ქვეყნები ვერასდროს დაადგებიან ცივილიზებული, დემოკრატიული და ჰუმანური განვითარების გეზს. ამიტომ ლიბიის პრობლემა არ არის მხოლოდ ლიბიელი ხალხის პრობლემა. ლიბიის პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ გახდება, რაც შეწყდება ცეცხლი, გაიხსნება მედია და იქნება დაცული ადამიანის უფლებები. დღეს მსოფლიოში მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტი ცხოვრობს დასავლური ცივილიზაციის ქვეშ, დანარჩენი მსოფლიო რეჟიმების ხელშია, ამიტომ ამ 25-მა პროცენტმა უნდა გადაძალოს ის 75 პროცენტი.


скачать dle 11.3