ირაკლი ჩიქოვანის, როგორც „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის 2008 წლის შემოსავალი მილიონ-ნახევარი ლარია
ეს ორი ჩინოვნიკი განსხვავებულად მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა, თუ მათი შემოსავლებით ვიმსჯელებთ (რა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე), აშკარაა, რომ კერძო სექტორში სამსახური სახელმწიფოს სამსახურის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს, მეტიც, ქერი ორმოა (ყოველ შემთხვევაში, ის სამსახური, სადაც ბ-ნი ჩიქოვანი მუშაობდა და სამეწარმეო საქმიანობის ის სეგმენტი, რომელსაც ბ-ნი ჩიქოვანი ამუშავებს). ირაკლი ჩიქოვანისა და ზურაბ ადეიშვილის ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციები შემთხვევით არ მოგვიხვედრებია ერთმანეთის გვერდიგვერდ: ეს ჩვენ შედარების საშუალებასაც მოგვცემს და იმასაც დაგვანახვებს, ღირს თუ არა გენერალური პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის სავარძლები ბდღვნად.
ზურაბ ადეიშვილი
ზურაბ ადეიშვილი 1972 წელსაა დაბადებული ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში. განათლება უმაღლესი მიიღო – თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, 1997 წელს კი სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1998-1999 წლებში ნიდერლანდებში სწავლობდა: გრონინგენის სამეფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში. ასეთი საფუძვლიანი განათლების მიღების შემდეგ, რა გასაკვირია, რომ 1996 წელს საქართველოს პარლამენტში დაიწყო მუშაობა: საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტში, სადაც წამყვან სპეციალისტად 1999 წლამდე იმუშავა. 1999 წლის ივნისიდან სექტემბრამდე სამართლებრივი განათლებისა და ინფორმატიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. 1999 წლის სექტემბერში კერძო პრაქტიკას მიჰყო ხელი, თუმცა მხოლოდ სამიოდე თვის განმავლობაში იმუშავა იურიდიულ ფირმაში „ოქრუაშვილი და პარტნიორები“. 1999 წლის ნოემბერში პარლამენტის წევრიც გახდა, ოღონდ კანონშემოქმედებით მუშაობას 2003 წლამდე ეწეოდა (დეპუტატობის პარალელურად, იყო იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეც, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც და კომიტეტის თავმჯდომარეც). 2003 წლის დეკემბერში (ვარდების რევოლუციის შემდეგ) იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, 2004 წლის თებერვლიდან კი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრად (ამ თანამდებობაზე 2004 წლის ივნისამდე დარჩა). 2004 წლის ივნისიდან საქართველოს გენერალური პროკურორი გახდა და თანამდებობა 2008 წლის იანვრამდე შეინარჩუნა. ახალ რეალობაში (2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ) ოდნავ ჩამოაქვეითეს და 2008 წლის ნოემბრამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ჩააბარეს; 2008 წლის ნოემბერში ზურაბ ადეიშვილი კვლავ იუსტიციის მინისტრად დაინიშნა და ამ პოსტს დღემდე იკავებს.
შესაბამისად, დეკლარაციების შევსება მისთვის უცხო ხილი არ არის. 2008 წელს მან დეკლარაცია შეავსო, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიუთითა თბილისი, ცაგერის ქუჩა, ოჯახის წევრებად კი მეუღლე – მაია მესხიშვილი და სამი შვილი: გიორგი, მარიამი და ნიკოლოზი. 2008 წლის მდგომარეობით, ზურაბ ადეიშვილის ოჯახს ერთადერთი უძრავი საკუთრება ჰქონდა: საცხოვრებელი ბინა ცაგერის ქუჩაზე, 90 000 ლარად ღირებული (ბინა ზურაბ ადეიშვილის საკუთრებაა).
დეკლარაციის შევსების დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მეუღლეს ბანკებში მიმდინარე ანგარიშები ჰქონდათ გახსნილი და მათზე, შესაბამისად, ერიცხებოდათ: 10 820 და 300 ლარი. თუმცა დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ოჯახის უფროსს ჰქონდა: 11 000 აშშ დოლარი.
მაშინ, როდესაც ზურაბ ადეიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მისი მეუღლე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მუშაობდა წამყვან სპეციალისტად (და მისი წლიური ანაზღაურება 33 600 ლარს შეადგენდა). ხოლო, რაკი 2007 წლის განმავლობაში ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურორი გახლდათ, დეკლარაციაშიც სწორედ მისი პროკურორობის დროინდელი წლიური ხელფასია ნაჩვენები, რაც 39 960 ლარს შეადგენს.
2009 წელს ბ-ნმა ადეიშვილმა დეკლარაცია შეავსო, როგორც იუსტიციის მინისტრმა: დეკლარაციის მიხედვით, მის უძრავ-მოძრავ ქონებას არაფერი შეჰმატებია (ადეიშვილების ქონებრივ ანგარიშზე კვლავაც მხოლოდ ცაგერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინაა); ზურაბ ადეიშვილსა და მის მეუღლეს კი ბანკებში კვლავაც მხოლოდ მიმდინარე ანგარიშები აქვთ, რომლებზეც, შესაბამისად, 10 900 და 7 423 ლარი აქვთ. რაც შეეხება ნაღდ ფულს: ის 2009 წელსაც მხოლოდ ზურაბ ადეიშვილს ჰქონდა – 11 000 აშშ დოლარი.
თუმცა, გაზრდილია იუსტიციის მინისტრისა და მისი მეუღლის (რომელიც კვლავაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მუშაობს) შემოსავლები, კერძოდ, ზურაბ ადეიშვილმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, 2008 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 42 850 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ კი – 37 431 ლარი.
2008 წელს ზურაბ ადეიშვილს ხარჯიც ჰქონდა: მკურნალობა მას 6 000 აშშ დოლარი დაუჯდა.
ირაკლი ჩიქოვანი
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე პოსტზე კერძო სექტორიდან მოვიდა. შესაბამისად, თავისი პირველი საფინანსო და ქონებრივი დეკლარაციაც 2009 წელს შეავსო, თანაც ახლებური ფორმით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ოდნავ მწირი ინფორმაციით მოგვიწევს მისი ქონებისადმი ინტერესის დაკმაყოფილება. უფრო მეტიც, რატომღაც, ვერც მისი შრომითი ბიოგრაფიაა ოფიციალურად გამოქვეყნებული და არც განათლების ცენზი, თუმცა, თუ ბ-ნი ჩიქოვანის შემოსავლებით (კერძო სექტორიდან) ვიმსჯელებთ, ამას არც აქვს არანაირი მნიშვნელობა.
ერთი სიტყვით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ და მანამდე „რუსთავი 2-ის“ გენდირექტორმა თავისი პირველი დეკლარაცია 2009 წელს შეავსო, რა თქმა უნდა, ახალ, სამოხელეო ამპლუაში.
დეკლარაცია არაფერს გვეუბნება ბ-ნი ჩიქოვანის ოჯახის წევრთა შესახებ, სამაგიეროდ, ვიგებთ, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე (საერთო ფართით – 120 კვ. მ.); საცხოვრებელი ბინა გუდაურში (საერთო ფართით – 96 კვ. მ.); მიწის ნაკვეთი ორხევში (12 000 კვ. მ.); მიწის ნაკვეთი ბეთანიაში (1 200 კვ. მ.); კომერციული ფართი ჭავჭავაძის გამზირზე (130 კვ. მ.), ოღონდ თავმჯდომარე წილის მხოლოდ მესამედს ფლობს; ასევე, წილის მესამედი ეკუთვნის მას თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართიდანაც (500 კვ. მ.).
ამას გარდა, ირაკლი ჩიქოვანს ჰყავს 2009 წლის ავტომანქანა „ლენდ კრუიზერი“ (რაკი დეკლარაციაში ავტომანქანის ფასი მითითებული არ არის, დაძაბეთ გონება, ფანტაზია გაავარჯიშეთ და ავტომანქანის ასაკის გათვალისწინებით ფასი წარმოიდგინეთ); კვადროციკლი „პოლარისი“; მოტოციკლი და კატერი (ოღონდ, კატერი მხოლოდ მესამედად ეკუთვნის).
ბ-ნ ჩიქოვანს ბანკებში გახსნილი აქვს როგორც დეპოზიტები, ისე საბარათე ანგარიში, კერძოდ, „საქართველოს ბანკში“ გახსნილ დეპოზიტზე 45 000 ევროს ინახავს, „ბანკ რესპუბლიკაში“ – 83 000 აშშ დოლარს, იმავე ბანკში გახსნილ საბარათე ანგარიშზე კი, სულ რაღაც 15 000 ლარი ერიცხება. ფულის ნაკლებობას არც დეკლარაციის შევსების დროს განიცდიდა: ნაღდი ფულის სახით ჰქონდა: 15 000 ევრო, 15 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი.
ბუნებრივია, რომ ირაკლი ჩიქოვანის შემთხვევაში კერძო სამეწარმეო საქმიანობის გრაფა ცარიელი არ არის (ვერც იქნება): სახელდობრ, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გახლავთ შპს „მაგი სტილის“ დამფუძნებელი (ის წილის მესამედს ფლობს). შპს 1976 წელსაა დაფუძნებული და მან მფლობელს 2008 წლის განმავლობაში 372 804 ლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა; ამას გარდა, ირაკლი ჩიქოვანი შპს „ბედეგის“ (სახელწოდება გაურკვევლადაა დაწერილი და, შესაძლოა, უზუსტობაც მომსვლოდა, რის გამოც წინასწარ გიბოდიშებთ), ის წილის მხოლოდ 11 პროცენტს ფლობს და ამ შპს-ის მფლობელისთვის არანაირი შემოსავალი არ მოუტანია (ყოველ შემთხვევაში, დეკლარაციის მიხედვით); 2007 წელს ბ-ნმა ჩიქოვანმა შპს „მედის ჰაუზი“ დააფუძნა და ამ საქმიანობამ მას (გასული წლის განმავლობაში) 751 569 ლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა (ბ-ნი ჩიქოვანი ამ შპს-ში წილის ნახევარს ფლობს).
ხოლო, როგორც „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა, 2008 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 434 433 ლარი აიღო.
შემოსავალი ბ-ნი ჩიქოვანს სხვა წყაროდანაც ჰქონდა: კერძოდ, მან თავისი კუთვნილი კომერციული ფართი „პროკრედიტ ბანკს“ მიაქირავა და ამაში ჯერჯერობით 15 840 ევროც აიღო. ჯერჯერობით, რადგან ხელშეკრულებას 2012 წლამდე აქვს მოქმედების ვადა.
ნინო ხაჩიძე