რატომ ათხოვებენ საქართველოში 12-13 წლის გოგონებს ძალით და რატომ არის საქართველოში ნებისმიერი ქალი ძალადობის პოტენციური მსხვერპლი
ქალები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი და ამ ზოგად ფონზე არც საქართველოა გამონაკლისი (იმისდა მიუხედავად, რომ დანარჩენ მსოფლიოს ლამის რვა საუკუნით დავასწარით სქესთა შორის თანასწორუფლებიანობაზე მინიშნებით). როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საქართველოში ის პრობლემაცაა, რომ ქალები გაურბიან მათზე განხორციელებულ ძალადობაზე (ფიზიკურსა თუ ფსიქიკურზე) საჯაროდ ლაპარაკს, მით უმეტეს, ამ მიზეზით სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვას. ნინო ციხისთავი გვესაუბრება ოცდამეერთე საუკუნის საქართველოს ქალების პრობლემებზე.
– რა ქვეყნების კატეგორიას ვეკუთვნით, როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობით, ისე ქალების დამოკიდებულებით ძალადობისადმი?
– ზოგადად, ქალთა საკითხებთან მიმართებაში წინა ათწლეულთან შედარებით ძალიან კონკრეტული პროგრესია, ოღონდ ეს გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ საზოგადოებაში აღარ არის მიდგომა, თითქოს ქალებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, რადგან ჩვენ ქალების სადღეგრძელოებს ვსვამთ და მათ ვაღმერთებთ. დღეს უფრო რეალისტური გახდა მიდგომა და სახელმწიფომ აღიარა, რომ ქალებს აქვთ პრობლემები, მაგრამ ამ ზოგადი აღიარების ქვეშ დარჩა ფარდაჩამოფარებული თემები, რომლებსაც სახელმწიფო, მაინცდამაინც, არ წაახალისებს. ეს არის, უპირველესად, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში, სქესით დაცალკევებული სტატისტიკის არსებობა და ხელმისაწვდომობა. ამას გარდა, არის სპეციფიკური საკითხი, რომელიც ოჯახის შექმნისა და ქორწინების უფლების გამიჯვნას ეხება. ეს ორი სხვადასხვა უფლებაა, მაგრამ ჩვენთან ერთად მოიაზრება, მიუხედავად იმისა, რომ რიგი საერთაშორისო დოკუმენტებით, რომლებიც სავალდებულოა საქართველოსთვის, ცალ-ცალკე უფლებებადაა აღიარებული.
– იქნებ განმარტოთ, ეს რა პრობლემას ქმნის?
– პრობლემა გაყრის შემთხვევაში ვლინდება. ქალს არ წარმოეშვება ქონებრივი უფლება, თუ მისი ქორწინება არ არის რეგისტრირებული ოფიციალურად და ეს საკითხი იმავდროულად, გადაჯაჭვულია რელიგიასთან. ერთი მხრივ, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დადებული საკონსტიტუციო ხელშეკრულება აღიარებს ჯვრისწერის კანონიერებას, მაგრამ ეს არ არის ჰარმონიზებული კანონმდებლობასთან, რადგან გაყრისას მხოლოდ მას აქვს ქონებრივი უფლება, ვისაც აქვს სამოქალაქო ქორწინება.
– რატომ არ შეაქვთ შესწორება კანონში, რომ ჯვრისწერის შემთხვევაშიც აქვს ქალს ქონებრივი უფლება?
– როდესაც კონკრეტულად ამ დარღვევის შესახებ ვუყვები, ყველა ჩემი უცხოელი კოლეგა მეუბნება, რა პრობლემა გახდა, რომ ჩამონათვალში დაამატონ ეს წინადადებაო. აქ შეიძლება, იყოს ეს შიშიც, რომ მაშინ სახელმწიფოს მოუწევს, აღიაროს ყველა დენომინაციის მიერ ეკლესიური წესით შესრულებული ქორწინება.
– მერედა, აღიაროს?
– მაშინ დისკრიმინაციის ჩიხში აღმოჩნდება.
– არ მგონია. მაშინ თვითონ კონკორდატში შევიდეს ეს ცვლილება.
– ერთი სიტყვით, ამ საკითხზე ფარდაა ჩამოფარებული. ჩვენთან მოდიან ქალები, რომლებსაც არ აქვთ ოფიციალური ქორწინების მოწმობა და ამის გამო მათ და მათ მცირეწლოვან შვილებს ექმნებათ პრობლემა.
– ყოფილ ცოლებთან მიმართება კიდევ გასაგებია, მაგრამ არც შვილებს უყოფენ ქართველი მამები ქონებას?
– რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ოფიციალურად არ ეკუთვნით.
– რა მნიშვნელობა აქვს, ისინი ხომ იმ მამის შვილები არიან?!
– ეს კიდევ სხვა საკითხია. მე ბევრჯერ მაქვს მოყოლილი და კიდევ გავიმეორებ, არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაცებმა გვარიც არ მისცეს საკუთარ შვილებს, იმიტომ რომ ისინი გოგონები იყვნენ. შესაძლოა, მკითხველმა ჩათვალოს, რომ ეს კონკრეტულად იმ ადამიანის დაბალი შეგნების პრობლემაა, მაგრამ მე ამას ასე არ ვაფასებ: ეს არ არის დაბალი შეგნების ან მცირე განათლების შედეგი. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რადგან სახელმწიფომ თანაბრად, მიუხედავად იმისა, ვის როგორი განათლება აქვს; მიუხედავად იმისა, ვის როგორი ბრძოლის უნარი აქვს; მიუხედავად იმისა, წინასწარ ვინ როგორ დაიზღვია თავი, უნდა უზრუნველყოს ყველას დაცვა და ყველას უნდა ჰქონდეს ერთნაირი გარანტიები. კიდევ ერთი საკითხი, რაც, ასევე, ფარდაჩამოფარებულია, ეხება უმცირესობის წარმომადგენელი ქალების უფლებებს, რომლებიც ხშირად ორმაგი წნეხის ქვეშ არიან. ერთი მხრივ, ზოგადად იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან და მათ მიმართებაშიც ვლინდება საკანონმდებლო სიბეცე თუ ხარვეზები და ფარული დისკრიმინაცია. დღეს მსოფლიოში ყველა ტიპის დოკუმენტაციაში იყენებენ ტერმინს „ჩრდილოვან დისკრიმინაციას“, რადგან ყველამ ისწავლა მეთოდი, თუ როგორ გამოიყენოს სხვა მეთოდოლოგია იმისთვის, რომ არ აიყვანოს სამსახურში ფეხმძიმე ქალი, ახალგათხოვილი ქალი.
– ვაიდა დაფეხმძიმდესო?
– დიახ, უარი უთხრან მცირეწლოვანი შვილების დედას. შემცირებაში ხომ, უპირველესად, ქალები და გოგონები ხვდებიან?! რა თქმა უნდა, საქართველოში მამაკაცების უფლებებიც ირღვევა. საერთოდაც, ამ წლის თებერვალში საქართველომ რეკორდი მოხსნა: გაეროსგან ადამიანის უფლებებში 163 რეკომენდაცია მიიღო. სხვათა შორის, ოთხი წელი ეძლევა სახელმწიფოს, რომ მიღებული რეკომენდაციები შეასრულოს. ისევ ჩვენს ძირითად თემას დავუბრუნდეთ: ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებზე ხორციელდება სხვაგვარი წნეხიც, რომელსაც მათი კულტურა და ტრადიციები განსაზღვრავს. გოგონებს მცირეწლოვან, 12-13 წლის ასაკში ძალდატანებით ათხოვებენ. თუ გამოითხოვთ ოფიციალურ სტატისტიკას განათლების სამინისტროდან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონიდან და შეადარებთ პირველ და დამამთავრებელ კლასებში გოგონებისა და ვაჟების რაოდენობას, ნახავთ, რომ დამამთავრებელ კლასებში გოგონების რაოდენობა იკლებს. ოჯახს ურჩევნია, არ გაიღოს ხარჯი სწავლისთვის, გოგონა სახლში დაასაქმოს და შემდეგ გაათხოვოს. კიდევ ერთი პრობლემაა მოტაცების ინსტიტუტი.
– კიდევ იტაცებენ?
– დიახ და აქვე გავაერთიანებდი ქალწულობის ინსტიტუტსაც. ვწუხვარ, რომ საზოგადოება ამ საკითხს თითებს შუა უყურებს. ჩამოყალიბდა მიდგომა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიტანონ პლასტიკურ ოპერაციაში. თუმცა ეს არ არის მხოლოდ პლასტიკური ოპერაცია, ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა. ძალიან მწყდება გული, როდესაც ვისმენ, რომ, თურმე, მოიმატა ასეთი პლასტიკური ოპერაციების რიცხვმა.
– პირველ ადგილზე ცხვირების დაპატარავების პრობლემა გვქონია, მეორეზე კი – საქალწულე აპკის მთლიანობის.
– კიდევ ერთი პრობლემაა და ამაში საზოგადოებას ვერ დავადანაშაულებ. 2008 წლის ომის შემდეგ სახელმწიფოს არ აღუძრავს და არ გამოუძიებია გაუპატიურების არც ერთი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ომის განმავლობაში და შემდეგ პერიოდშიც საუბრობდნენ ამაზე, მათ შორის, ტელევიზიითაც. ჩვენ გავაგზავნეთ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ერთ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. პირველი შეიარაღებული კონფლიქტიდან დაწყებული დღემდე, კონფლიქტის დროს, მუდმივად იყო როგორც გაუპატიურების მცდელობების, ისე გაუპატიურების შემთხვევები. საზოგადოებისთვის ეს დიდი ტკივილია. მეტიც, საერთაშორისო ნორმებში ეს დანაშაული მიჩნეულია ომის იარაღად და მას უკვე ჰქვია თავისი სახელი: დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საქართველოში არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა.
– და რას შეცვლის გამოძიების ჩატარება? ეს დანაშაული ხომ მტერმა ჩაიდინა, როგორ უნდა დასაჯო?
– ძალიან კონკრეტულად დაისჯება. ამ საქმეებს მრავალი დანიშნულება აქვს: ჯერ ერთი, კონკრეტული პირების დასჯისთვის; მეორე, ქვეყნის პოლიტიკური იმიჯისთვის; მესამე, სამართლებრივი სტატუსისთვის და, მეოთხე, მსხვერპლის რეაბილიტაციისთვის. საბოლოოდ კი, მთელი საზოგადოებისთვის, რადგან ყველას ეცოდინება, რომ ამ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში კონკრეტული ადამიანები დაისჯებიან.
– რუსუდან ფხაკაძემ მომაწოდა ის ინფორმაცია, რომ აგვისტოს ომის დროს ოკუპანტებმა გააუპატიურეს დედა-შვილი. მათ ვერ მოასწრეს სოფლიდან გასვლა თანასოფლელებთან ერთად და სოფელმა ისინი გარიყა. ასეთი რეაქცია უფრო დიდი ტრაგედია მგონია, ვიდრე, თავისთავად, ძალადობა.
– მე ამ შემთხვევის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა აუცილებლად დავუკავშირდები რუსუდანს. მაგრამ მე ვერ ვხედავ განსხვავებას იმ კონკრეტული სოფლის ქმედებასა და ჩემი სახელმწიფოს ქმედებას შორის.
– როგორც თქვენ ამბობთ, ეს პოლიტიკურად საკმაოდ მომგებიანია. რატომ არ უნდა გამოიძიოს?
– მეტსაც გეტყვით: არსებობს გაეროს ინსტრუმენტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ავალდებულებს სახელმწიფოს და, მეორე მხრივ, ხელს უწყობს სახელმწიფოს, ეფექტიანად განახორციელოს თავისი ეს ვალდებულებები. სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს და ამ კუთხით ითანამშრომლოს რუსეთის შესაბამის ორგანოებთან. ასეთი ორმხრივი თანამშრომლობის ვალდებულებაც არის, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჰააგის სასამართლოში. ერთი ტრაგედიაა, რომ კუნთითა და ტანკებით ვერ გაუმკლავდე მოწინააღმდეგეს და გყავდეს დახოცილი და გაუპატიურებული მოქალაქეები და, მეორე ტრაგედიაა, საკუთარი უტვინობით წააგო საქმე. ეს ძალიან მძიმე საკითხებია. ჩვენ, 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შევაგროვეთ ხელმოწერები და მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მოიწვიოს აღმასრულებელი ხელისუფლება და მოითხოვოს ანგარიში იმის შესახებ, თუ რა მოხდა ჰააგის სასამართლოში. ჯერჯერობით პასუხს ველოდებით. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ფარდაჩამოფარებულ საკითხებს, რომლებიც ქალებს ეხებათ.
– ომის შემდგომ თუ არის გაუპატიურების პრობლემა?
– არის და ეს, ჩვეულებრივ, სისხლის სამართლის დანაშაულია. სტატისტიკაც არის, სხვათა შორის, ყველაზე მოწესრიგებული სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. მაშინ, როდესაც „საქსტატი“ ამბობს, თუ გაერო დამაფინანსებს, მაშინ გავაკეთებთ სქესით დაცალკევებულ სტატისტიკასო. მეორე მხრივ, მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტრო გვაწვდის გაუპატიურების სტატისტიკას, მაგრამ არის ტაბუირებული საკითხებიც, რომლებიც სტატისტიკაში ვერ ხვდება: ეს არის ოჯახში მომხდარი გაუპატიურება. ოჯახში გაუპატიურების სტატისტიკა არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები არ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს პრობლემა დამალულია. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც ოფიციალურად იყო გამოცხადებული, სექსი არ არისო, იყო აღძრული საქმე ოჯახში გაუპატიურების შესახებ. დღეს გაერო ძალიან მარტივი ინდიკატორით ასკვნის, რომ, თუ არ არის სასამართლო საქმეები ამასთან დაკავშირებით და მსგავსი საქმის არც საგამოძიებო ინიცირებაა, ის იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოში მაინცდამაინც გახსნილი სტატისტიკა არ არის. საქართველოს ადამიანის უფლებების მარეგულირებელ შვიდ დოკუმენტზე აქვს აღებული ვალდებულება და ყველგანაა გამოყოფილი ქალთა ბლოკი. მაგრამ სასამართლოს, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობის გვირგვინი უნდა იყოს, არც ერთი პრეცედენტი არ არის, თავის გადაწყვეტილებაში მიეთითებინოს აღებული ვალდებულებები ქალთა უფლებების შესახებ. ამდენად, ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული ქალებთან მიმართებაში, ჰაერშია, რაც, საბოლოოდ, ამ პრობლემის დისკრედიტაციას იწვევს. როდესაც ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ასახელებენ კონკრეტულ სახელებს და ამბობენ, რა შეცვალა ხელისუფლებაში მათმა ყოფნამ ქალებთან მიმართებაშიო. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ, რომ მათ მონაწილეობას მრავალფეროვნება შეჰქონდა და შეაქვს. რაც მთავარია, ეს ფაქტი მოქმედებს ძალიან ბევრ ქალზე, რომლებსაც ჯერ არ მიუღწევიათ თავიანთი კარიერული წარმატებისთვის. იმ ქალებმა, რომლებიც იყვნენ და არიან ხელისუფლებაში, ძალიან დიდი ბრძოლით მოიპოვეს უფლება, ყოფილიყვნენ პოლიტიკაში. ქვეყანაში, სადაც ქალებს ასეთი ბრძოლა უწევთ კარიერული წინსვლისთვის, ვერც ბიზნესი განვითარდება და ვერც ეკონომიკა, რაც მთავარია, ასეთი ქვეყანა მდგრადი ვერ იქნება. თუკი სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სქესის მიხედვით ასხვავებს, ესე იგი, ის ასხვავებს მათ ეთნიკური კუთვნილების, ასაკის, კანის ფერის, სიმაღლისა თუ სიმსუქნის მიხედვითაც, რაც ნიშნავს, რომ ასეთი სახელმწიფო დისკრიმინაციულია.
– ყოფით დონეზე რა ტიპის პრობლემები აქვთ ჩვენს ქალებს?
– ვერ ვიტყვი, რომ იმ ქალების პრობლემები, რომლებიც საღამოს მიდიან ბაზარში, რომ იაფად იყიდონ პროდუქტი, განსხვავდება იმ ქალების პრობლემებისგან, რომლებიც მეგამარკეტებში დადიან ან იქ მოსამსახურეებს აგზავნიან.
– ანუ სოციალურ სტატუსსა და მატერიალურ მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა? ყველას თანაბრად ჩაგრავენ?
– რა თქმა უნდა. სხვათა შორის, არც იმას აქვს მნიშვნელობა, თვითონ შოულობს ეს ქალი ფულს თუ მისი ოჯახის სხვა წევრი.
– ეს უკვე მეტისმეტია.
– თქვენ შეიძლება, გეჩვენებათ, რომ ეს ლიტონი სიტყვებია, მაგრამ, სანამ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოება თვალს ხუჭავს იმაზე, რომ ბავშვებს სანაგვეზე ყრიან და არ კითხულობს, რატომ გადაყარეს; სანამ ჩვენი საზოგადოება დუმს იმაზე, როდესაც ოჯახური ძალადობის პიკზე ქალი, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, კლავს თავის პარტნიორსა თუ ქმარს და ჯდება ციხეში, იმიტომ რომ ძალადობის მუდმივი მსხვერპლია; სანამ საზოგადოება არ მოსთხოვს ხელისუფლებას ვალდებულებების შესრულებასა და ანგარიშის ჩაბარებას, მანამდე არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვის კმაყოფაზეა. ჩვენს ქვეყანაში ყველა ქალი პოტენციური მსხვერპლია.