ვის უწოდებენ ინდოელი ქალების იმედს და რამდენ ენას ფლობს ლიტვის პოლიგლოტი პრეზიდენტი დალია გრიბაუისკაიტე
ვინ თქვა, რომ პოლიტიკა ქალების საქმე არ არის? თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში გახშირდა ყველაზე საპასუხისმგებლო სახელმწიფო პოსტებზე მდედრობით სქესის წარმომადგენლების დანიშვნა, მათ შორის გამორჩეულები კი სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები ხდებიან. ამჯერად პლანეტის ყველაზე ცნობილ მოქმედ ქალ პრეზიდენტებს გაგაცნობთ, რომელთაც თავისი ქალური მომხიბვლელობით მოსახლეობაში ნდობა მოიპოვეს.
კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი – არგენტინის პრეზიდენტი
ამ მშვენიერმა ქალბატონმა პრეზიდენტის პოსტი მას შემდეგ ჩაიბარა, რაც მის მეუღლეს, ნესტორ კირშნერს კონსტიტუციით დაშვებული უფლებების ვადა ამოეწურა. კრისტინა რიგით მეორე ქალი-პრეზიდენტია არგენტინაში და პირველი, რომელიც საყოველთაო არჩევნების შედეგად გახდა პრეზიდენტი. გაპრეზიდენტებამდე კრისტინამ საადვოკატო პრაქტიკა გაიარა, ჩართული იყო პარტიულ მუშაობაში და ორ შვილს ზრდიდა. ცნობილი ფაქტია, რომ არგენტინის პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსია მსოფლიოში. იგი უპირატესობას იტალიურ მოდის სახლებს – „გუჩისა” და „დიორს” ანიჭებს. არასდროს ჩნდება საზოგადოებაში ერთიდაიმავე სამოსით და მუდამ აგვიანებს შეხვედრებზე, რადგან დროის დიდ ნაწილს სტილისტებთან ატარებს.
ელენ ჯონსონ-სერლიფი – ლიბერიის პრეზიდენტი
ელენ ჯონსონ-სერლიფი უნიკალური მოვლენაა პოლიტიკაში, – ის პირველი ქალია, რომელმაც აფრიკის კონტინენტზე მოახერხა გაპრეზიდენტება. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ელენი სხვადასხვა დროს ლიბერიის ფინანსთა მინისტრი და გაეროს რეგიონული განვითარების აფრიკის ბიუროს ხელმძღვანელი იყო. ხისტი ხასიათისა და პრინციპულობის გამო, ელენს ხშირად ადარებენ „რკინის ლედის” – მარგარეტ ტეტჩერს. საინტერესოა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ელენმა მეორე ტურში ხმათა რაოდენობით ექსფეხბურთელს, ყველაზე ცნობილ ლიბერიელ მოთამაშეს, ევროპის 1995 წლის საუკეთესო ფეხბურთელს ჯორჯ ვეას აჯობა.
ანგელა მერკელი –
გერმანიის კანცლერი
გერმანიის ამჟამინდელ კანცლერს სამშობლოში „ტევტონელ რკინის ლედის” უწოდებენ. ანგელა პირველი ქალია, რომელმაც კანცლერის პოსტი დაიკავა. მერკელი მისი პირველი მეუღლის, ულრიჰ მერკელის გვარია, რომელიც ანგელამ მოსკოვში, სტუდენტობის დროს გაიცნო. სხვათა შორის, ანგელა თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად და თავის დროზე რუსულ ენაში ჩატარებულ ოლიმპიადებშიც იმარჯვებდა. არსებობს ვარაუდი, რომ განათლებით ფიზიკოსი ანგელა მერკელი სტუდენტობის წლებში საქართველოსაც ესტუმრა.
ტარია ჰალონენი –
ფინეთის პრეზიდენტი
ტარია ჰალონენს ფინელების უმრავლესობა უჭერს მხარს და იგი მეორე ვადითაც კი აირჩიეს, რაც მამაკაცი პოლიტიკოსებისთვის თითქმის მიუღწევლად ითვლება ფინეთში. მშენებლისა და დიასახლისის ოჯახში გაზრდილმა ტარიამ საკმაოდ გვიან, 22 წლის ასაკში ჩააბარა უნივერსიტეტში და 25 წლისამ იურისტის დიპლომით დაამთავრა. მოგვიანებით, სხვადასხვა დროს, ტარია ფინეთის პარლამენტის დეპუტატი, სოციალური საკითხების მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამჟამად პრეზიდენტია, თუმცა კითხვაზე, თუ რა სფერო იტაცებს ყველაზე მეტად, იგი ერთმნიშვნელოვნად პასუხობს – იურისპრუდენცია. საინტერესოა, რომ გაპრეზიდენტებამდე, ტარია და მისი მეუღლე – პენტი არაიარვი, 16 წლის განმავლობაში ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდნენ ერთად. თუმცა, მეუღლის სტატუსმა ისინი აიძულა ხელი მოეწერათ. ხელმოწერამდე კი ფინური პრესა პრეზიდენტის ქმარს, ხან „ცხოვრების თანამგზავრს” ხან კი უბრალოდ „პრეზიდენტის მამაკაცს” უწოდებდა.
პრატიბჰა პატილი – ინდოეთის პრეზიდენტი
ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს ცერემონიალური ფუნქცია აქვს. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია, იყაროს კენჭი, მით უმეტეს ქალს. პრატიბჰა პატილი სამშობლოში ინდოელი ქალების იმედია, რადგან იქ დისკრიმინაცია სქესის მიხედვით, ჯერაც აქტუალური პრობლემაა. სხვათა შორის, პრატიბჰა პატილი 72 წლის ასაკში გახდა პრეზიდენტი.
მერი მაკელისი – ირლანდიის პრეზიდენტი
ირლანდიის პრეზიდენტს სამშობლოში ფრიადოსანს უწოდებენ. მან მაღალ ნიშნებზე დაამთავრა სკოლა და ბელფასტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 24 წლის ასაკში კი დუბლინის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. მერი მორწმუნე კათოლიკეა და იგი აბორტის, განქორწინებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების წინააღმდეგ იბრძვის. მერი მაკელისმა, რომელიც ირლანდიის გაერთიანებისთვისაც იბრძვის, საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაქსიმალური ხმების რაოდენობით მოიპოვა გამარჯვება.
დალია გრიბაუისკაიტე – ლიტვის პრეზიდენტი
განათლებით ეკონომისტი დალია, ლენინგრადში სწავლობდა და „როტ-ფრონტის” ქურქების ფაბრიკაში მუშაობდა. ვერავინ იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ იგი ბალტიისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ხოლო ლიტვის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ევროკომისიის წევრი გახდებოდა. 2008 წელს დალია ლიტვაში „წლის ადამიანად” აღიარეს, ხოლო 2009 წელს იგი პრეზიდენტად აირჩიეს. დალია ნამდვილი პოლიგლოტია და სრულყოფილად ფლობს – ლიტვურ, ინგლისურ, რუსულ, პოლონურ და ფრანგულ ენებს. დალია გრიბაუისკაიტე ერთადერთი ქალი პრეზიდენტია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც კარატეში შავი ქამარი აქვს და ერთადერთი გაუთხოვარია პრეზიდენტთა ამ რეიტინგიდან.
ლაურა ჩინჩილია – კოსტა-რიკის პრეზიდენტი
ლაურა კოსტა-რიკის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია და რიგით მეხუთე – ლათინურ ამერიკაში. გაპრეზიდენტებამდე 52 წლის ლაურას კოსტა-რიკის იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა და მისი ინიციატივით, ქვეყანაში ქალებისთვის კვირაში სამი დღე გამოაცხადეს უქმე დღეებად, ორის ნაცვლად. მაისის თვეში ზუსტად ერთი წელი უსრულდება მის პრეზიდენტობას.
დილმა რუსეფი – ბრაზილიის პრეზიდენტი
ბრაზილიელი რევოლუციონერი, ეკონომისტი და პოლიტიკოსი – ბულგარული წარმოშობის დილმა, ემიგრანტ პეტრო რუსეფის ოჯახში დაიბადა. ბულგარელი კომუნისტი პოლიტიკური რეპრესიების გამო ბრაზილიაში დასახლდა. 70-იან წლებში დილმა სამხედრო დიქტატურის წინააღმდეგ იბრძოდა და დაპატიმრებულიც იყო ამის გამო. ამბობენ, ციხეში სამხედროები მას სასტიკად აწამებდნენო. დილმა რუსეფმა ლიმფური ჯირკვლების კიბოც კი დაამარცხა ადრეულ სტადიაზე. თუმცა ქიმიოთერაპიის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში პარიკით დადიოდა. დილმა ორჯერ იყო გათხოვილი და ამჟამად ორივე ქმართან გაყრილია. დილმა რუსეფი ბრაზილიის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტია.