მოქნილად მოქნეულები
ანუ, წელში რომ შემოატყდეთ?
ის, რომ „საქართველოს შრომის კოდექსი“ პრემიერ-მინისტრის აღფრთოვანებას იწვევს, საყოველთაოდ ცნობილია. ბ-ნი გილაური კმაყოფილებით შენიშნავს, ის (ესე იგი, შრომის კოდექსი) ისეთი მოქნილია, რომ ინვესტორები ლამის საღი ჭკუიდან გადაიყვანოს (მოქნილი კი იმიტომაა, რომ დამქირავებელს დაქირავებულისთვის ჭიტლაყის ამორტყმა უმიზეზოდ და ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლია). მეორე მხრივ, მართალია, საჯარო მოხელეების სამსახურებრივ ცხოვრებასაც ვერ ვუწოდებთ მოუქნელს, თუმცა მათ ბედ-იღბალს სულ სხვა კანონი – საჯარო მოხელეთა შესახებ – არეგულირებს. ჰოდა, სწორედ ამ კანონში ამ ჩვენმა პარლამენტმა გასულ კვირას მესამე მოსმენით უკვე შეიტანა ცვლილებები, რის მიხედვითაც, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს, თუ ის სასამართლოს მეშვეობით აღიდგენს თავს, ჯერ ერთი, გაცდენილი დროის მხოლოდ სამ თვეს აუნაზღაურებს ბიუჯეტი და, რაც მთავარია, სასამართლოს მიერ მოხელის გამართლების შემთხვევაში მას უკან მაინც არ დააბრუნებენ (სულაც, შუბლზე, ან სადმე სხვაგან რომ აიწებოს გადაწყვეტილება). უფრო მეტიც, ამ ცვლილებებს უკუძალაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოფილი საჯარო მოხელეები, რომელთა საქმეები ახლა სასამართლო განხილვის პროცესშია, გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში ვერც სამ თვეზე მეტ ანაზღაურებას მიიღებენ და მათ არც სამსახურებში დააბრუნებენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დარწმუნებული არიან, რომ ეს ცვლილებები, იმას გარდა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეების უფლებებს ლახავს, საჯარო სამსახურების სავსებით კონკრეტული საჯარო მოხელეებისგან გაწმენდის მიზანს ისახავს.
ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ საბიუჯეტო დაწესებულებების ხელმძღვანელებს დაქირავებული თანამშრომლებისადმი მოპყრობის სრული თავისუფლება მიენიჭათ. თუმცა, თუ „შრომის კოდექსს“ გავიხსენებთ, ეს სულაც არ არის გასაკვირი: როგორც ჩანს, „საჯარო მოხელეთა შესახებ კანონი“ მასთან სრულ ჰარმონიაში მოიყვანეს. მეორე მხრივ, მართლაც, მხოლოდ ინვესტორებს ხომ არ ვასიამოვნებთ (ჩვენი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა რა დააშავეს?!). ოღონდ, ისიცაა, ამდენ ქნევა-ქნევაში წელში რომ შემოვატყდეთ (დაქირავებულები მყავს მხედველობაში), შემდეგ ვისღა დაიქირავებენ?!