„ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე“
ცალმხრივი გამოცდილება
მართალია, მთლად პირველი შემთხვევაც არ არის, როდესაც პოსტრევოლუციური ქვეყნები ჩვენს ქვეყანას, ასევე პოსტრევოლუციური გამოცდილების გაზიარებას სთხოვენ, მაგრამ მაინც გავიხარეთ, რაც შევიტყვეთ, რომ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა ტუნისსა და ეგვიპტეში საპატიო მისიით მიემგზავრება. კერძოდ, ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ამ უკანასკნელს კი, ეგვიპტე-ტუნისის გარდა, ინდონეზიისა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან (აღმოსავლეთში დიდი პოპულარობით ვსარგებლობთ). ბ-ნი ლეჟავა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და აქ არსებულ ბიზნესგარემოს გააცნობს. თემების არჩევანი კი განა შემთხვევითია, წინასწარ გათვლილი: გამგზავრებამდე გილაურის მრჩეველმა არ დაგვიმალა, რომ ტუნისისა და ეგვიპტისთვის, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის გატარებული რეფორმები და ღონისძიებები იქნება. იმ მოტივითაც, რომ ეს ღონისძიებები ჩვენთან სწორედ პოსტრევოლუციურ პერიოდში გატარდა (მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, ეგვიპტეში აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტ მუბარაქს სულ დაწვრილებით გამოუძიეს, რა და რამდენი დაუშავა ქვეყანას, ვითომ, გამოცდილების მხოლოდ ცალმხრივად გაზიარებას უნდა დავჯერდეთ, განსაკუთრებით, რევოლუციით ჩამოგდებულ ყოფილებთან დამოკიდებულების თვალსაზრისით?!)
როგორც უნდა იყოს, ტუნისსა და ეგვიპტეში დაგეგმილ სამდღიან კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველო (ვახტანგ ლეჟავას სახით) მსოფლიო ბანკმა მიიწვია, რაც გვაფიქრებინებს, რომ დასავლეთში აშშ-ა, აღმოსავლეთში კი ჩვენ ვართ დემოკრატიული რეფორმების ბასტიონი! ხოლო, თუ ამ ტემპითა და შემართებით გავაგრძელეთ, სულაც, თავისუფლად ვიტყვით: „ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ღამე, მე და ღამე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ღამე“, ბუნებრივია, აშშ-ის მეტაფორაა)“.