კატასტროფების ეპოქა
გასული 2010 წელი ბუნებრივი კატაკლიზმების წლად მიიჩნიეს: მიწისძვრა ჰაიტიზე, რომელმაც 230 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; მიწისძვრა ჩილეში – ხუთასზე მეტი მსხვერპლი და ორ მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი. ბუნება თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას აღარ გვაძლევს – მექსიკის ყურეში მილიონობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა და ეს კიდევ არ არის ყველაფერი. 2010 წლის 29 აპრილს, ქალაქ სანტიაგოდან (გვატემალა) 200 კილომეტრის დაშორებით, მოქმედება დაიწყო ვულკანმა. დღემდე კვამლი რვა კილომეტრის სიმაღლეზე ადის; იმავე აპრილში ცენტრალურ ამერიკას ტროპიკულმა შტორმმა „გატამ” გადაუარა; ივლისში პაკისტანი არნახულმა და გამანადგურებელმა წყალდიდობამ მოიცვა, დაიღუპა სამი ათასზე მეტი და მილიონობით ადამიანი ულუკმაპუროდ დარჩა. დაზარალებულთა საერთო რიცხვი პაკისტანში 20 მილიონს აღწევს.
მივყვეთ ქრონოლოგიას? 2010 წლის ბუნებრივი კატაკლიზმებით დაღუპულთა რიცხვმა 320 ათას ადამიანს გადააჭარბა, მაშინ, როცა 2009 წელს სტიქიებმა 15 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.
დადგა 2011 წელი. 1 და 2 იანვარს არგენტინაში, პროვინცია სანტიაგო დელ-ესტეროში შვიდბალიანი მიწისძვრა მოხდა (შუშხუნების გრიალში ამ ამბავმა ჩვენამდე არც მოაღწია); 10 იანვარს მიწა იძრა ჩილეს სანაპიროსთანაც – „სულ რაღაც“ 6 ბალი; 12 იანვარს იაპონია მიწისძვრამ ოდნავ შეანჯღრია (7 ბალამდე, რაც, ალბათ, გაფრთხილება იყო), 18 იანვარს კი მიწისძვრა მოხდა პაკისტანში.
4 იანვარს იტალიაში გააქტიურდა საკმაოდ მოზრდილი და საშიში ვულკანი ეტნა.
წყალდიდობამ ავსტრალიაში საერთო ჯამში დატბორა ტერიტორია, რომლის მოცულობა საფრანგეთის და გერმანიის ერთად აღებული ტერიტორიის ტოლია, და ესეც 11 იანვრის ღამეს დაიწყო. ავსტრალიაში დაზარალებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა. ის კი, რაც ახლახან იაპონიაში მოხდა, უკვე შიშის მომგვრელია. არადა, 2011 წელი ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო.