კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იქცა საქართველო სამი იმპერიის ბრძოლის ასპარეზად

სამხრეთ კავკასიის და, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიით დიდი იმპერიები (რომი, ირანი, ბიზანტია, არაბთა ხალიფატი, თურქ-სელჩუკები, მონღოლები) მუდმივად ინტერესდებოდნენ. საქართველომ შეძლო მათი შემოტევის მოგერიება. მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს მდგომარეობა კატასტროფულად გაუარესდა: ერთიანი ქართული სამეფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა და სამხრეთით მდებარე ორ ძლიერ სახელმწიფოს – ირანსა და ოსმალეთს საქართველოს დაპყრობის შანსი გაეზარდათ. ამ ურთულესი პერიოდის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.

– რით იყო განპირობებული დიდი იმპერიების დაინტერესება საქართველოს ტერიტორიით?

– სამხრეთ კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიით დიდი იმპერიების დაინტერესებას განაპირობებდა რეგიონის გეო-პოლიტიკური მდებარეობდა. აქ გაბატონებით ირანი და ოსმალეთი დიდ სტრატეგიულ უპირატესობას იღებდნენ.

– რაც შეეხება მეთხუთმეტე საუკუნის საქართველოს, რით იყო ეს საუკუნე გამორჩეული?

– ამ პერიოდისთვის ერთიანი ქართული სამეფო სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა, ხოლო, ცოტა უფრო ადრე სამხრეთში ჩამოყალიბდა ორი ძლიერი სახელმწიფო: ირანი და ოსმალეთი. ორივეს სასიცოცხლო ინტერესები ითხოვდა სამხრეთ კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში გაბატონებას.

– რატომ მაინცდამაინც საქართველოში?

– ცხადია, ირან-ოსმალეთის დაპირისპირება მხოლოდ საქართველოს გამო არ დაწყებულა. ამ ორ სახელმწიფოს ომები ჰქონდა მთლიანად მახლობელ აღმოსავლეთში უპირატესობის მოსაპოვებლად. საქართველო ერთ-ერთი იყო იმ რეგიონთა შორის, სადაც ირანი და ოსმალეთი დათმობას არ აპირებდნენ. ვინც საქართველოში გაბატონდებოდა და ჩრდილოკავკასიიდან სამხრეთ კავკასიაში გადმოსასვლელებს დაეპატრონებოდა, ის დიდ უპირატესობას იღებდა.

– რა ხდებოდა ჩრდილოკავკასიაში ასეთი მნიშვნელოვანი?

– თვით ჩრდილოკავკასიაში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა, მაგრამ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოიწევდა გაძლიერებული რუსეთი. ირანის შაჰებმა და ოსმალეთის სულთნებმა კარგად იცოდნენ, რომ რუსეთი კავკასიის ქედის გადმოლახვას შეეცდებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ ინტერესებს. ეს ვარაუდი სავსებით სწორი აღმოჩნდა. ჯერჯერობით რუსეთი ირან-ოსმალეთის დაპირისპირებაში ვერ ერეოდა, საქართველოს ტერიტორიისთვის ბრძოლას ორი სამხრეთელი მეზობელი იწყებდა.

– კონკრეტულად, როგორ განვითარდა მოვლენები?

– 1514 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი. მართალია, ომის ძირითადი ფრონტი საქართველოდან საკმაოდ შორს გადიოდა, მაგრამ არც ერთი მხარე არ იშურებდა ძალას ქართლსა და მესხეთში გაბატონებისთვის. საქართველოს სხვა კუთხეებს დამპყრობლები ჯერჯერობით არ ეხებოდნენ. თუმცა, მტრის გაბატონება ქართლსა და მესხეთში სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა მთელი საქართველოსთვის. ამას კარგად გრძნობდნენ ქართლის მეფე ლუარსაბ პირველი და იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე. ამ მეფეებმა, ერთობლივი ძალისხმევით, ერთხანს ოსმალები სასტიკად დაამარცხეს სამცხეში, მაგრამ, საბოლოოდ, ოსმალეთმა მაინც იმძლავრდა და სამცხე დაიკავა. ირან-ოსმალეთის ომი დიდხანს გაგრძელდა. ზავი მხოლოდ 1555 წელს დაიდო სომხეთის ქალაქ ამასიაში. საზავო მოლაპარაკებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო საქართველოს ტერიტორიის გადანაწილება. ზავის თანახმად, ქართლი და კახეთი ირანს ერგო, ხოლო იმერეთი, სამეგრელო, გურია და ლაზისტანი – ოსმალეთს. მესხეთის დათმობა არც ერთ მხარეს არ უნდოდა და, საბოლოოდ, მიღწეულ იქნა კომპრომისული შეთანხმება: აღმოსავლეთ მესხეთი ახალციხის ჩათვლით, ირანს ერგო, ხოლო დასავლეთ მესხეთი – ოსმალეთს.

– რა მოჰყვა შედეგად ამასიის ზავს?

– დიდი იმპერიები მიღწეულით იშვიათად კმაყოფილდებიან და, როგორც წესი, ზავის დადების დღიდანვე ახალი ომისთვის ემზადებიან. ასე მოხდა ამჟამადაც. 1578 წელს ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ ომი განაახლა. საქართველო კვლავ იქცა ორი დიდი იმპერიის დაპირისპირების ასპარეზად. ოსმალები ცდილობდნენ მესხეთზე სრული ბატონობის უფლების მოპოვებას. მესხეთში შემოსულმა ოსმალეთის ჯარმა, ჩილდირის ველზე ბრძოლაში ირანის ჯარი გაანადგურა, რის შემდეგაც თბილისიც დაიკავა. ოსმალებმა წარმატება მოიპოვეს დასავლეთ საქართველოშიც და რიონის შესართავში ფოთის ციხე ააგეს. ირანის შაჰისთვის ცხადი გახდა, რომ ომის ბედს ვეღარ შემოაბრუნებდა და ზავი ითხოვა. ირან-ოსმალეთის მეორე ზავი 1590 წელს დაიდო სტამბულში და ამჯერად საქართველოს ტერიტორია ასე გადანაწილდა: ქართლი და კახეთი ირანს ერგო, იმერეთი, სამეგრელო, გურია და მთელი მესხეთი – ოსმალეთს.

– ჩამოაგდო თუ არა ამ ზავმა ირან-ოსმალეთს შორის მშვიდობა?

– არა. ირანის შაჰი შეურაცხყოფილად გრძნობდა თავს და ახალი ომისთვის ემზადებოდა. 1603 წელს შაჰ-აბას პირველმა ომი დაიწყო ოსმალეთის წინააღმდეგ. ამ ომის მთავარ ასპარეზს სამხრეთ კავკასია წარმოადგენდა. ირანმა რევანშის აღება მოახერხა და დამარცხებული ოსმალეთი იძულებული გახდა, ზავზე დათანხმებულიყო. ეს ზავი 1612 წელს დაიდო სტამბულში. მიუხედავად იმისა, რომ ომი ირანის უპირატესობით წარიმართა, ოსმალეთმა შეძლო მთელი მესხეთის შენარჩუნება. ქართლი და კახეთი კვლავ ირანს დარჩა, ხოლო იმერეთი, სამეგრელო და გურია – ოსმალეთს.

– ირან-ოსმალეთის სამივე საზავო მოლაპარაკებაზე, როგორც ვხედავთ, ძალიან მწვავე იყო მესხეთის საკითხი. რით იყო ეს განპირობებული?

– ისტორიული მესხეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი შედიოდა სამცხე-საათაბაგოში. რომლის მთავრები ჯაყელები იყვნენ. სამცხე-საათაბაგოს განსაკუთრებული სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა: სამცხიდან შეიძლებოდა შეტევის განვითარება როგორც აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლისა და კახეთის), ისე დასავლეთ საქართველო (იმერეთ, გურია, სამეგრელოს) მიმართულებით. ასე რომ, ვინც გაბატონდებოდა სამცხე-საათაბაგოში, ის ხელსაყრელ პლაცდარმს იგდებდა ხელთ მთელი საქართველოს დასაპყრობად. ამიტომ, მესხეთისთვის ბრძოლას სავსებით რეალური საფუძველი ჰქონდა.

– ცხადია, ირან-ოსმალეთის ომებმა დიდი ზიანი მოუტანა საქართველოს. კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს?

– ამ ომებმა საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. ირან-ოსმალეთის პირველი ომის დროს ქართლში შაჰ-თამაზის რამდენიმე ლაშქრობამ ქვეყანა გააჩანაგა. მესამე ომის დროს შაჰ-აბას პირველმა ურჩი კახეთის დასჯა გადაწყვიტა: ოთხი გამანადგურებელი ლაშქრობის შედეგად ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა და სამასი ათასი ქართველი ფერეიდანში გადაასახლეს. 1605 წელს შაჰ-აბას პირველმა კახეთის მეფე ალექსანდრე და მისი ვაჟი გიორგი, მოღალატურად მოაკვლევინა და კახეთის ტახტზე ალექსანდრეს გამაჰმადიანებული ვაჟის – კონსტანტინეს დასმა მოინდომა. მაგრამ, კახელები ამას ვერ შეურიგდნენ, აჯანყდნენ და კონსტანტინე მოკლეს.

– ნუთუ მესამე ზავის შემდეგაც არ დამყარდა მშვიდობა?

– სამწუხაროდ, არა. 1618 წელს ოსმალებმა ირანის წინააღმდეგ ომი განაახლეს, მაგრამ საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე არ განახლებულა. იმავე წელს მეომარმა მხარეებმა დროებითი ზავი დადეს, რომლის მიხედვითაც ძალაში დარჩა საქართველოს ტერიტორიის ძველი გადანაწილება. საბოლოო ზავის დასადებად ირანისა და ოსმალეთის დელეგაციები 1619 წელს შეხვდნენ ერთმანეთს სტამბულში. ოსმალეთის დელეგაცია ყველანაირად ცდილობდა სამცხე-საათაბაგოს შენარჩუნებას და მიაღწია კიდეც ამას.

– რით დამთავრდა საქართველოს ტერიტორიის გადანაწილებისათვის ბრძოლა?

– 1623 წელს ირან-ოსმალეთის ახალი ომი დაიწყო. ირანის ჯარმა ახალციხე დაიკავა. ამის შემდეგ შაჰ-აბას პირველმა გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ დაემორჩილებინა ქართლი და კახეთი, თუმცა, მის ამ განზრახვას ასრულება არ ეწერა – 1625 წელს მარტყოფის ველზე ქართველებმა ირანის არმია გაანადგურეს. მართალია, იმავე წელს მარაბდის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შაჰს ქართლსა და კახეთში ლაშქრობა 60 ათასი მეომრის სიცოცხლედ დაუჯდა. ირანის არმიის საქართველოში გადმოსროლით ისარგებლეს ოსმალებმა და ახალციხე დაიკავეს. მართალია, ირანმა მალე ახალციხე კვლავ დაიბრუნა, მაგრამ ოსმალებმა ისევ იმძლავრეს და სამცხეში გაბატონდნენ.

1639 წლის ზოჰაბის ზავით დამთავრდა ირან-ოსმალეთის 1514 წელს დაწყებული ომების სერია. ამ ომებმა საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. ზოჰაბის ზავით ქართლი და კახეთი ირანს დარჩა, სამცხე-საათაბაგო, იმერეთი, სამეგრელო და გურია – ოსმალეთს.

ირან-ოსმალეთის დაზავება არ ნიშნავდა საქართველოს ტერიტორიისთვის ბრძოლის შეწყვეტას, პირიქით, მეთვრამეტე საუკუნის დამდეგიდან ირან-ოსმალეთის დაპირისპირებაში რუსეთი ჩაერია და საქართველო უკვე, სამი იმპერიის ბრძოლის ასპარეზად იქცა.


скачать dle 11.3