კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ შრომის წიგნაკების გაუქმება და როგორ აპირებს პენსიონერებისთვის საპენსიო დანამატების გაუქმებას



ორიოდ კვირის წინათ სახელისუფლო უმრავლესობამ, კერძოდ, პარლამენტის იურიდიულმა ფრთამ გვამცნო, რომ ახალ ინიციატივაზე მუშაობს, სახელდობრ, იმაზე, რომ შრომის წიგნაკები აუცილებელი აღარ არის, რადგან, ჯერ ერთი, ეს კორუფციის წყაროა (საბჭოური შრომის წიგნაკები ამ გაქანებულ პოსტრევოლუციაში 10 ლარად იყიდება მშრალ ხიდზეო) და, რაც მთავარია, ამიერიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, თავად შეაგროვონ ცნობები თავიანთი სამსახურებიდან, სახლში დაიგროვონ და, თუ ვინმე მოსთხოვთ, წარუდგინონ. თუმცა პატიოსან გვამებს ის კი აღარ დაუკონკრეტებიათ, ვის და რატომ უნდა წარუდგინონ მოქალაქეებმა დაგროვილი საბუთები; ვერც დაუკონკრეტებდნენ, რადგან ამ ქვეყანაში უბრალო მოკვდავთა სტაჟი და დამსახურება 2-დან 10 ლარამდე ღირს (ზემოხსენებულ ინიციატივას კი კოჭებშივე ეტყობა, რომ ხელისუფლება ამ 2-დან 10 ლარამდე დანამატის დაზოგვას ფიქრობს). ჩვენ ამაოდ ვცდილობდით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ ფრთასთან შეხვედრას, რომელთა გონებებშიც ეს ინიციატივა მომწიფდა: ბ-ნი კუბლაშვილი და ქ-ნი თაქთაქიშვილი იმდენად დაკავებული ბრძანდებოდნენ, რომ ასეთ უმნიშვნელო თემაზე სასაუბროდ ვერ მოცდნენ, ან კი რატომ მოცდებოდნენ, როდესაც თავად მათ თავი ქუდში, ანუ პენსია ჯიბეში აქვთ (ჩვენს ქვეყანაში ისეთი სამართლიანობა და თანასწორობაა, საკმარისია, ერთხელ დაჯდე პარლამენტარის სკამზე, რომ 560-ლარიანი პენსია გაინაღდო). რატომ გახდა აქტუალური შრომის წიგნაკების გაუქმება ან რა გაუჭირდა ისეთი ქვეყნის ხერხემალს, რომ შრომის წიგნაკების კორუფციას ვერ მოერია (თუმცა კრიმინალური სამყარო წელში გადატეხა) და რატომ არის ამ ქვეყანაში დაბადება და დაბერება თანაბარი ზომა-წონის უბედურება, ამ საკითხებზე საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი გვესაუბრება.



– პირადად მე მიჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას აღარ უნდა იმ ღირსების შემლახავად მინიმალური დანამატის გაცემა, რასაც მინიმალურ პენსიაზე უმატებდა ვითომ სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. თქვენ რა მიზანს ხედავთ შრომის წიგნაკებისთვის სავალდებულო სტატუსის მოხსნით?

– ჩვენ, როგორც წესი, შამანების პოზიციაში ვართ, რადგან ხალხს არასდროს უთანხმებენ ინიციატივას. დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როდესაც საბჭოთა დროს კრემლში იცოდა ათიოდე ადამიანმა, რა იყო საჭირო საბჭოთა ხალხის ბედნიერებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროპული სასწავლებლები აქვთ დამთავრებული, ისინი მაინც საბჭოური კატეგორიებით აზროვნებენ. გამომდინარე იქიდან, რომ არც ეს პროცესია გამჭვირვალე, ისევე, როგორც ყველა რეფორმის სტარტი, ჩვენ მხოლოდ შამანებივით შეგვიძლია წინასწარმეტყველება. თქვენ გამოიცანით მათი ერთი ჩანაფიქრი, მაგრამ მე მას კიდევ ორს დავამატებ. გეთანხმებით, ეს კეთდება იმისთვის, რომ აღარ გაიცეს დანამატები სტაჟისა და დამსახურების მიხედვით; მეორე, მათ უნდათ იმ არაკომპეტენტურობის დაფარვა, რომელიც ჩანს ამ 20-25 წლის გოგო-ბიჭების ბიოგრაფიაში. ისინიც ხვდებიან, რომ უხერხულია შრომის წიგნაკის გახსნა პარლამენტში ან რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნისას. უხერხულია, როდესაც ადამიანი მუშაობს ამა თუ იმ უწყებაში და არ აქვს შესაბამისი გამოცდილება.

– მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში არც მინისტრს და არც მის მოადგილეებს არც განათლების ცენზისა და არც შრომითი ბიოგრაფიის მიხედვით, არანაირი შეხება არ ჰქონდათ სოფლის მეურნეობასთან და თითქმის ანალოგიური ვითარებაა ყველა უწყებაში.

– ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შრომის კოდექსი დაგვიწერა პროქტოლოგმა, რომელიც იმ სფეროშიც კი, თუ არ ვცდები, სანიტრად მუშაობდა.

– მაგალითად, პრაქტიკოსი ნევროპათოლოგი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე.

– ამისთვის აუცილებელია, რომ წაიშალოს მათი შრომითი ბიოგრაფია და მხოლოდ ვიზუალურად იმსჯელო, შეეფერება თუ არა ის თანამდებობას. მესამე და ყველაზე მთავარი მიზეზი: დღეს ჩვენ ვართ ნეოლიბერალი ბოლშევიკების ხელში, რომლებიც ცდილობენ, ბოლშევიკური მეთოდები საბაზრო ეკონომიკის პრინციპებში აურიონ. საბაზრო ეკონომიკა არის ის, რომ ბაზარი უნდა არეგულირებდეს ყველაფერს და ის ემყარება სამართლიანობას. ჩვენთან კი, რატომღაც, მიჩნეულია, რომ ყველა უნდა გათანაბრდეს, ამიტომაც ვადარებ ბოლშევიკებს. ავიღოთ ფეხმძიმეების პრობლემა: მიუხედავად იმისა, რამდენი გაქვთ ხელფასი და რამდენ გადასახადს იხდით ბიუჯეტში, სახელმწიფო ყველა დასაქმებულ ფეხმძიმეს თანაბარი რაოდენობის დეკრეტულ თანხას უხდის – ოთხ თვეში 600 ლარს. ან, ვთქვათ, თუ მე, ათი წელია, ვიხდი გადასახადს, რატომ უნდა ვიღებდე იმავე რაოდენობის პენსიას, რასაც ის, ვისაც არასდროს არანაირი გადასახადი არ გადაუხდია?! მთავრობა კი ამბობს, ყველას ერთნაირად გვიჭირს, ამიტომ თანაბარი ოდენობის პენსია უნდა ავიღოთო.

– თუმცა პარლამენტარებსა და მაღალი ჩინის ძალოვანებს, რატომღაც, გაცილებით მაღალი გარანტირებული პენსია გაუნაღდეს?!

– პროექტი, რომელზეც ევროკავშირიც საუბრობდა და ჩვენც ვამბობდით, რომ ადამიანებმა დამსახურების მიხედვით უნდა მიიღონ პენსია, არ გავიდა. მე მეცხრე კლასიდან ვმუშაობ და, ვთქვათ, გადასახადების სახით ბიუჯეტში 100 000 ლარი გადავიხადე, ჩემს დას კი არც ერთი დღე არ უმუშავია, რატომ უნდა მივიღოთ თანაბარი ოდენობის პენსია?! ფეხმძიმე მანდილოსნები, რომლებსაც მაღალი ხელფასი აქვთ, უნდა დაისაჯონ, როდესაც დეკრეტულ შვებულებაში გადიან, რადგან, როგორც ჩანს, ბავშვის გაჩენა დანაშაულია. აი, ასე ესმის ხელისუფლებას თანასწორობა, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპი სამართლიანობაა. აი, ეს სამი მიზეზია ის საფუძველი, რის გამოც უნდათ შრომის წიგნაკების გაუქმება. დანარჩენ მიზეზებს დრო აჩვენებს. თან, არ დაგავიწყდეთ, კანონში წერია, რომ საჯარო მოხელეების სამსახურში მიღებისას მათ ნამსახურებას და გამოცდილებას უპირატესობა ენიჭება, ამ ინიციატივით კი ეს უკვე აუცილებელი აღარ არის.

– როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომ სიბერეში, როდესაც დაუძლურდებიან, შიმშილით არ დაიხოცონ, თუ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში დაბერების უფლება მხოლოდ პარლამენტის წევრებსა და მაღალი ჩინის ძალოვანებს არ აქვთ?

– დაუკვირდით, ჯერ კიდევ მოქმედებს კანონი საჯარო მოხელის შესახებ, რომელშიც წერია, რომ შრომის წიგნაკები უნდა არსებობდეს, ანუ ისინი გაუქმებული არ არის. ესე იგი, ხელისუფლებამ ჩაატარა ტესტი და ელოდება საზოგადოების რეაქციას. მეორე მხრივ, ეს არის თემა, რომელიც რეიტინგულია ჩემთვის და თქვენთვის. ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობაა და, ამის პარალელურად, უამრავ ადამიანს არანაირი სტატუსი არ გააჩნია: მილიონ ექვსასი ათასი ადამიანიდან მილიონ ასი ათასს სტატუსი არ აქვს; მუშაობს, იხდის გადასახადებს, მაგრამ სტატუსი არ აქვს, რადგან თვითდასაქმებულია, ლილოში დგას, ან სადმე ქუჩაში და ვაჭრობს. სხვათა შორის, როდესაც ისინი გადიან დეკრეტში, სახელმწიფო მათ არც იმ 600 ლარს უხდის. ეს არ არის უსამართლობა?! რა თქმა უნდა, არის. ამდენად, ამ ადამიანებს არ აღელვებთ, ექნებათ თუ არა დანამატი პენსიაზე სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. ჩოგოვაძემ, როდესაც მინისტრი იყო, მითხრა, საპროტესტო აქციაზე შენთან ერთად 5 000-6 000 ადამიანი გამოვიდა; რომ გამოსულიყო 70 000 ადამიანი, შრომის კოდექსს შუასაუკუნეობრივი პრინციპებით არ მივიღებდითო. მას დაავიწყდა, დაემატებინა, ოღონდ სკამი არ მოგეთხოვათო, რადგან, როდესაც ქუჩაში გამოდის ათიათასობით ადამიანი, ოღონდ, თუ სკამს არ ითხოვენ, ეს ამ მთავრობისთვის ტესტია, რომ დასხდნენ და გაითვალისწინონ მათი მოთხოვნა. მაგრამ ხალხი ვერ აცნობიერებს, რა პრობლემაა შრომის წიგნაკების გაუქმება, თორემ გამოვიდოდა და გააპროტესტებდა. ამიტომ მთავრობა მარტივად აკეთებს ამ ყველაფერს და ისევე მარტივად გაიტანს ამ ინიციატივასაც, როგორც ხვალინდელი დღე გათენდება. შრომის წიგნაკები არ არის რეიტინგული თემა: მთავრობა იტყვის, რა დროს ეს არის, როდესაც 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგასო, თუმცა, მათი და ჩემი აზრი, თუ რატომ დგას 40 კილომეტრში რუსის ჯარი, განსხვავებულია. იმიტომაც დგას რუსის ჯარი, რომ ქვეყანაში ტოტალური უსამართლობაა და ხვალ შეიძლება, თურქეთსაც გაუჩნდეს სურვილი, თუ ადამიანებს შიათ, თუ ადამიანები კუჭის აზროვნებაზე ჰყავთ გადართული, მარტივად შეიძლება იმ სახელმწიფოში ბზარის შეტანაო. ასეთ სახელმწიფოში, ძალიან მარტივია, რომ დედაქალაქიდან არათუ 40, 5 კილომეტრში დააყენო ჯარი.

– ვთქვათ, პენსიები მასობრივად არ აღელვებთ მასობრივი უმუშევრობის ქვეყანაში, მაგრამ არც საშემოსავლო გადასახადის 25 პროცენტამდე გაზრდას, რომელიც შემდეგ 20-მდე შეგვიმცირეს, მოჰყოლია, მაინცდამაინც, დიდი საზოგადოებრივი აქტივობა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტია, დამქირავებლებს ხელ-ფეხი გაუხსნეს, რომ მხოლოდ დაქირავებულები დაებეგრათ?

– იცით, რატომ შემცირდა 20-პროცენტამდე?! ოთხი თვის განმავლობაში ქუჩაში ვიდექით, 114 000 ხელმოწერა შევაგროვეთ და პარლამენტს წარვუდგინეთ ინიციატივა, რომ ეს გადასახადი 10 პროცენტამდე დაწეულიყო. იმსჯელეს, იმსჯელეს და 20 პროცენტამდე დაწიეს. ამ შემთხვევაში ჩვენთან ერთად უფრო მეტი ხალხი გამოვიდა, ვიდრე შრომის კოდექსის გაპროტესტებისას, იმიტომ რომ, გადასახადის გაზრდა უშუალოდ იგრძნო ადამიანმა. თუ შრომის კოდექსის კაბალურობა უცბად ვერ იგრძნო, აქ ფული დააკლდა და უფრო მობილური გახდა საზოგადოება. ამიტომაც დააკლეს საშემოსავლო გადასახადს ის 5 პროცენტი და ამიტომაც არსებობს გეგმა, რომ წელს გადასახადმა კიდევ დაიკლოს. ვვაჭრობთ პრემიერ-მინისტრთან და იმედი მაქვს, რომ ჩვენსას გავიტანთ. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ იმ საწარმოებში, სადაც პროფკავშირია, დამქირავებლებს არ გაუვიდათ ამ გადასახადის სრულად დაქირავებულებისთვის დაკისრება.

– უნდა გითხრათ, რომ არც ჩვენ დაგვკლებია, ჩვენ ისევ 12 პროცენტს ვიხდით ჩვენი ხელფასიდან, დანარჩენს იხდის ჩვენი დამქირავებელი.

– ეს თქვენი ხელმძღვანელის კეთილი ნებაა… დღეს ამბობენ, კონსტიტუციაში უნდა შევიტანოთ ცვლილებები, რომ გადასახადები აღარ გაიზარდოსო. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ გამოიკითხეს რეფერენდუმით, უნდოდა თუ არა საზოგადოებას, საშემოსავალო გადასახდის 12 პროცენტიდან 25 პროცენტამდე გაზრდა?!

– ან, იქნებ საზოგადოება თანახმა იყო, გადაეხადა თუნდაც 25 პროცენტი და იმ თანხის ნაწილი მოხმარებოდა ჯანდაცვისა და საპენსიო დაზღვევას?

– არ ჰკითხეს იმიტომ, რომ არ სჭირდებოდათ. ძალიან ძნელია, გაიგო, რას და რატომ აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, მეწარმეებს ისევ ისე „პარსავენ“, სრული ამ სიტყვით მნიშვნელობით, ბოდიში ჟარგონისთვის და, დასაქმებულებისგანაც მეტ თანხას იღებენ. მეორე მხრივ, რას ხმარდება ეს თანხა? სოციალურ პროგრამებს?! რა თქმა უნდა, არა. საქართველოს მოსახლეობას 150-კაციანი პარლამენტის შენახვა ორჯერ ძვირი უჯდება.

– დიახ, ეს საკითხი დეტალურად მოვიკვლიე და ზუსტად ასეა, 150 დეპუტატი უფრო ძვირად ღირებულია, ვიდრე 235 იყო. მეტიც, მთავრობას თითქოს დაფინანსება შეუმცირდა, მაგრამ ხელფასები არათუ არ შეუმცირდათ, გაეზარდათ და ეს ნათლად ჩანს ბიუჯეტში.

– გუბერნატორებს მილიონ-მილიონი დაუმატეს, პრეზიდენტის ფონდი ორჯერ გაიზარდა. დასაქმებულებისგან ამოღებული თანხა დაუსაქმებელთათვის სოციალური შემწეობის დასანიშნავად რომ გამოეყენებინათ, ხმას არ ამოვიღებდი, იმიტომ რომ სოლიდარული მოქალაქე ვარ. დასავლეთში არ სიამოვნებთ დაუსაქმებელთათვის სოციალური შემწეობის დაფინანსება, რადგან იქ დაუსაქმებელი მხოლოდ ზარმაცი ადამიანია, ჩვენთან კი პირიქითაა. ანუ, როდესაც იბადები საქართველოს მოქალაქედ, შენი მინიმუმიც და მაქსიმუმიც არის ის, რომ უფასოდ მოგცემენ დაბადების მოწმობას, ისიც, ბოლო ერთი წელია, უფასო გახდა, სხვა ვალდებულება სახელმწიფოს შენ მიმართ არ აქვს! აი, ასეთია ნეოლიბერალური მიდგომები.

– ესე იგი, რამდენი თანხაც უნდა ვიხადო ბიუჯეტში ჩემი ხელფასიდან, ჩემმა დამქირავებელმაც, რომ მე ხელფასი გადამიხადოს, მე მაინც მათხოვრული სიბერე მელის?

– ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ინიციატივას პროტესტი მოჰყვეს, მაგრამ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს ხალხისთვის აქტუალური არ ყოფილიყო. ხელისუფლება სარგებლობს იმით, რომ ომია და მისთვის ნომერ პირველი თემაა, შევალთ თუ არა ნატოში, დაგვბომბავს თუ არა რუსეთი, მაშინ, როდესაც ეს ხალხი რუსების გარეშეც დაბომბილია სამთავრობო პროექტებით. ძალიან ხშირად დავდივარ უცხოეთში პროფკავშირების ღონისძიებებზე დასასწრებად. საქართველოდან სავსე თვითმფრინავი მიფრინავს და უკან ნახევრად ცარიელი ბრუნდება. ქუთაისიდან ყოველ კვირას გადის საბერძნეთისა და თურქეთის მიმართულებით ორი ავტობუსი და უკან ისინიც ცარიელი ბრუნდებიან. ეს ხელისუფლება არ მალავს, რომ საქართველოს ეკონომიკას არ შეუძლია ოთხი მილიონი ადამიანის შენახვა, ამიტომ მაქსიმალურად გახსნილია საზღვრები, რომ ხალხმა დატოვოს ქვეყანა. აკეთებენ ყველაფერს, რომ ხალხი ამ ქვეყნიდან გაიქცეს.

– კატასტროფული ციფრებია, რეგისტრაცია ჯერ არ დამთავრებულა და უკვე საქართველოს 661 000-მა მოქალაქემ შეავსო „მწვანე ბარათის“ განაცხადი ამერიკის მოქალაქეობის მიღების სურვილით, რომ აღარ იყოს საქართველოს მოქალაქე.

– ბევრმა არ იცის, თორემ მეტი იქნება მსურველი. ზუსტად ვიცი, იმ 661 000-ს უყვარს თავისი სამშობლო, მაგრამ ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენის მიზანი ამოძრავებთ.



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3