რისთვის გადაუხადა „საიდუმლო სირობის“ ავტორს დედამ ხარკი და ვის არ აკვლევინებს ის თავს
ერთი წლის წინ ხმაურიანი სკანდალი მოაწყო და „საიდუმლო სირობით” დიდ ავანტიურაზე წავიდა – ერეკლე დეისაძის პატარა წიგნმა ქართული საზოგადოება შოკში ჩააგდო, მასზე საუბრობდა ყველა და საუბრობდნენ ყველგან, თავად ავტორმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს მისი პროტესტი და პოპულარობისთვის გათვლილი ყველაზე მარტივი გზა იყო, გზა რომელმაც, როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეცვალა.
– ერეკლე, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას „საიდუმლო სირობა” შესთავაზე, რა შეიცვალა ამ წიგნის შემდეგ შენს ცხოვრებაში?
– ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ამ წიგნს მოჰყვა უამრავი ცხადი სირობა. მე „პაბეგში” ვიყავი, საკმაოდ დიდხანს ვიმალებოდი ბათუმში, რადგან ვგრძნობდი, რომ ყოველწამს საფრთხე მელოდა. გამოვიკეტე სახლში, ტელევიზორსაც კი არ ვრთავდი. არ მქონდა სურვილი გარეთ გასვლის. საკმაოდ განვიცდიდი იმას, რომ ჩემი ოჯახის წევრები ვანერვიულე და საფრთხე შევუქმენი, თორემ საზოგადოების რეაქცია, პირადად მე, ფეხებზე მეკიდა. ყველაზე მეტად დედაჩემის გამო ვწუხდი. თუმცა, მან მე თავიდანვე მაპატია ის, რაშიც გავხვიე. დედამ იცოდა, რომ წუხილით უნდა გადაეხადა თავისი თაობის მშობლების ხარკი. თავის დროზე მათ რომ ესაუბრათ ამ თემებზე, მე დღეს სხვა რამეს გავაკეთებდი. ამას გარდა, მე მინდოდა, საკუთარი თავის პოვნა, ეს კი ყველაფრად მიღირდა – ჯერ მე ვარ, მერე დედა და სხვა ყველაფერი დანარჩენი.
– შენ ზუსტად იცოდი, რომ ამ წიგნს ეს სკანდალი მოჰყვებოდა. „საიდუმლო სირობა” ხომ ამაზე გათვალე?!
– კი, ვიცოდი. 17-18 წლის ვიქნებოდი, როცა ვთქვი: გათენდება ერთი დღე, როცა მთელი საქართველო ჩემზე ილაპარაკებს-მეთქი. ამას მივაღწიე კიდეც, ერთი დღე კი არა, თვეები საუბრობდა ხალხი ჩემზე. მე ვიყავი მთავარი თემა ნათლობებზე, დაბადების დღეებზე, ნებისმიერ წვეულებაზე. უნივერსიტეტებში ჩემზე მოხსენებებს წერდნენ, ლექციებს მიძღვნიდნენ. მოძღვრები საუბრობდნენ ჩემზე საკვირაო ქადაგებებში და ასწავლიდნენ მრევლს, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ხან რას ვიგებდი საკუთარ თავზე, ხან – რას. ისიც თქვეს, რომ დასთან მქონდა სექსუალური კონტაქტი. მე და საერთოდ არ მყავს. ისიც თქვეს, ბერად უნდა აღიკვეცოსო, რაზედაც არ მიფიქრია. თუმცა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თავის დროზე ბერების ნახევარზე მეტი ქურდები და მკვლელები იყვნენ. მე რომ გავხდე ბერი, ვითომ რა მოხდება? ჩემი სკანდალით გამოჩენა და „გამოსვლა” საზოგადოებაში, თევზაობას ჰგავდა. როცა ანკესით თევზაობ, ერთ თევზს დაიჭერ, როცა ბადით ხარ, ბევრი თევზი მოდის. თევზაობენ დინამიტითაც, მაგრამ ასე, სხვასაც აყენებ ზიანს და არ შეიძლება. მე ვთევზაობდი ბადით, ეს იყო ყველაზე მარტივი გზა.
– როცა ბადით თევზაობ, ნაგავიც შეიძლება მოჰყვეს შენს ბადეში.
– გადაარჩევ, გაფილტრავ და მორჩა. კარგ თევზს დაიტოვებ, ნაგავს წყალს გაატან. ამ წიგნთან დაკავშირებითაც ასე მოხდა, თუმცა ამ სკანდალიდან მეც ბევრი რამ დამრჩა: იმიჯი, პოპულარობა და გამოცდილება, რაც ყველაზე მთავარი მონაპოვარი იყო ჩემთვის. ამ გამოცდილებას ზოგი მთელი ცხოვრება აგროვებს, მე უცებ დავაგროვე – უფრო ახლოს გავიცანი ადამიანები, უცებ დავრწმუნდი, ვინ ვინ იყო. ძალიან ბევრი „გავშიფრე” – ისინი ვისაც ჩემზე მზე და მთვარე ამოსდიოდათ, უცებ გადავიდნენ სხვა ბანაკში და ჩემი ლანძღვა დაიწყეს. ამას, რაც ადრე გამოცდი, მით უკეთესია. ასეთი ცხოვრებისეული გაკვეთილების შემდეგ, ურთიერთობებში უფრო ფრთხილი ხდები, იცი, რას რა მოჰყვება.
– იმიჯი და პოპულარობა ახსენე. ეს ის იმიჯი იყო, რაზეც ადამიანს შეიძლებოდა ეოცნება?
– მე ბავშვობიდან მიყვარდა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა. ყოველთვის ვსვამდი კითხვებს: რატომ არის ეს ასე და რატომ არ შეიძლება იყოს ისე? მე ძალიან კონსერვატორულ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ ნებისმიერ თემაზე მქონდა უამრავი შეკითხვა. ამ კითხვებს პასუხს დრო და სხვა ადამიანები სცემენ. მე თვითონ არ მიყვარს პასუხის გაცემა. თუ თავად გავეცი პასუხი, მაშინ რა საჭიროა კითხვა? როგორც მივხვდი, ეს კითხვები სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ვიღაცეებმა ჩემით ისწავლეს თავისთვის საინტერესო რაღაცეები. თავის კითხვებზე გასცეს პასუხები ჩემი მეშვეობით. იცით, რამდენმა ჩამოიხსნა რელიგიური ნიღაბი და თავისი რეალური სახე გამოაჩინა? ბევრმა აღიარა, რომ მათაც სტკიოდათ ის, რაც მტკიოდა მე. მე წამომეკიდნენ ადამიანები, ზოგს საერთოდ რომ არ ჰქონდა წაკითხული ჩემი წიგნი და სათაურით გამოჰქონდათ დასკვნები. ამ სათაურმა მიიყვანა ხალხი იქამდე, რომ ის აუცილებლად დაკავშირებული უნდა ყოფილიყო საიდუმლო სერობასთან. სიტყვები საიდუმლო და სერობა მხოლოდ რელიგიასთან არ ასოცირდება. ეს იყო ჩემგან სიტყვათა გადათამაშება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ის, რელიგიური თემა არ მიგულისხმია. მინდოდა, ვიღაცეებს სწორედ ასე ეფიქრათ. ეს იყო ჩემი თამაში.
– რომელიც დასრულდა და არ გრძელდება?
– ახლა ჩემი განზე გადგომა ჯობია. ნამდვილად არ მინდა, „გათოჯინება”. არიან მწერლები, რომლებიც ყველაფერზე საუბრობენ: ფეხბურთზეც, ლიტერატურაზეც, პოლიტიკაზეც და რეალურად ნახევარზე მეტი არ ესმით. წიგნი მაშინ არის საინტერესო, როცა ავტორი ოქროს შუალედს იცავს. მე თუ ყველაფერზე საჯაროდ ვისაუბრე, მაშინ ჩემი ტექსტები აღარავის დააინტერესებს. მე ვერ ვისაუბრებ პოლიტიკაზე, რადგან არ ვიცი კარგად პოლიტიკა. ჩემი სფერო უფრო სოციალური თემებია. მე იმ მასის ნაწილი ვარ, რომელზეც ვწერ. ჩემთვის აქტუალურია ადამიანები, თვისებები, ფასეულობები, რომლებიც გადაფასებას მოითხოვს, სიყალბე. ძალიან მაღიზიანებს, ქაჯები რომ მორალს მიკითხავენ და მასწავლიან, როგორ ვიცხოვრო. მე არავის ქადაგებას არ ვიღებ, მაგრამ სხვები იღებენ და ამით აბინძურებენ თაობას, რომლებსაც ისეთ რამეებს ასწავლიან, რაც მათთვის აქტუალური არ უნდა იყოს. ყველა თაობამ თვითონ უნდა დაგეგმოს თავისი მომავალი, სხვამ არ უნდა დაგვიგეგმოს – რა გზით წავიდეთ, რომ მთავარია „ენა, მამული, სარწმუნოება”, ეს ჩემთვის ძალიან დრომოჭმული ღირებულებაა.
– შენ გაქვს უფლება ეს დრომოჭმულად ჩათვალო, მაგრამ რატომ ახვევ ამ აზრს სხვას. „საიდუმლო სირობა” რომ დაწერე, საკუთარი თავი დიდი მწერალი გგონია?
– არა, პირიქით. მეხამუშება კიდეც სიტყვა მწერალი. მე ვერ ვუწოდებ საკუთარ თავს მწერალს. დღეს იმდენ გოიმს ჰქვია მწერალი, მათზე მეტი ნამდვილად ვარ, თუნდაც ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციით. რაც არ უნდა კარგად ვისწავლო წერის ტექნიკა, მე, ალბათ, მაინც რეაქციონისტი და არტისტი ვარ, ვიდრე მწერალი – კლიშე, რომელიც „კაშნიან“, ბერეტიან კონსერვატ ტიპთან ასოცირდება. ოღონდ დღევანდელ მწერლებს სხვანაირი „კაშნები“ და ბერეტები აქვთ. სინამდვილეში, ისინი თოჯინები და ტელეპროდუქტები არიან. ხალხი მათ ტელეეკრანით იცნობს, თორემ მათი ტექსტები არავის წაუკითხავს.
რაც შეეხება ღირებულებებს, რომელზეც ზემოთ გესაუბრებოდით, მე ვფიქრობ, იმ სამი სიტყვით, რომლებიცაა – ენა, მამული და სარწმუნოება, არ უნდა ხდებოდეს ქართველის იდენტობა. შეიძლება, იყო ქართველი, მაგრამ იყო ბუდისტი ან კრიშნაიდი. ამის გამო, არავის აქვს უფლება, გაგლანძღოს. მე პირადად, ქრისტიანი ვარ. ტაძარში არ დავდივარ, მაგრამ მწამს ღმერთი. მე სკოლაში მასწავლეს, რომ მამულის სიყვარული ომში ბრძოლაა, მაგრამ მე არასდროს ვიბრძოლებ ომში ქვეყნისთვის. არ მიმაჩნია, რომ მეომარი ვარ, რომელიც ავტომატით უნდა დაუხვდეს მტერს. მე ჩემი ფრონტის ხაზი მაქვს, ეს ლიტერატურა და მუსიკაა. ვფიქრობ, აქედან მეტს მივცემ ჩემს ქვეყანას, ვიდრე ავტომატით ხელში. ენისადმი მიდგომაც არასწორად მიმაჩნია. თანდაც, ის, რომ ენა უნდა იყოს ისეთი, რაც გვაქვს და არ შეიძლება ჟარგონების გამოყენება. ამქვეყნად ყველაფერი განიცდის ტრანსფორმაციას, ყველაფერს აქვს თავისი დრო, რომელიც ამ სამ პუნქტსაც ეწურება. ამიტომ, ეს ახლებურად უნდა შევფუთოთ.
– ეს ახლებური შეფუთვა როგორია?
– მე ვსვამ კითხვებს რელიგიაში. მე ვარ ქრისტიანი და ამიტომ ვსვამ კითხვებს ამ რელიგიაზე, და არა ბუდიზმსა და სხვა რელიგიურ მიმდინარეობებზე. მე ამ სოციუმში ვცხოვრობ და ამაზე ხმამაღლა იმიტომ ვსაუბრობ, რომ აქ ვხედავ ჩემს ტკივილს. სხვა რელიგიას რომ შევურაცხყოფდე, ჩავთვლიდი, რომ არასწორად მოვიქეცი. მამულის სიყვარულს თუნდაც იმით ვამტკიცებ, რომ ქუჩაში ნაგავს არ ვყრი და ქალაქს ვუყურებ, როგორც საკუთარ ოჯახს. მე არ ვარ იდეოლოგი, პირიქით, ყველა იდეოლოგი მეზიზღება. მე ვცხოვრობ ასე, ეს ჩემი ნებაა. სხვას არაფერს წავართმევ, მაგრამ რაც ჩემია, იმას ბოლომდე დავიცავ. რწმენა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არ უნდა იფიქრო და მხოლოდ უნდა იწამო. მე ვერ ვიწამებ ვერაფერს თუ არ ვიფიქრე. ძალიან ბევრი მოძღვარი ვიცი, რომლებსაც აღიზიანებთ ზედმეტი შეკითხვები. მათ ურჩევნიათ, არ იფიქრო, რადგან, როცა ფიქრს იწყებ, ეწინააღმდეგები დოგმებს.
– მითხარი, სიურპრიზი მაქვს ჩემი სამშობლოსთვისო, ეგებ გაგვანდო რას აპირებ ახალს?
– ზაფხულისთვის ახალ წიგნს გამოვცემ. უკვე დაწერილი მქონდა რომანი, რომელშიც თავიდან ბოლომდე იყო განხილული თანამედროვე ლიტერატურული პროცესი. როცა წერა დავასრულე და ტექსტი თავიდან ბოლომდე გადავიკითხე, მივხვდი, რომ წინა წიგნთან ბევრი რამ ჰქონდა საერთო. მინდა თუ არა, მაინც მეც დღემდე იქ ვარ ჩარჩენილი. მივხვდი, რომ არ ღირდა ამ რომანის გამოცემა. ამიტომ, მთლიანად დავანგრიე და ახლა მკითხველს განსხვავებულ ერეკლე დეისაძეს ვაჩვენებ. მე უკვე ვთქვი ჩემი კონკრეტული სათქმელი „საიდუმლო სირობით”, ახლა სხვა პრობლემების წამოწევა მინდა. ჩემი ახალი რომანის დაბეჭდვა, სანამ რედაქტირებას დავიწყებდი, მომგებიანი იქნებოდა ნებისმიერი გამომცემლობისთვის. მაგრამ, მე არ მინდოდა ეს. კომერციული თვალსაზრისით, არც „საიდუმლო სირობას” მოუტანია ბევრი ფული. ბოლოს მაღაზიებში აღარ მიიღეს ჩემი წიგნი. მიღებულებიც კი გადამალეს და აღარ გაყიდეს, ხალხის რეაქციის ეშინოდათ.
– აბა, რით ირჩენ თავს? როგორ ცხოვრობ ახლა?
– ვცხოვრობ ჩვეულებრივ, ვსწავლობ თეატრალურ უნივერსიტეტში, დოკუმენტური კინოს რეჟისურას. მესამე კურსზე ვარ და ვერანაირ სამსახურში წარმომიდგენია ჩემი თავი, გარდა ერთი სფეროსი – ძალიან მინდა, ვიმუშავო კრეატიულ რეკლამაზე. ეს ჩემი საოცნებო სამსახურია. მაქვს ამბიცია, რომ ყველაზე მაგარ რეკლამებს გავაკეთებ. ვმუშაობ ალტერნატიულ მუსიკაზეც, რომელსაც ევრაზიულ ქრისტიანულ ფოლკლორს ვუწოდებ. ეს ჟანრი, რომელიც მე მოვიფიქრე, ახალი სიტყვა იქნება ქართულ მუსიკაში. მე მუსიკაშიც კითხვებს ვსვამ – ო, თან, რამდენ კითხვას (იცინის). საერთოდ, ცოტა ზარმაცი ვარ და ჯერ არ ვეძებ ისეთ ოფიციალურ სამსახურს. ჯერ წერა მირჩევნია, მაგრამ ცხოვრება ბანალურია და უამრავ რამეს მოითხოვს. მე არ ვოცნებობ ბევრ ფულზე, ჩემთვის საკუთარი თავის ფლობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფული. რაღაცნაირად გამაქვს თავი ისე, რომ არც მშია, არც მწყურია. ხან ჩემი მშობლები მეხმარებიან, ხან ჩემით გამოვიმუშავებ ფულს, ხან მეგობრულ შემოწირულობებს ვიღებ.
– ამ სკანდალის წყალობით, როგორც ამბობენ, გოგონებში გახდი ძალიან პოპულარული.
– კი, ასე იყო. ძალიან ბევრი გოგო დაწვა ჩემთან მხოლოდ იმის გამო, რომ ერეკლე დეისაძე ვიყავი. გოგონებს მოსწონთ არაორდინარული, განსხვავებული ტიპები (იცინის). იმ პერიოდში ისიც ითქვა, რომ მე პრობლემები მქონდა სექსუალური თვალსაზრისით. ეს ძალიან კარგია, რადგან ყველაზე მაგარი მწერალი ისაა, ვინც ყველაზე მაგრად იტყუება. ალბათ, გამომდის ეს ტყუილი კარგად, რადგან ჰგონიათ, რომ დასთან ვწევარ (იცინის). მეც, როგორც ყველა, რაღაც დოზით გარყვნილი ვარ. გარყვნილი ვარ ჩემს ფანტაზიებში, ორგიებს ვაწყობ, მოდიან იქ ბავშვები... რამდენიმე შეყვარებული მყავს ერთდროულად. არ მაქვს იმის თავი, რომანტიკული შეხვედრები მოვუწყო გოგოებს. მირჩევნია, ეს დრო წერაზე დავხარჯო. მაქვს ხანმოკლე ურთიერთობები, რომლითაც არც მე ვრჩები გულნატკენი და არც ისინი. ამაზე წინასწარ ვთანხმდებით მე და ის გოგონები. იმედს და ტყუილ დაპირებებს არავის ვაძლევ, არც ოცნების კოშკების აგება მჩვევია. თავს ძალიან ცუდად ვიგრძნობ, ვინმე ჩემ გამო რომ იმედგაცრუებული და მოტყუებული დარჩეს. ტყუილი ცხოვრებაში არ მიყვარს, თორემ ტექსტებში, იცოცხლე, სულ ვიტყუები. გოგონები ჩემი დიდი დაკვირვების ობიექტები არიან. მათ პრიმიტიულ საუბრებში ისეთი რამ შეიძლება, აღმოვაჩინო, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მათთვის კი ეს, უბრალოდ, წამოყრანტალებაა. გოგონები ჩემთვის დიდი მასალაა, ჩემს ტექსტებს ქმნიან და წერენ. რაღაც დოზით ეს გოგონები მიყვარს კიდეც, თუმცა მხოლოდ ხორცის გამო ვერავის შევიყვარებ. ადრე მქონდა ერთი დიდი სიყვარული, იმ გოგონასგან ბევრი რამ ვისწავლე, უპირველესად, ქალის ფსიქოლოგია. რაღაც ეტაპამდე იმედს მაძლევდა და იმ ეტაპთან რომ მივიდოდი, იქ მიკეტავდა გზას. ისე მაგრად თამაშობდა, რომ ამ თამაშიდან ბევრი რამ მივიღე. ამ პინგ-პონგით ისიც გაიზარდა და მეც. თუმცა, მან მაინც მაჯობა და საბოლოოდ „გაიმარჯვა” ჩემზე (იცინის). მე ახლა არ ვფიქრობ დიდ სიყვარულზე, სხვა ეტაპი მაქვს. ის ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის იმას გავაკეთებ, რასაც ჩემგან არ მოელიან, როცა ტიპისგან იქმნება კულტი, დრო რომ გადის, იმ კულტს ამსხვრევენ და ამას ვაკეთებ ახლა მე თავად. რატომ დავანგრევინო სხვას ჩემი თავი – მე თუ არ მოვკალი ჩემი თავი, სხვა მომკლავს. როგორც ყველგან, აქაც დასწრებაზეა. თორემ, ჩემს მერე ჩემი წიგნები იქნება თუ არა, არ მაინტერესებს. მე ყველაფერი სიცოცხლეში მინდა...