რა შემთხვევაში იწყებს ძაღლი სიტუაციის კონტროლს და როდის ვერ ეგუება ის თავის მეწყვილეს
თუ თქვენ სახლში გყავთ ძაღლი, მოგვიანებით კი გადაწყვეტთ, შინ კიდევ მიიყვანოთ ლეკვი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი, რადგან ერთი შეხედვით, ეს სასიამოვნო სიურპრიზი თქვენი პირველი ძაღლისთვის, შესაძლოა, უსიამოვნო ფაქტად იქცეს და არც ისე კარგად იგრძნოს თავი ახალ მეგობართან, როგორც თქვენ გგონიათ. ამ თემასთან დაკავშირებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი რამდენიმე საჭირო ნიუანსზე მოგითხრობთ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ სახლში მეორე ძაღლის მიყვანას აპირებთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: ძალიან ხშირად, ძაღლების პატრონებს უჩნდებათ სურვილი, აიყვანონ მეორე ძაღლი, რამდენიმე მიზეზის გამო, მაგალითად, დიდი ტერიტორიის დასაცავად, ან, უბრალოდ, სხვა ჯიში მოსწონთ. შესაძლოა, პირველი ძაღლი უბერდებათ გამრავლების თვალსაზრისით, ან, მისთვის მეგობრის მოყვანა უნდათ. ამ დროს იბადება ლოგიკური კითხვები: შეეწყობა თუ არა ორი ძაღლი ერთმანეთს, როგორ მიიღებს ახალბედას თქვენი ოჯახის ძველი წევრი, ხომ არ განაწყენდება ის და ხომ არ დაიწყებენ ცხოველები ლიდერობისთვის ბრძოლას, როგორ ვასეირნოთ ან ვკვებოთ ისინი – ერთად თუ ცალ-ცალკე?
– თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა არის მეორე ძაღლის აყვანის ხშირი მიზეზი?
– მიზეზი ბევრია. მეორე ძაღლი ზოგჯერ იმის გამო აჰყავთ, რომ პირველი ძაღლი სახლში უფუჭებს ავეჯსა და იატაკს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ცხოველს მარტოს ტოვებენ სახლში. ზოგს ჰგონია, რომ, თუ ძაღლი მარტო არ იქნება და მას გვერდით ერთი თანამოძმეც ეყოლება, ამას აღარ გააკეთებს. რეალურად კი, მეორე ძაღლის აყვანა სიტუაციას ვერ გამოასწორებს, პირიქით, ლეკვი დაიწყებს ზრდასრული ძაღლის საქციელის მიბაძვას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, შეიძლება, ძაღლმა ამ დროს დაიწყოს ახალმოყვანილი ლეკვის დაჩაგვრა და მასზე ლიდერობა გამოავლინოს.
– თუ, მიუხედავად ყველაფრისა, სახლში ორი ძაღლია, როგორ ავარიდოთ მათ ურთიერთობას უსიამოვნო ინციდენტები?
– იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები, უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი წესები. მაგალითად, თუ გვსურს, რომ სახლში მოვიყვანოთ ზრდასრული ძაღლი, მაშინ ჩვენი ძველი და ახალი ძაღლები ეთმანეთს უნდა გავაცნოთ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ერთად უნდა გავასეირნოთ ისინი და უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ. არ უნდა დავუშვათ, რომ მათ შორის იერარქიული დამოკიდებულება წარმოიშვას. მას შემდეგ, რაც მათ ერთმანეთს შევაჩვევთ, ერთდროულად წავიყვანოთ სახლში. თუ ამ დროს რომელიმე ცხოველს ჩამოუყალიბდება ტერიტორიული ინსტინქტი, უმჯობესია, ისინი ერთად გადავიყვანოთ ისეთ ადგილას, რომელიც ორივესთვის უცხო იქნება – ამ დროს უფრო უკეთესად ყალიბდება კეთილი ურთიერთდამოკიდებულება.
– კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ, რაც აუცილებლად დაგვეხმარება მეორე ძაღლის აყვანის დროს?
– მეორე ცხოველის სქესის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი: სხვადასხვა სქესის ცხოველები უკეთესად ეწყობიან ერთმანეთს და მეგობრდებიან; ქალაქგარეთ სახლის დაცვისთვის უკეთესია, ავიყვანოთ ძუ და ხვადი ძაღლი ერთად. ამ შემთხვევაში, გარდა ტერიტორიული ინსტინქტისა, ძაღლებში სხვა ინსტინქტებიც იღვიძებს: ძუს, როგორც წესი, უყალიბდება დედობრივი ინსტინქტი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას სქესობრივი ციკლი, ჰყავს თუ არა ლეკვები და ასე შემდეგ; ხვადი კი აუცილებლად დაიცავს თავის ძუს. ამ დროს შეიძლება, მათი გამრავლებაც დაიგეგმოს. თუ ლეკვები არ გინდათ, უმჯობესია, ძუს გაუკეთოთ სტერილიზაცია, რის გამოც წყვილს შორის ურთიერთდამოკიდებულება არ შეიცვლება.
– ერთსქესიან ცხოველებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში რა ხდება?
– ერთსქესიან ცხოველებს შორის ყოველთვის ყალიბდება სახლის ხროვა, სადაც ერთი ცხოველი იღებს ლიდერობას და ხდება ხროვის წინამძღოლი და ის ყოველთვის დაჩაგრავს მეორე ცხოველს. ამ დროს აუცილებელია, პატრონმა რეგულარულად აკონტროლოს სიტუაცია, რადგან ცხოველებს შორის კონფლიქტი, შეიძლება, სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რაც შესაძლოა, ტრავმებითაც დამთავრდეს.
– თქვენი აზრით, რა ჯობია, როცა ერთი ძაღლი უკვე გვყავს, ლეკვი ავიყვანოთ თუ ზრდასრული ცხოველი?
– როცა ლეკვი შემოგვყავს სახლში, როგორც წესი, პრობლემები ნაკლებად ხდება ხოლმე, რადგან ნორმალური, ზრდასრული ძაღლი ლეკვს არაფერს დაუშავებს. ლეკვს კი უნდა შევაგნებინოთ, რომ ზრდასრული ცხოველი უფროსია და უნდა დავუშალოთ მის საჭმელთან და სათამაშოებთან მიკარება, რაც თავიდან აგვარიდებს კონფლიქტურ სიტუაციებს. ასევე, პრობლემას ქმნის ზომებით ძალიან განსხვავებული ძაღლების ერთად ყოფნა.
– რატომ?
– როგორც წესი, დიდი ტანის ცხოველი ჩაგრავს პატარა ტანის ცხოველს და ამ ფაქტის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია.