რომელ თვემდე დავტოვოთ გარეთ მელიისკუდა და რატომ შეიძლება გაუყვითლდეს გარდენიას ფოთლები
ტემპერატურის ცვალებადობა, განათების ხშირი ცვლა და არასტაბილური ტენიანობა ზოგიერთ მცენარეზე ძალიან ცუდად აისახება. გაზაფხულის სეზონზე კი ამის გათვალისწინება აუცილებელია. თუ როგორ გავახაროთ, სად დავდგათ და რა პირობებში ვამყოფოთ მელიისკუდა და გარდენია, ამ ყველაფერზე „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე გვესაუბრება.
– მცენარე, რომელზეც ახლა უნდა გესაუბროთ, ტროპიკული ქვეყნიდანაა წარმოშობით. მას სახელად მელიისკუდას უწოდებენ და ვიზუალურად თავის სახელს ნამდვილად ამართლებს. საქართველოს პირობებში ის სამ მეტრ სიმაღლეს აღწევს და ძალიან ლამაზი ფოთლებით გამოირჩევა.
– იოლად შეგვიძლია მისი გაზრდა საქართველოს პირობებში?
– ეს მცენარე არ არის პრეტენზიული მოსავლელი. მას უყალიბდება ძალიან ძლიერი ფესვთა სისტემა, ამიტომ, გირჩევთ, მცენარე თიხის ქოთანში არ ჩარგოთ, რადგან ის ქოთანს გახეთქავს და დაფშვნის.
– რას გვირჩევთ, სად ჩავრგათ მცენარე, თუ არა თიხის ქოთანში?
– ეს მცენარე ჩარგეთ კატკაში (რეზინის ქოთანი). რაც უფრო დიდი ზომის კატკა იქნება, მით უფრო მალე გაიზრდება მელიისკუდა.
– რით მრავლდება ეს მცენარე?
– შეგიძლიათ, მელიისკუდას ნერგი შეიძინოთ და ისე გაზარდოთ, თუმცა, მისი გამრავლება თესლითაც იოლია. მისი თესლი კარგად ეგუება ჩვენს პირობებს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ თესლით გამრავლებული მცენარე შედარებით გვიან ამოვა. არ გაგიკვირდეთ: თუ ახლად დათესილი მელიისკუდა არ ამოვიდა; აცადეთ, არ შეეხოთ ნიადაგს და დათესვიდან 2-3 თვეში მცენარე თავადვე ამოვა.
– როგორ ნიადაგში გვირჩევთ მელიისკუდას ჩარგვას?
– მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: მიწა, ტორფი, ქვიშა, ნაკელი და ფოთლის მიწა. ასეთ ნაზავში ეს პალმა თავს კარგად იგრძნობს და ფესვებს იოლად გაიდგამს.
– რა სიხშირით მოვრწყათ მცენარე?
– ზაფხულის პერიოდში მცენარე მორწყეთ ყოველ მესამე დღეს, ხოლო ზამთარში ათ დღეში ერთხელ, ისიც, ცოტა რაოდენობით, რომ ნიადაგი არ დამყაყდეს.
– რაც შეეხება ამ სეზონს?
– ახლა ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს, ამიტომ, რეგულარულად მორწყეთ. ნიადაგი არც ძალიან გამოაშროთ, მაგრამ არც ძალიან ხშირად დაასხათ წყალი.
– რა ტემპერატურაზე უნდა ვამყოფოთ მელიისკუდა?
– ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ამ მცენარეზე ცუდად არ მოქმედებს, ამიტომ, ნუ შეუშინდებით ამ სეზონებზე სიცხის მომატებას. რაც შეეხება ზამთარს, მას სითბო უყვარს. დაახლოებით 25 გრადუსი.
– არის თუ არა მელიისკუდა სინათლის მოყვარული მცენარე და სად დავდგათ ის წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– რაც უფრო მეტხანს იქნება ის სინათლეზე, მით უკეთესად გაიზრდება, თუმცა, ძალიან მწველ მზეზე არ დადგათ. აპრილის ბოლოდან უკვე შეიძლება, მცენარის გარეთ გადგმა – აივანზე ან გარე კლიმატში და დატოვეთ იქ სექტემბრის ბოლომდე.
– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გასხვლა და რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მის გადარგვას?
– მელიისკუდა არ ექვემდებარება არც გასხვლას და არც ფოთლების შეკვეცას. ეცადეთ, არ გაკრიჭოთ, რადგან ეს ცუდ შედეგს მოიტანს. ამ მცენარეს არ უყვარს ხშირი გადარგვა. მისი გადარგვისას მიწის კომი არ დაშალოთ, ეცადეთ, მთლიანი კომით გადაიტანოთ მცენარე ახალ ნიადაგში.
– რას გვეტყვით მისი მავნებლების შესახებ?
– მავნებლები ამ მცენარის ფოთლებს არ ესევა, ამიტომ, ქიმიური საშუალებების გამოყენება არაა რეკომენდებული.
– კიდევ რას გვირჩევთ, რა გავითვალისწინოთ, თუ ბინაში მელიისკუდას ვახარებთ?
– გირჩევთ, წელიწადში ერთხელ გამოიყენოთ მინერალური სასუქები. სასურველია, მისი ნიადაგი გაამდიდროთ კალიუმით ან კალციუმით, თუმცა, მათი დოზები ძალიან არ უნდა გაზარდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ფესვები დაუზიანდეს.
– რას გვეტყვით გარდენიას შესახებ და იოლია თუ არა მისი გაზრდა ოთახის პირობებში?
– გარდენია განთქმულია ულამაზესი ყვავილებითა და მუქი, ტყავისებური, მარადმწვანე ფოთლებით. მისი გაზრდა ძნელი არ არის, რთული მისი ხელმეორედ აყვავებაა.
– რა მიზეზით შეიძლება, აღარ იყვავილოს გარდენიამ?
– ამ მცენარეს სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობა სჭირდება. ტემპერატურის უეცარმა ცვლილებამ, ორპირმა ქარმა, ცვალებადმა ტენიანობამ და განათების კუთხის შეცვლამ, შეიძლება, მას კოკრები დააცვენინოს. იმის გამო, რომ ძნელი მოსავლელია, შეგიძლიათ, მისი ყვავილებით ერთ სეზონზე დატკბეთ და, თუ კვლავ მოგინდებათ აყვავებული გარდენია, მომდევნო წელს ახალი შეიძინეთ. ის საკმაოდ გავრცელებული მცენარეა, არც მოსავლელადაა პრეტენზიული და არც ძალიან ძვირი ღირს.
– როგორ განათებაზე ვამყოფოთ მცენარე და სად გვირჩევთ მის დადგმას ბინაში?
– დადგით კაშკაშა სინათლეში, ოღონდ, თაკარა მზეს მოარიდეთ. ბინაში, სასურველია, შეურჩიოთ ნათელი ადგილი, მაგალითად, სასტუმრო ოთახი. როგორც კი კარგად დათბება, მაისიდან, შეგიძლიათ, აივანზეც დადგათ.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ გარდენია და რამდენ გრადუსზე ყვავილობს ის?
– ყვავილობისთვის სჭირდება მაღალი ტენიანობა, ტემპერატურა კი დღისით 18-21 გრადუსი, ხოლო ღამით – 16-17 გრადუსი.
– როდის სჭირდება გარდენიას დამატებითი კვება და რა სიხშირით მოვრწყათ ის ზამთარ-ზაფხულ?
– ზაფხულობით ნიადაგი სპეციალური თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მორწყეთ რბილი წყლით, რათა ფოთლები არ გაუყვითლდეს. მიწა ზაფხულში მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრის თვეებში მორწყვა შეამცირეთ.
– და, ბოლოს, სხვა რა დამატებითი პირობები გავითვალისწინოთ გარდენიას უკეთ გასაზრდელად?
– მცენარე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგში გაზარდეთ. მას აუცილებლად სჭირდება სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობა, განსაკუთრებით – ყვავილობის დროს. მოარიდეთ ორპირ ქარს, ნურც ადგილს შეუცვლით და თქვენი გარდენია მუდამ ძალიან ლამაზი იქნება.