30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–17(539)
– რატომ, მოხდა რამე? – ჰკითხა ზაურს შორენამ.
– ჰო, გუშინ ჟუჟუნა სანიტარი დაიწვა, – მიუგო ზაურმა.
– როგორ თუ დაიწვა?
– როგორ და, „ბუინების“ განყოფილების დერეფანში ძველი მსხვილი კაბელი ჩამოვარდა, პირდაპირ ჟუჟუნას ჩამოეცვა დაკლაკნილი პითონივით და ადგილზევე დაანახშირა.
– საცოდავი.
– საცოდავი კი არის, მაგრამ, ბევრი ცოდვა ჰქონდა, – თქვა ზაურმა.
– ყველანი ცოდვილები ვართ, მან კი სიკვდილის წინ ყველა ცოდვა მოინანია.
– შენ რა იცი?
– ჩემთან მოინანია.
– შენთან?
– ჩემთან. გუშინ აქ ვიყავი და, როგორც ეტყობა, მე რომ წავედი, ეს უბედურება მაშინ მოხდა, – თქვა შორენამ, – ზაურ, ჩემო კარგო, გამონაკლისს ვერ დაუშვებ და განყოფილებაში ვერ შეგვიშვებ?
– პროფესორმა რომ გაიგოს, ტყავს გამაძრობს.
– საიდან გაიგებს?
– ცოტაა ჩამშვები? თანაც, გუშინდელს მერე პროფესორი ყოველ საათში შემოვლას ატარებს, რომ საავადმყოფოში რამე დარღვევა არ მოხდეს. ზონაა თუ საგიჟე, ვერ გამიგია. ადრე, ზონაში ნადზორად რომ ვმუშაობდი, იქ იყო ასეთი პრავერკები ყოველ ერთ საათში. ასე რომ, იზვინი, მაგრამ ვერ შეგიშვებ, – უთხრა შორენას ზაურმა და სახეზე მლიქვნელური მიმიკა გამოესახა. გამოუცდელი ადამიანი იფიქრებდა, თანამიგრძნობსო, მაგრამ შორენა კარგად იცნობდა ასეთი კატეგორიის ადამიანებს და ზაურს მიუგო:
– ესე იგი, პროფესორი დადის შემოვლაზე?
– ჰო, შორენ, პროფესორი დადის და ყველაფერს ამოწმებს.
– გულდასმით ამოწმებს, არაფერს ტოვებს შეუმოწმებელს?
– ჰო, შორენ, ასეა.
– შენც გამოწმებს?
– მე მამოწმებს თუ მამოწმებს.
– შენს კარადაში თუ იხედება, არყით, ლუდითა და პორნოჟურნალებით რომ გაქვს გამოტენილი? ან, ის თუ იცის, ავადმყოფებს რომ ათვალიერებინებ ამ საზიზღრობას და სასმელსაც რომ ასმევ ხოლმე?
– შენ საიდან იცი? – წამოსცდა ზაურს.
– ცოტაა ჩამშვები? – ცინიკურად გაიმეორა შორენამ.
– კარგი, კარგი, შედით, მაგრამ ფრთხილად იყავით. გუშინს მერე გიჟები განსაკუთრებულად აგზნებულები არიან და რამე არ დაგიშავონ, – გააფრთხილა ზაურმა წყვილი და ბუინების განყოფილებაში შეუშვა.
საგიჟეთის ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე უჩვეულო სიჩუმე იდგა და ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდა კაცი. წინა საღამოს უბედურების კვალი უკვე წაშლილი იყო. კლინიკის დროებითმა დირექტორმა იმავე ღამეს გამოაცვლევინა კაბელები, ჭერი და კედლები შეალესვინა და შეაღებინა, ჟუჟუნას გვამი კი სანიტრებს გაატანა, 50-50 ლარი გადაუხადა და მუხათგვერდის უპატრონოთა სასაფლაოზე დაამარხვინა. შემდეგ მთელი მედპერსონალი შეკრიბა და მკაცრად გააფრთხილა:
– რაც ჟუჟუნას შეემთხვა, არსად თქვათ. ის ჩვენს საბუთებში დაფიქსირებული არ გვყავდა, როგორც ავადმყოფი და ვერც ვერავინ შემოგვედავება რამეში. მთავარია, ენას კბილი დააჭიროთ და ერთ მუშტად შეკრულები ვიყოთ. ხომ იცით, რომ ძალა ერთობაშია. ამ ყველაფერს მე თქვენ გამო, თქვენი სიყვარულის გამო, კოლექტიური ერთიანობისა და უსაფრთხოების გამო ვაკეთებ და იმიტომ მივდივარ ასეთ რისკზე.
პროფესორის ასეთი საქციელი სინამდვილეში იმით იყო გამოწვეული, რომ მას თავისი დროებითი დირექტორობის ერთი თვის განმავლობაში კლინიკის ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი ჰქონდა მითვისებული და ეშინოდა, რომ ჟუჟუნას სიკვდილის ფაქტის გამო დაწყებულ გამოძიებას მისი ფინანსური მაქინაციებისთვის არ მიეგნო და ციხეში არ გამოემწყვდიათ.
„ამ ახალ მთავრობას არავინ აღელვებს, არც ავტორიტეტებს ცნობენ, არც წოდებებს და არც ასაკს, – იტყოდა ხოლმე თავისთვის პროფესორი, – კომუნისტების დროს პროფესორსა და პატივცემულ ადამიანს ვინ დაიჭერდა? არა, გამონაკლისები მაშინაც კი იყო, მაგრამ, ჩემი რანგის კაცს ძალიან უნდა მიექარა, ან, ცეკას დონეზე გაემწარებინა ვინმე, რომ ციხეში ჩაესვათ. საჭიროებისთვის აღებული მცირე თანხის გამო ხელს ვინ გახლებდა?!“
„საჭიროებისთვის აღებულ მცირე თანხას“ უწოდებდა პროფესორი ბიუჯეტიდან მოპარულ 40 ათასს და ეს დარღვევა რომ არ გამჟღავნებულიყო, თანაც, ხელქვეითების დაშინების მიზნით, წაიკითხა მან ეს ხანმოკლე სიტყვა და საგიჟეთის კოლექტივს ერთობისკენ მოუწოდა.
– რამდენი ხანია, აქ არ ვყოფილვარ – თქვა ჯაბამ, როდესაც „ბუინების“ განყოფილებაში შედგა ფეხი.
– მოგენატრა აქაურობა, ბატონო ედუარდ? – იხუმრა შორენამ.
– შენ წარმოიდგინე, მომენატრა.
– მართლა თუ ხუმრობ?
– პრინციპში, ვხუმრობ, თუმცა, ოდნავ მართლა მომენატრა.
– ხომ იცი, რომ ახლა შენ ისევ ედუარდი ხარ?
– ვიცი.
– მოვედით, ბატონო ედუარდ და შევდივართ, – თქვა შორენამ, „ლუქსის“ კარი გააღო, ჯაბას საგიჟეთის ყველაზე კომფორტულ პალატაში შეუძღვა და მის ბინადრებს მიესალმა:
– გამარჯობა, ბატონებო!
გენერალი, პროფესორი და პოლკოვნიკი თავიანთ საწოლებზე თავჩაქინდრულები ისხდნენ და ქალ-ვაჟის შემოსვლა არ გაუგიათ, მაგრამ, როგორც კი შორენას ხმას მოჰკრეს ყური, ჯერ თავები ასწიეს, რომ შორენას ცქერითა და მისი ხმით დამტკბარიყვნენ. მაგრამ ჯაბას რომ მოჰკრეს თვალი, გოგონა სრულიად გადაავიწყდათ, თვალები გაუბრწყინდათ, წამოიშალნენ და ერთხმად აღმოხდათ:
– ბატონო ედუარდ?!
– ჰა-ჰა-ჰა! – ედუარდისეულად გადაიხარხარა ჯაბამ და იმავე სტილში განაგრძო: – ალბათ იფიქრეთ, რომ შევარდნაძემ მიგვატოვაო, ხომ?
– არა, რას ბრძანებთ, ბატონო ედუარდ! – პირველი გენერალი სპირიდონ ჯაყელი გამოეპასუხა ჯაბას, მხედრულად რომ გამოეჭიმა: – თქვენი ერთგული გენერალი ჯაყელი მზადაა სამსახურისთვის. დიდება საქართველოს!
– დიდება საქართველოს! – გაიმეორა ჯაბამ და გენერლისთვის ხელის ჩამორთმევა დააპირა, მაგრამ მასთან ჯემალ ჯიოშვილი მიიჭრა, მუხლი მოიყარა, ხელებზე ეამბორა და აღელვებულმა მიმართა:
– ბატონო ედუარდ, ჩვენო მხსნელო, დაბრუნდით?
– დავბრუნდი, ჯემალ, რომ კვლავ წავიდე და მალე თქვენც თან წაგიყვანოთ, – მიუგო ჯაბამ. პოლკოვნიკი წამოაყენა, ხელი ჩამოართვა და ჰკითხა, – როგორ ხარ, ჩემო ჯემალ?
– კარგად, თქვენი წყალობით, ძალიან კარგად ვარ, – მიუგო ჯაბას პოლკოვნიკმა.
– ბატონო ედუარდ, ბატონო ედუარდ... – იმეორებდა პროფესორი პანტელეიმონ ჯაში, ხელისგულები ლოყებზე ჰქონდა შემოწყობილი და ჯაბას ხილვით უზომოდ გახარებული მისი ცქერით ტკბებოდა, – მშვენივრად კი არა, ბრწყინვალედ გამოიყურებით.
ჯაბამ პროფესორს მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:
– როგორ ხარ, ჩემო პანტე, ხომ ხარ მხნედ?
– თქვენი წყალობით, ბატონო ედუარდ, თქვენი წყალობით მხნედ და იმედიანად ვარ. აბა, როგორ?! – მიუგო პროფესორმა ჯაბას, შემდეგ გვერდით გადგა და გენერალი გაატარა, რომელმაც ჯერ მაგრად ჩამოართვა ჯაბას ხელი, შემდეგ კვლავ მხედრულად გამოეჭიმა და უთხრა:
– მზად ვარ სამსახურისთვის! ველოდები შემდგომ მითითებებს... დიდება საქართველოს!
– დიდება საქართველოს! დიდება საქართველოს! დიდება საქართველოს! – ერთხმად დასჭექეს ლუქსელებმა, შემდეგ დადუმდნენ და თვალებგაბრწყინებულები მიაჩერდნენ ჯაბას.
– დიდება საქართველოს! – გაიმეორა ჯაბამ და თქვა: – დაბრძანდით, ბატონებო!
– უკაცრავად, ბატონო ედუარდ, თქვენმა დანახვამ ისე გაგვახარა და დაგვაბნია, რომ ეს უმშვენიერესი ფერია უყურადღებოდ დავტოვეთ და, ნება მიბოძეთ, ჩემი, უფრო სწორად კი, ჩვენი შეცდომა გამოვასწოროთ, – უთხრა ჯაბას გენერალმა და შეიშმუშნა.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, – მიუგო ჯაბამ და განზე გადგა.
სპირიდონ ჯაყელი შორენას მიუახლოვდა, ხელზე ეამბორა და უთხრა:
– მაპატიე, მშვენიერო ფერია, რომ ყურადღება ვერ მოგაქციე, მაგრამ, ისე დავიბენი ჩვენი მხედართმთავრის მოულოდნელი გამოჩენით, რომ სიხარულისგან თავგზა ამებნა. ალბათ, იმავეს იტყვიან ჩვენი პატივცემული მეგობრებიც.
– მიპატიებია, გენერალო, – სულგრძელად მიუგო შორენამ და ღიმილით დაამატა: – თუმცა, არაფერი გაქვთ საპატიებელი. თანაც, ხომ დაგპირდით, რომ ბატონ ედუარდს მოვიყვანდი და მოულოდნელი რატომაა მისი გამოჩენა?
– ასე უცებ არ ველოდით ბატონი ედუარდის ვიზიტს, – დაიმორცხვა ამაყმა გენერალმა და ჭაბუკივით წამოწითლდა. შემდეგ სხვებს დაუთმო ადგილი და განზე გადგა.
პროფესორი და პოლკოვნიკიც გენერლის მსგავსად მოიქცნენ, ხელზე ეამბორნენ შორენას, პატიება სთხოვეს, შენდობა მიიღეს და კვლავ ჯაბას მიაპყრეს მზერა, რომელიც დიდი მოთმინებით ელოდა პატიების რიტუალის დასრულებას.
შორენამ „დროებითი მთავრობის სხდომაზე“ დასწრების ნებართვა ითხოვა და, დასტური რომ მიიღო, იქვე ჩამოჯდა ლოგინზე, ჯაბამ კი „ხელქვეითები“ ლოგინებზე დასხა და უთხრა:
– დიდი ხანია, არ შევკრებილვართ, მეგობრებო და, ერთი შეხედვით, საკმაო პრობლემები უნდა დაგროვილიყო, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს ასე არაა და, სიმართლე გითხრათ, აქ უფრო თქვენს მოსანახულებლად მოვედი, ვიდრე სამუშაოდ.
– ბატონო ედუარდ, ბოდიში, სიტყვას რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ, შეიძლება ერთი კითხვა დაგისვათ? – უთხრა ჯაბას პროფესორმა.
– ბრძანე, ჩემო პანტე, გისმენ, – მიუგო ჯაბამ.
– ბოდიშს გიხდით კადნიერებისთვის, მაგრამ, გთხოვთ, სიმართლე გვითხარით, რადგან ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, – დაიწყო პროფესორმა, მაგრამ ჯაბამ სიტყვა გააწყვეტინა:
– ახლა მე გიხდი ბოდიშს, ჩემო პანტე, და მიპასუხე: ოდესმე მომიტყუებიხართ რომელიმე?
– არა! – თქვა პროფესორმა.
– არა! – გაიმეორეს გენერალმა და პოლკოვნიკმა.
– მაშინ, ჩემო კარგებო, – განაგრძო ჯაბამ, – ნურც თქვენს თავს შეურაცხყოფთ, ნურც მე და ნუღარ მეტყვით, სიმართლე მითხარიო. მე თქვენ ყოველთვის სიმართლეს გეუბნებით, როგორი მწარეც არ უნდა იყოს ის. ახლა კი განაგრძე, ჩემო პანტე!
– ბოდიში, ბატონო ედუარდ, – წამოწითლდა ჯაში და თქვა: – ბატონო ედუარდ, ჩვენ დროებითი მთავრობის შემადგენლობიდან გამოყვანილები ვართ?
– რაო, ბატონო პანტე, რა ბრძანეთ? – თქვა ჯაბამ.
– მთავრობიდან ხომ არ დაგვითხოვეთ, ბატონო ედუარდ? – გაიმეორა პროფესორმა.
– ეგ როგორ იფიქრე, ჩემო პანტე? – იწყინა ჯაბამ, – ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენს შემცვლელს სადმე ვიპოვი, ან, თუნდაც, ძებნას დავუწყებ? თქვენნაირები სანთლითაც რომ ვეძებო, მაინც ვერსად ვნახავ და ეს საკითხი დახურულია. ასეთი რამ როგორ გაივლე თავში, ჩემო პანტე?
პროფესორი წამოწითლდა და თავი იმართლა:
– უბრალოდ, გავიფიქრე, ბატონ ედუარდს ჩვენი მუშაობის სტილი მოძველებული ხომ არ ეჩვენა-მეთქი. მოგეხსენებათ, ახალ დროებაში ვცხოვრობთ, ასე ვთქვათ, კომპიუტერისა და სუპერტექნოლოგიების ეპოქაში და, ჩემთვის გავიფიქრე, ხომ არ მოვძველდით-მეთქი.
– არა და არა, – მტკიცედ თქვა ჯაბამ, პაუზა გააკეთა, „ხელქვეითებს“ გადახედა და განაგრძო, – ძველი, გამოცდილი კადრები ძველი ღვინოსავითაა. რაც უფრო ძველია ღვინო, მით უფრო კარგი და სასიამოვნოა მისი დალევა. რაც უფრო ძველი და გამოცდილია კადრები, მით უფრო საიმედოა და ერთგული. ჩემგან არ გესწავლებათ, რომ „კადრი რეშაიუტ ვსიო“. ხომ იცით, ვისი ნათქვამიცაა?
– რა თქმა უნდა, სტალინის, – დაამოწმა სპირიდონ ჯაყელმა და ულვაშებზე ამაყად გადაისვა თითები.
– სტალინის, მართალია, – გაიმეორა ჯაბამ, – იმ კაცს ბევრი სიბრძნე აქვს ნათქვამი და ბევრი კარგი საქმე – გაკეთებული. ასე რომ, ჩვენ ყველასა და ყველაფერს ხელაღებით ხაზს ვერ გადავუსვამთ, ხომ მეთანხმებით?!
– გეთანხმებით, გეთანხმებით!.. – ერთხმად მიუგეს ჯაბას „ხელქვეითებმა“.
– საქმე ისაა, მეგობრებო, რომ, – განაგრძო ჯაბამ, – მე სერიოზული საქმიანობა გავაჩაღე გარეთ და თქვენი მთავრობაში ადაპტაციისთვის ნიადაგი მოვამზადე. მოგეხსენებათ, რომ 30 თებერვალი კარსაა მომდგარი, სულ მალე სრულფასოვან, სისხლსავსე ცხოვრებას დაუბრუნდებით და თქვენი საკადრისი ასპარეზი თითქმის მზადაა. მართალია, მცირე ფორმალობები დარჩა, მაგრამ ისინი იმდენად მცირეა, რომ არც კი ღირს მათზე საუბარი.
– დიდება საქართველოს! ვივატ ბატონ ედუარდს! სამწუხაროა, რომ სასულე ორკესტრი არაა აქ, თორემ ტაშს დასჭექავდა ჩვენი მხედართმთავრის სადიდებლად! – მგზნებარედ წარმოსთქვა ფეხზე წამომდგარმა გენერალმა, რომელიც აღაფრთოვანა „ედუარდის“ სიტყვებმა მათი ახალი მთავრობაში ადაპტაციის შესახებ, თან, საკუთარი თავი კვლავ ძლევამოსილი ქართული სუპერარმიის მხედართმთავრად წარმოიდგინა.
– დიდება საქართველოს! ვივატ ბატონ ედუარდს! – გაიმეორეს ფეხზე წამომდგარმა და მუშტებშემართულმა პროფესორმა და პოლკოვნიკმა.
– გმადლობთ, მეგობრებო, აღიარებისთვის, მაგრამ, ოვაციები არ არის საჭირო. ვივატ თქვენ – საქართველოს უანგარო ჯარისკაცებო, რომლებიც მზად ხართ თავი დადოთ სამშობლოს დიდებისთვის! – თქვა ჯაბამ, პაუზა გააკეთა და განაგრძო: – მხოლოდ თქვენი და თქვენნაირი სამშობლოს ერთგული ჯარისკაცები იხსნიან და ააღორძინებენ საქართველოს. მთავარია, 30 თებერვალი მოვიდეს, რომ მას ღირსეულად შევხვდეთ.
– მოვა, აუცილებლად მოვა და ღირსეულადაც შევხვდებით, – თქვა კოპებშეკრულმა ჯემალ ჯიოშვილმა, – ასე არაა, ჩემო მეგობრებო?
– ასეა, ასე! – გაიმეორეს ჯაყელმა და ჯაბამ.
– რა თქმა უნდა, ასეა და სწორედ ამიტომ გელოდებათ ახალი ფართო ასპარეზი, – თქვა ჯაბამ, – შენ, ჩემო პანტე, ახალ ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი გიჭირავს და სპეციალურად შენთვის აშენდა გულის სუპერკლინიკა, რომელსაც მე „აორტა“ დავარქვი. ყველაფერი მზადაა, უახლესი აღჭურვილობა დავამონტაჟეთ იქ და მხოლოდ შენ აკლიხარ. დადგება 30 თებერვალი, გამოხვალ და მუშაობაც გაჩაღდება.
ჯაბას სიტყვებით გულაჩუყებულ პროფესორს ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან და სინანულით თქვა:
– მე კი, ურწმუნო თომას, მეგონა, რომ თამაშგარე დავრჩი და, სიმართლე გითხრათ, ისიც კი ვინატრე, ნეტავ 30 თებერვალი არ დადგეს-მეთქი.
– ეგ როგორ ინატრე, პანტელეიმონ? – შეიცხადა სპირიდონ ჯაყელმა და ხელები გაშალა, ხოლო თანაპალატელის გამო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა პოლკოვნიკმა დაამატა:
– კარგი, რა, ბატონო პროფესორო, ეს რა ნატვრაა!
– მაპატიეთ, მეგობრებო, მაპატიეთ, მეტს აღარ ვინატრებ! – პირობა დადო ჯაშმა.
– ეგ არაფერი, – თქვა ჯაბამ, – სისუსტეები ყველას გვაქვს და შეცდომებიც ყველას მოგვდის, ამიტომ, ნატვრისთვის პასუხს ნუ მოვთხოვთ ჩვენს პატივცემულ პანტეს.
– გმადლობთ, ბატონო ედუარდ, – თქვა თავდახრილმა პროფესორმა.
– ჩვენი ძვირფასი პანტე თუ ჩვენი გულების პრობლემებს მოაგვარებს, – თქვა ჯაბამ, მერე ჯემალ ჯიოშვილს შეხედა, მისკენ გაიშვირა ხელი და განაგრძო: – ჩვენი ჯემალი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დეპარტამენტს ჩაუდგება სათავეში და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობასა და წესრიგს დაამყარებს, სადაც მგელი და კრავი ერთად მოძოვენ ბალახს. საამისოდაც ყველაფერი მზადაა. უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა, ტელე-რადიოსაშუალებები და ყველა ის ატრიბუტიკა, რაც ამ საქმისთვისაა საჭირო. ოცი ვერტმფრენიც კი ჩამოვიყვანეთ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს ზემოდან ვადევნოთ თვალყური. აი, ასე, ჩემო მეგობრებო და, როგორც კი 30 თებერვალი დადგება, ჩვენი ძვირფასი ჯემალი მაშინვე შეუდგება მუშაობას. არის ერთი სიურპრიზიც: ჩემი გადაწყვეტილებით, 30 თებერვალს, როგორც კი ჯემალი გამოვა და მუშაობას შეუდგება, ის გენერლის ჩინით გააკეთებს ამას. ერთი სიტყვით, პოლკოვნიკ ჯემალ ჯიოშვილს 30 თებერვალს ავტომატურად მიენიჭება გენერლობა.
ჯაბამ სიტყვა დაასრულა და ჯემალს შეხედა, რომელიც სიამაყით იყო აღვსილი და ცრემლებს ძლივს იკავებდა. ბოლოს კისერი მოიღერა და ჯაბას ამაყად უთხრა:
– გმადლობთ, ბატონო ედუარდ, იმ უდიდესი ნდობისთვის, რომელიც თქვენ გამომიცხადეთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თავს არ დავზოგავ და ჩემდამი დაკისრებულ ვალდებულებას პატიოსნად შევასრულებ. დიდება საქართველოს! პოლკოვნიკი ჯემალ ჯიოშვილი მუდამ თავისი სამშობლოს სადარაჯოზე იდგება!
– გენერალი, გენერალი ჯემალ ჯიოშვილი! მე ეს გადაწყვეტილება უკვე მტკიცედ მივიღე და არ შევცვლი, ოღონდ, 30 თებერვალს უნდა დაველოდოთ, – თქვა ჯაბამ და ჯაყელს მიმართა:
– აი, თქვენ კი, პატივცემულო სპირიდონ ჯაყელო, დიდებულო ქართველო, მამაცო მეომარო, და საქართველოს თავდადებულო რაინდო, ფელდმარშლობა არ აგცდებათ.
– ფელდმარშლობა? – გაიმეორა გენერალმა.
– დიახ, ფელდმარშლობა, – თქვა ჯაბამ, – მე უკვე განკარგულება გავეცი ამ წოდების შემოსაღებად და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ჩინს სწორედ თქვენ მიიღებთ.
– თქვენ ასე ფიქრობთ, ბატონო მთავარსარდალო? – დინჯად ჰკითხა ჯაყელმა.
– მე ამაში ეჭვიც არ მეპარება, – მიუგო ჯაბამ, – როგორც კი 30 თებერვალი დადგება და აქედან გახვალთ, მაშინვე საიდუმლო პროექტში ჩაებმებით, რომლის კოდური სახელწოდებაა „ტერმიტების შემოსევა“.
– ტერმიტების შემოსევა? – გაიმეორა ჯაყელმა.
– დიახ, დიახ, – თქვა ჯაბამ, – ესაა საიდუმლო პროექტი, ელვისებური სამხედრო სპეცოპერაცია, რომელიც თვალის დახამხამებაში უნდა განხორციელდეს და რომელსაც მხოლოდ თქვენნაირი დიდი სტრატეგი, თეორეტიკოს-პოლიტიკოსი და უდიდესი საიდუმლო ორგანიზატორი თუ განახორციელებს.
– ჰმ, „ტერმიტების შემოსევა“, – გაიმეორა ჯაყელმა, – საინტერესო და, რაც მთავარია, იდუმალი დასახელებაა.
– რა თქმა უნდა, იდუმალია, – გაიმეორა ჯაბამ, – იდუმალი და ჩვენი მტრისთვის ამოუცნობი. მისი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ერთი მილიონი გადაცმული და სუპერმომზადებული მეომარი ჩუმად შეიპარება რუსეთის ტერიტორიაზე. ისინი ორი ცალი მაყუჩიანი პისტოლეტით, ორი ცალი რემბოს დანით და ათი ცალი ბორკილით იქნებიან აღჭურვილები. მათ, აგრეთვე, ექნებათ მცირე ზომის რაციები, რომ ერთმანეთს ეკონტაქტონ. ყველას წინასწარ ეცოდინება თავიანთი ადგილები და, როდესაც ეთერში გაიგონებენ კოდურ სიტყვას – „სვეტლანა“, რაზეც, სხვათა შორის, დიდი მსჯელობა გაიმართა, ჩვენი გადაცმული და კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები ტერმიტებივით შეესევიან რუსეთის ყველა ატომურ, სტრატეგიულ-სამხედრო ობიექტს და დანისა და მაყუჩიანი პისტოლეტების მუქარით განაიარაღებენ რუს „სპეცებს“, ბორკილებს დაადებენ მათ და რუსულ სამხედრო მანქანას ქართულ კონტროლს დაუქვემდებარებენ. ეს ოპერაცია ერთდროულად უნდა დაიწყოს და 15 წუთში დასრულდეს. თითქმის ყველაფერი მზადაა: აღჭურვილობაც, ცოცხალი ძალაც და მხოლოდ მეთაურს, ანუ თქვენ გელოდებით, რომ ჩანაფიქრი ღირსეულად განხორციელდეს. რას იტყვით, როგორია?
– დიდებულია, – თქვა აღფრთოვანებულმა ჯაყელმა, – უკეთესს ვერც კი მოიფიქრებდა კაცი. ესე იგი, წინ, რუსეთისკენ!
– ნამდვილად, წინ რუსეთისკენ! რუსების გასათავისუფლებლად! – თქვა ჯაბამ.
– ბატონო ედუარდ, ერთი კითხვა მაქვს, – თქვა გენერალმა.
– ბრძანე!
– მაინტერესებს, რატომ შეირჩა ოპერაციის დაწყების კოდურ სიტყვად „სვეტლანა“? – თქვა ჯაყელმა.
– ოპერაცია „ტერმიტების შემოსევა“ რუსეთის გაბრწყინებით დასრულდება. „სვეტლანა“ კი იგივე ნათელაა, ანუ სინათლე, იგივე გაბრწყინება. რუსული „სვეტლანა“ კი იმიტომ ვარჩიეთ ქართულ „ნათელას“, რომ შემთხვევით მტერს არ გაეშიფრა. მართალია, ირგვლივ ერთგული ხალხი გვყავს, მაგრამ, მტრებიც ბლომად გვახვევია და, ვინმემ რომ „ნათელას“ მოჰკრას ყური და რუსებთან მიიტანოს ეს ამბავი, შეიძლება, ისინი დაეჭვდნენ და ოპერაცია შეფერხდეს. ამიტომ დავშიფრეთ ჩვენი ქმედება ასე ღრმად, – აუხსნა ჯაბამ გენერალს.
– გენიალურია, ვერაფერს იტყვი, – თქვა აღფრთოვანებულმა ჯაყელმა, რომელსაც სახე გაუცისკროვნდა და დაამატა: – უგენიალურესია. მართლაც ისეა დაშიფრული და ისეთი ღრმა აზრია მასში ჩადებული, რომ ეშმაკიც კი ვერაფერს მიხვდება. დიდება საქართველოს! ვივატ, ბატონო ედუარდ!
– დიდება, დიდება, დიდება საქართველოს! ვივატ, ვივატ, ვივატ, ბატონო ედუარდ! – ერთხმად დასჭექეს აღტაცებულმა ლუქსელებმა, რომლებიც რუსეთის დამარცხების იდეით მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ და 30 თებერვლის დადგომაში ეჭვი არ ეპარებოდათ.
– ახლა კი, ჩემო მეგობრებო, წასვლის დროა, – უთხრა ჯაბამ ლუქსელებს, რომლებიც ჯერ კიდევ უდიდესი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებოდნენ და ჯაბას უხაროდა, რომ ყოფილი თანაპალატელების გახალისება შეძლო.
– უკვე გვტოვებთ, ბატონო მთავარსარდალო? – შეეკითხა ჯაბას ჯაყელი.
– დროებით, ჩემო გენერალო, – მიუგო ჯაბამ, – აქედან საიდუმლო თათბირზე მივდივარ, სადაც „ტერმიტების შემოსევის“ საბოლოო დეტალები უნდა დაზუსტდეს. თანაც, თქვენი თანხმობის შესახებ უნდა შევატყობინო ჩვენს მეგობრებს. თქვენ ხომ თანახმა ხართ, უხელმძღვანელოთ რუსეთის გათავისუფლების ოპერაციას?
– რა თქმა უნდა, თანახმა ვართ.
– მიბრძანდებით უკვე? – თქვა პროფესორმა და ჯაბას თბილი მზერა შეავლო.
– ჰო, ჩემო პანტე, დროებით უნდა დაგშორდეთ. დღეს ჯანდაცვის მუშაკებსაც უნდა შევხვდე და ფინანსურ საკითხებზე დაველაპარაკო, სადაც „აორტის“ დაფინანსებაზეც იქნება მსჯელობა.
– ძალიან კარგი, ძალიან კარგი, – თქვა მოღიმარმა პროფესორმა.
– ესე იგი, მიბრძანდებით, ხომ ჩვენო მხსნელო? – ბოლოს ჯემალ ჯიოშვილი მივიდა ჯაბასთან.
– სულ მალე, 30 თებერვალს, კვლავ ერთად ვიქნებით, – მიუგო ჯაბამ, – სხვათა შორის, დღეს შენი დეპარტამენტის შესახებაც იქნება მსჯელობა და, გარდა იმისა, რომ შენი თანხმობის შესახებ უნდა შევატყობინო ჩვენს მეგობრებს, დამატებით 20 ვერტმფრენზეც მექნება საუბარი.
– ოც ვერტმფრენზე ჩემი უწყებისთვის? – გაიმეორა ჯემალმა.
– კი ბატონო, – მიუგო ჯაბამ, – რაც არ უნდა იყოს, საზოგადოებრივი წესრიგი უნდა აკონტროლო, ამის გაკეთება ყველაზე მოსახერხებელი ზემოდანაა. ვერტმფრენის გარეშე კი ეს გაგიჭირდება. იფრინე და აკონტროლე – ეგაა შენი საქმე!
– იფრინე და აკონტროლე, იფრინე და აკონტროლე... – გაიმეორა ჯემალმა, – დიდებული და, რაც მთავარია, ზუსტი ნათქვამია.
– მოკლედ, ასე, ჩემო მეგობრებო: მცირე დრო დარჩა 30 თებერვლის დადგომამდე და, აბა, თქვენ იცით, ყოჩაღად და იმედიანად იყავით, სულ მალე გაიგონებთ ხმას ზემოდან: „30 თებერვალია, თავისუფლები ხართ“! მანამდე კი, ღმერთმა იმედი არ მოგიშალოთ, – უთხრა ჯაბამ ყოფილ თანაპალატელებს, ყველას, მაგრად ჩამოართვა ხელი და ოთახიდან შორენასთან ერთად გამოვიდა...
***
– საცოდავები, – უთხრა შორენამ ჯაბას, როდესაც ისინი „ლუქსიდან“ გამოვიდნენ და „ბუინების“ განყოფილების დაცარიელებულ დერეფანს გაუყვნენ, – რაც ელაპარაკე, ყველაფერი დაიჯერეს.
– საცოდავები თუ ბედნიერები? – სევდიანად ჩაიცინა ჯაბამ, – ბედნიერი ხარ, როდესაც რაღაცის იმედი გაქვს, მე კი მათ იმედი გავუღვივე და, შეიძლება ითქვას, გავაბედნიერე.
– კი, შეიძლება ითქვას, – დაეთანხმა საქმროს შორენა და ხელი დაუქნია ზაურს, რომელმაც წყვილს კარი გაუღო და გამოემშვიდობა.
– ისე კი, მართლაც რომ საცოდავები არიან, – სევდიანად თქვა ჯაბამ.
– საცოდავები? – გაიმეორა შორენამ, – ახლა არ მითხარი, ბედნიერები არიანო?!
– ბედნიერები ახლა არიან, მაგრამ, დრო ხომ გავა და 30 თებერვალიც არ დადგება, მაშინ?
– ჰოდა, ასე რომ არ იყოს, ერთ იდეას გთავაზობ.
– რა იდეას?
– რას და, ხშირად უნდა ვიაროთ აქ და ამ უბედურებს ჩამქრალი იმედი გავუღვივოთ, – თქვა შორენამ, მაგრამ იქვე დაამატა: – თუმცა, ეს შეუძლებელია...
– რატომაა შეუძლებელი? მე მომწონს.
– იმიტომ, საყვარელო, რომ, აქედან მივემგზავრებით და, გამორიცხული არაა, სანამ უკან დავბრუნდებით, ეს საცოდავები უიმედობით დახოცონ.
– არსად არ მივემგზავრებით, – მშვიდად თქვა ჯაბამ.
– რაო, რა თქვი?
– არსად არ მივემგზავრებით, – გაიმეორა ჯაბამ.
– მართლა?
– მართლა, – მიუგო ჯაბამ.
– რა კარგია, საყვარელო, სიმართლე გითხრა, სულ არ მინდოდა სადმე გამგზავრება, მაგრამ, ხათრით ვერაფერს გეუბნებოდი.
– ჰოდა, სურვილი აგისრულდა.
– ეგ კარგია, მაგრამ, მოხდა რამე? რატომ აღარ მივემგზავრებით?
– იმიტომ, ჩემო საყვარელო, რომ ამ მიწის შვილები ვართ, აქ უნდა ვიცხოვროთ და აქვე უნდა დავიმარხოთ.
– ესე იგი, სამუდამოდ გამგზავრებას გეგმავდი?
– ჰო.
– ასეც ვიცოდი. მაინც, რამ გადაგაფიქრებინა?
– რამ და, შენმა სიყვარულმა, – მიუგო ჯაბამ გოგონას, შემდეგ საგიჟეთის ეზოში მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: – მე შენ მიყვარხარ, შორენა, გამომყევი ცოლად.
– ჯაბა, რას ამბობ? – დაიბნა შორენა.
– რა, უარს მეუბნები?
– არა, მაგრამ... – მიუგო შორენამ.
– რა „არა, მაგრამ“, უარს მეუბნები?
– თანახმა ვარ.
– შორენა, საყვარელო! – წამოიძახა ჯაბამ, საცოლე ხელში აიტაცა და საგიჟეთიდან ასე გაიყვანა, შემდეგ ტაქსი გააჩერა და ჯერ გოგონა ჩასვა უკანა სავარძელზე, შემდეგ თავადაც ჩაჯდა და ტაქსისტს უთხრა:
– მთაწმინდის პლატოზე აგვიყვან, უფროსო?
– ბაზარი არაა, – მიუგო მძღოლმა და მანქანა ადგილიდან დაძრა.
შორენამ და ჯაბამ რიგ-რიგობით დარეკეს სახლებში და მშობლებს უთხრეს, რომ, სავარაუდოდ, დილამდე არ მივიდოდნენ და არ ენერვიულათ. მთაწმინდაზე ხომ დაბრუნდნენ, ჯერ საღამოს თბილისის ცქერით იჯერეს გული, თან სამომავლო გეგმებს აწყობდნენ. ბოლოს კი ფეხით დაეშვნენ ქვევით და რუსთაველის გამზირზე რომ ჩავიდნენ, უკვე ღამის ათი საათი იყო.
– რა ვქნათ? – ჰკითხა ჯაბას შორენამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში