თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-17(539)
ტკივილი მიდის, მოდის და რჩება... შემდეგ ნელ-ნელა შავი ღრუბელივით ილექება სულში, იღვენთება და ჯერ ფსკერს აბინძურებს, მერე კი, ისევ ნელ-ნელა, გულსაც პირამდე ავსებს და, თუ გადმოღვრის საშუალებას მივცემთ, ყველაფერს გაანადგურებს, ყველაფერს, რაც ასე ძვირფასი იყო ჩვენთვის...
***
თემომ პიჯაკი შეისწორა... დიდი სიამოვნებით მოიძრობდა ჰალსტუხს, ყელში რომ ჰქონდა წაჭერილი და სუნთქვას უშლიდა, მაგრამ ახვლედიანმა საკუთარი ხელით შეაბა და, მკაცრი მზერით ამოწმებდა, ეკეთა თუ არა. ელჩთან შეხვედრა ოფიციალურ ვიზიტს უფრო ჰგავდა, ვიდრე საგამოძიებო აუცილებელ პროცედურას. აღიზიანებდა და აცოფებდა ის ფაქტი, რომ ვიღაცის მითითებებით უნდა ეხელმძღვანელა, „ზედმეტი“ შეკითხვები არ უნდა დაესვა და, საერთოდ, თავს ახვლედიანის უსარგებლო დანამატად უფრო გრძნობდა, ვიდრე სრულფასოვან პროფესიონალად. ამაზე ფიქრმა ისე გააღიზიანა, საკუთარ თავს შეებრძოლა, საერთოდ რომ არ გაქცეულიყო საელჩოს შენობიდან. იმას კი ხვდებოდა, რა იყო ამ შეხვედრაზე დამოკიდებული, მაგრამ, შინაგანი პროტესტი მაინც ჰქონდა.
– კითხვებს მე დავსვამ, თანაც, მაშინ, თუ ამის საჭიროებას დავინახავ, გააფრთხილა ახვლედიანმა.
თემო მოიღუშა:
– საერთოდ, რისთვის მოვედით, რა საჭირო იყო? შეგვეძლო, ბატონი ელჩის გარეშეც გავსულიყავით იოლას. მით უმეტეს, თუ შეკითხვის საშუალებაც არ მექნება.
– იმას უნდოდა ჩვენთან შეხვედრა, – არ დაუმალავს ახვლედიანს.
პაპავამ ირონიულად ჩაიცინა.
– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე!..
ახვლედიანს სახე შეეცვალა.
– პაპავა, ისე ნუ იქცევი, თითქოს ყველაზე მეტი იცოდე და ამ საქმის გახსნითაც მარტო შენ იყო დაინტერესებული. ისიც უნდა გესმოდეს, რას ნიშნავს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაფუჭება. მით უფრო, ამ კონკრეტულ ქვეყანასთან სიტუაციას ვერ გავამწვავებთ, ამაზე არც იოცნებო.
– ჩემი ინტერესები კონკრეტული საქმის გახსნაა. ძალიან შორს ვარ დიპლომატიური სკანდალის მოწყობის სურვილისგან.
– მაშინ ის გააკეთე, რასაც მე გეუბნები. ძალიან სერიოზული მითითება გვაქვს „ზემოდან“. ელჩი აუცილებლად დაინტერესდება, რა ეტაპზეა ძიება და იმ პასუხს გასცემ, რაზეც შევთანხმდით.
– დიდი სურვილი მაქვს, უშუალოდ საცოლეს შევხვდე და დაველაპარაკო – ეს ძალიან წაადგებოდა საქმეს.
ახვლედიანმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია:
– ეგ არ გამოვა.
– საქმეს რომ სჭირდება? იმ ქალმა, შეიძლება, ისეთი რამე იცოდეს და თქვას, რაც მკვლელობის მოტივს გამოკვეთდა და რეალურ მკვლელზეც გაგვიყვანდა.
– ახვლედიანი შეიჭმუხნა:
– შენ, გატყობ, ვერაფერი გაიგე: არანაირი ინიციატივა ჩვენი მხრიდან. მოტივი კი გამოკვეთილია – შურისძიება. ჰო, მართლა, რა ქენი, შეხვდი იმ ექსპერტს? დაადასტურა თავისი დასკვნის არსებობა გაუპატიურების საქმეში?
– ჯერჯერობით ეს არ მოხერხდა.
– რატომ ხელი რამ შეგიშალათ? ამ ქალაქში ერთი ექსპერტის მოძებნა გაგიჭირდათ?
– მოძებნა არ გაგვჭირვებია, მაგრამ, ვერ შევხვდით – ქვეყანაში არ იმყოფება. ჩემი თანაშემწე ბევრს ეცადა, მაგრამ ვერ დაუკავშირდა. ამიტომ, იმ ქალს ჯერჯერობით ვერაფერს ვუმტკიცებთ.
– მე მაქვს პროკურორის სანქცია მისი დაკავების შესახებ. ასე რომ, არგუმენტები საკმარისზე მეტია.
– ჰო, როცა არგუმენტების მოძებნა გინდა, მათი პოვნა არც ისეთი ძნელია.
– პაპავა, ახლა შენი „ნამიოკების“ მოსმენის გუნებაზე არ ვარ, მით უმეტეს, რომ კარგად ვერც მივხვდი, რისი თქმა გინდა. რამდენიმე წუთში ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო შეხვედრა გველის. კარგად იფიქრე, სანამ რამეს იტყვი.
– ცოტა უხერხული კი იქნება, – თქვა თემომ.
ახვლედიანი დაიძაბა. რამდენიმე წუთი თვალებმოჭუტული ფიქრობდა. მერე გაღიზიანებული ტონით იკითხა:
– რაღაც ვერ გავიგე, ამით რისი თქმა გინდა?
– უხერხული იქნება-მეთქი, ელჩს უთხრა, შენი სიძე იმიტომ მოწამლეს, ქალზე იძალავა, იმან კი ეს არ აპატია და შური იძიაო. ასეთი ამორალური სიძის ყოლა ბატონ ელჩსაც სცხებს ლაქას.
თემომ ზუსტად გათვალა – ახვლედიანისთვის ეს ისეთი „ჩამჭრელი“ დარტყმა იყო, რომელიც ვერ მოიგერია და მაშინვე წამოეგო გამომძიებლის პროვოკაციაზე.
– მართალი ხარ. მოტივი ცოტა უხერხულობას ნამდვილად ქმნის. სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ. პაპავა, აბა, რას შემომთავაზებ?
– მე გამომძიებელი ვარ. მოთხრობებისა და ნოველების წერა არასდროს მიცდია.
– არ გინდა ნიშნის მოგება. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთი გუნდი ვართ და ამ სიტუაციიდანაც ერთად უნდა გამოვიდეთ.
– მე მოტივის დასახელებისგან თავს შევიკავებდი, – მოწყალება გაიღო თემომ.
– შენ ვერ გაიგე, პაპავა? მითითება გვაქვს-მეთქი, ეს ბრძანებაა... თითქმის ბრძანება. გამიჩერე ეს ხალხი და მერე იძიე და ეძებე, რამდენიც გინდა.
– როდის? უდანაშაულო ადამიანს რომ ჩავსვამთ ციხეში?
ახვლედიანი შეიჭმუხნა, ირგვლივ ფრთხილად მიმოიხედა და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა.
– სასამართლო იმიტომაც არსებობს, პაპავა, რომ დამნაშავე უდანაშაულოსგან გაარჩიოს. ახლა კი მოემზადე, შევდივართ...
***
ზურაბმა მანქანის კარი გაუღო შვილს და ჩაჯდომისთანავე მოუთმენლად ჰკითხა:
– აბა, რა ქენი?
– ვერაფერი. ეტყობა, მეზობლებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვთ. არავინ არაფერი იცის. იმ ინფორმაციით უნდა დავკმაყოფილდე, რომელიც მის სამსახურში მომცეს. უცხოეთშია კონგრესზე და, სავარაუდოდ, უახლოეს ათ დღეში არ დაბრუნდება.
– ვერ დაუკავშირდები? ტელეფონი ხომ ექნება თან?
მარიკამ მხრები აიჩეჩა:
– რა ვიცი. კლინიკაში ნომრის მოცემისგან თავი შეიკავეს. მეც ვფიქრობ, აქვს კი აზრი აქედან მასთან საუბარს? რა უნდა ვუთხრა, ან, რას მეტყვის ჩემთვის მნიშვნელოვანს?
– მაშინ, უნდა დაელოდო.
– ჰო, მაგრამ, პაპავა გაგიჟდება, ზუსტად ვიცი. ისედაც არ მოვწონვარ.
– გაგიჟდება? შენ რა შუაში ხარ, არ არის ის ქალი აქ და საიდან მოიყვან?!
– ეს მე მესმის, შენც... მაგრამ, საქმე არ იცდის. ძალიან გვაწვებიან, გვთხოვენ, მალე მოვრჩეთ. მაგ იას გარეშე წინ ვერ წავალთ. ყოველ შემთხვევაში, თემო პაპავა დარწმუნებულია ამაში.
– არა მგონია, ვერ გაიგოს. ისე, რატომ არ მოსწონხარ? – გაეცინა ზურას, – ეგ თვითონ გითხრა?
– არა, თვითონ არ უთქვამს, მაგრამ, ხომ ვგრძნობ. საკმარისია, საბაბი მივცე, რომ მაშინვე ახვლედიანთან შევა და იტყვის, რომ ამ საქმისთვის არ გამოვდგები.
– ნუ ნერვიულობ, ყველაფერი ძალიან კარგად გამოვა.
– ჰო, რა ვიცი. ახლა ექსპერტთან უნდა მივიდე და კიდევ რაღაც საქმეები მაქვს.
– ანუ, დღესაც გვიან მოხვალ?
– არ ვიცი, მა... პაპავა შეხვედრაზეა და არ ვიცი, როდის დაბრუნდება. სანამ არ ვნახავ და ანგარიშს არ ჩავაბარებ, სახლში ვერ წამოვალ.
– რა გაეწყობა. გზაში ხაჭაპურს მაინც გიყიდი, თორემ, ვიცი შენი ამბავი, მშიერი იქნები და ჭამა არც გაგახსენდება.
მარიკამ გაიღიმა და მამას მხარზე მიეხუტა:
– ისე კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია რომ მქონოდა მაგ ქალის შესახებ, უკეთესი არ იქნებოდა?
– მაინც, რა გაინტერესებს?
– ყველაფერი. მაგალითად, შეიძლება თუ არა, ენდო მის სიტყვას, რა ინტერესები აქვს, ვინ ჰყავს ოჯახში...
– ყველაფრისა რა მოგახსენო, არც ინტერესებისა და ოჯახის შესახებ მსმენია რამე, მაგრამ, ნდობასა და პროფესიულ პატიოსნებას რაც შეეხება, ია ლომიძეს ყველა პატივს სცემს.
– ეგ უკვე მითხარი, – მარიკამ შესამჩნევად მოიწყინა.
– აბა, ყურები ნუ ჩამოყარე! – თავზე ხელი გადაუსვა ზურაბმა და გაუღიმა, – იმას აკეთებ, რაც ყოველთვის გინდოდა და ეს უკვე არის დიდი სტიმული...
***
ძალადობა შობს ძალადობას... ზამბარას ჰგავს: რაც ძლიერად უჭერ ხელს, მით უფრო გისხლტება და მაღლა და მაღლა ხტება. ძალადობას ვერ დაუპირისპირებ სიკეთეს ან სათნოებას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს – გაცლა ან ზამბარის პრინციპი. თუმცა, ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ გაანადგურებს მას, ვერ გაანეიტრალებს და ვერც მოსპობს. ძალადობა ყოველთვის იარსებებს, სანამ ერთ ადამიანს მეორე ადამიანზე საკუთარი ძალის დემონსტრირების, საკუთარი ყოვლისშემძლეობის დამტკიცების სურვილი ექნება...
***
ახვლედიანმა შვებით ამოისუნთქა და შუბლზე მომდგარი ოფლი ხელისგულით მოიწმინდა:
– ახლა ცოტა დავმშვიდდი. მგონი, დააკმაყოფილა ჩვენთან საუბარმა.
პაპავა შეიჭმუხნა და მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა მხრები:
– არ ვიცი, ნაკლებად მაინტერესებს მისი დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების ამბავი.
– პაპავა, შენ მართლა ვერ ხვდები, ამ შეხვედრით რას მივაღწიეთ თუ მეხუმრები? თუ მეხუმრები, არ გირჩევ, იმიტომ, რომ ახლა მაგის გუნებაზე არ ვარ.
– არ მიყვარს, როცა იძულებული ვარ, ვიცრუო, – გამოსცრა გამომძიებელმა.
ახვლედიანმა ხელები გაშალა:
– ახლა, არ მითხრა, რომ ტყუილი არასოდეს გითქვამს, სულერთია, მაინც არ დაგიჯერებ.
– თქვენი ნებაა, დაიჯერებთ თუ არა. შეიძლება, განყოფილებაში დავბრუნდე და ჩემს საქმეს მივხედო?
ახვლედიანმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ვახშამზე უნდა დავრჩეთ, უხერხულია. მიპატიჟება უკვე მივიღეთ და ახლა ვერსად წავალთ.
– მე არავითარი მიპატიჟება არ მიმიღია, თქვენ დარჩით. უამრავი საქმე მაქვს და ისედაც ბევრი დრო დავკარგე!
– რას ნიშნავს – დრო დაკარგე? ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო.
– თქვენთვის – შეიძლება. ჩემთვის ტყუილი დროის ფლანგვა აღმოჩნდა და ამას ველოდი კიდეც.
ახვლედიანი შეიჭმუხნა:
– პაპავა, ყოველდღე ხვდები ელჩებს? მათთან ვახშამზე აღარაფერს ვამბობ...
– არა. მაგრამ ეს ჩემთვის მაინც დროის ტყუილად დაკარგვაა, ვახშამზე ვერ დავრჩები.
– შეიძლება, მისი ქალიშვილიც იყოს, – ახვლედიანმა გამომძიებელს გამომცდელი მზერა შეავლო, – ხომ გინდოდა მასთან შეხვედრა?
თემური შეყოყმანდა:
– მინდოდა და ახლაც მინდა, არ უარვყოფ, მაგრამ, ასეთ გარემოში რა აზრი აქვს – მაინც ვერაფერს ვკითხავ, არ მომცემთ ამის საშუალებას.
– პროფესიონალისთვის არაოფიციალურ გარემოში მისთვის საინტერესო ადამიანთან შეხვედრა ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა. შენი სიჯიუტე ძალიან უადგილოა და ზედმეტი, – გამომძიებელს ყოყმანი დაეტყო. ახვლედიანმა შეატყო და ისეთივე დამრიგებლური ტონით განაგრძო: – მე შენ ჭკუას არ უნდა გასწავლიდე. ჩემზე მეტი გამოცდილება გაქვს.
თემო რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ დარბაზში ელჩის მდივანი შემოვიდა და სასადილო ოთახში ორივე მიიპატიჟა. პაპავას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ბედს დამორჩილებული კაცივით გაჰყვა უკან შეფს. თუმცა, მოკლულის საცოლის ნახვის სურვილი და ცნობისმოყვარეობა უფრო ადგმევინებდა ნაბიჯებს, ვიდრე მოჩვენებითი მორჩილება...
***
... ყველა დამნაშავე ერთმანეთს ჰგავს – ყველა ტოვებს სამხილს და არ არსებობს იდეალური დანაშაული, რომელიც სამუდამოდ საიდუმლოებით მოცული დარჩება... არ არსებობს მკვლელი, რომელიც, ადრე თუ გვიან, თავს არ გამოამჟღავნებს...
მარიკამ ჭიქებში ყავა ჩაყარა და წყლის აპარატიდან მდუღარე ჩამოასხა. დევი მიეხმარა და ჭიქები მაგიდამდე მიატანინა, თან შეაქო:
– კარგი გოგო ხარ, ყავა რომ გაგახსენდა, თორემ, მთელი დღეა, ვფიქრობ, რაღაც მაკლია-მეთქი და ვერ მივხვდი, რომ ყავა მინდოდა, წარმოგიდგენია?!
– ჰო, შენგან ძნელი წარმოსადგენია ნამდვილად, – გაიცინა უმცროსმა გამომძიებელმა ნოდარ დევიძემ და მარიკას მადლიერების ნიშნად გაუღიმა. მერე ისევ დევის მიმართა:
– რაო, რას ამბობდი მკვლელებზე?
– ჰო, მკვლელი ადრე თუ გვიან მაინც გამოამჟღავნებს თავს-მეთქი და შენც ეს მომენტი უნდა დაიჭირო.
– კარგი, რა, რომელი მომენტი... თუმცა, იმაში გეთანხმები, რომ იდეალური დანაშაული არ არსებობს. არსებობს ფაქტორები და სურვილი – გინდა თუ არ გინდა კონკრეტული დანაშაულის გახსნა. ხვდები, ხომ, რასაც ვგულისხმობ?
დევიმ ყავა მოხვრიპა:
– თითქმის. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, საეჭვოა ამ დანაშაულის მიჩქმალვის სურვილი გაუჩნდეს ვინმეს. ძალიან ხმაურიანი საქმეა.
– ხმაურიანი რომ არის, მაგაშია სწორედ საქმე. თანაც მე არ მითქვამს, დანაშაულს არ გახსნიან-მეთქი. მკვლელზე ვლაპარაკობდი, ნამდვილ მკვლელზე.
დევიმ შუბლი მოისრისა:
– მდინარეში ნაპოვნი გვამის შემთხვევაში როგორ პროგნოზს გააკეთებდი? მგონი, ეს საქმე შენ გადმოგაბარა ახვლედიანმა.
გამომძიებელმა მხრები აიჩეჩა:
– ჯერჯერობით პროგნოზი ძალიან ნაადრევია. გუსტავ ფუგანი – სულ ეს არის, რაც მის შესახებ ვიცით. ის ერთ-ერთ მისიას ჩამოჰყვა და თავისთვის ცხოვრობდა სასტუმროში, მერე კი გაქრა...
– და პირდაპირ მდინარეში მოადინა ტყაპანი? – გაეცინა დევის, – შენც ხომ იცი, რომ ასე არ ხდება? გვამი მე გამოვიკვლიე. სანამ მდინარეში ამოყოფდა თავს, ეგ ჩვენი გუსტავი გაქურდეს.
დევიძემ ოლიმპიური სიმშვიდითა და ნეიტრალური, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით დაუქნია თავი.
– არ უარვყოფ. სრულიად შესაძლებელია. მაგრამ თქვენი გვამი გაცილებით აქტუალურია და გაცილებით საინტერესოც. ჩემსას მე მივხედავ...
მარიკა ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს. აშკარად რაღაც ჰქონდა სათქმელი, მაგრამ, საუბარში ჩარევა ვარ გადაეწყვიტა.
– მარიშკა, აბა, გაგვანათლე, რისი თქმა გინდა?
– ბატონო დევი, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, ძალიან მინდა, მაგ ფუგანის სურათი ჩვენს საერთო მეგობარს ვაჩვენო.
დევიმ თავი დაუქნია:
– მივხვდი, რომელ მეგობარს გულისხმობ. სხვათა შორის, არ არის ცუდი იდეა.
– ნოდარჩიკ, საყვარელო, შენ ისეთი ყოჩაღი ხარ, მაგ შენი პატივცემული გვამის ფოტოები აუცილებლად გექნება.
– გვამის ფოტოები თუ გინდოდა, იქ არ გყავდა? – გულგრილად აიჩეჩა მხრები ნოდარ დევიძემ, – გადამრევ მე შენ...
– ახლა ნუ დაიწყე! კარგად იცი, ცოცხლის ფოტოები მჭირდება და არა მკვდრის. შენი ბიჭები უკვე მოასწრებდნენ მოჩხრეკა-მოძიებას.
– აა, ცოცხალი გუსტავის ფოტოები გჭირდებათ? რისთვის, ბატონო დევი, – შეიძლება, მეც ვიცოდე?
– რაღაც უნდა გადავამოწმოთ, – თქვა მარიკამ, – მე და ბატონ დევის, უფრო სწორად, ბატონ დევის, რაღაც მოსაზრება გაუჩნდა და...
დევიძემ ჭიქა დადგა და დევის წარბებს ქვემოდან გახედა.
– ეს საქმე ახვლედიანმა მე გადმომაბარა, თან, გამაფრთხილა, ბერაძის საქმისგან გამიჯნე და, რაც მთავარია, ვიღაც-ვიღაცეებს შიგ ცხვირი არ ჩააყოფინოო. ვიცი, რაც გადაწყვიტეთ. პაპავასაც ვიცნობ. მაგრამ, არაფერი გამოგივათ, თქვენს საქმეს მიხედეთ, აჯობებს.
– დევიძე, შენ, გირჩევნია, ჩვენთან იმეგობრო, თორემ, ხომ იცი, ახვლედიანები მიდიან და მოდიან, ჩვენ კი ვრჩებით და ისევ ამ „ქაქში“ ვსხედვართ, სადაც ყოველთვის ვიჯექით, – გააფრთხილა დევიმ.
გამომძიებელი შეყოყმანდა, რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ კი ფარ-ხმალი დაყარა:
– კარგი, მოგცემთ ფოტოებს, მაგრამ, მეც ყველაფერი უნდა ვიცოდე. ბოლოს და ბოლოს, ამ საქმის გახსნით უპირველესად მე ვარ დაინტერესებული.
– მაგ ფუგანს ოჯახი არ აქვს? – იკითხა მარიკამ.
– ჯერჯერობით ვერავინ მოვიძიეთ. ძალიან უცნაური ამბავია. განცხადებაც არავის შემოუტანია მისი გაუჩინარების შესახებ.
– თუ არავინ ჰყავს, ვის უნდა შემოეტანა?
– გერმანიის საელჩოს.
– მოიცა, თუ ძმა ხარ... საელჩოს ბატებივით კი არ ჰყავს თავისი მოქალაქეები დათვლილი, – გაიცინა დევიმ, – თუ პატრონმა არ მიაკითხა, ვინ შეიწუხებს თავს? მით უმეტეს, თუ ბევრს არაფერს წარმოადგენდა.
***
თემო პაპავას თავისებური წარმოდგენა ჰქონდა ქალის სილამაზეზე: თუ ზოგს ქალში აუცილებლად მოდელის პარამეტრები მიაჩნია სილამაზედ, ის ასე არ ფიქრობდა. ლამაზად არ მიაჩნდა ძალიან გამხდარი ქალი, თოჯინას სახით, გამომეტყველებით, თოჯინური მანერებითა და ხელოვნური ღიმილით. ქალი, რომელიც ახლა, მის წინ, სუფრასთან იჯდა, სწორედ ასეთი იყო: გამომწვევად ლამაზი ნაკვთებითა და სხეულის ფორმებით, მაგრამ, აბსოლუტურად უაზრო გამოხედვით. ისედაც გუნებამოშხამულს უარესად მოეშალა ნერვები. სამაგიეროდ, ახვლედიანი იყო აღფრთოვანებული ელჩის ქალიშვილით და არც ცდილობდა ამის დამალვას. ინგლისურის მთელი მარაგი დაახარჯა კომპლიმენტებზე და ღამის პაემანიც დაუნიშნა. თემო იბოღმებოდა. ბოლოს კი შეუმჩნევლად გადაულაპარაკა შეფს:
– მე წასვლა მინდა. აუცილებლად უნდა წავიდე, სამსახურში მელოდებიან.
– ახლა ვერ წახვალ, უხერხულია, ცოტა ხანი კიდევ მოგიწევს მოცდა.
– თქვენ დარჩით, მე მეტს ვეღარ დავიცდი, – ჯიუტად გაიმეორა თემომ და ასადგომად მოემზადა.
– ბატონ ელჩს რამდენიმე კითხვა აქვს თქვენთან, – სწორედ ამ დროს მიმართა მას თარჯიმანმა და თემოც იძულებული გახდა, თავის განზრახვაზე ხელი აეღო. ბრაზით მობრიცა ტუჩები და ნაძალადევი ღიმილით დაუქნია თავი თარჯიმანს.
– მის ნეილს დაკავებულის მონახულება სურს და ბატონ ელჩს აინტერესებს, არის თუ არა ეს შესაძლებელი.
სანამ გამომძიებელი რამეს იტყოდა, ახვლედიანმა დაასწრო და სწრაფად დაეთანხმა:
– რატომაც არა, ამაში შეუძლებელს ვერაფერს ვხედავ. გადაეცით ბატონ ელჩს, რომ შეხვედრას მოვამზადებთ.
– არა, – თქვა უცებ პაპავამ. ახვლედიანი გაშრა. გამომძიებელს მაგიდის ქვეშ შეუმჩნევლად გაჰკრა ფეხი და თვალები დაუბრიალა, მაგრამ თემო ამჯერად მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე.
– არა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, ქალბატონს ამის ნებას ვერ მივცემთ. ძიება არ დამთავრებულა. ისედაც, მგონი, ეს შეხვედრა არავის მოუტანს სარგებლობას.
ელჩს მაშინვე გადაუთარგმნეს გამომძიებლის ნათქვამი. მამა-შვილი რამდენიმე წუთი ჩუმად თათბირობდა ერთმანეთში. მერე ელჩმა თარჯიმანს რაღაც უთხრა.
– ბატონი ელჩი ამბობს, რომ საქმე მისი ოჯახის წევრს ეხება. ამიტომ, უნდა, გამოძიების მსვლელობის შესახებ ყველაფერი იცოდეს.
– მოკლული ჯერ ისევ ამ ქვეყნის მოქალაქე იყო, – უპასუხა გამომძიებელმა, – ამიტომ, იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ბატონ ელჩს შეუძლია, მშვიდად იყოს – დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. ყველაფერს გავაკეთებთ, რის საშუალებასაც კანონი მოგვცემს.
თარჯიმანმა მაშინვე გადათარგმნა. ელჩსა და მის ქალიშვილს სახეზე უკმაყოფილება გამოესახათ. არც ახვლედიანს ეტყობოდა კმაყოფილება, მაგრამ, მხოლოდ ის მოახერხა, რომ თავისი ხელქვეითის ნათქვამი განემარტა:
– დიახ. ჩვენ იმისი თქმა გვინდა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია.
ქალმა შეღებილი წამწამები დააფახულა:
– ვის უნდა მოეკლა სერჟი? ის ისეთი არაჩვეულებრივი, თბილი და ყურადღებიანი იყო, უწყინარი და ადამიანის ქომაგი!.. ძალიან მინდა, შევხედო იმას და ვკითხო, რა დაუშავა. მე უფლება მაქვს, ვიცოდე, ის თითქმის ჩემი ქმარი იყო.
– ქალბატონო, მე ვეცდები... თუმცა, ვერ გპირდებით, – უხერხულობისგან გაწითლდა ახვლედიანი. თემოს გაეღიმა. მიხვდა, ნელ ცეცხლზე იწვოდა მისი საყვარელი შეფი და საკუთარი თავი იმაში გამოიჭირა, რომ ეს ამბავი ძალიან ესიამოვნა.
– შეიძლება, ქალბატონს რაღაც ვკითხო? – მიმართა თარჯიმანს ისე, რომ ახვლედიანის მსუბუქი მუჯლუგუნისთვის, ფერდში რომ მოხვდა, ყურადღება არ მიუქცევია.
– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! – თავი ერთდროულად დააქნიეს ელჩმა და მისმა ქალიშვილმა.
– ერთად დიდ დროს ატარებდით? – თქვენს საქმროს ვგულისხმობ.
– სულ ერთად ვიყავით. მე წასვლა მიწევდა ხოლმე და სერჟი ამას ძალიან განიცდიდა. მეუბნებოდა, უშენოდ ქალაქი ცარიელი მგონია და ამ სიცარიელეში უაზროდ ვარო.
– იმ ბინის არსებობის შესახებ თუ იცოდით? – თემო ეშხში შევიდა, – ანუ, იცოდით, რომ ბინა ჰქონდა ნაქირავები? ყოფილხართ იქ?
ქალმა რაღაც უთხრა თარჯიმანს და ხელები ისე აიქნია, რომ თემო მიხვდა, მან შეკითხვის შინაარსი ვერ გაიგო.
– მის ნეილი გეკითხებათ, რა ბინაზეა ლაპარაკი. ბატონი სერჟი სასტუმროს აპარტამენტებში ცხოვრობდა. ორი წლის წინ მას დედა გარდაეცვალა და საკუთარ ბინაში აღარ რჩებოდა – ამბობდა, ვითრგუნებიო. დაქორწინების მერე წასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ბატონი სერჟი მზად იყო აქ ყველაფერი მიეტოვებინა, რადგან მის ნეილს იქ ძალიან წარმატებული კარიერა აქვს.
– გასაგებია, – ისევ გაიღიმა თემომ.
– თუ გასაგებია, მეტი შეკითხვა აღარ დასვა, თორემ, ვერ გადამირჩები! – სახელოზე შეუმჩნევლად დაქაჩა ახვლედიანმა.
– მის ნეილი შეშფოთებულია. სერჟი არასდროს ტყუოდა. რაღაც გაუგებრობაა. ის ბინა, სადაც მოკლეს, შეუძლებელია, მას ჰქონოდა დაქირავებული.
– ქალბატონს უთხარით, რომ გვჯერა მისი და კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვართ, მომხდარის გამო. მასპინძლობისთვის მადლობას გიხდით. ჩვენ უნდა წავიდეთ, – ახვლედიანმა, იმის შიშით, რომ პაპავა კიდევ შეეცდებოდა ელჩის ქალიშვილის გამოკითხვა-დაკითხვას, სწრაფად „მიაყარა” სათქმელი.
– ბატონი ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ მის თხოვნას გაითვალისწინებთ.
– აუცილებლად, აუცილებლად!
– მის ნეილის დაკავებულთან შეხვედრას გულისხმობს, – თარჯიმანი პასუხის მოლოდინში ახვლედიანს მიაშტერდა.
– რა თქმა უნდა, მეც სწორედ ეგ ვიგულისხმე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა!
ახვლედიანმა ძლივს მოითმინა, სანამ მანქანამდე მივიდოდნენ და პაპავას ქარიშხალივით დაატყდა თავზე:
– სულელი ხარ? მითხარი, სულელი ხარ? გაგაფრთხილე, თუ არა, შეკითხვები არ დასვა-მეთქი?
– მე ჩუმად ვიყავი, სანამ თავად არ მოინდომეს გამოძიების საქმეში ცხვირის ჩაყოფა.
– იცი, შენ რომ ახლა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იყავი. იცი?
– ახლა ხომ ვარ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე? – ჩაილაპარაკა თემომ უკმაყოფილოდ.
– ჰმ, კიდევ შენ ბრაზობ? არც იფიქრო, რომ ის ქალი ჩვენს ეჭვმიტანილს ვერ შეხვდება. მაინც გაგვაკეთებინებენ ამას და ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინოთ, სანამ გვიან არ არის.
– დანაშაული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდა, მოკლულიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა. არ მესმის, რატომ უნდა დავაკმაყოფილოთ მათი კაპრიზები. პირიქით რომ იყოს, ვინმე რამეს გვკითხავდა? ეჭვმიტანილს ეგ თოჯინა არ შეხვდება, მე ამის წინააღმდეგი ვარ.
– შენ არავინ შეგეკითხება და არც მე, სამწუხაროდ.
თემოს უნდოდა, ეთქვა – რაღაც, არ გეტყობა, რომ წუხდეო, მაგრამ, შეფთან ურთიერთობის გამწვავებას მოერიდა.
– მე მაგ თოჯინას არ ვენდობი. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამ იცის, მაგრამ მიამიტ გოგონას როლს თამაშობს. შეიძლება, მონაწილეობდა კიდეც თავისი საყვარელი საქმროს მოწყობილ ორგიებში.
ახვლედიანმა თავზე იტაცა ხელები:
– ეს ჩვენი საქმე არ არის! გიმეორებ, არ არის ჩვენი საქმე!
– მკვლელობას ვიძიებთ, ბატონო გიორგი, და ყველა წვრილმანს მნიშვნელობა აქვს.
– მკვლელობა გამოძიებულია. შეგიძლია, საქმე დახურო და გადმომცე, ან, პირდაპირ სასამართლოს გადაუგზავნო.
– არა!
– რას ნიშნავს არა? შეასრულე, რასაც გეუბნები, ეს ბრძანებაა!
– მე ასე არ შემიძლია! – გაბრაზება დაეტყო პაპავას, – ბატონო გიორგი, სერგი ბერაძე საკმაოდ ბნელი პიროვნება იყო. დარწმუნებული ვარ, რაღაც საშინელება ჩაიდინა და იმიტომაც გაისტუმრეს საიქიოს. მეეჭვება, ეს იმ ქალის გაკეთებული იყოს.
– შენი ეჭვები ნაკლებად მაინტერესებს. ალესილი ნაჯახივით მადევს ეს საქმე კისერზე და, დროზე თუ არ მოვიშორე, სულს ამომხდის. მოამზადე და გადაეცი სასამართლოს. ორ დღეს გაძლევ და, უკვე გითხარი, რომ ეს ბრძანებაა.
***
დამნაშავეებად არ იბადებიან, დამნაშავეები ხდებიან. წესით, ეს მოსაზრება ძალიან ახლოს უნდა იყოს ჭეშმარიტებასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი უცოდველი იბადება. ეს მერე მძლავრობს მასში მანიაკი და, როცა ის სიკეთეს, კაცთმოყვარეობას ჯაბნის, საზოგადოება შედეგად ურჩხულს, მონსტრს იღებს და არასდროს ეკითხება თავის წევრებს, რა წვლილი შეიტანეს მათ უცოდველი არსების ურჩხულად გადაქცევაში.
მარიკამ საათს შეხედა:
– ხომ არ დავურეკოთ? მგონი, ძალიან აგვიანებს. ან, იქნებ, რამე დავალება მისცეს. დროს ტყუილუბრალოდ ვკარგავთ.
– თვითონ დარეკავდა, რამე რომ ჰქონდეს სათქმელი, – დაამშვიდა დევიმ და მეორე გამომძიებელს მიუბრუნდა:
– შენ ერთი ეს მითხარი, თუ გადაამოწმე?
– რა? – ვერ მიხვდა დევიძე.
– თითების ანაბეჭდები თუ გადაამოწმე-მეთქი. რა დაგემართა, გვამის ანაბეჭდებს ვგულისხმობდი.
– არა. რატომ უნდა გადამემოწმებინა? გერმანიის მოქალაქე იყო, ჩვენი ხომ არა.
– აუუ. დევიძე... პირველად იძიებ დანაშაულს? სწორედ მაგიტომაც უნდა გადაამოწმო, რომ ჩვენი მოქალაქე არ არის. პირიქით რომ ყოფილიყო, პირველი, რასაც გააკეთებდი, ეგ იქნებოდა.
– კარგი, ჩავალ ბიჭებთან, – ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დაეთანხმა დევიძე.
– მერე ისევ ამოდი, მაინტერესებს, ნახავ თუ არა რამეს.
დევიძემ უსიტყვოდ გაიხურა კარი.
– ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ, შეჯანჯღარება სჭირდება ხოლმე, – თვალი ჩაუკრა მარიკას დევიმ.
– თქვენ რაღაც ეჭვი გაქვთ, ასე არ არის?
– ე, ჩემო საყვარელო, მე ეჭვი სულ მაქვს – ეს პროფესიულია. კიდევ კარგი, ჩემი ცოლი არასდროს მაძლევს საბაბს, თორემ, ოტელო ჩემთან მონაგონი იქნებოდა. ნახავ, ცოტა ხანში შენც გაიგებ, ეს რას ნიშნავს. აი, ჩვენი „ფეისიც” მოვიდა. რა იყო, რა სახე ჩამოგტირის, ელჩის სამზარეულო არ მოგეწონა? თემო, დავიღალეთ შენი ლოდინით, თქვი რამე. ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ? როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
პაპავა მოწყვეტით, მძიმედ დაეშვა სკამზე და მაშინვე სიგარეტისკენ გაიწოდა ხელი. მერე, მარიკასაც არ მოერიდა და ლანძღვა-გინების კორიანტელი ამოუშვა.
– ასეც ვიცოდი, – მრავალმნიშვნელოვნად დააქნია თავი დევიმ, – ეს მოსალოდნელი იყო – ახვლედიანს ხომ ვიცნობ. თუმცა, ეგ საცოდავიც არაფერ შუაშია. რა ქნას? ეუბნებიან – აკეთებს. ჩვეულებრივი „გამტარია” და ვერც გაამტყუნებ. ვა, მაინც, რა მოხდა, მომკლა ცნობისმოყვარეობამ.
– ახვლედიანი საქმის დახურვას ითხოვს – ორ დღეში სასამართლოს უნდა გადასცეო.
– რანაირად? – გაოცდა მარიკა, – მერე მკვლელი?
– მკვლელი ნათია დეისაძეა. ყოველ შემთხვევაში, ახვლედიანისთვის. გადაწყვიტა, რომ სამხილები საკმარისია. მოტივი არსებობს და მორჩა – მკვლელობა გახსნილია.
– გასაგებია. არ მიკვირს.
– არ გიკვირს? არც მე მიკვირს და ეს კიდევ უფრო უარესია. გაცოფებული ვარ, არაფრის საშუალებას არ მაძლევენ – ასე აწყობთ და მორჩა.
– ჩვენ თვითონ რომ გავაგრძელოთ გამოძიება? – მოსაზრება გამოთქვა მარიკამ.
პაპავამ უპასუხოდ დატოვა მისი შეკითხვა. ჩუმად ეწეოდა სიგარეტს და შუბლს ისრესდა. მერე ერთბაშად იფეთქა:
– სულ წავალ აქედან, ამათი დედებიც და, კიდევ, იმათიც! – მუქარით აიქნია ხელი ჭერისკენ.
– მოიცა, დამშვიდდი, რაღაცას მოვიფიქრებთ.
– დევი, შენ თვითონ არ გჯერა იმის, რასაც ამბობ. ახვლედიანს, მგონი, იმის ეშინია, ის თოჯინა არ აღმოჩნდეს ბოლოს მკვლელი – ელჩის ქალიშვილს ვგულისხმობ, ბერაძის საცოლეს.
– ვაუ! ეგრეა საქმე? რას მეუბნები?! – დევიმ წაუსტვინა, მაშინ, მართლაც დამახურინებენ საქმეს.
– აბა, რა მხეთქავს გულზე?
– მდაა. დევიძე იყო აქ და ბიჭებთან გავუშვი. გამოშტერდა, მგონი. არც უფიქრია, ანაბეჭდები გადაემოწმებინა.
– რომელი ანაბეჭდები? – ანგარიშმიუცემლად იკითხა თემომ.
– მდინარეში ნაპოვნი გვამის. მოიცა, მირეკავს. აბა, რაო, ნოდარჩიკ. ვაჰ, რას ამბობ კაცო?! აი, სიურპრიზი! გასაშტერებელი ამბავია ნამდვილად და, ვშიშობ, ახვლედიანს ძალიან არ გაუხარდება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში