კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: სასამართლოს მივმართე სასარჩელო განცხადებით, სასამართლომ ისე მითხრა სარჩელის მიღებაზე უარი, რომ განცხადება ხარვეზის თაობაზე არ მიმიღია. როდესაც მოვითხოვე პასუხი აღნიშნულ საკითხზე, თანაშემწემ განმიმარტა, რომ სატელეფონო შეტყობინებას იგივე ძალა აქვს და სასამართლოს მიმართ პრეტენზია არ უნდა გამაჩნდეს. კანონიერია თუ არა ეს?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება სარჩელის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში, ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

კითხვა: სასამართლოს მივმართე სარჩელით. მიუხედავად იმისა, რომ მხარის მიერ არ იქნა სასამართლოში შესაგებელი შეტანილი, სასამართლომ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დანიშნა სასამართლო სხდომა. მაინტერესებს, რამდენად აქვს სასამართლოს ასეთ დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის უფლება.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც მხარეებს დადგენილი წესით ეცნობებათ. სხდომის ჩატარების შემთხვევაში, მოპასუხისგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

კითხვა: მამაჩემის საკუთრებაში ირიცხებოდა საცხოვრებელი ბინა, ამ უკანასკნელმა თავის სიცოცხლეშივე აჩუქა ბინა ჩემს ძმას. ჩემმა ძმამ მამის სიკვდილის შემდეგ მე და დედაჩემი დაგვტოვა ბინის გარეშე. მაინტერესებს, ჰქონდა თუ არა მამაჩემს ბინის ჩუქების, ხოლო ჩემს ძმას ჩვენი, როგორც მამაჩემის მემკვიდრეების, უსახლკაროდ დატოვების უფლება. მამაჩემს ჰქონდა ხშირი ფსიქიკური აშლილობა.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მამათქვენი რეგისტრირებული იყო უძრავი ქონების მესაკუთრედ, მას ჰქონდა ქონების გაჩუქების უფლება. შესაბამისად, თქვენს ძმას, როგორც ქონების მესაკუთრეს, აქვს ქონების ისე განკარგვის უფლება, როგორც მას სურს. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ იმის დამადასტურებელი უტყუარი ინფორმაცია, რომ მამათქვენი ვერ აცნობიერებდა ჩუქების მომენტში მის საქციელს, უფლება გაქვთ, დაიცვათ თქვენი ინტერესები.

კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება მიეცეს პირს ბინადრობის მოწმობა და რა ვადით?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი თანხმობა. საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არაუმეტეს 6 წლით, საქართველოში 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის მსურველ იმ უცხოელზე, რომელიც:

– საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;

– საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

– მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

– არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

– იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

– არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, ბაბუა ან ბებია.

– რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება, იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

– რომელიც მონაწილეობს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ მისი განცხადების განხილვაში.

კითხვა: ჩემს სახელზე შედგენილია ანდერძი, რომლითაც მამაჩემმა საცხოვრებელი სახლი მიანდერძა. ნოტარიუსი უარს მეუბნება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ეს სახლი არ ეკუთვნის გარდაცვლილს.

პასუხი: ანდერძში მითითებული ქონების მიღების ერთ-ერთი პირობაა ის, რომ ნაანდერძევი ქონება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული მოანდერძის სახელზე. თუ აღმოჩნდება, რომ ის ქონება, რომელიც მითითებულია ანდერძში, საჯარო რეესტრის ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით არ არის მოანდერძის სახელზე, ამ შემთხვევაში, ანდერძისმიერი მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდრო მოწმობას ანდერძში მითითებულ ქონებაზე და ანდერძი ძალას კარგავს.

კითხვა: მოხუცებული ქალბატონის თავდებობით პირმა გამოიტანა სესხი. აღნიშნულმა პირმა არ გადაიხადა სესხის თანხა, რის გამოც მოხუცებულ ქალბატონს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ პირად, დაეკისრა სესხის თანხის გადახდა იმ პირთან ერთად, ვის მიერაც მოხდა სესხის აღება. ათავისუფლებს თუ არა კანონი აღნიშნულ პირს (მოხუცს) პასუხისმგებლობიდან იმ ფაქტის გამო, რომ იგი რეგისტრირებულია, როგორც სოციალურად დაუცველი პირი.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ფაქტი არ ათავისუფლებს პირს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებიდან. ვინაიდან, იგი არის თავდები და გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც მას მოვალესთან ერთად სოლიდარულად დაკისრებული აქვს თანხის გადახდა, აღმასრულებელი ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილება.


скачать dle 11.3