კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი უცენზურო ხუმრობები ანიჭებდა სიამოვნებას სტალინს

თუ გადავხედავთ რუსეთის იმპერიის ისტორიას, ძალზე შთამბეჭდავი სურათი წარმოგვიდგება: არსად, პლანეტის არც ერთ წერტილში, რომელიც ადამიანებითაა დასახლებული, არასდროს დაღვრილა ამდენი სისხლი, ომებსაც კი არ შეუწირავთ ამდენი სიცოცხლე. არც „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ სწყალობდათ ბედი. აი, როგორი იყო რუსი მონარქების ხვედრი: პეტრე პირველი და ეკატერინე პირველი მოწამლეს; იმპერატორ პეტრე მეორეს, რომელიც ჩუტყვავილით იყო ავად, ღრმა ძილში ყოფნისას, შუა ზამთარში, ფანჯრები გაუღეს და გაყინეს; 10 წლის შემდეგ, მისი მემკვიდრე, ანა იოანეს ასული, სადილის დროს მოწამლეს და ტახტი ორი თვის იოანე მეექვსეს დარჩა, რომელიც დედითაც და მამითაც გერმანელი იყო. ერთი წლის შემდეგ, პეტრე პირველის ქალიშვილმა, ელისაბედმა, სატახტო გადატრიალება მოაწყო, დაატყვევა იოანე, და 25 წელი იზოლირებული ჰყავდა, შემდეგ ეკატერინე მეორემ იგი დახვრიტა. იმპერატორი პეტრე მესამე, მისი მეუღლის, ეკატერინე მეორის ბრძანებით დაახრჩვეს, თვით ეკატერინე კი შუბით მოკლეს სასახლის დარბაზში. მისი მემკვიდრე, პავლე პირველი, სიცოცხლეს შეთქმულებმა გამოასალმეს, რომელთა შორის მისი მემკვიდრე, – ალექსანდრე პირველიც იყო. ალექსანდრე მეორე „ნაროდოვოლცების“ ყუმბარამ ასო-ასო დაგლიჯა, ნიკოლოზ პირველი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მისი საფლავიც კი არ არის ცნობილი. რაც შეეხება უკანასკნელ მონარქს, ნიკოლოზ მეორეს, მისი საფლავის პოვნა მხოლოდ ათეულობით წლების შემდეგ მოხერხდა; გარდა ამისა ამოჟლიტეს მთელი მისი ოჯახი, მცირეწლოვანი ბავშვები (მათ შორის ავადმყოფი ბავშვიც), ექიმი და მზარეულიც კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი გვამები წინასწარ, სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში ჩაყარეს და მჟავა დაასხეს.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ბოლშევიზმის ხანა დადგა, პირველმა ლიდერმა, რომელმაც ბუნდოვანი იდეებისა და უამრავი გვამის გარდა რუსეთს ვერაფერი დაუტოვა და არც არასდროს ყოფილა ამ ქვეყნის პატრონი, გამჭრიახობა ვერ გამოიჩინა და სულ რაღაც ოთხკაციანი დაცვა ჰყავდა, რაც მისთვის საბედისწერო გამოდგა. იოსებ ბესარიონის ძემ კი, უაღრესად პრაგმატულმა პოლიტიკოსმა, რომელმაც კარგად იცოდა რუსეთის ისტორია და მმართველთა ბედ–იღბალი, ძალაუფლებაში მოსვლისთანავე დაცვის უპრეცედენტო ფორმები შემოიღო: მრავალრიცხოვანი ოფიციალური პირადი დაცვის გარდა, მას ორი პირადი მცველი ჰყავდა, პარალელურად კი, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა 5 000-კაციანი სპეციალური გარნიზონი, რომელშიც იმ დროს არსებული ყველა სამსახური შედიოდა, მათ შორის ოპერატიულიც და დაზვერვისაც; რამდენიმე ათასი საიდუმლო აგენტი კი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იყო და ბელადის შესაძლო გადაადგილების მარშრუტებსაც კი აკონტროლებდა. დრომ დაადასტურა მისი ასეთი დამოკიდებულების სისწორე: მასზე უამრავი თავდასხმა თუ თავდასხმის მცდელობა მოხდა, იგეგმებოდა შეთქმულებები როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე, მის საზღვრებს გარეთაც, მაგრამ სტალინი ყოველთვის, ნებისმიერი მდგომარეობიდან, გამარჯვებული გამოდიოდა. ასეთი უძლეველი დაცვის შექმნაში უდიდესი როლი შეასრულა ადამიანმა, რომელიც პროფესიით დალაქი იყო. ეროვნებით უნგრელი პაუკერი პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრია-უნგრეთის არმიაში გაიწვიეს და 1916 წელს რუსებს ჩაუვარდა ტყვედ. რევოლუციის დროს ის სამშობლოში არ დაბრუნებულა, რადგან იქ არც სიმდიდრე გააჩნდა და არც კარიერის იმედი ჰქონდა. ომამდე ის ბუდაპეშტის ოპერის თეატრში დალაქად მუშაობდა და ცნობილ მომღერლებს ემსახურებოდა. რუსეთში რევოლუციის დროს პაუკერი ბოლშევიკურ პარტიაში შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო კომიტეტში („ჩეკა“) რიგით ოპერატიულ მუშაკად გაანაწილეს. პოლიტიკურად ინდიფერენტულ და თითქმის გაუნათლებელ ჩეკისტს მხოლოდ ჩხრეკებსა და დაპატიმრებებზე უწევდა სიარული და წარმატებული კარიერის ნაკლები შანსი ჰქონდა. ამიტომ, ბუდაპეშტში მიღებული გამოცდილება გაითვალისწინა და მენჟინსკის („ჩეკას“ უფროსის მოადგილე) პირადი დალაქი გახდა. მალე მას მეფის ყოფილი ჩინოვნიკის შვილთან მოსამსახურეობა დაუფასდა – მენჟინსკიმ ის ოპერატიული სამმართველოს უფროსად დანიშნა, ლენინის სიკვდილის შემდეგ კი კრემლის დაცვის უფროსი – აბრამ ბელენკი მოხსნა და მის ადგილზე გადაიყვანა. პაუკერი სტალინისა და პოლიტბიუროს სხვა წევრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი გახდა. მისი გავლენა სერიოზულად გაიზარდა – პოლიტბიუროს წევრებიც კი, მას თითქმის თანაბარ პერსონად მიიჩნევდნენ. გარდა ამისა, პაუკერი ამარაგებდა მათ პროდუქტებით, ტანსაცმლით, მანქანებით, აგარაკებით...სტალინის გემოვნება და მისი მცირედი სურვილები მან განსაკუთრებული სიზუსტით შეისწავლა: სპეციალურად, მისი შეკვეთით ჩამოჰქონდათ გერმანიიდან „გებელბისენი“ (გამოყვანილი თევზის სახეობა), რომელსაც ციმბირული არაყი უხდება. პაუკერის ოცნება, სტალინის თანამეინახე გამხდარიყო, ახდა. იოსებ ბესარიონის ძეს სიამოვნებას ანიჭებდა მისი უცენზურო ხუმრობები, ანტისემიტური და რასისტული ანეკდოტები. სტალინი, რომელიც მრისხანე და მკაცრი ხასიათით გამოირჩეოდა, მის გვერდით ყოფნისას მხიარულობდა და ბევრს იცინოდა. კრემლის დაცვის უფროსმა მალე ბელადის დალაქობა და მის გარდერობზე ზრუნვაც შეითავსა. იგი უსიტყვოდ უგებდა მას და ყოველთვის წინასწარ იცოდა, რას მოისურვებდა სტალინი. მის პატივსაცემად პაუკერი ბანკეტებზე მინი-სპეკტაკლებსაც მართავდა; ერთ-ერთი ასეთი წვეულების დროს მან განასახიერა ზინოვიევი, რომელიც დასახვრეტად მიჰყავდათ: პაუკერმა დაიჩოქა, ჯარისკაცს ჩექმაზე ხელი მოჰკიდა და ემუდარებოდა, სტალინთან შეხვედრის საშუალება მომეცითო. სტუმრებმა რამდენჯერმე გაამეორებინეს ეს სცენა. ბოლოს პაუკერმა ცისკენ აიშვირა ხელები და დაიყვირა: „შეისმინე ჩემი, ისრაელო, ჩვენ ერთი ღმერთი გვყავს – სტალინი“ (ზინოვიევი ლუბიანკიდან ინტენსიურად ითხოვდა ბელადთან შეხვედრას, ხოტბა-დიდებით ამკობდა მას და აღიარებით ჩვენებებს იძლეოდა)! იოსებ ბესარიონის ძე ბევრი სიცილით შეწუხდა და ხელით ანიშნა, შეწყვიტეო. პაუკერს ერთგული სამსახური დაუფასდა. სტალინმა მას ორი ფანტასტიკური მანქანა –„კადილაკის ლიმუზინი“ და ღია „ლინკოლნი“ აჩუქა და, გარდა ამისა, ექვსი ორდენით დააჯილდოვა, მათ შორის – „ლენინის ორდენით“.

სტალინმა დაუფასა, მაგრამ, თვითონ...

ღალატი

გერშელ იაგუდილმა (იაგოდამ) სტალინის წინააღმდეგ შეთქმულების პრაქტიკული მომზადება დაიწყო. იაგოდამ, სორონსონმა და ვოლოვიჩმა მთავარი პოლიტიკური სამმართველოს სკოლის კურსანტებისგან მებრძოლთა განსაკუთრებული ასეული ჩამოაყალიბეს, რისთვისაც გოლიათური აღნაგობის ბიჭები შეარჩიეს. მათ ყოველდღე წვრთნიდნენ სამბოში, ხიშტებით ბრძოლაში, დაბრკოლებათა გადალახვაში; ისინი კარგად შემოსეს და შეაიარაღეს. ასეულმა მთელი შემადგენლობით რამდენჯერმე ჩაიარა ძერჟინსკის მოედანზე, იაგოდა კი ფანჯრებთან იდგა და აკვირდებოდა მებრძოლებს. შემდეგ შინსახკომის ეზოში საბრძოლო მზადყოფნის დათვალიერებაც მოეწყო. ასეულის საბრძოლო ამოცანა მარტივი იყო: მათ კრემლში უნდა შეეღწიათ და სტალინი დაეპატიმრებინათ. ყველაფერი იდეალურად იყო გათვლილი, თითოეული დეტალი ათასჯერ აწონილი და გაზომილი, მაგრამ შეთქმულებმა ერთი გარემოება ვერ გაითვალისწინეს: იოსებ ბესარიონის ძე უყვარდათ უბრალო, რიგით ადამიანებს, მათ შორის – მთავარი პოლიტსამმართველოს სკოლის ყოფილ კურსანტ ორლოვსკისაც, რომელმაც შეთქმულების შეტყობისთანავე აცნობა თადარიგის მაიორს, ყოფილ პარტიულ მუშაკს, ნიკულინას, რომელმაც, თავის მხრივ, პოლიტსამმართველოს სამხედრო ნაწილის კომისარი, ნეჩაევი ჩააყენა საქმის კურსში. კონფიდენციალურმა წყარომ აღნიშნულის შესახებ ბელადს მოახსენა. „კრემლში როგორ უნდა შემოეღწიათ? სად არის პაუკერი?“ – ხმამაღლა იკითხა განრისხებულმა სტალინმა, შემდეგ განკარგულება გასცა, არ ჩარეულიყვნენ და ბოლო მომენტამდე მიეცათ საშუალება შეთქმულებისთვის, ემოქმედათ. ასეც მოხდა: სტალინის ერთგული ადამიანები დანაშაულებრივი ჯგუფის ყველა წევრს აკვირდებოდნენ, შიფრავდნენ ახალ აგენტებს, აგროვებდნენ ინფორმაციებს მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ. შეთქმულთა შორის შტაბის უფროსიც აღმოჩნდა, რომელსაც სტალინის ნეიტრალიზაციის შემდეგ მომდევნო ნაბიჯების გეგმაც კი ჰქონდა შემუშავებული. ტერორისტებმა პროფესიონალურად იმუშავეს, ყველაფერი სწორად გააკეთეს, მაგრამ მათ გამარჯვება არ ეწერათ – სტალინის ნაცვლად კრემლში ჩასაფრება დახვდათ და, ვინც თავის მოკვლა ვერ მოასწრო, ლუბიანკის გზას გაუყენეს. პაუკერი, რომელიც იაგოდამ შანტაჟით დაიყოლია შეთქმულებაში მონაწილეობაზე (შეაშინა, რომ გერმანიის ჯაშუშობაში დასდებდა ბრალს), სწორედ გერმანიის ჯაშუშობისთვის დახვრიტეს. ამის პარალელურად, მიმდინარეობდა მეორე ურთულესი ოპერაცია სტალინზე თავდასხმის იაპონური გეგმების წინააღმდეგ, მაგრამ, ეს თავდასხმაც ისევე ჩაიშალა, როგორც იაპონელი კამიკაძეების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი. სტალინზე უცხოეთიდან დაგეგმილი თავდასხმებიდან ვერც ერთი ვერ განხორციელდა, რაც სწორი საკადრო პოლიტიკისა და სპეცსამსახურების იმ ერთგული თანამშრომლების დამსახურებაა, რომლებიც ხშირად სიცოცხლის ფასად იცავდნენ როგორც ბელადს, ისე სახელმწიფო ინტერესებს.

P.S. სტალინის ბრძანებით, ერთ-ერთი შეთქმულის „ვაკანტურ“, გამოთავისუფლებულ ადგილზე ივანე ისაკოვი დანიშნეს. მანამდე ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისრის მოადგილედ მუშაობდა. ისაკოვი დაუკავშირდა ბელადს და მოახსენა, სერიოზული ნაკლი მაქვსო.

– რა ნაკლი გაქვთ ისეთი, რომ მთავარი შტაბის უფროსობაში გიშლით ხელს?

– ჰკითხა სტალინმა.

– ცალი ფეხი არ მაქვს, – უპასუხა გენერალმა.

– არა უშავს, თქვენს წინამორბედს თავი არ ჰქონდა, მაგრამ, მუშაობდა, ფეხი რა მოსატანია, – დაამშვიდა იოსებ ბესარიონის ძემ.


скачать dle 11.3