რომელი ფეხბურთელები მოხვდნენ ყველაზე სექსუალური სპორტსმენების რეიტინგში და რის გამო შეარქვეს ფერნანდო ტორესს თიკუნი „ელ ნინიო”
ისინი ახერხებენ სპორტული რეკორდების დამყარებას და, თან, მოდური ჟურნალების ხშირი სტუმრებიც არიან. მათ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის, რადგან, გარდა იმისა, რომ ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან, მათი გარეგნობა უფლებას აძლევთ, რომ კონკურენცია გაუწიონ ჰოლივუდის და, ზოგადად, მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ყველაზე აღიარებულ სუპერ-ვარსკვლავებს. სხვადასხვა ინტერნეტ-რესურსებმა გამოავლინეს პლანეტის ათი ყველაზე სიმპათიური სპორტსმენი მამაკაცების ტოპ-ათეული, რომელსაც „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ:
ფრანსესკ ფაბრეგასი – ფეხბურთელი („არსენალი”)
ლონდონის „არსენალის” შავთვალება კაპიტანი და ლიდერი, სესკ ფაბრეგასი, როგორც მას გულშემატკივრები უწოდებენ, გოგონების გულთამპყრობელის სახელით არის ცნობილი, თუმცა, ამავე დროს, იგი მორიდებული ადამიანების კატეგორიას განეკუთვნება – არ უყვარს თავისი სოციალური სტატუსის აფიშირება და პოპულარობით სპეკულირება. მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ფაბრეგასი ნაკლებად ხვდება ბულვარული პრესის ფურცლებზე, ხოლო უკანასკნელი ცნობები მის შესახებ მხოლოდ „ბარსელონაში” მის შესაძლო გადასვლას უკავშირდება.
მაიკლ ფელპსი – მოცურავე
25 წლის მაიკლ ფელპსი 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონია ცურვაში და, ძნელად დასაჯერებელია, რომ მისი რეკორდი უახლოეს მომავალში ვინმემ მოსხნას. იგი განსაკუთრებით ძლიერია თავისუფალ სტილსა და ბატერფლაიში და ვერავინ შეედრება კომპლექსურ ცურვაში. მაგრამ, მისთვის არც სკანდალებია უცხო, რასაც რამდენიმე ხნის წინ მარიხუანის მოხმარების ფაქტი ადასტურებს, თუმცა, საჯარო მონანიების შემდეგ მას აპატიეს და ამჟამად იგი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება.
ნოვაკ ჯოკოვიჩი – ჩოგბურთელი
23 წლის სერბი ჩოგბურთელი, ავსტრალიის ღია პირველობის ორგზის გამარჯვებული და მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ბრიტანელები მას მეტსახელად „ჯოკერს“ უწოდებენ იმის გამო, რომ ნოვაკი ხშირად ოხუნჯობს კორტზე, რითაც, შეკრებილი გულშემატკივრების აღფრთოვანებას იწვევს. ჯოკოვიჩს რომ ბრწყინვალე იუმორის გრძნობა აქვს, ეს რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი – ისინი არაერთხელ გამხდარან მისი დაცინვის ან შაყირის ობიექტები, მაშინაც, კი როდესაც სერბი უიმედოდ აგებდა სეტებს მათთან პაექრობაში.
კრიშტიანუ რონალდუ – ფეხბურთელი - („რეალი”)
გარდა იმისა, რომ კრიშტიანუ პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, იგი ასევე ცნობილია, როგორც თანამედროვე კაზანოვა ფეხბურთელებს შორის. მისი ამჟამინდელი „გერლფრენდი“ რუსული წარმომავლობის მქონე მოდელი ირინა შეიკია, თუმცა, დასავლურ პრესაში დღემდე არ წყდება საუბრები რონალდუს არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე, რის დაფარვასაც იგი გახმაურებული რომანებით ცდილობს. ცნობილი ფაქტია, რომ „ცისფერებისთვის” რონალდუ უალტერნატივო კერპია მოქმედ ფეხბურთელებს შორის.
მარატ საფინი – ჩოგბურთელი
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, რუსი მარატ საფინი, ათასობით სუსტი სქესის საოცნებო მამაკაცად ითვლება დღემდე. თავისი კარიერის განმავლობაში, სპორტული გრაფიკის პარალელურად, მარატი გადაბმულად ერთობოდა ღამის კლუბებში, თუმცა, ეს არ უშლიდა ხელს, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ყოფილიყო. პრესასთან ურთიერთობას იგი არასდროს სწყალობდა და არ უყვარდა საუბრები პირად ცხოვრებაზე, თუმცა, ის ფაქტი, რომ იგი პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური სპორტსმენია, ნამდვილად არ არის საკამათო. ამაზე კი ისიც მეტყველებს, რომ, იგი მიუხედავად იმისა, რომ პენსიაზეა გასული, დღესაც ინარჩუნებს თავის ადგილს „ყველაზე სიმპათიურების“ რეიტინგში.
ტომ ბრედი – ამერიკული ფეხბურთი
ირლანდიელი ტომ ბრედი ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. იგი „ნიუ ინგლენდ პატრიოტსის” რიგებში ირიცხება და, გარდა სპორტული წარმატებებისა, მისთვის არც შოუ-ბიზნესია უცხო – იგი არაერთხელ დასახელებულა „წლის სპორტსმენად” შეერთებულ შტატებში, ხოლო მისი გახმაურებული რომანების დათვლა მას შემდეგ დასრულდა, რაც მან სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენზე იქორწინა. თუმცა, ამერიკელების მეხსიერებას დღემდე შემორჩა მისი რომანი მოდელთან და მსახიობთან ბრიჯიტ მოინაჰენთან.
ფერნანდო ტორესი – ფეხბურთელი („ჩელსი”)
მორიგი ესპანელი „ყველაზე სიმპათიურების“ რეიტინგში. „ჩელსის” ახალწვეულის მეტსახელი „ელ ნინიო” ესპანურ ენაზე „ბიჭუნას” ნიშნავს. იგი სრულად ამართლებს ამ თიკუნს, რადგან 27 წლის ასაკში თინეიჯერის გარეგნობა აქვს და სწორედ თინეიჯერ გოგონებს შორის არის იგი პოპულარული. ფაბრეგასის მსგავსად, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის – ტორესის მაისურზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა ინგლისში.
ნაიჯელ რეო-კოკერი – ფეხბურთელი („ასტონ ვილა”)
„ასტონ-ვილას” შავკანიანმა ნახევარმცველმა ნაიჯელ რეო-კოკერმა ბავშვობა აფრიკაში, კერძოდ, სიერა-ლეონეში გაატარა, სადაც მამამისი ექიმად მსახურობდა. მშობლების დაშორების შემდეგ ნაიჯელი დედასთან ერთად ლონდონში გადაბარგდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო კიდეც მისი საფეხბურთო კარიერა. რეო-კოკერი ინგლისური პრემიერ-ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და, ამავე დროს, ყველაზე არასტაბილური ფეხბურთელია, რომელიც ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის სრულ გამოვლენას.
დევიდ უილიამსი – რაგბი
ავსტრალიელი მორაგბე დევიდ უილიამსი კლუბ „მენლი-უარინგი სი იგლზის” წევრი და ავსტრალიის ნაკრების კანდიდატია. იგი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მორაგბედ მიიჩნევა და ხშირად სარეკლამო ფოტოსესიებშიც მონაწილეობს. ერთ დროს იგი ხშირ წვერსა და ბაკენბარდებს ატარებდა, რის გამოც მეგობრები „მაქციას” უწოდებნენ.
დენიელ კონი – რაგბი
23 წლის დენიელ კონი, უილიამსის მსგავსად, ავსტრალიელია და იგი ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ და სექსუალურ მორაგბედ ითვლება მწვანე კონტინენტზე. კონი ხშირად შიშველი პოზირებს სხვადასხვა პრიალა ჟურნალის გარეკანებისთვის და თავისი ათლეტური სხეულით სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცნობილი ფაქტია, რომ ერთხელ კონს შუახნის მანდილოსანი გაეკიდა, რომელსაც მისგან მხოლოდ ავტოგრაფის მიღება სურდა, მაგრამ მორაგბისთვის ეს იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მან თავისი სპორტული პოტენციალი სრულად გამოავლინა და, ისევე, როგორც მოედანზე, სირბილით უშველა თავს აჟიტირებული ქომაგისგან.