რით აფასებს გოგონებს ირაკლი ლაბაძე და რა სიურპრიზს ჰპირდება ის საზოგადოებას
მომავალი წლიდან დიდი საჩოგბურთო ბატალიები დაიწყება – პრეზიდენტის არჩევნებია. საქართველოში კი არც ისე ბევრი კომპეტენტური ადამიანია, ვისაც ფედერაციის ხელმძღვანელობა ძალუძს. ირაკლი ლაბაძე ის პიროვნებაა, რომელსაც არც კომპეტენცია აკლია და არც მონდომება, ბევრიც უნახავს და ბევრიც გაუკეთებია ჩოგბურთის განვითარებისთვის. ამიტომ მას პირადად ვეწვიეთ სახლში და შევეცადეთ, გაგვერკვია, რას აპირებს, რა გეგმები აქვს და როგორია ამჟამად მისი პირადი ცხოვრება.
– წაგების შემთხვევაში თუ გადაგიმტვრევიათ ჩოგანი საკუთარ თავზე, ან, მეტოქისთვის თუ მიგიყენებიათ შეურაცხყოფა?
– დიახ, მქონია ასეთი შემთხვევა, ოღონდ, ერთხელ. როდესაც ბურთს გააფუჭებ, ძნელია თავის შეკავება. მაშინ ვეთამაშებოდი ოსკარ ერნანდესს ნახევარფინალში, არადა, ის თამაში ჩემი უპირატესობით მიმდინარეობდა. რაც შეეხება მეტოქისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, მათდამი ყოველთვის კეთილად ვიყავი განწყობილი.
– თქვენ საკმაოდ ცნობილი ჩოგბურთელების წინააღმდეგ გიასპარეზიათ. თუ ინარჩუნებთ მათთან ურთიერთობას და ვინ არიან ისინი?
– რა თქმა უნდა, დღემდე ვინარჩუნებ კარგ ურთიერთობას. ამ ზაფხულს ბევრი ცნობილი ჩოგბურთელი აპირებს ჩემთან ჩამოსვლას. განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს მარატ საფინთან, რომელთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ. ორ კვირაში ერთხელ მაინც ვეკონტაქტებით ერთმანეთს. ასეთივე ურთიერთობა მაქვს დავიდენკოსთან, ამერიკელ და დანიელ ჩოგბურთელებთან.
– ცნობილია, რომ დიდი წვლილი მიგიძღვით ჩოგბურთის განვითარებაში. იმავეს ხომ არ აპირებთ მწვრთნელის რანგში?
– დიახ, ვაპირებ. მე ხომ მთელი ცხოვრება ჩოგბურთს დავუთმე. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი მესმის ამ სპორტში და შემიძლია, ბევრ რამეში დავეხმარო ჩოგბურთელებს. რამდენიმე პერსპექტიული ბავშვია, მაგრამ, ბევრად მეტნი უნდა იყვნენ. ამის მიზეზია კვალიფიციური მწვრთნელების ნაკლებობა. არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ამ საქმეს. ჩემი დაკვირვებით, არ აინტერესებთ, როგორები გაიზრდებიან. მათი ფიქრია, რაც შეიძლება მეტი ბავშვი აიყვანონ და მეტი თანხა ჩაიდონ ჯიბეში. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ეს ასეა.
– მომავალ წელს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია. თქვენც ხომ არ აპირებთ კენჭი იყაროთ?
– სურვილი ვის არ აქვს, მათ შორის – მეც. რა ვიცი, როგორ გითხრათ... მეშინია, პანიკა არ ატყდეს. მაგრამ, ალბათ, მივიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში.
– ახლა პირად საკითხზე გადავალ: როდის აპირებთ დაოჯახებას და მოსალოდნელი ხომ არ არის, თქვენ გვერდით თქვენივე კოლეგა ვიხილოთ?
– ვაიმე, ოღონდ დაკუნთული არ იყოს! (იცინის). რაც შეეხება კოლეგას, სპორტსმენი – რატომაც არა, მაგრამ, ჩოგბურთელებს დაკუნთული ფეხები აქვთ და, როგორც ქალს, ცოტა ძნელად აღვიქვამ.
– რატომ აკვირდებით ასე დაჟინებით მარტო ფეხებზე და რატომ არ გინდათ, ჩახედოთ თვალებში, შეიცნოთ მისი შინაგანი სამყარო?
– (იცინის) მთელი ცხოვრება თვალებში ხომ არ უყურებ, ხანდახან ფეხებზეც ხომ უნდა დააკვირდე? თუმცა, მისი ბუნებაც მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩემი რჩეული ლამაზი და დიდსულოვანი უნდა იყოს, ასეთები კი ძალიან ბევრია.
– საინტერესოა, ასეთ გოგონებს ოდესმე თუ დაუტოვებიხართ ხელმოცარული, მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა?
– ხელმოცარული – არა. თუმცა, იყო ურთიერთობა, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ დაშორება ორივეს გადაწყვეტილება იყო. არ მინდა, ეს გახდეს განსჯის საგანი, ძალიან პირადულად მიმაჩნია და ნუღარ ჩამეძიებით. უბრალოდ, გეტყვით, რომ ერთმანეთისთვის ხელი არ გვიკრავს, ყველაფერი ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში მოხდა.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, დიდი მექალთანის შთაბეჭდილებას არ ტოვებთ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ლამაზი მეუღლის გულში ჩახუტებას ყანწების ტრიალი გირჩევნიათ?
– ჩემს მექალთანეობაზე ბევრი ჭორი მსმენია, მაგრამ, ასე არ არის. უბრალოდ, არც მეუღლე მყავს და არც შეყვარებული. ამიტომ, თავს არ ვიზღუდავ – როცა მინდა, გავალ და გავერთობი. რომ დავოჯახდები, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ამიტომ, ლამაზი გოგონების გასაგონად ვიტყვი, რომ სანიმუშო მეუღლე ვიქნები. ოჯახი – ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, დიდი პასუხისმგებლობა და დიდი მოვალეობაა.