მალხაზ ქვრივიშვილის შვილი მისი საყვარელი ქალის ძმას გაჰყვა ცოლად
მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მთელი თბილისი აალაპარაკა. „მახოს ცოლის ძმას მახოს ქალიშვილი ცოლად მოუყვანიაო“, – ამ ფრაზას ერთი კვირის განმავლობაში გაიგებდით ყველგან, სადაც მინიმუმ, სამი ადამიანი მაინც იყო შეკრებილი – თეატრში, კონცერტზე, კაფესა თუ უბრალოდ, ქუჩაში. რა მოხდა სინამდვილეში, ამაზე, ექსკლუზიურად „თბილისელებს“ მალხაზ ქვრივიშვილი თავად ესაუბრა.
მალხაზ ქვრივიშვილი: რატომ გახდა ეს ამბავი ასე მთელი ქვეყნის გასარჩევი, ვერ ვხვდები. მით უმეტეს, რომ ისეთი სერიოზული არაფერი მომხდარა. ორი ადამიანი ბედნიერია და შეყვარებულია. ასეთი აურზაურის ატეხვა საჭირო არ იყო. მაშინ როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, პირიქით, მაქსიმალურად უნდა შეუწყო ხელი, მის გვერდით დადგე და მის გრძნობებს პატივი სცე. გასაგებია, რომ ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ყველა ამბობს მალხაზ ქვრივიშვილს შვილმა საყვარელი დააკარგვინაო – ეს არასწორია. ცოტა სხვანაირად რომ იყოს ნათქვამი, მახოს ქალიშვილმა საყვარელი ადამიანი დააკარგვინაო, ამაში პრობლემას ვერ დავინახავდი. თან „დააკარგვინაც“ არ არის.
– ანუ, შენ და სოფო სამადბეგიშვილი, რომელთან ერთადაც დაახლოებით, სამი წელია ცხოვრობ, ამის გამო არ დაშორებიხართ ერთმანეთს?
– უფრო, არა. როდესაც ეს ამბავი გავიგეთ, თავიდან, რა თქმა უნდა, ავღელდით, შოკში ვიყავით, მერე დავსხედით და ძალიან ცივილიზებულად გავაანალიზეთ ყველაფერი...
– იმ პერიოდში ერთად იყავით?
– კი. იცი, რა იყო?! ერთხანს ერთმანეთს დავშორდით, ერთად არ ვიყავით და როგორც ჩანს, ლიკამ და სოფოს ძმამ, კირილე ტყებუჩავამ, იფიქრეს, რომ ჩვენ ერთად აღარ ვართ და თავის გრძნობებს გარეთ გამოსვლის საშუალება მისცეს. თუმცა, ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით.
– ჰქონდა სოფოს ოფიციალურად ცოლის სტატუსი მინიჭებული?
– არასდროს ჰქონია. ოცდამეერთე საუკუნეში მგონი, აღარავის უკვირს, რომ ხელის მოწერის და ოფიციალურობის გარეშე წყვილმა ერთად იცხოვროს. პატარა ბავშვები ხომ აღარ ვართ?! სოფოს ოჯახს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. სულ პატარა იყო, ერთმანეთს რომ შევხვდით და ყოველთვის მომწონდა. შემდეგ უკვე წლები გავიდა და ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით. იმ პერიოდში მეც მარტო ვიყავი და ისიც. ასე დაიწყო ჩვენი ამბავი. სოფო ძალიან კარგი გოგოა და ჩვენ სამი წელი ერთად ვცხოვრობდით. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ ვიღაცის წინაშე თავს ვიმართლებ. პირიქით, ყველას ძალიან ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული, მათ შორის მეც, მაგრამ სხვისი ცხოვრების ჩხრეკას და იქაური ამბების გარკვევას, ჯობია, ყველამ თავის ოჯახში ჩაიხედოს. თუ ორი ზრდასრული ადამიანი გადაწყვეტს, რომ ერთად ან იყვნენ, ან არა, ამაში საგანგაშო არაფერია. გადავწყვიტეთ, რომ მოდი, ერთად ცხოვრება ვცადოთ, თუ ჩვენ შევეწყობით, ეს ბედნიერება გაგრძელდება და სულ ერთად ყოფნა გვენდომება, ხომ კარგი, თუ არადა ცივილიზებულად, მეგობრულად ერთმანეთს დავშორდებოდით. არ დავდიოდით სასტუმროებში, ბინებს არ ვქირაობდით იმიტომ, რომ ერთად მალულად ვყოფილიყავით. ჩვენ ვთქვით, რომ ერთად ყოფნა გვინდა და სოფო ჩემთან საცხოვრებლად გადმოვიდა. ამაზე არც გვისაუბრია, არც დაგვიგეგმავს, თავისთავად მოვიდა ეს სიტუაცია. ამ შემთხვევაში ყველაფერი ცივილიზებულად მოხდა.
– ახლა თუ გიყვებიან, როდის დაიწყო მათი სიყვარული?
– არ ვიცი, ზუსტად, ამაზე არ მისაუბრია არც ლიკასთან და არც კირილესთან. ასეთ ნიუანსებს არ ჩავძიებივარ. როდესაც პირველად გავიგე, შოკში ჩავვარდი. ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ არ მინდოდა ასეთ ადრეულ ასაკში ოჯახი შეექმნა. ჩვიდმეტი წლისაა, სწავლობს, უნდა ჩააბაროს გამოცდები და მგონი, მისთვის ადრე იყო გათხოვება. მაგრამ, ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავ. როდესაც საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობ, ადამიანებს უყვარხარ, ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრებით დაინტერესებულნი არიან. არასდროს მაქვს ვინმესთან პრეტენზია. პრეტენზია მხოლოდ საკუთარ თავთან და ჩემს ცხოვრებასთან მაქვს.
– ფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში რამენაირად დამნაშავე ხარ?
– არ ვიცი. რა დანაშაული უნდა მიმიძღვოდეს, არ მესმის, იმ სიტუაციაში, როცა ჩემი შვილი შეყვარებულია. არ ვიყავი მკაცრი, არ გამოვკეტე სახლში, არ დავატყვევე? თუ, რა უნდა მექნა, არ მესმის.
– შენ როდის გაიგე ეს ამბავი?
– თითქმის ერთი წელია, რაც ამაზე სისტემატურად მიდის ნერვიულობა, საუბრები, იქნებ ისე, იქნებ ასე. ერთი პერიოდი თითქოს ლიკამაც და კირილემაც გაიგეს, რომ წინააღმდეგნი ვიყავით, შევაჩერეთ ეს ყველაფერი, ცალ-ცალკე იყვნენ. თუმცა, ეს მოჩვენებითი ყოფილა, უფრო სწორად, საკუთარ თავს და გრძნობებსაც ატყუებდნენ და ბოლოს ამ ყველაფერმა მაინც ამოხეთქა.
– ვინ არის შენი სიძე, მოგვიყევი, როგორი ადამიანია?
– კირილე არის ოცდაორი წლის, არაჩვეულებრივი ადამიანი, ვაჟკაცი ბიჭი. საკმაოდ განათლებულია, ჯერ ამერიკაში სწავლობდა, შემდეგ – ჰოლანდიაში. ლონდონში სწავლობდა მაგისტრატურაში. განსაკუთრებული მადლობები აქვს მოსული პრეზიდენტისგან, პირველი ლედისგან. ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან კარგი ადამიანია. რაც მთავარია, კირილესთან ვმეგობრობდი. თავიდან, რა თქმა უნდა, მისი საქციელი მეწყინა, გავღიზიანდი, გავბრაზდი, ნერვები მეშლებოდა, თავზე როგორ გადამახტნენ-მეთქი, მაგრამ ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა. მოვიდა და მითხრა, რა ვქნა, სიგიჟემდე მიყვარს, თუ გინდა, მომკალი, მაინც ვერ დავივიწყებო. ძალიან მინდა ერთად ვიყოთ და ხელს ნუ შეგვიშლიო.
– გამოდის, შენ და სოფომ თქვენი ურთიერთობა მათ გამო დათმეთ.
– ასე გამოდის, მაგრამ ამაზე ფიქრი უკვე გვიანია. ჩვენ მაინც ცხოვრების დიდი გზა გვაქვს განვლილი, გვიცხოვრია, ვიყავით ბედნიერები, ამიტომ ვიფიქრე, ახლა მათთვის უნდა მიგვეცა ბედნიერების საშუალება. არც ჩემთვის და არც სოფოსთვის ეს არ იყო ადვილი, ვებრძოდით ჩვენს სიყვარულს, მეგობრობას, მაგრამ ალბათ, ასე იყო საჭირო. სოფომ ძალიან უხერხულად იგრძნო თავი, საშინლად განიცადა ეს სიტუაცია, მაგრამ მოვერიეთ, დავამარცხეთ და ახლა ვცდილობთ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, ვიმეგობროთ.
– სოფოზე ალბათ, ამ ფაქტმა ყველაზე მძიმედ იმოქმედა.
– რა თქმა უნდა, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ქალია. თან კირილე მასზე გაცილებით პატარაა, სოფოს შვილივით ჰყავს გაზრდილი. მაგრამ ჩვენ ერთად გადავიტანეთ ყველაფერი, ერთმანეთის გვერდით დავდექით. ეს ახლა ატყდა აჟიოტაჟი, გამჟღავნდა ეს ამბავი, თორემ ჩვენთვის ეს უკვე განვლილი ეტაპია. ამ ყველაფერმა ერთიანობაში ლიკას და კირუშას ერთად ყოფნაც დააჩქარა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ყველა მათ წინააღმდეგ წავიდოდა, საზოგადოება გაკიცხავდა და დაქორწინება დააჩქარეს. ერთი სიტყვით, ჩვენ დავშორდით და ისინი დაქორწინდნენ. სხვათა შორის, გუშინ ჩემი ერთი მეგობარი მეუბნებოდა, გამოვიდეს რომელიმე თბილისელი და იმან გესროლოს პირველი ქვაო. რა გააკეთე ისეთი, რომ ასე ნერვიულობო. მე, რომელიც არავის ცხოვრებაში არ ვიყურები, არავისთან პრეტენზია არ მაქვს, მიჩხრეკენ ძალიან პირადულს. თუმცა, არც ამაზე მაქვს პრეტენზია, თუ ქალაქს სკანდალი უნდა, აღიქვას ასე. ვიცი, ამაზე ზოგიერთი „იღადავებს“, ზოგი გაიცინებს, ზოგი იტყვის, რა საშინელებააო, მაგრამ ისიც ზუსტად ვიცი, რომ ხვალ-ზეგ ეს ისტორია ყველას დაავიწყდება, ჩემი შვილი კი ბედნიერი იქნება. არ მიყვარს სკანდალები, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, თქვენი ჟურნალის საშუალებით ყველაფერი ამეხსნა, იმ ადამიანებმა, რომელთაც ვუყვარვარ, ყველაფერი სწორად რომ გაიგონ. ყველაფერი მარტივადაა – ჩემს მეგობარს, საყვარელ ადამიანს დავშორდი და მისმა ძმამ, რომელთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ მქონდა, ჩემი შვილი ცოლად მოიყვანა.
– ლიკა რას გეუბნებოდა?
– ლიკა დავისვი და ვკითხე, შენ რა გინდა, თუ ხარ გარკვეული შენს გრძნობებში ზუსტად და მზად ხარ თუ არა, ყველას წინააღმდეგ წახვიდე-მეთქი და მისგან ის პასუხი მივიღე, რასაც დღეს ხედავთ. ძალიან უშიშარი გოგოა. არ შემიძლია, კირილეს გარეშე ცხოვრებაო. მისი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ამ ყველაფერს გაუძლო. მერე ვუთხარი, თუ შენ ასე ფიქრობ, მაშინ მეც შენი და შენი გრძნობების გვერდით ვიქნები-მეთქი. ისიც ავუხსენი, რომ თუ რამე შეეშლება, რამეს დააშავებს, ეს მისი დანაშაული და მისი შეცდომა იქნება და არა სხვისი ბრალი. ეს მისი პირადი ცხოვრებაა.
– ქორწილი იგეგმება?
– კი, ალბათ. ცოტა დალაგდებიან და გადაწყვეტენ, რას და როგორ გააკეთებენ. მიხარია, რომ ორივე ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანია და მშვენივრად იციან, როგორ გააგრძელონ ცხოვრება. ზუსტად ვიცი, რომ კირუშასთვის ტიპური სიმამრი არ ვიქნები, ყოველთვის მათ მეგობრად დავრჩები, ამის იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ.
სალომე გველესიანი