კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვლინდება მცენარეების მტვრით გამოწვეული ალერგიული რეაქციები და როგორ უნდა მოიქცნენ ალერგიული ადამიანები გაზაფხულზე

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდის დადგომა ზოგიერთი ადამიანისთვის დაკავშირებულია მცენარეების მტვრით გამოწვეულ ალერგიულ გამოვლინებებთან, ასეთია: სურდო, ცემინება, ქავილი, ცრემლდენა. ეს სეზონური ალერგიული რინიტის სიმპტომებია. ეს დაავადება სხვაგვარად ცნობილია პოლინოზისა და „თივის ცხელების“ სახელწოდებებით. პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ალერგოლოგ თამარ ნიკურაძეს.

– რა არის სეზონური ალერგიული რინიტი?

– სეზონური ალერგიული რინიტი ანუ პოლინოზი – მცენარეული მტვრით გამოწვეული ალერგიული დაავადებაა და ცნობილია „თივის ცხელების” სახელწოდებით. ეს სახელწოდება არცთუ გამართლებულია, რადგან დაავადებას ძირითადად ყვავილის მტვერი იწვევს, ხოლო ცხელება, როგორც ასეთი, პრაქტიკულად, არ აღინიშნება. მთელ მსოფლიოში გავრცელებული მრავალი ათასი მცენარიდან, დაახლოებით – 60 წარმოქმნის მტვერს, რომელიც იწვევს პოლინოზს. ამ მცენარეების მტვერი უმცირესი ზომისაა – 10-50 მიკრონი, გამოიყოფა დიდი რაოდენობით და ადვილად ვრცელდება მტვრით. პოლინოზის ეტიოლოგია ყველა კლიმატურ ზონაში განსხვავდება ადგილობრივად გავრცელებული მცენარეების მიხედვით. ეს დაავადება სეზონურია. ამ დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში, განსაკუთრებით ცხელ და ქარიან ამინდში.

– რა იწვევს პოლინოზს?

– პოლინოზს იწვევს გენეტიკურად განპირობებული ჰიპერმგრძნობელობა სპეციფიკური ალერგენების, კონკრეტულად კი – მცენარეული მტვრის მიმართ. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს ნივთიერებები უსაფრთხოა, ხოლო სენსიბილიზებულ პირებში ეს ალერგენები გაძლიერებულ იმუნურ პასუხს იწვევს. ირთვება ბიოქიმიური რეაქციების კასკადი, რომლის შედეგადაც სისხლში გადმოდის დიდი რაოდენობით ჰისტამინი და სხვა ნივთიერებები, რაც იწვევს ანთებას. ალერგია ვლინდება მაშინ, როდესაც ორგანიზმში გარკვეული რაოდენობით ანტისხეულები დაგროვდება და ასეთ ორგანიზმში მოხვდება მასენსიბილიზებელი ალერგენი. პოლინოზით ადამიანი შეიძლება, დაავადდეს ნებისმიერ ასაკში. ჩვეულებრივ, ეს ხდება 6-დან 20 წლამდე, იშვიათად, 40 წლის შემდეგ. როგორც წესი, ის ბიჭებში უფრო ადრე იწყება, ვიდრე გოგონებში. პოლინოზის კლინიკური სურათი განისაზღვრება პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციით და ორგანიზმის სენსიბილიზაციის ხარისხით.

– რა სიმპტომები ახასიათებს პოლინოზს?

– ამ დაავადების შედარებით ხშირი გამოვლინებაა რინოკონიუნქტუალური სინდრომი, რასაც თან ახლავს ქუთუთოების შეწითლება და ქავილი, ცრემლდენა, მძიმე შემთხვევებში, ქუთუთოების შეშუპება და სინათლის შიში. სასუნთქი სისტემის მხრივ, ვლინდება მაგარი სასის, ხახის, ცხვირის ღრუს ლორწოვანის ქავილი. გაძნელებულია ცხვირით სუნთქვა, აღინიშნება ცემინების შეტევები, დიდი რაოდენობით ლორწოვანი გამონადენი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები. ზოგ ადამიანს ასეთი რეაქცია უვლინდება არა მარტო თვალებისა და ცხვირ-ხახის ლორწოვანის, არამედ ბრონქების ლორწოვანის მხრივაც – ვლინდება ბრონქოობსტრუქციული სინდრომი. შესაძლოა მას თან ახლდეს ცხვირის დანამატი ღრუების – სინუსების ანთებაც. მცენარის მტვერთან კონტაქტისას, შესაძლოა, გამოვლინდეს ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი. ეს გამონაყარი შეიძლება, ჯვარედინად მორეაგირე კვებითი ალერგიის გამოვლინებაც იყოს. ადამიანს, რომელსაც აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა მზესუმზირის მტვერზე, შესაძლოა, მზესუმზირის ზეთზე დაეწყოს პოლინოზის სიმპტომები ზამთარში. ალერგენი შეიძლება არა მხოლოდ მცენარის მტვერი, არამედ თავად მცენარეც იყოს. ბევრი ასეთი მცენარე შედის წამლებისა და პარფიუმერიის შემადგენლობაში.

– რა გართულებები შეიძლება ახლდეს თან ამ დაავადებას?

– პოლინოზმა შეიძლება, გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავება, მათ შორის სინუსიტების, ოტიტების, ტრაეიტის, ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის. ნუშურა ჯირკვლების და ადენოიდების ჰიპერტროფიის დროს, ბავშვებს შესაძლოა, დაერღვეთ გემოს შეგრძნება, სრულ გაქრობამდე. ზოგჯერ პოლინოზი გართულებასაც იწვევს ანოსმიით – ყნოსვის სრული გაქრობით. ასეთ ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ უძილობა, ასთმური სინდრომის განვითარება. ხშირი ალერგიული რეაქციების შემთხვევაში, პიროვნების სიცოცხლის ხარისხი საგრძნობლად უარესდება.

– როგორ ხდება პოლინოზის დიაგნოზის დასმა?

– პოლინოზის დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ანამნეზის საფუძვლიან შეკრებას. ანამნეზით შესაძლებელია, დაავადების სეზონური ხასიათის დადგენა. ამასთან, ალერგიული რეაქციები შესაძლოა კონკრეტული მცენარის ყვავილობის ვადებს ემთხვეოდეს. ალერგენის ზუსტი იდენტიფიკაციისთვის, უკუჩვენებების არარსებობისას, ექიმი-ალერგოლოგი ატარებს კანის სინჯებს კონკრეტულ რეგიონებში გავრცელებული მცენარეული ალერგენებით. ეს სინჯები საკმაოდ ზუსტ წარმოდგენას გვაძლევს პაციენტის ალერგენების სპექტრზე. კონკრეტული ანტისხეული წამყვანია ალერგიულ რეაქციებში. უნდა ჩატარდეს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გამოკვლევა, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის ფუნქციის, რათა შეფასდეს პოლინოზის შესაძლო გართულებების შესაძლებლობა.

– რით ვუმკურნალოთ პოლინოზს?

– პოლინოზის მკურნალობაში გამოყოფენ სამ ძირითად მიმართულებას: ალერგენების ელიმინაცია, ფარმაკოთერაპია და სპეციფიკური იმუნოთერაპია. ალერგენების ელიმინაცია გულისხმობს მტვერთან კონტაქტის მაქსიმალურ შემცირებას – შეუძლებელია მას სრულად აარიდოთ თავი. მისი მავნე ზემოქმედებისგან თავის დასაცავად, უნდა დაიცვათ შემდეგი წესები: დახურეთ ფანჯრები ნაშუადღევს, რადგან ამ დროს ჰაერში მაქსიმალურია ყვავილის მტვრის კონცენტრაცია; მტვრის მაქსიმალური პროდუქციის პერიოდში მოერიდეთ ბუნებაში გასვლას. დასვენება უმჯობესია ზღვისპირა ადგილებში, სადაც ყვავილის მტვერი ნაკლებია. მცენარის მტვრისმიერი ალერგენები შეიძლება, აღმოჩნდეს თაფლში. ამიტომ, მოერიდეთ მას. მოერიდეთ თამბაქოს, რადგან ის ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოვანის ზემგრძნობელობას. წამლისმიერი მკურნალობა, ძირითადად, გულისხმობს ანტიჰისტამინური პრეპარატების, გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნას. ანტიჰისტამინური საშუალებები, ხშირ შემთხვევაში, ეფექტურია ალერგიული რეაქციების მკურნალობისთვის. ზოგჯერ საჭირო ხდება ადგილობრივი სტეროიდების დანიშვნა თვალის წვეთების, სპრეის, ინჰალაციების სახით. სტეროიდების სისტემატური გამოყენების საჭიროება პოლინოზის დროს იშვიათია. ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას, ინიშნება სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები. სპეციფიკური იმუნოთერაპია გულისხმობს, კონკრეტული ალერგენების მცირე რაოდენობით ხანგრძლივად შეყვანას, რაც, ამ ალერგენის მიმართ გამოიწვევს პაციენტის იმუნური სისტემის მგრძნობელობის თანდათანობით შესუსტებას – ჰიპოსენსიბილიზაციას.


скачать dle 11.3