კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მომრავლდნენ ერთჯერადად მოღალატე ცოლები და იმართლებენ თუ არა ისინი თავს

ადამიანი რთული ფენომენია. თუ ვინმეს ცხოვრება ან საკუთარი ფსიქიკა მარტივად ეჩვენება, ძალიან ცდება. ზუსტად არავინ იცის საკუთარი შესაძლებლობების, სურვილებისა და მიდრეკილებების შესახებ. წინასწარ არავინ იცის, ვინ რისთვის ვართ მზად. საკუთარი თავის შეცნობა დროზე, ცოდნაზე, გამოცდილებასა და ამის სურვილზეა დამოკიდებული. ადამიანები რაღაც საქმეს ჰკიდებენ ხელს და დარწმუნებულები არიან, რომ მას წარმატებით მიიყვანენ ბოლომდე, მაგრამ მოსდით მარცხი, რასაც იმედგაცრუება მოჰყვება; ან, იწყებენ ურთიერთობას იმ მოსაზრებით, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, რამდენად შორს წავლენ ამ ურთიერთობაში, მაგრამ, საკუთარი თავის არცნობას ისევ, საკმაოდ მძიმე შედეგამდე მიჰყავს ისინი.

ციცი (29 წლის): გაურკვევლობაში ვარ. უფრო სწორად, იმედგაცრუებული ვარ საკუთარი თავით. ის მოხდა, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება, ვინმემ თქვას, რანაირად უნდა მოხდეს ის, რასაც შენ თავად არ შეუწყობ ხელსო, მაგრამ, ასე მარტივად არ ყოფილა საქმე. უამრავი აღიარება წამიკითხავს და მონაყოლიდანაც ვიცოდი, რომ ქალები ქმრებს მაინც საკუთარი ნებით ღალატობენ – რაღაც ფაქტორების გათვლით, ან, უბრალოდ, უზნეობის გამო. მე საკუთარი თავი უზნეოდ არ მიმაჩნია, პირიქით, ყოველთვის მჯეროდა, რომ მორალურად ძალიან მტკიცე, გაწონასწორებული და შინაგანად წესიერი ვიყავი. შეიძლება, ჩემი მეტისმეტი თავდაჯერებულობა გახდა იმის მიზეზი, რომ ახლა საკუთარი თავისაც კი მრცხვენია.

– მამაკაცებიც, რომლებიც ცოლებს ღალატობენ, მერე განიცდიან სირცხვილის გრძნობას, თუმცა, იშვიათად აღიარებენ ამას.

– ეს ჩემთვის საერთოდ არ არის შეღავათი. არ ვარ იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც თავს იმით დაიმშვიდებს, რომ სხვები უარესებს აკეთებენ. ეს მათი ცხოვრება და მათი პრობლემაა. მე რომ ახლა განვიცდი ჩემს საქციელს, ნიშნავს თუ არა იმას, რომ, შეიძლება, მეპატიოს – აი, რა არ მაძლევს მოსვენებას.

– თუ გინდათ, რომ შენდობა მიიღოთ, ჯერ პატიება უნდა ითხოვოთ.

– პატიებას ვერ ვითხოვ, ეს გამორიცხულია. მაშინ ჩემს ქმარს ყველაფერი უნდა მოვუყვე. ის კი, დარწმუნებული ვარ, არ მაპატიებს. ესეც რომ არ იყოს, ძალიან მრცხვენია. ისე მრცხვენია, რომ, ზოგჯერ, მინდა, საერთოდ აღარაფერი მახსოვდეს. ხომ ემართება ხალხს ამნეზია? ნეტავი, მეც დამემართოს რაიმე მსგავსი, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი. ახლაც, გელაპარაკებით და მგონია, რომ ვიღაც სხვა ქალზე ვლაპარაკობ. ეს ამბავი არავინ იცის, აბსოლუტურად არავინ. ენა ვერ მომიბრუნდა, რომ უახლოესი დაქალისთვის მაინც გამენდო, ამიტომაც გადავწყვიტე თქვენთან მოსვლა. კიდევ, არის ერთი მიზეზიც, რის გამოც თქვენთან საუბარი მირჩევნია – დაქალს ვერც ვენდობი და, კიდევ, მისიც მრცხვენია. ძალიან ბევრჯერ გამილანძღავს ქალები, რომლებსაც ქმრები ჰყავთ და მაინც სხვებთან ერთობიან. სულ ვბრაზობდი – აბა, რისთვის ჰყავთ ქმრები, საკუთარი ფანტაზიები თუ სურვილები მასთან უნდა განახორციელონ-მეთქი.

– გართობასა და ფანტაზიებში რა იგულისხმება?

– ყველაფერი: ფლირტი, ინტერნეტ-საუბარი და ცელქობა; მესიჯები, შეხვედრები – უფრო სერიოზული ეტაპია. გააჩნია, შენთვის რა არის „აკრძალული ხილი.” ჩემი პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს არ მქონდა კარგად გაცნობიერებული.

– საკუთარი თავისთვის რაღაცის აკრძალვა ფსიქოლოგიურად ძალიან დამთრგუნველია და ესეც იწვევს გართულებებს.

– ალბათ, მაგრამ, იმაზე უარეს გართულებას ნამდვილად ვერ გამოიწვევდა, რაც მე ახლა მჭირს. „აკრძალული ხილი” მარტო სხვა კაცთან სექსი არ არის – აი, რა უნდა მცოდნოდა.

– გასაგებია, რომ ინტიმურ ურთიერთობამდე მისასვლელად რაღაც ეტაპების გავლაა საჭირო და ერთბაშად არაფერი ხდება.

– საქმეც ეგაა. ერთბაშად არაფერი ხდება, თუ მართლა ამ საქმეზე არ ხარ გადამდგარი. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ? მე ჩემი ქმარი არ მიშლიდა ფანტაზიორობას.

– ფანტაზიორობა რას ნიშნავს?

– როგორ გითხრათ... თვითონ ძალიან დაკავებულია, ბევრს მუშაობს და სულ გასულია. მე კი დრო ბევრი მაქვს. მართალია, ვმუშაობ, მაგრამ, იმიტომ არა, რომ ოჯახი ჩემი სარჩენია. უფრო – ჩემი სიამოვნებისთვის და იმიტომ, რომ სახლში არ ვიჯდე. ერთი შვილი მყავს და ძიძა მეხმარება. ოღონდ, არ მინდა, ვინმეს ეგონოს, რომ ღალატამდე უსაქმურობამ და პრობლემის არქონამ მიმიყვანა. პრობლემა რომ არ არსებულიყო, აქამდე არც მივიდოდი – ფაქტი ეს არის.

– მამაკაცსაც შეუძლია, იგივე თქვას. რომ ღალატამდე რაღაც პრობლემამ მიიყვანა – პრობლემამ ურთიერთობაში, ფსიქიკაში ან ფიზიოლოგიაში.

– რა თქმა უნდა, თან, შეიძლება, ვერც გაამტყუნო, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, პრობლემა არ მქონია. სრული სერიოზულობით ვამბობ ამას. მიყვარდა, ახლაც მიყვარს და, მიმაჩნია, რომ ის საუკეთესო მამაკაცია ჩემთვის. ბუნებრივია, შემეკითხებით, მაშინ რას ფანტაზიორობდიო. არ ვიცი, მეგონა, რომ, უბრალოდ, ვერთობოდი. ვერ ვიგრძენი, როდის შევტოპე.

– ვისთან ერთობოდით?

– ერთ შემთხვევით გაცნობილ ადამიანთან. კომპლიმენტებს მეუბნებოდა და ეს ძალიან მომწონდა; ვკეკლუცობდი – ამასაც ვაღიარებ, მაგრამ თავიდან ჩემმა ქმარმა იცოდა ეს.

– რა იცოდა, სხვა კაცს რომ ეკეკლუცებოდით?

– დიახ. მე ვუყვებოდი და ერთად ვიცინოდით, ვერთობოდით.

– კარგი გასართობი გიპოვიათ. თქვენი ქმრის საქციელს რითი ხსნით, რატომ გაძლევდათ ამის უფლებას?

– რა ვიცი. რას ვაშავებდი ისეთს, რომ აეკრძალა?!

– ასე მარტივადაც არ არის საქმე, არ გიფიქრიათ, რომ თვითონაც ერთობა ვიღაცასთან და ამიტომ არ გიშლიდათ ხელს?

– არა. ეგ ნამდვილად არ მიფიქრია. მართალი ბრძანდებით, ალბათ, უნდა მეფიქრა. არაფერია გამორიცხული, თუმცა, მე ვივარაუდე, რომ ძალიან მენდობოდა. აბსოლუტური ნდობა კი, თურმე არავისი არ შეიძლება, საკუთარი თავისაც კი. სწორედ საკუთარი თავის ზედმეტად ნდობამ დამღუპა. არავინ არ არის განსაკუთრებული. ყველა ადამიანი ცოდვილია და ბუნებით უღალატოები არ არსებობენ – არც ქალი და არც კაცი.

– ანუ, ყველა მოღალატეა?

– ყოველ შემთხვევაში, მარცვალი ყველაში დევს. მე რომ ახლა მკითხონ, ყველა გათხოვილმა ქალმა უნდა აკრძალოს ქმრის გარდა, სხვა მამაკაცთან კეკლუცი – სწორედ ეს არის ჭეშმარიტად „აკრძალული ხილი.” სერიოზულად გეუბნებით. ვის რა და როდის „დაარტყამს” თავში, არავინ იცის. ისე გაებმები „აკრძალული ხილის” ბადეში, გონზე რომ მოხვალ, უკვე სხვა კაცის მკლავებში იქნები.

– როგორ გაიცანით ის კაცი?

– ახალგაზრდაა, ჩემზე სამი წლით უმცროსი. საყიდლებზე ვიყავი და სავაჭრო ცენტრში, კაფეში ყავის დასალევად მარტო შევედი. იქ გავიცანი. მაშინ, არაფერი მიფიქრია, გავიცანი და მორჩა. ზედმეტი არაფერი უკადრებია.

– მობილურის ნომერი, ალბათ, გამოგვართვათ.

– დიახ და მივეცი. ხომ გითხარით, ძალიან სასიამოვნო ადამიანი იყო-მეთქი. ბევრ საინტერესო რაღაცაზე ვილაპარაკეთ. ვიცი, მობილურის ნომრის მიცემა შეცდომა იყო, მაგრამ რა მოხდა-მეთქი, ვიფიქრე. მაშინვე ვუთხარი, რომ გათხოვილი ვიყავი.

– ეს გაფრთხილება ხომ არ იყო თქვენი მხრიდან?

– თქვენ ასე ფიქრობთ? არ ვიცი, ისე ვუთხარი.

– „ისე” თქმა ცოტა უცნაურია. „ისე” არავინ არაფერს ეუბნება არავის. ქვეცნობიერში თქვენ დაუშვით, რომ, შეიძლებოდა, მას დაახლოების მცდელობა ჰქონოდა.

– შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ, მე არაფერი მსგავსი არ მიფიქრია, ხომ შეიძლება, რომ დამიჯეროთ, არ ვტყუი. არც მერე, როცა დამირეკა და მესიჯები მომწერა, არ მიფიქრია, რომ ძალიან დავახლოვდებოდით.

– მაგრამ, გსიამოვნებდათ მისი ყურადღება და ალბათ, ეს ქმრისთვის არ გითქვამთ.

– ასეა, უნდა ვაღიარო. ეტყობა, უკვე ეს იყო ღალატის გზაზე გადადგმული ჩემი პირველი ნაბიჯი. ალბათ, ჯობდა, ჩემს ქმარს სხვანაირი რეაქცია ჰქონოდა ამაზე – გაბრაზებულიყო, ეჩხუბა და დაეშალა ჩემთვის იმასთან ურთიერთობა, აეკრძალა მესიჯებზე პასუხი.

– ანუ, ეეჭვიანა: სცენები მოეწყო, სახლში ყველაფერი დაელეწა. ნუთუ აუცილებელია, კაცი ასე იქცეოდეს, რომ ცოლი ხელიდან არ დაუძვრეს?

– რა არის, იცით? კონტროლი და სიმკაცრე ქალის შემთხვევაშიც აუცილებელი ყოფილა და კაცის შემთხვევაშიც. ზომიერ კონტროლსა და სიმკაცრეზე ვლაპარაკობ. მე რომ ახლა ასეთ ცუდ დღეში ვარ, ამაში წვლილი ჩემს ქმარსაც მიუძღვის.

– თქვენი აზრით, აშავებს კაცი, რომელიც ცოლს ენდობა?

– ენდე, მაგრამ შეამოწმეო, ხომ გაგიგიათ. უნდა შევემოწმებინე, ისე არ გაიგოთ, ჩემი დანაშაულის მასზე გადაბრალებას ვცდილობდე, მაგრამ, ორივემ ძალიან წავაგეთ ზედმეტი ნდობით. ვერ დავიჯერებ, რომ ფეხებზე ეკიდა, მე როგორ მივიქცეოდი იმ ადამიანთან, როცა ჩემი ურთიერთობა შორს წავიდოდა. იქნებ, საერთოდ ვერ წარმოიდგინა ეს. თუ ასეა, მაშინ კიდევ უფრო მეტად შემაწუხებს სინდისი. მოსახდენი უკვე მოხდა, კიდევ კარგი, რომ ის ადამიანი ძალიან შეგნებული აღმოჩნდა და პრობლემებს არ მიქმნის. ვუთხარი, რომ მისი არათუ ნახვა, საერთოდ ხსენებაც აღარ მინდა და გამიგო, აღარ შევუწუხებივარ. ის კი არა, საერთოდ გაუჩინარდა, თითქოს არც ყოფილა. ჩემი მეხსიერებიდანაც რომ გაქრეს, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, მაგრამ, სულ მახსოვს. სულერთია, სად ვარ, რას ვაკეთებ, მაინც ამაზე ვფიქრობ. თუ ვინმეს ღალატზე და უზნეობაზე ჩამოვარდება საუბარი, ხომ საერთოდ, მიწა მისკდება. „აკრძალული ხილი“ ის არ მეგონა, რასაც ძალიან ბევრი გათხოვილი ქალი და დაქორწინებული მამაკაცი, ჩვეულებრივ, „მსუბუქ” გართობად მიიჩნევს. „აკრძალული ხილის” თემა ჩემთან მაშინ „შემოვიდა”, როცა უკვე ძალიან გვიან იყო. როცა გავსინჯე ეს „ხილი” და, მინდა გითხრათ, არანაირი სიამოვნება არ მიგრძნია, რადგან თითქმის იმავე წამს შემაწუხა სინდისმა და მას მერე ამ გრძნობას ვეღარ ვიშორებ.

– თქვენი მეუღლე ვერაფერს ხვდება?

– ვერა, ვერ ხვდება და, კიდევ კარგი, რომ ასეა. ახლა მარტო მე ვიტანჯები, მაშინ კი ორივე დავიტანჯებოდით.

– სიმართლეს იმიტომ მალავთ, რომ მას უფრთხილდებით?

– რა თქმა უნდა. აღიარებით უფრო მომეშვებოდა გულზე, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. ახლა ყველაფერი მაშინებს – ტელეფონის ზარიც, მესიჯიც, ისეთი ემოციური გავხდი, თითქმის ყოველ საღამოს ვტირი და სულ გაღიზიანებული ვარ. ჩემი ქმარი მიზეზს ვერ ხვდება. მეკითხება, რა გჭირსო და პასუხი არა მაქვს. ცხოვრება გამიმწარდა. ნეტავი, ყველა ქალი ასე განიცდის ქმრის ღალატს? მაშინ მე მესმის მათი.

– ვისი გესმით, ვისაც უღალატეს თუ ვინც უღალატა?

– ორივესი, ორივესი მესმის. მინდა გითხრათ, რომ არც ერთი არ არის კარგ მდგომარეობაში. ალბათ, კაცებიც ვერ პოულობენ სიმშვიდეს, როცა ცოლებს ღალატობენ, თუ მართლაც ზღვარგადასული გარყვნილები არ არიან. საშინელებაა, როცა რაღაც საიდუმლოს მალავ. ვისაც ეს გამოუცდია, ის მიხვდება.

– წარმოგიდგენიათ, თქვენმა ქმარმა სიმართლე რომ გაიგოს?

– არც კი შემიძლია ამის წარმოდგენა. მეშინია, გული მისკდება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგოს, მე ამას არ დავუშვებ. რატომ ავიტკივე აუტკივარი თავი?! – მარტო ამაზე ვფიქრობ. მე მოღალატე არ ვარ, „ერთჯერადად” ვუღალატე ქმარს და სადარდებლად სიცოცხლის ბოლომდე მეყოფა.

– იცით, რომ ასე „ერთჯერადად” მოღალატე ცოლები მომრავლდნენ?

– არ გჯერათ, ხომ, რომ ეს მარტო ერთხელ მოხდა? თუმცა, პრინციპში, რატომ უნდა დამიჯეროთ? ალბათ, აქ მოსული ყველა ამას ამბობს, მაგრამ, ნურავინ დაიკვეხნის, რომ დაზღვეულია ღალატისგან. ერთხელ იმედი გაგიცრუვდებათ, მეორედ უგუნებოდ იქნებით, მესამედ ვიღაც რაღაც მომენტში ისე გაგიგებს, როგორც არასოდეს არავის გაუგია და – მორჩა, ღალატის „კლინიკური სურათი” სახეზეა. მე ახლა უკვე ვიცი, რაც უნდა იყოს ჭეშმარიტად აკრძალული შენთვის, როცა გათხოვილი ხარ და ქმარიც გიყვარს, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანაა.


скачать dle 11.3