კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

შეცდომა, რომელსაც

ვეღარ გამოვასწორებ

16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს. ის ბიჭი (უფრო სწორად – კაცი, რადგან ჩემზე 15 წლით უფროსი იყო) არ მიყვარდა, მიყვარდა კი არა, მეშინოდა მისი და, როდესაც ჩემმა მშობლებმა მოგვაგნეს და ჩამომაკითხეს, ტირილით ვეხვეწებოდი მამაჩემს, აქედან წამიყვანეთ-მეთქი. ცოდვას ვერ ვიტყვი – ქმარი არ მცემდა და ცუდად არ მეპყრობოდა, მაგრამ, ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭი” იყო, თან, ჩემზე ამდენით უფროსი, რომელსაც თავისი შეხედულებები და პრინციპები ჰქონდა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, რადგან სულ სხვა ინტერესებითა და პრინციპებით ვიყავი გაზრდილი. მაგრამ, ჩემმა მშობლებმა ქმართან დამტოვეს – შერცხვენილს უკან ვერ წაგიყვანთო. თუმცა, სამი თვის შემდეგ, მაინც მომიწია დაბრუნება, რადგან ჩემს ქმარს ჩხუბში კაცი შემოაკვდა და იმხელა სასჯელი მისცეს, თვითონვე მითხრა, არ დამელოდო, მშობლებთან დაბრუნდი და შენს გზას ეწიეო. ამ მომენტს როგორ გავუშვებდი ხელიდან. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ორსულად ვიყავი. ეს ჩემმა ქმარმა კი არა, მე თვითონაც მერე გავიგე. მას რომ სცოდნოდა, ცხადია, უფლებას არ მომცემდა, მუცელი მომეშალა, ის კი არა, ალბათ, არც მეტყოდა, შენს მშობლებთან წადიო. მაგრამ, რადგან არ იცოდა, აღარც გამიგებინებია. დედაჩემს რომ ვუთხარი, მოვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ ნაყოფი მომეშორებინა, რადგან, სიმართლე გითხრათ, მეც არ მინდოდა, კრიმინალისგან მყოლოდა შვილი. მოკლედ, ბავშვი მოვიშორე და ამით ის უკანასკნელი ძაფიც გადავჭერი, რომელიც თუნდაც მცირედად მაკავშირებდა ჩემს ქმართან. თან, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფერს ზედაპირულად ვუყურებდი. ვფიქრობდი, დრო გავიდოდა, ვინმე კარგ ბიჭზე გავთხოვდებოდი, შვილებს გავაჩენდი და მექნებოდა ბედნიერი ოჯახი. მაგრამ, ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. წლები ისე გავიდა, ვერ (თუ არ) გავთხოვდი. ოცდაათს ვიყავი გადაცილებული, რომ ერთი მამაკაცი შემიყვარდა. ჩვენ კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. ბექა სულ მეუბნებოდა, სამსახურის პრობლემებს მოვაგვარებ და დავქორწინდებითო. ჩემმა მშობლებმა ჩვენი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ერთ დღეს, როცა ბექამ მითხრა, პრაქტიკულად ყველაფერი მოვაგვარეო, მეც ვახარე – ფეხმძიმედ ვარ-მეთქი, მეგონა, სიხარულით გაგიჟდებოდა, მაგრამ, ამის ნაცვლად, მითხრა, ეს ჩემს გეგმებში არ შედის და ერთმანეთს უნდა დავშორდეთო. ჩემთვის ეს იყო მეხის გავარდნა, რადგან, ყველაფერს მოველოდი ამის გარდა. მე სულელს, ოღონდ ბექა არ დამეკარგა და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. ამიტომ, თვითონ შევთავაზე – თუ ჩვენს ერთად ყოფნას ბავშვი შეუშლის ხელს, მაშინ ის აღარ გაჩნდება-მეთქი. მაშინვე დამთანხმდა. მეც მეორე დღესვე წავედი და აბორტი გავიკეთე, მაგრამ ბექამ მაინც მიმატოვა – მიზეზი არც კი უთქვამს, ადგა და წავიდა. დავრჩი ისევ მარტო, განადგურებული, დამცირებული და, რაც მთავარია – ცოდვააკიდებული. იმის მერე გათხოვებაზე აღარც მიფიქრია, მაგრამ შვილი კი ძალიან მინდოდა, ვინაიდან ამ წლების განმავლობაში გარდამეცვალა ჯერ მამა, მერე – დედა და დავრჩი აბსოლუტურად მარტო და გამიჩნდა დაუძლეველი სურვილი, მყოლოდა შვილი. ამ მიზნით გავიჩინე მეგობარი, მაგრამ არ დავფეხმძიმდი. ექიმთან მივედი და, ყველანაირად რომ გამსინჯა, მითხრა, შვილი არასდროს აღარ გეყოლება, რადგან აბორტის დროს, რაღაც მილები გაქვს დაზიანებულიო. მე მივხვდი, რომ ეს იყო სასჯელი უფლისგან იმის გამო, რაც მე ორჯერ გავაკეთე. იმავე ექიმმა მირჩია, რომ შემეძლო, ახალშობილი ამეყვანა შვილად და გამეზარდა. არ ვიცი, შეიძლება, რამდენიმე წლის შემდეგ ასეც მოვიქცე, მაგრამ ახლა ამას ვერ გავუძლებ, ისეთ დღეში ვარ. ვნახოთ, მომავალი რას მიქადის.

ლალი, 34 წლის.



მირჩევნია, გაუთხოვარი დავრჩე

მალე, 35 წლის გავხდები. საკმაოდ ლამაზი ქალი ვარ (ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ), მაგრამ, გაუთხოვარი (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით და, როგორც ვატყობ, მთელი ცხოვრება მარტო დავრჩი, რადგან ჩემი ოცნების მამაკაცის პოვნას ასრულება არ უწერია). ის კი არა, პრაქტიკულად, სერიოზული თაყვანისმცემელი არც კი მყოლია. სტუდენტობიდან მოყოლებული, დღემდე ასეა: გამიცნობს მამაკაცი, დამიწყებს ფლირტაობას ან მეუბნება, რომ ჩემ მიმართ სერიოზული მიზნები ამოძრავებს, მაგრამ, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გამირბის, ან მე ვეუბნები, რომ თავი დამანებოს. რამდენიმემ მითხრა, შენი ხასიათისა და პრეტენზიების გადამკიდე, ვერასდროს გათხოვდებიო. მარტო იმიტომ, რომ გათხოვილი ქალის სახელი მერქვას, ნამდვილად არავის გავყვები, მით უმეტეს – უსიყვარულოდ. ამას მირჩევნია, გაუთხოვარი დავრჩე. ჩემი დაქალიც მეუბნება, მძიმე ხასიათი გაქვს და წარმოუდგენელ პრეტენზიებს უყენებ კაცებს და ვინ გაგიჩერდებაო. რომ ვუთხარი, პრეტენზია კი არა, ელემენტარულად, იმას მოვითხოვ, სადმე რომ შევდივართ, წინ მე გამატაროს, როცა სადმე ერთად ვართ, უგონოდ არ დათვრეს, ჩემი თანდასწრებით უწმაწური სიტყვები არ თქვას-მეთქი, სიცილით მოკვდა – შენ რა იდეალისტი ყოფილხარ, ეგეთი მამაკაცები არ არსებობენო. არ არსებობენ და ნუ არსებობენ. ბებიაჩემი ძალიან ნერვიულობს ჩემ გამო. იცის ჩემი ხასიათი და აცრემლებული მეუბნება ხოლმე: მოგიკვდეს, ბებო, ჩემი თავი, დაგღუპა წიგნებმა და თეატრმა, შენ ორი საუკუნით ადრე უნდა დაბადებულიყავიო. წიგნებსა და თეატრს ბებო იმიტომ აბრალებდა, რომ ძალიან ადრე დავიწყე კითხვა და ბავშვობიდან ვგიჟდებოდი შუა საუკუნეების რაინდებზე, მეცხრე კლასში კი სასკოლო სპექტაკლში პრინცესას როლი შევასრულე, რომლის წინაშეც იმ ქვეყნის წარჩინებული ვაჟკაცები მუხლს იდრეკდნენ, თავს აწონებდნენ და სიყვარულს უმტკიცებდნენ. ჰოდა, მეც გადავვარდი რამდენიმე საუკუნის წინანდელ ცხოვრებაში და, როგორც ჩანს, სამუდამოდ ჩავრჩი იქ. ძალიან მიჭირს თანამედროვე კაცების გაგება, უფრო სწორად – ატანა. საშინლად მაღიზიანებს მათი გაუთავებელი, მაღალფარდოვანი ხოტბა-დიდება ქალებისა სადღეგრძელოებში, მაგარი ტიპების თამაში სუფრასთან. ვერ ვიტან იმიტომ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა (უკეთეს შემთხვევაში – ასიდან ერთი-ორის გამოკლებით) დესპოტი, უხასიათო, ან, საუკეთესო ვარიანტში, უყურადღებო ქმარია, რომელიც, არათუ ელემენტარულ პატივს არ სცემს ცოლს (სხვათა შორის, არც დედას და დას), არამედ, საჭიროდ არც კი მიაჩნია, რომ მის მიმართ რაიმე ყურადღება და ზრუნვის მაგვარი გამოამჟღავნოს. უფრო მეტიც, ქალი, ზოგადად, არ მიაჩნია პიროვნებად და თავს არ იკლავს მისი განებივრებით. მე კი საშინლად მაღიზიანებს მათი, ეგრეთ წოდებული „ორმაგი სტანდარტი” და ასეთი კაცები, პირდაპირ ვიტყვი, კაცებად არ მიმაჩნია. ვერავის და ვერაფრის ხათრით ვერ ვიცხოვრებ ასეთ ქმართან. შეიძლება, ბევრმა გამამტყუნოს ან არ დამეთანხმოს, მაგრამ, ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს ყველაფერზე და თითოეული ჩვენგანი ისე ცხოვრობს, როგორც სწორად მიაჩნია. მე, უბრალოდ, გული მწყდება, რომ ნამდვილი მამაკაცის კატასტროფული დეფიციტია და იმიტომ არის საქართველოში (შეიძლება, სხვაგანაც) ამდენი მარტოხელა ან კაცად ქცეული, დაჩაგრული და ბედს შეგუებული ქალი. მე კი ამ სამიდან მარტოხელობა მირჩევნია – ასე თავმოყვარეობა მაინც არ შემელახება. შვილის გაჩენა კი, თუ ეს ოდესმე გადავწყვიტე, ოფიციალური გათხოვების გარეშეც შეიძლება.

ნუცა, 34 წლის



რატომ არ მინდა სიმდიდრე

და თანამდებობა

ორი ახლობელი მყავს, სხვადასხვა ასაკის: ერთი თითქმის 40 წლისაა, მეორე – დაახლოებით 25-ის. სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ, ორივე ცნობილი და წარმატებული ადამიანია. უფროსი ძალიან დიდ თანამდებობაზე დანიშნეს, უმცროსი კი ხელოვანია და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მისი პოპულარობა უფრო მამიკოს ფულებიდან მომდინარეობს – ლამის ყოველთვე ახალ კლიპსა და სარეკლამო რგოლს უღებს. ასე რომ არ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, მისი არსებობა არც არავის ეცოდინებოდა. მართალია, ვერ ვიტყვი, რომ მთლად უნიჭოა-მეთქი, მაგრამ, არც განსაკუთრებული მოვლენა არ არის. მაგაზე ბევრად ნიჭიერი ხალხი ვიცი, მაგრამ, ფული რომ არ აქვთ, სხედან სახლში, ან, უკეთეს შემთხვევაში, სხვა სფეროში მუშაობენ. რაც შეეხება იმას, რომელიც უფროსია (40 წლის), მან სხვა გზა გაიარა და იმ მდგომარეობის (უფრო სწორად – თანამდებობის) მიღწევა სხვა გზით შეძლო, მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა ლაპარაკი, რადგან ამ წერილს სულ სხვა მიზნით გწერთ. საქმე ისაა, რომ სკოლის პერიოდშიც და სტუდენტობის დროსაც ორივე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო: კარგადაც სწავლობდნენ, ბევრსაც კითხულობდნენ, არც გზას გადასცდენია არც ერთი და ბიჭური ისტორიებიც არ გადახდენიათ. მიუხედავად იმისა, რომ თანაკლასელებისა და თანაკურსელებისგან ბევრი რამით განსხვავდებოდნენ (კარგი გაგებით), თავში არ ავარდნიათ და ყოველთვის და ყველაფერში მათ გვერდით იდგნენ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა გაუსწრეს კარიერაში თავიანთ მეგობრებს, თითქოს ორივე შეცვალეს, იმ დონეზე, რომ ბავშვობის მეგობრებთან დალაპარაკებასაც კი აღარ კადრულობენ, თუ ის მეგობარი მათი „ღირსი“ არ არის ან ქონებით, ან მდგომარეობით საზოგადოებაში. ისე იქცევიან, თითქოს ღვთის რჩეულები არიან. ის კი არ იციან, რომ ამქვეყნად არაფერია მარადიული, პირველ ყოვლისა კი – თანამდებობა, მატერიალური კეთილდღეობა და, თუნდაც, პოპულარობა. მათი მეგობრები (უფრო სწორად, ყოფილი მეგობრები, რადგან ახლა სხვა მეგობრები ჰყავთ) – თანაკლასელები, უბნელები, თანაკურსელები თუ მეზობლები, უკვე არ ფარავენ უკმაყოფილებას და ყველგან ხმამაღლა ამბობენ საყვედურს მათი ამპარტავნებისა და ამბიციების შესახებ. მაგალითად, უმცროსის („უფროსი” და „უმცროსი” დავარქვი ჩემს გმირებს) ბავშვობის მეგობრები ამბობენ: რომ მათ დაბადების დღეებზეც კი აღარ კადრულობს მისვლას. ის კი არა, არც სკოლის დამთავრების ბანკეტზე მივიდა და არც უნივერსიტეტის. რაც შეეხება უფროსს, მისი კლასი ყოველ წელიწადს იკრიბება და რესტორანში მიდიან, როგორც თვითონ ამბობენ, ბავშვობის გასახსენებლად, მაგრამ, ჩემი გმირი არც ერთხელ არ მისულა, ის კი არა, ერთი თანაკლასელისთვის უთქვამს, იმ გოიმებში რა უნდა ვაკეთოო. ასეთ ადამიანებს, ალბათ, თქვენც იცნობთ. დარწმუნებული ვარ, ეს ორი პიროვნებაც საკმაოდ ნაცნობია (შეიძლება, ახლობელიც კი იყოს) თქვენთვის. მე შეგნებულად არ დავასახელე მათი სახელები და გვარები, მაგრამ, ასევე, შეგნებულად მოვიყვანე მაგალითად ორი სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, რათა მეჩვენებინა, რომ ეს რომელიმე თაობისთვის დამახასიათებელი ნაკლი კი არ არის, არამედ, ურწმუნო და დაბალი დონის ადამიანების თვისებაა. ყველა დამეთანხმება, რომ ფული, თანამდებობა და პოპულარობა ადამიანების დიდ უმრავლესობას, მსუბუქად რომ ვთქვათ, უარესობისკენ ცვლის და, სამწუხაროდ, ავიწყებს, რომ ყველაფერი წარმავალია.

ასეთ ადამიანებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ ხოლმე: ნუთუ, მეც ასეთი ცუდი გავხდები, რომ გავმდიდრდე ან უცბად რამე დიდ თანამდებობაზე დამნიშნონ-მეთქი? ალბათ, მეტყვით, შეიძლება, შენ უარესიც გახდეო. არ ვიცი, ვერ შეგეკამათებით, თუმცა, მაინც არ მგონია. მაგრამ, ხანდახან ისე შემეშინდება ხოლმე, რომ მეც ასეთ ქამელეონებს არ დავემსგავსო, რომ მირჩევნია, სიცოცხლის ბოლომდე ისე ვიცხოვრო, როგორც ახლა ვარ – მუდამ ხელფასის აღების მოლოდინში და ხშირად იმის შიშში, რომ სამსახური არ დავკარგო.

ავთო, 40 წლის.



ბავშვობის სიყვარული დამიბრუნდა

დავიბადე და გავიზარდე სოფელში, სკოლაც იქ დავამთავრე. სკოლის პერიოდში მყავდა შეყვარებული, რომელზეც გათხოვებას ვაპირებდი, მაგრამ, ზუსტად ბანკეტის დღეს გავიგე, რომ თურმე ჩემი დაქალისთვისაც აუხსნია სიყვარული. ეს არ ვაპატიე და დავშორდი. მერე თბილისში წავედი უმაღლესში ჩასაბარებლად, მაგრამ, ქულა დამაკლდა და ვერ მოვეწყვე. სოფელში დაბრუნება აღარ მინდოდა და მუშაობა დავიწყე, თან ვმეცადინეობდი, რომ შემდეგ წელს ისევ მეცადა ბედი, მაგრამ, სამსახურში ერთ ბიჭს მოვეწონე, ცოლობა მთხოვა და მეც მაშინვე დავთანხმდი – ჩემი ჭკუით, ჩემს შეყვარებულს გადავუხადე სამაგიერო: ვიფიქრე, გულზე გასკდება, როცა გაიგებს, რომ თბილისელ ბიჭს გავყევი და მიხვდება, ჩემი სახით ვინ დაკარგა-მეთქი. გავთხოვდი და, მეგონა, ქალაქურ ოჯახში შევედი-მეთქი, მაგრამ, ოჯახს კი არა, ჩემს ქმარსაც კი არ ვიცნობდი წესიერად. ჯერ ერთი, რანაირი ქალაქელები ერქვათ, არ ვიცი, ისეთ გადაკარგულში ცხოვრობდნენ, იქიდან სამსახურამდე რომ მივსულიყავი, სამი ტრანსპორტი უნდა გამომეცვალა; თანაც, ბინა კი არა, რაღაც ნახევრად მიწური დანგრეული ბარაკი ჰქონდათ, ფანერებით ორ ოთახად გატიხრული. მაგრამ, ამ ყველაფერს კიდევ გავუძლებდი, რომ არა ოჯახის წევრების რაოდენობა და, რაც მთავარია, მსუბუქად რომ ვთქვა, მათი უცნაურობანი: ჩემი ქმრის ბებია, ლოგინად ჩავარდნილი 90 წლის ანჩხლი და სკლეროზიანი მოხუცი, მარად გამოუფხიზლებელი (ანუ – მთვრალი) მამამთილი და გასაცოდავებული და დაჩაგრული დედამთილი, რომელიც ყველას თვალებში შესცქეროდა, ყველას ემსახურებოდა, მაგრამ ერთი ტკბილი სიტყვის ღირსადაც არავის მიაჩნდა და ამიტომ სულ გაღიზიანებული იყო. მაგრამ, რადგან თავისი ქმარ-შვილის ეშინოდა, დაბალ ღობედ მე დამიგულა და თავის ბოღმას მე მაცლიდა თავზე. ძალიან მალე ისიც აღმოვაჩინე, რომ ჩემს ქმარს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, თუმცა, არც სიფხიზლეში გამოირჩეოდა ანგელოზის თვისებებით. ისედაც სულ უხასიათოდ იყო, მაგრამ, თუ დალევდა, აგრესიული ხდებოდა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე მცემდა. ამ ცემით პირველად რომ მომეშალა მუცელი, გამხელის შემრცხვა და დავმალე – ვთქვი, რომ წავიქეცი-მეთქი, მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ იგივე რომ განმეორდა, იძულებული გავხდი, მეთქვა, რაც მოხდა, რადგან კინაღამ მოვკვდი და მეზობლის ქალმა სასწრაფოს გამოუძახა. ისე ცუდად ვიყავი, რომ ორი კვირა რეანიმაციაში ვიწექი. იმავე მეზობელმა სოფელში ჩემს მშობლებს შეუთვალა, ჩამოდით და თქვენს შვილს მიხედეთ, სანამ ამ უჯიშოებს არ მოუკლავთო. რა თქმა უნდა, დედა და მამა მეორე დღესვე ჩამოვიდნენ და, როგორც კი უკეთ გავხდი და ექიმმა უფლება მისცა, იმავე დღეს წამიყვანეს სოფელში. ასე გავეყარე ქმარს. სოფელში ჩასვლის შემდეგ კიდევ რამდენიმე თვე ვიწექი, რომ ბოლომდე გამოვჯანმრთელებულიყავი. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, თითქმის მთელი სოფელი მოდიოდა ჩემს სანახავად, მათ შორის – ჩემი ყოფილი შეყვარებულიც, რომელმაც ბოდიში მომიხადა და მითხრა, რომ არაფერი მასა და ჩემს დაქალს შორის არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მეზობლის ქორწილში ერთად უცეკვიათ. ეტყობა, ვიღაცას უნდოდა, მე და შენ ერთმანეთს დავეშორებინეთ და ამიტომ მოიგონა ეს ბოროტი ტყუილიო. მე დავუჯერე და ვაპატიე, მით უმეტეს, რომ ვგრძნობდი, ისევ მიყვარდა. ზურა ყოველდღე დადიოდა ჩემს სანახავად და საათობით მართობდა ხოლმე. საბოლოოდ რომ გამოვჯანმრთელდი, ზურამ ხელი მთხოვა და მეც დავთანხმდი. ჩემს მშობლებსაც აღარ გაუწევიათ წინააღმდეგობა – ეტყობა, ასე უნდა მომხდარიყოო, – თქვეს და ზურაც თავის ღვიძლ შვილად მიიღეს.

ამის შემდეგ თითქმის რვა წელი გავიდა. თავიდან მეშინოდა, ვაითუ, ამ ტრავმების შემდეგ შვილი აღარ მეყოლოს-მეთქი, მაგრამ, ღვთის წყალობით, მე და ზურას სამი შვილი გვყავს და, რამდენსაც უფალი მოგვცემს, კიდევ იმდენს გავაჩენთ.

ლია, 29 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3