რა უცნობ დეტალებზე ლაპარაკობს ნუნუ გაბუნია ათეული წლების შემდეგ
თბილისში, ერთი პატარა, ბალერინობაზე მეოცნებე გოგონა ცხოვრობდა, უჩვეულოდ ლამაზი და მოხდენილი სახელით – ნუნუ. მამა ადრე გარდაეცვალა. მარტოდ დარჩენილი დედა ქალ-ვაჟს წვალებით, მაგრამ დიდი სითბოთი და სიყვარულით ზრდიდა. ერთ დღეს ნუნუ მეგობრის თხოვნით დაბადების დღეზე წავიდა. სტუმრად მისულს თავისი ასაკის ორი, კინომსახიობი ბიჭი დახვდა, თუმცა 16 წლის გოგონა გარეგნობაზე მეტად მათმა არტისტობამ მოხიბლა. დამეგობრდნენ, ერთმანეთს და-ძმობაც კი შეჰფიცეს. სწორედ იმ დღემ მთელი მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. წლები გავიდა. დღეს ქალბატონი ნუნუ გაბუნია ცნობილი კომპოზიტორია. მის სიმღერებს დიდიც და პატარაც სიყვარულით მღერის. გოჩა აბაშიძე კი... თბილისში ერთ დროს ამ არაჩვეულებრივი წყვილის ცხოვრების დღიურს ქალბატონი ნუნუს უჩვეულო გულახდილობით, სწორედ იმ მონაკვეთიდან დავიწყებთ, საიდანაც მისთვის ყველაზე რუხი, მაგრამ მნიშვნელოვანი ხანა იწყება და იქვე მთავრდება.
ნუნუ გაბუნია: სკოლას ვამთავრებდი, როცა გოჩა გავიცანი. ჩემი უახლოესი მეგობრის, ლია თოხაძის მამიდაშვილს დაბადების დღე ჰქონდა. არ მინდოდა წასვლა, სამეცადინო მქონდა, მაგრამ, ლია ჩამაცივდა. ორივე კარგად ვმღეროდით, დუეტი გვქონდა და მის მამიდაშვილს ძალიან უნდოდა, რომ ერთად მივსულიყავით და გვემღერა. რომ მივედით, საოცარი საზოგადოება დაგვხვდა. მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო გოჩა აბაშიძე. მას ახლდა ნუკრი ალხაზიშვილიც (ვეფხიას როლის შემსრულებელი ფილმში – „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან, – ავტორი“). შევედით თუ არა, მაშინვე გაგვაცნეს – ესენი მსახიობები არიან, ფილმში იღებენ „ისინი ჩამოვიდნენ მთიდანო“. კინო ძალიან მიყვარდა და მესიამოვნა, მსახიობები ასე ახლოს რომ ვნახე. ნუკრის ვეცეკვე. მაშინ პირველად ვიცეკვე ბიჭთან. წამოსვლისას გოჩამ გამოგვაცილა. მე, იქვე ვცხოვრობდი, კონსერვატორიასთან პატარა ქუჩა რომ ჩადიოდა, ლია – ოპერასთან. სხვათა შორის, ამ ქუჩაზე ცხოვრობდა ნანი ბრეგვაძე. მეორე დღეს გოჩა სახლში გამომეცხადა. გავოცდი. ვიფიქრე, გუშინ გავიცანი და დღეს რატომ მოვიდა, ან როგორ მომაგნო, რა იცოდა, რომელ სახლში ვცხოვრობდი-მეთქი. ძალიან უშუალო იყო და ამ უშუალობით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი მეგობრები თითქმის სულ გოგოები იყვნენ. გოჩაც ჩემთვის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი გახდა, რომელსაც ყველაფერს ვუყვებოდი, ისე, როგორც დაქალმა დაქალს შეიძლება მოუყვეს. ისე მიიღო ჩვენმა ოჯახმა, რომ ჩემს მეზობლებსაც დაუახლოვდა. სანამ ჩემთან შემოვიდოდა, თურმე მთელი საათი იჯდა ხან ერთთან, ხან მეორესთან. დედაჩემი და ჩემი ძმა გიჟდებოდნენ გოჩაზე. ჩვენი ურთიერთობა ნორმალურად მიდიოდა. არაფერს ამბობდა. წესით, არ უნდა ჰქონოდა ჩემ მიმართ სხვანაირი გრძნობა. არც მე შემიხედავს მისთვის, როგორც მამაკაცისთვის. იმ პერიოდში დაიწყო „ცისკარას“ გადაღებები, სადაც გოჩა, ბადრის როლზე დაამტკიცეს. ცისკარას როლს კი თამაზ ტოგონიძე თამაშობდა. გოჩა რამდენჯერაც მოვიდოდა, მეტყოდა, წამოდი, რა, ნანისთან ავიდეთო (ნანი ბრეგვაძესთან). ნანი დედასთან ერთად ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. იმდენი მეგობარი იყრიდა იქ თავს, გაოცდებოდით. იყო დაკვრა, სიმღერა, ცეკვა. ჩემს მეგობრებს, ყველას ვიღაც მოსწონდა ან უყვარდა. იქ გავიცანი თამაზი. არ ვიცი, ეს გატაცება იყო თუ ნამდვილი სიყვარული, მაგრამ, ცხადია, რომ სულ მასზე ვფიქრობდი. ეს ამბავი როგორც გოგონებს, ისე გოჩასაც გავუმხილე. „ცისკარას“ სინჯები იყო და გოჩას კინოსტუდიაში მივყავდი ხოლმე. მერე ვთხოვე – შენი მეგობარი არ არის, ერთხელ ჩვენთან, სახლში ამოიყვანე-მეთქი. მე ვერაფერს ვამჩნევდი, არადა, თურმე, ამას გული უსკდება, ძალიან შეწუხებულია ამ ამბით. რატომ არ მოგყავს-მეთქი, რომ ვკითხე, პირდაპირ მითხრა, რატომაც არ მოიყვანა – სიყვარული ამიხსნა. ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავი იყო...
საერთოდ, ძალიან უბედური ბიჭი იყო. მამა დაპატიმრებული, გადასახლებაში ჰყავდა. როცა მამამისი დაბრუნდა გადასახლებიდან, დედამისი გათხოვილი დახვდა. მამამისმა უთხრა: ყველაფერს გაპატიებ ბაშვების გამო, ოღონდ დაბრუნდიო. არ დაბრუნდა. ცოტა ხანში ეს კაცი გარდაიცვალა – ძალიან განიცადა. გოჩას აწეწილი ცხოვრება ჰქონდა, თავისი ბავშვობის ამბებს გვიყვებოდა ხოლმე...
ვუთხარი: როცა სიყვარული გაგივლის, მაშინ მოდი. შენ ჩემთვის ძმასავით ხარ და სხვანაირად როგორ შემოგხედო, ან, რა დროს ჩემი გათხოვებაა-მეთქი. ასე დავითხოვე სახლიდან – ვიფიქრე, გაუვლის და ისევ მეგობრები ვიქნებით-მეთქი. გავიდა რამდენიმე დღე. ყველა ვგრძნობდით, რომ გოჩა მთელ ეზოს დააკლდა თავისი ხუმრობებით, სიცილით. ხომ ასეთი ტრაგიკული პიროვნება იყო, ვერავინ შეატყობდა, თუ გულით ამხელა დარდს ატარებდა. ერთ საღამოს, საკმაოდ გვიანი იყო, თავის მეგობართან ერთად მოვიდა. იმ ბიჭმა თქვა: ძლივს გადავარჩინე, მტკვარში ხტებოდა. მერე ვუთხარი, წავიდეთ და ნუნუს მე დაველაპარაკები-მეთქი. ძლივს დავითანხმეო. მეზობლის ქალი იყო ჩვენთან შემოსული და გოჩამ მის წინ დაიწყო: მიყვარს და ეს ხელს მკრავს, ჩემს ცხოვრებას მის გარეშე აზრი არ ექნებაო, თან თავისი ბავშვობის უბედურების ამბავს ყვება. დედაჩემი და ჩემი მეზობელი ტირიან, მე კი ამ დროს პიანინოზე თამაზ ტოგონიძის სურათი მიდევს და ჭკუაზე არ ვარ – მე ამას მივტირი. ვიფიქრე, თუ გავყევი, მაშინ, უნდა დავივიწყო ჩემი გატაცება და ყველაფერი. მერე ვუთხარი: ჯერ სკოლა უნდა დავამთავრო, მერე – უმაღლესი, მერე ვიმუშაო-მეთქი. თანახმა ვარ, ოღონდ, ჯერ ხელი მოვაწეროთ, რა ვიცი, შენ რას იზამ. რომ გადაიფიქრო, მერე რა ვქნაო. 17 აპრილს მოვაწერეთ ხელი. მახსოვს, სუსხიანი, ქარიანი ამინდი იყო. ვინაიდან სრულწლოვანი არ ვიყავი, ვიღაც წამოიყვანა, რომ ხელის მოწერის ნება დაერთოთ. როგორც თვითონ მითხრა, უნივერსიტეტის პროფესორიაო. მას შემდეგ ის კაცი თვალითაც არ მინახავს. რომ გამოვედით, საშინელი ქარი იყო. ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტა ახლა ისე გავცივდებოდე, ფილტვების ანთება დამემართოს და მოვკვდე. ეს რა გავაკეთე, დედაჩემი გაგიჟდება-მეთქი. ამ კაცმა მთაწმინდის პლატოზე, რესტორანში დაგვპატიჟა. გამიხარდა – კიდევ უფრო მეტი ქარი იქნება და მით უკეთესი-მეთქი. გოჩამ თავისი პირობა შეასრულა. თითი არ დაუკარებია ჩემთვის კარგა ხანს. სახლში რომ მოვედით, დედაჩემს მაშინვე ცხვირწინ ააფარა ქორწინების მოწმობა. დედაჩემი ისე ცუდად გახდა, მარცხენა მხარე გაუჩერდა. გავაფრთხილე, არავის უთხრა, ხელი რომ გვაქვს მოწერილი-მეთქი და მაინც ქვეყანა შეყარა. მესამე დღეს ფილმის, „ჩრდილი გზაზე“, გადაღებაზე მიდიოდა. ლია ელიავასთან ერთად თამაშობდა, ეპიზოდური როლი ჰქონდა. რომ ჩამოვიდნენ, ლია მომეხვია და მაკოცა – გილოცავო. ისე შემრცხვა, ვერ წარმოიდგენთ.
– გოჩა აბაშიძის და ლეილა აბაშიძის ურთიერთობის შესახებ მთელმა საქართველომ იცის. ამდენად, ვფიქრობ, უხერხული არ იქნება, გკითხოთ, რა ხდებოდა მათ შორის სინამდვილეში და რატომ მოიკლა თავი თქვენმა მეუღლემ?
– ლეილა აბაშიძე მათი ოჯახის უახლოესი ნათესავი იყო. გოჩა მას უფროს დად თვლიდა. ლეილა ბევრად უფროსი იყო გოჩაზე. მეც ისე მიყვარდა, ვერ წარმოიდგენთ. რძალ-მულივით ვიყავით. ის, ჩემს თავს ყველას აცნობდა, როგორც რძალს და მეც მიხაროდა – როგორი კარგი მული მყავს-მეთქი. მართალია, მას ჩვენი ოჯახის დანგრევაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ. გოჩას ცხოვრებაში ბევრი ისეთი რაღაც მოხდა, რამაც, საბოლოოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა. კაცი, ვისაც დედამისი ცოლად გაჰყვა, მამამისის მეგობარი იყო. მოვიდა და მამამისის სახლში ცხოვრობდა. გოჩას ხშირად ჰქონდა მასთან უსიამოვნება, რადგან, მეგობრები დასცინოდნენ – მამაშენის მკვლელი სახლში როგორ შემოუშვიო. ამას დაემატა ის, რომ ვალი ჰქონდა. მანქანა ჰყავდა. იმ იმედით გაყიდა, რომ როლზე დამამტკიცეს, ფულს დავამატებ და ახალს ვიყიდიო („თეთრი ქარავანი“, სადაც გოჩა აბაშიძის როლი იმედა კახიანმა ითამაშა – ავტორი). საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადეს გოჩას. მყიდველმა კარგა ხნის შემდეგ მოუყვანა და ეუბნება: ბევრი ვიწვალე, ვერაფრით ვერ გადავიფორმე და თანხა დამიბრუნეო. დედამისთან ჰქონდა ფული მიბარებული. რომ მივიდა, დედამისმა უთხრა, დავხარჯე, ვიფიქრე, სანამ ფილმზე მუშაობას მორჩება, მოვაგროვებო. როგორ უნდა მოეგროვებინა, ეს უკვე აღარ ვიცი. გოჩა საგონებელში ჩავარდა. იმ დროს კინოსტუდიაში ასეთი წესი იყო, რომ ფულს ან ფილმის დასრულების შემდეგ ერთიანად უხდიდნენ, ან ნაწილ-ნაწილ ავანსის სახით, ან ყოველთვიურ ჯამაგირს. კინოსტუდიაში გაქანდა, იქნებ ავანსი მომცენო. დირექტორი კობახიძე იყო. რომ შესულა, დირექტორთან კამათი მოსვლია – რა ავანსი, თურმე როლიდან არის მოხსნილი. აქ მარტო იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ როლიდან მოხსნეს, ეს იმას ნიშნავდა, რომ მთელი წელი უმუშევარი უნდა ყოფილიყო. მდივანს გაუგია, გოჩას რაღაც უთქვამს თავის მოკვლაზე და კობახიძეს უთქვამს: იცი, რას გეტყვი, შენ კი არა, აგერ, შავგულიძე მოკვდა და იმას არავინ გაჰყოლია თანო. ეს ამბავი მერე გავიგეთ, თორემ, მანამდე მეც ასე ვიცოდი, რომ ლეილას გამო მოიკლა თავი. საავადმყოფოშიც ამიტომ არ წავედი. იმ დღეს ლეილა და დევი აბაშიძე კინოსტუდიაში ყოფილან. გოჩა კინოსტუდიიდან გიჟივით გამოვარდნილა. კობახიძეს ლეილასთვის უთქვამს, ეს დღეები გიჟივით დადის ეს ბიჭი და გაჰყევი, მართლა არ აუტეხოს თავს რამეო და ლეილაც უკან გაჰყოლია. მისულა სახლში. დედამისი მეზობელთან ყოფილა გადასული, ნამცხვარს აცხობდა. შაბიამანი ჰქონდა თურმე იქვე, აივანზე მომზადებული ვაზის შესაწამლად და გოჩამ ის დალია. ალბათ, იფიქრა, შევაშინებო, მაგრამ... წინა დღით, თურმე, ბიჭებთან ერთად მოულხენია – მღეროდა, თავის მოკვლაზე არც ფიქრობდა. ლეილას მეზობლის ბიჭი შეუგზავნია – უთხარი, გარეთ ლეილა აბაშიძე გელოდებაო. რომ არ გამოვიდა, ამ დროს მეზობლის ბიჭს დაუძახია, ცუდად არის და სასწრაფოს დაუძახეთო. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ექიმი ეკითხებოდა, კრისტალები გადაყლაპეო? რა იცოდა იმან, რა გადაყლაპა. ალბათ, უთქვამს არაო, თორემ, კუჭის ოპერაცია რომ გაეკეთებინათ, გადარჩებოდა. შველას ითხოვდა. ექიმს სახეში გაურტყამს, შე ოხერო, რა გიშველო, ერთი ლიტრი შაბიამანი დაგილევია, ნაწლავები სულ დაფლეთილი გაქვსო. ერთი კვირა იცოცხლა. მერე მისი მეგობრები მოდიოდნენ და მთხოვდნენ, მისი ცოლი ხარ და პანაშვიდებზე იჯექიო, მაგრამ, მხოლოდ დაკრძალვას დავესწარი.
– როგორ ფიქრობთ, საიდან დაიწყო ყველაფერი და რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ უსიამოვნო ფაქტის თავიდან ასაცილებლად?
– თელავში იყვნენ გადაღებებზე. ერთ-ერთი მსახიობი მოვიდა და მითხრა: გოჩა ძალიან ცუდად არის, სიცხეები ორმოცდაორზე ადის, სისხლი ეწამლებაო. დამბაჩა გავარდნია და ხელში საფანტი ჰქონდა დაგროვილი. მართლა ეწამლებოდა ორგანიზმი. უკვე ხელის მოკვეთაზე იყო საუბარი. ლეილას უთქვამს, ჩემს ოთახში გადავიყვანო და გადაუყვანია. როგორც მოუვლიდა, უკვე გასაგები იყო. ბავშვი დედაჩემთან დავტოვე და წავედი აეროპორტში. მაშინ რაიონებში პატარა ვერტმფრენები დაფრინავდნენ. საღამოს ჩავედი, ავტობუსი აღარ იყო, რომ სასტუმრომდე მივსულიყავი. დავრეკე სასტუმროში და მანქანა გამოაგზავნეს, მაგრამ არც გოჩამ და არც ლეილამ არ იცოდნენ, რომ ჩავედი, არ გაუფრთხილებიათ – ალბათ, სეირის ყურება უნდოდათ, რადგან ყველა გაბრაზებული იყო ლეილაზე. მაგრამ, მე, პატარა გოგოს, რა უნდა გამეკეთებინა? სასტუმროში რომ შევედი, ვხედავ, მთელი მოსამსახურე პერსონალი კედელთან აკრული დგას, სამარისებური სიჩუმეა. ვიფიქრე, რაღაც უბედურება მოხდა და ვერ მეუბნებიან. ალბათ, გარდაიცვლა-მეთქი. ამან ჩამაფიქრა. შევაღე კარი და ასეთი სცენა დამხვდა: პაწაწინა ოთახია, ორი საწოლი დგას, გოჩა წევს და გვერდით ლეილა ჰყავს ჩამომჯდარი. ადრეც მინახავს მსგავს ფორმაში, მაგალითად, გორში, „მაია წყნეთელის“ გადაღებაზე. რომ მცოდნოდა, უკვე კარგად ხარ, ასე ვერ გავრისკავდი და ბავშვს ვერ დავტოვებდი-მეთქი, ვუთხარი გოჩას. მითხრა: შენ თუ ახლა დამტოვებ, დავიღუპებიო. თვითონ ლეილა რა დღეში იყო, არ იცით: ხელებზე მკოცნიდა, მეფერებოდა, მამშვიდებდა. რომ ჩამოვედი, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი საქმე კარგად ვერ არის. მივედი დედამისთან, ვიფიქრე, მე რომ ეს დედაჩემს ვუთხრა, გოჩას ამას არასოდეს აპატიებს-მეთქი. ჩემმა დედამთილმა შეიცხადა – ახლავე წავალო. წავიდა. კარგა ხნის შემდეგ მშვენიერ გუნება-განწყობაზე ჩამოვიდა. მივედი, მაინტერესებდა, რას იტყოდა. ჩამოუტანია ლეილას და გოჩას სხვადასხვა პოზაში, ერთად გადაღებული უამრავი სურათი. ვუსაყვედურე, კი მაგრამ, ეს რა არის, თქვენ ხომ იმ მიზნით წახვედით, რომ ამ ურთიერთობით აღშფოთებული იყავით და გინდოდათ, ყველაფერი გაგერკვიათ-მეთქი. გენაცვალე, ლეილა პოპულარული, ჭკვიანი, მშრომელი ქალიაო. ამ დროს, ქმარი და მოზრდილი შვილი რომ ჰყავდა, ეს არაფერს ნიშნავდა. შევატყვე, რომ ამ ამბით ძალიან კმაყოფილია. კი მაგრამ, ლეილა ხომ თქვენი ახლო ნათესავია-მეთქი. მერე რა, მეც აბაშიძე ვარ და ჩემი ქმარიც აბაშიძე იყო, ამიტომ, რა, ცუდი შვილები გავაჩინეთო?! მართლაც, მე ვინ ვიყავი – პატარა გოგო, რომელიც პირველ კურსზე ვსწავლობდი. მერე რა, რომ იმ დროს თბილისში ყველაზე პოპულარულ, „გეპეის“ ორკესტრში უკვე ჩემს სიმღერებს ასრულებდნენ?! ლეილა კი, პოპულარული მსახიობი იყო და თვიური შემოსავალი სამასი მანეთი ჰქონდა, რაც მაშინ საკმაოდ ბევრი იყო. ამის შემდეგ გოჩა არაერთხელ მოვიდა და მთხოვა, დავბრუნებოდი. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ჩვენ ოფიციალურად გაყრილები არ ვყოფილვართ. ლეილასთან კიდევ დიდხანს ჰქონდა რომანი. მსახიობები ამბობდნენ, გოჩას სცენაა, გადაღება აქვს, უცებ ამოვა და რაღაცას ეჩიჩინებაო. ჩასაცმელი ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ, რაც მქონდა, ყველაფერი კარგი იყო. ერთხელ, კაბა მთხოვა, როგორ არ მივცემდი. აღარ დამიბრუნა. ამ ამბების შემდეგ წერილი გავუგზავნე – თუ აღარ გჭირდება კაბა, დამიბრუნე-მეთქი. იქვე მივუწერე: ჩვენ ასე კარგად ვიყავით ერთმანეთთან და როგორ შეგეძლო ასეთი რაღაცის გაკეთება-მეთქი. დედაჩემთან მისულა სამსახურში ამ წერილით – ეს რომ ჩემს ქმარს ენახა, ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, როგორ გამომიგზავნა სახლშიო. მთელმა საქართველომ იცოდა, რაშიც იყო საქმე. მრავალი წლის წინათ ერთ-ერთ ოჯახში ერთად მოვხვდით. მაშინ თქვა: ღმერთისა და ნუნუს წინაშე ბოდიშს ვიხდიო. ბორია წიფურია იქ იყო და გაოგნდა – ეს რა თქვიო. სულ ამბობდა, მე თუ გატაცება არ მაქვს, ისე როლს ვერ ვითამაშებო. „მაია წყნეთელის“ გადაღებებზე ვფიქრობდი და ვერაფრით ვხვდებოდი, იქ ვისზე უნდა ყოფილიყო გატაცებული.
– დღევანდელი გადასახედიდან რას ფიქრობთ, ასე რომ არ მომხდარიყო, როგორ გაგრძელდებოდა თქვენი ცხოვრება?
– ალბათ, მეც უნდა მეპატიებინა, იმიტომ, რომ ბევრჯერ მოვიდა და პატიებას მთხოვდა. ერთხელ ტაქსით მიტაცებდა, მაგრამ, მძღოლმა გადმოგვყარა – პრობლემები არ მჭირდებაო. ვერაფრით ვერ დააჯერა, რომ მისი ცოლი ვიყავი. მეგობრებს რომ არ ეჩიჩინათ, მამაშენის მკვლელი სახლში როგორ შემოუშვიო, იმ კაცს მისთვის მანქანა რომ არ დაებრუნებინა უკან, როლიდან რომ არ მოეხსნათ, იმ ექიმებს დროულად რომ გამოეჩინათ ყურადღება, დღეს გოჩა ცოცხალი იქნებოდა, ჩემს შვილს მამა ეყოლებოდა. სიმართლე გითხრათ, ლეილა მეცოდებოდა კიდეც, იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვიღაცეები მიდიოდნენ მის სახლთან და ფანჯრებს ქვებს უშენდნენ.