კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვეს პრესტიჟული კონკურსის გრან-პრი „პატარა ქართველებმა“

ქართველების ნიჭი კიდევ ერთხელ აღიარა ევროპამ. ამ შემთხვევაშიც წარმატება ქართული ფოლკლორის საოცარმა შედევრმა – „კრიმანჭულმა“ მოიტანა. თუმცა, პატარა ქართველების მიერ დაკომპლექტებულმა ანსამბლმა „პატარა ქართველებმა“ მას იტალიური სულიც შთაბერეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ამ მოგზაურობაზე გვესაუბრნენ ანსამბლის ხელმძღვანელი მეკო ქავთარაძე და ფესტივალ „კორიჩინადოროს“, სადაც პატარებმა გრან-პრი მოიპოვეს, წარმომადგენელი საქართველოში, დიანა კუპრავა.

მეკო ქავთარაძე: ჩვენი ანსამბლი, „პატარა ქართველები“, თითქმის ერთი წელია სექტემბრიდან ჩამოყალიბდა ლია ნიქაბაძის მუსიკალურ ცენტრში. სულ ოცი ბავშვი გვყავს, მათ შორის მხოლოდ ერთი ბიჭია. ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი გვაქვს, რომელიც მოიცავს კლასიკას, ჯაზს, ფოლკლორსა და სხვა. სწორედ იტალიურ კონკურს „კორიჩინადოროსთვის“ შევქმენით „კრიმანჭულის“ ახლებური ვერსია, რომლისთვისაც იტალიური ტექსტი დაიწერა და ახლებური არანჟირება გაუკეთდა.

დიანა კუპრავა: თვითონ ფესტივალის ფორმატი გულისხმობდა, რომ ანსამბლებს უნდა წარმოედგინათ ეროვნული სიმღერა, რომლის ერთი ნაწილი, ერთი სტროფი, იტალიურ ენაზე უნდა ყოფილიყო.

მეკო: ისე ლამაზად შეერწყა „კრიმანჭულში“ ქართული და იტალიური, ვერ წარმოიდგენთ, არაჩვეულებრივი გამოვიდა. სხვათა შორის, ეს საკმაოდ რთული სამღერაა, ხმებშიც გაშალეს ბავშვებმა და დიდი ემოციით შეასრულეს. წელს იყო „კორიჩინადოროს“ მეათე, საიუბილეო ფესტივალი.

დიანა: ის ყოველ წელს ტარდება იტალიაში, მილანთან ახლოს, ტბის პირას, ქალაქ ლინოში. ფესტივალი ტარდებოდა ორ – პროფესიონალებისა და მოყვარულების კატეგორიაში. ჩვენი ბავშვები პროფესიონალების კატეგორიაში გამოდიოდნენ. ამ კონკურსს ასაკობრივი შეზღუდვაც აქვს – ხუთიდან ცამეტ წლამდე.

მეკო: ჩვენს ანსამბლში ყველაზე პატარა მონაწილე ექვსი წლისაა და ყველაზე დიდი – ცამეტის. კონკურსი საკმაოდ პრესტიჟულია და არაჩვეულებრივი სკოლების აღსაზრდელები იყვნენ ჩამოსული: ვერდის სკოლა, კარლოფის პროფესიონალური მუსიკალური გუნდი, ანუ მოქმედი პროფესიონალი გუნდები მონაწილეობდნენ. კონკურსის მასშტაბებზე ისიც მეტყველებს, რომ იტალიის პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ ტარდებოდა და პირდაპირ ეთერში სამი იტალიური არხი აშუქებდა. პირველად მოხდა, რომ „კორიჩინადოროს“ გრან-პრი და პირველი ადგილი გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში ჩამოვიტანეთ.

დიანა: ის გრან-პრი, რომელიც ბავშვებს ფოტოში უჭირავთ, გარდამავალია. მომავალ წელს ჩვენ ისევ მიგვიწვიეს ფესტივალზე, კონკურსის გარეშე, პირდაპირ ფინალში უნდა ვიმღეროთ და თან გრან-პრი ჩავიტანოთ. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გრან-პრის ისევ უკან ჩამოვიტანთ. (იცინიან) გარდა ამისა, ჯილდო დაწესებული იყო 5 000 ევრო, რომელიც უკვე ბავშვებს გადაეცათ.

– რამდენი ეტაპი გაიარეთ ფინალამდე?

– ჯერ გავაგზავნეთ მასალები, სიმღერის ჩანაწერები და ბავშვების მონაცემები. პირველი ტური – მუსიკალური შერჩევა – იქვე მოხდა. მეორე ტური, ანუ ნახევარფინალიც იქვე გაიმართა და მეორე დღეს, 14 ივნისს, ჩატარდა ფინალი. ფინალში ორმოცი გუნდიდან მხოლოდ თორმეტი იყო გადასული და ჩვენ პირველი ადგილი ძალიან ღირსეულად მოვიპოვეთ.

– ჟიურის წევრები ვინ იყვნენ?

– საკმაოდ კომპეტენტური ჟიური იყო: პროფესიონალი მუსიკოსები, დოცენტები... ხუთიათას- კაციანი დარბაზი იყო და საგანგებოდ ამ კონკურსისთვის გაკეთებული საფესტივალო ქალაქი. უამრავი მაყურებელი იყო ჩამოსული სხვადასხვა ქალაქიდან. ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლებიც. ყველა მონაწილე გუნდს თავისი ქალაქიდან მერი ან მერის მოადგილე ახლდა.

მეკო: ჩვენც ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ ვიყავით. ძალიან დაგვეხმარა ტელეკომპანია „იმედი“, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენთან ერთად იმუშავა და ძალიან დიდ გულშემატკივრობას გვიწევდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იტალიის საელჩოს თბილისში და საქართველოს საელჩოს იტალიაში, ისინი სულ გვიკავშირდებოდნენ და იგებდნენ ჩვენს ამბავს. საქართველოს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა, ქართული დროშებით შეიარაღებულები და, მინდა მათაც გადავუხადოთ მადლობა.

დიანა: პროდიუსერები ძალიან სერიოზულად დაინტერესდნენ ჩვენი ბავშვებით. გარდა ამისა, ფესტივალმა მოგვცა ექსკლუზივი, რომ „კორიჩინადოროს“ შიდა შესარჩევი კონკურსი ჩვენ თვითონ ჩავატაროთ ადგილზე. იმედი მაქვს, მომავალ წელს ისევ დავიპყრობთ იტალიას.

სალომე გველესიანი

скачать dle 11.3