როგორ მოხვდა ელენე თევდორაძე დანიელ სიკვდილმისჯილთან და რატომ უწოდეს მას მეტსახელად „გესტაპო“
ორი წლის წინ დიდი პოლიტიკიდან რეინტეგრაციის სამინისტროში გადაბარგებული ელენე თევდორაძე ამჯერად მინისტრის მოადგილის რანგში მოჰყვა სეკვესტრში – მართალია, მას ძველი სამუშაო კაბინეტი დაუტოვეს, რომელსაც კვლავ ძველი აბრა ამშვენებს, მაგრამ ცნობილი ექსდამცველი ამჟამად მხოლოდ პატიმართა შეწყალების კომისიას ხელმძღვანელობს. ახლა მას კანონი ციხეებში თავისუფლად შესვლის უფლებას უზღუდავს, მაგრამ, საყვარელ საქმეს, რომელსაც წლებია ემსახურება, პატიმართა უფლებების ცნობილი დამცველი მაინც ვერ ელევა.
ელენე თევდორაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი მოადგილე და სწორედ ამ მოტივით გამათავისუფლეს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. მე ამ სამინისტროში ვკურირებდი ეროვნულ უმცირესობებს, ახლა ეს შტატი შეიკვეცა და მინისტრის ერთადერთი მოადგილე კურირებს როგორც ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე, ეროვნული უმცირესობების საკითხებს. სიმართლე გითხრათ, დღესაც ძალიან განვიცდი, რომ ისე აღარ ვარ დატვირთული. ორ წელიწადზე ცოტა მეტხანს ვიყავი ჩართული ამ სფეროში, ბევრი საქმე წამოვიწყეთ, კიდევ ბევრი იდეა მქონდა და ძალიან მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მიმეყვანა. ეს რომ წამართვეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაკლდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო თავს ვიკლავ (იცინის). ახლა ვარ მხოლოდ შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი და უფრო მეტ დროს ვუთმობ პატიმრების ოჯახის წევრების მიღებას. როცა მინისტრის მოადგილე ვიყავი, ამისთვის ბევრი დრო არ მრჩებოდა.
– თქვენ ჩვენი მთავრობის ყველაზე ასაკოვანი ჩინოვნიკი იყავით. ესეც ხომ არ გახდა, თქვენი პენსიაზე გასვლის მიზეზი?
– შესაძლებელია. თუმცა გარდა იმისა, რაც მითხრეს, რომ ჩემი შტატი მოჰყვა სეკვესტრში, ჩემთვის მეტი არაფერი უთქვამთ, არც მე მომიძიებია დამატებითი ინფორმაციები. ვიცი პრეზიდენტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მე უნდა ვყოფილიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, თუ აქამდე ამ საქმეს ვაკეთებდი უხელფასოდ, ვმუშაობდი საზოგადოებრივ საწყისებზე, ახლა, როგორც შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი, უკვე ხელფასს ვიღებ.
– ეს კომპენსაციაა თქვენი გათავისუფლებისთვის? უხელფასოდ არ დაუტოვებიხართ პრეზიდენტს, თან, პარლამენტარის პენსიასაც ხომ იღებთ.
– მე ჯერ პენსიას არ ვიღებ, რადგან ვმუშაობ და მაქვს ხელფასი. მინისტრის მოადგილის ხელფასი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ახლა მაქვს შეწყალების კომისიაში, მაგრამ, დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ დამიტოვეს მანქანა და მდივანიც კი.
– მინისტრის მოადგილე აღარ ხართ, მაგრამ თქვენს კაბინეტის კართან ძველი აბრა კვლავ კიდია – კაბინეტიც დაგიტოვეს მდივანთან ერთად?
– ჰო, ეს არ ვიცი რატომაა ასე, ეს აბრა როცა უნდათ მაშინ მოხსნან, ამას ყურადღებას არ ვაქცევ. კანცელარიაში, სადაც, წესით, უნდა მქონდეს სამუშაო კაბინეტი, არ მოხერხდება იმ რაოდენობის ხალხის მიღება, ვინც ჩემთან შეხვედრას ითხოვს და ამიტომაც დამტოვეს მთავრობის კანცელარიაში, ძველ კაბინეტში. ამ შენობაში პრეზიდენტის რამდენიმე მრჩეველიც მუშაობს. შესაძლებელია, მერე გადამიყვანონ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჯერ კი აქ ვიმუშავებ, ხალხი სადმე ხომ უნდა მივიღო? მე არ მქონია განსაკუთრებული გრძნობა იმის გამო, რომ მინისტრის მოადგილე ვიყავი, ზოგჯერ მავიწყდებოდა რა სტატუსი მქონდა, ჩემთვის მთავარი იყო ჩემზე დაკისრებული საქმე სინდისიერად მეკეთებინა, ამაში მთელ ჩემს ემოციებს და გამოცდილებას ვდებდი. იმის მიუხედავად, რომ ჩემს შრომით ბიოგრაფიაში საკმაოდ ბევრი საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო, ახლა ყველაზე კარგად და სახალისოდ მახსენდება ის პერიოდი, როცა მე სკოლის დირექტორი ვიყავი. ჩემი აზრით, ეს საქმე ყველაზე მეტად მაკმაყოფილებდა. ძალიან მიყვარდა ბავშვები, მათთან მქონდა მეგობრული ურთიერთობა, თუმცა ჩემი ძალიან ეშინოდათ. ალბათ, ამის გამო შემარქვეს მეტსახელად „გესტაპო”. მე ჩვეულებრივ შევდიოდი ბიჭების ტუალეტში, რომ იქ მწეველი ბიჭები გამომეჭირა, ამის გამო ისინი ჩემგან იღებდნენ კიდეც ერთი-ორ სილას, მაგრამ ეს, რატომღაც, არ სწყინდათ და არც ოინებს არ მიწყობდნენ (იცინის). მოსწავლეებთან ერთად დავდიოდი ლაშქრობებზე ღამისთევით და კარვებში მეძინა, ვწერდი სცენარებს „კავეენისთვის”, მათთვის ვდგამდი პიესებსა და ცეკვებს, მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად, ვიყავი ძალიან მკაცრი.
– პოლიტიკაში გატარებული პერიოდიც ასე სასიამოვნოდ გახსოვთ, როგორც სკოლის დირექტორობა?
– არა, ამას ნამდვილად ვერ შევადარებ პოლიტიკაში გატარებულ პერიოდს. როცა პოლიტიკაში წავედი, სულ ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეძლო სკოლის გარეშე, თუმცა მერე აღარასდროს გამჩენია სკოლაში დაბრუნების სურვილი. ისე, როგორც ახლა აღარ მინდა პარლამენტში დაბრუნება, უფრო მეტიც პარლამენტის შენობაში სულ ერთხელ ვარ ნამყოფი მას შემდეგ, რაც პარლამენტიდან წამოვედი, ექსკურსიაზეც კი არ მინდა იქ მისვლა (იცინის). ვფიქრობ, რომ როცა ადამიანი გაივლი ცხოვრების რომელიმე ეტაპს, მერე უკან დაბრუნება აღარ ღირს. 12 წელიწადი გავატარე პარლამენტში და, მგონი, ბევრი ისეთი რამ გავაკეთე, რაც ჩემს შესაძლებლობებში ეტეოდა, ვერ ვიტყვი, რომ რაიმეს ვნანობ იმ პერიოდიდან – როგორც შემეძლო, ისე ვეხმარებოდი ადამიანებს; შეხება მქონდა საკითხებთან, რომლებიც ემოციურად ძალიან მძიმე იყო, თუმცა, როცა ადამიანებს ვეხმარებოდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. სწორედ ამის გამო იყო, რომ იმ პერიოდში ძალიან პოპულარული გავხდი, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. მე პოპულარული გამხადეს ჟურნალისტებმა, თუმცა, ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ იტყვის, რომ ვინმესთვის ოდესმე დამერეკა და საკუთარი თავი შემეთავაზებინა. მე ჟურნალისტებისთვის ვიყავი „კარაქიანი პურის ნაჭერი”, არასდროს არავის დავმალვივარ კომენტარზე, ისინიც ყოველთვის მე მირეკავდნენ (იცინის). მარტო ქართველ ჟურნალისტებში კი არა, პოპულარული ვიყავი უცხოელ ჟურნალისტთა შორისაც, მახსოვს, ისრაელში ვიყავი წასული ებრაელთა კონგრესის შეხვედრაზე. აეროპორტში გავიგე, რომ არიელ შარონი კომაში იყო, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა მასთან შეხვედრა, წაგვიყვანეს საავადმყოფოში და გვითხრეს, რომ იქ უნდა გველოცა შარონის გადასარჩენად. მე ქრისტიანი ვარ და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. თუ მათ ლოცვაზე უარს ვიტყოდი, ამით უპატივცემულობას გამოვხატავდი მათ მიმართ. ებრაელები ლოცვის დროს სანთელს არ ანთებენ. ყველამ დაიწყო ლოცვა, მე დავიფარე თავსაბურავი, ავანთე სანთელი და უცებ, ყველა გაკვირვებული სახით ჩემსკენ მოტრიალდა – ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. თუმცა, როცა ლოცვა დამთავრდა, ყველამ მადლობა გადამიხადა. საავადმყოფოში ჩვენ მოგვიწყვეს ექსკურსია, მერე დაგვპატიჟეს მთავარი ექიმის კაბინეტში და ყველა შევთანხმდით, რა უნდა გვეთქვა საავადმყოფოდან გამოსულებს იქ შეკრებილი ჟურნალისტებისთვის. როცა გარეთ გამოვედით, ვეძებ ვინმე ჩვენიან ჟურნალისტს, კაციშვილი ვერ დავინახე. უცებ, მომვარდა რუსი ჟურნალისტი და მეუბნება: მე თქვენ გიცნობთ, იქნებ მითხრათ, შარონი მოკვდაო? რა-მეთქი ვუთხარი. ოჰ, რას ამბობთ, ამდენი ხანია, მაგას ვყარაულობ აქ და ჯერ კიდევ არ მომკვდარაო? – მაინცდამაინც ჩემგან მოუნდა შარონის მდგომარეობის გაგება (იცინის). პოპულარობას არც ახლა არ ვუჩივი – ქუჩაში, მაღაზიებში ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის გამოხატავენ პატივისცემას, ყველა თბილად მესალმება, ზოგი მთხოვს კიდეც, თუ შეიძლება, გაკოცებთო.
– ძველ პოლიტიკურ მეგობრებს ხვდებით?
– მე ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკის წყალობით ახალი მეგობრები შევიძინე, მე მყავს უამრავი მეგობარი, რომლებიც წარსულიდან მომყვებიან, მათ შორის ბაღის მეგობრებიც კი არიან. პოლიტიკაში ყოფნის დროს იყვნენ ადამიანები, ვის მიმართაც სიმპათიით ვიყავი განწყობილი, მაგრამ ჩვენ მეგობრები არ ვყოფილვართ, შესაძლებელია, იმიტომაც, რომ მე მათზე ასაკით უფროსი ვიყავი, ახლა ჩვენ მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს. სხვათა შორის, როცა მე პარლამენტის წევრი ვიყავი ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მე უფრო ვჭირდებოდი მათ, ვიდრე ისინი – მე: შეწყალებასთან დაკავშირებით ხშირად მთხოვდნენ ხოლმე, რომ მიმეღო ადამიანები მათი თხოვნით, რაზეც უარს არასდროს ვამბობდი. ამას გარდა, ჩვენ, როგორც ქართული დელეგაციის წევრები ერთად ჩავდიოდით ხოლმე სტრასბურგში, ევროსაბჭოს ასამბლეაზე. სიმართლე გითხრათ, სტრასბურგის ქუჩები ძალიან ხშირად მესიზმრება. ხუთი თითივით ვიცოდი ეს ქალაქი (იცინის). 12 წლის განმავლობაში წელიწადში მინიმუმ ხუთჯერ მიწევდა იქ ჩასვლა, ყოველთვე ვიყავით პარიზში. სტრასბურგი ძალიან მიყვარდა, პატარა, ოჯახური ქალაქია, ძალიან ბევრ ქართველს ვხვდებოდი ხოლმე ქუჩაში, მათ შორის ჩემი კლიენტებიც კი იყვნენ, რომლებიც სიხარულით მხვდებოდნენ, თბილისში თავის სიყვარულს და ნოსტალგიას მატანდნენ (იცინის). როცა მინისტრის მოადგილე გავხდი, უცხოეთის ნაცვლად, უკვე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში უფრო მიწევდა სიარული, თუმცა ჩემი სამსახურებრივი საქმეებიდან გამომდინარე, მომიწია წასვლა რუმინეთში, გერმანიასა და ესტონეთში. მე, როგორც საერთაშორისო ებრაელთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, ვიყავი პარიზშიც, სადაც ჩვენი კონგრესის სხდომა ტარდებოდა.
– ციხეებში ძველებურად ხშირად დადიხართ?
– არა, ახლა აღარ დავდივარ ხშირად, მე ამის უფლება უკვე აღარ მაქვს. კანონით, მე უნდა მივმართო მინისტრს, რომ მან მომცეს თანხმობა ციხეში შესვლაზე, მაგრამ, ამ უფლებას არ ვიყენებ. ისე, დღე არ გავა, რომ პატიმარმა არ დამირეკოს. ციხეებში იმდენი ვიარე, თან, არა მარტო ჩვენთან (იცინის): მე ვარ ნამყოფი ამერიკის, ინგლისის, შვედეთის, დანიის ციხეებში. ერთხელ, შევედეთში ყოფნის დროს, მიგვიყვანეს ციხეში, სადაც დგას კოტეჯები, რომლებშიც პატიმრები სასჯელს რეჟიმების მიხედვით იხდიან. მე მოვითხოვე სამუდამო პატიმრებთან შეხვედრა. იმ პერიოდში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა. შემიყვანეს კოტეჯში, სადაც პირველ სართულზე მთელ კედელზე დიდი ეკრანი იყო დამაგრებული, ერთ-ერთი პატიმარი რბილ ავეჯზე წამოგორებულიყო, ფეხები პატარა მაგიდაზე შემოეწყო და ისე უყურებდა ფეხბურთს, გვერდით ოთახში მკვლელები ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ და პინგ-პონგს თამაშობდნენ, მე და ლევან ბეჟაშვილმაც კი ვითამაშეთ მათთან პინგ-პონგი. იქვე იყო ულამაზესი დიდი ბაღი და დავინახეთ, რომ პატიმრები იქ მწვადს წვავდნენ. მე, ასე თუ ისე, ნანახი მქონდა უცხოეთის ციხეები, მაგრამ ლევან ბეჟაშვილი სახტად დარჩა. უნდა გენახათ, როგორ პირობებში იყვნენ სიკვდილმისჯილები, ერთ-ერთმა ისიც კი შემომჩივლა: აქ რომ პირობები მაქვს, სახლშიც კი არ მქონდა, ერთადერთი, რაც აქ მაკლია, ქალიაო (იცინის).
– ახლა რაც მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაგათავისუფლეს, თავისუფალი დრო რომ გექნებათ, რას გააკეთებთ?
– შვილთაშვილი მეყოლა. მძიმე ემოციებით დაგრუზული, როგორც კი სამსახურიდან გავდივარ, მივრბივარ ჩემს ელენიკოსთან, მასთან აბსოლუტურად ყველაფერი მავიწყდება და ვარ ძალიან აქტიური დიდი ბებია – ვეთამაშები, წიგნებს ვაჩვენებ, ნაცარქექიასა და დევის ამბებს ვუყვები, ღამის საათებში მასთან ინტელექტუალურ მუშაობაში ვარ. მერე მივდივარ ჩემს სახლში, ვუყურებ ტელევიზორს, ოღონდ ვუყურებ ყველაფერს, გარდა საინფორმაციო საშუალებებისა. საღამოს მინდა გავერთო მსუბუქი და შემეცნებითი თემებით, აღარ მინდა ცხოვრების დამძიმება, რა უნდა გავიგო ახალი ისეთი, რაც არ ვიცი? ახლა მე მეტი ვიცი, რა ხდება ცხოვრებაში, ვიდრე ტელევიზია აჩვენებს (იცინის).