ილუშა ცინაძის ახალი ამერიკული წარმატებები
15 მაისს, ნიუ-იორკში ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ილუშა ცინაძისა და მისი ამერიკული ჯგუფის გალა კონცერტი შედგება. ამ კონცერტით მოხდება ჯგუფის პრეზენტაცია. კონცერტი ახალი კომპაქტდისკის გამოშვებასთან დაკავშირებით ჩატარდება. ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ილუშამ მის ჯგუფს, რომელიც ქართულად მომღერალი ამერიკელებისგან შედგება, „მაზერ თანგ” ანუ „დედა ენა” უწოდა. ამ ალბომში ილუშას, მისი მეუღლისა და მთელი ჯგუფის ორწლიანი შრომაა ჩადებული. ამ დისკში შედის ჩვენთვის კარგად ნაცნობი „მოხევის ქალო” და ასევე, ძალიან ბევრი ქართული სიმღერა, რომელთაც სრულიად ახლებური ჟღერადობა მიეცა. კონცერტი მანჰეტენზე, ლაფაიეტის ქუჩაზე „ჯოს პაბში” გაიმართება. ილუშას და მისი ჯგუფისგან გულწრფელი მიპატიჟებები მივიღეთ. კონცერტისთვის ნიუ-იორკში ჩასვლა ჩვენთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა, მაგრამ სამშობლოდან მათ უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ.