ვისი საქციელი აღიზიანებს ნანა ლორთქიფანიძეს და რა იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა
მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ბავშვობიდან შეჩვეულია ყურადღების ცენტრში ყოფნას. იგი მშობლების კვალს გაჰყვა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, იმდენად იყო გადართული პირად ცხოვრებაზე, პროფესია ცოტა დაეჩაგრა, რასაც დღეს ძალიან ნანობს. როგორია მისი ცხოვრება ამ ეტაპზე, ამას თავად ჩვენი სტუმარი გვიამბობს.
– ძალიან ცნობილი და სახელგანთქმული ოჯახიდან ხართ. ალბათ, თავიდანვე განებივრებული იყავით ყურადღებით, სითბოთი.
– კი, ნამდვილად განებივრებული ბავშვი ვიყავი. როცა მშობლებთან ერთად მივდიოდი, ყოველთვის ვგრძნობდი განსაკუთრებულ ყურადღებას. ჩემმა მშობლებმა დიდი გავლენა იქონიეს, ასევე, ჩემს პროფესიულ არჩევანზე. მეც აუცილებლად მსახიობი უნდა გამოვსულიყავი, სხვანაირად, უბრალოდ, არ შემეძლო, რადგან თეატრი ჩემთვის ოჯახთან იყო გაიგივებული. ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდი. არათუ ყველა სპექტაკლს, რეპეტიციებსაც კი არ ვტოვებდი, რომ არ დავსწრებოდი. ასე რომ, არც კი მახსოვს, როდის გამიჩნდა სურვილი, მსახიობი გამოვსულიყავი, ეს მუდამ ჩემში იყო.
– თქვენს არჩევანს მშობლები როგორ შეხვდნენ?
– რა თქმა უნდა, ძალიან კარგად. მე მუდამ მსახიობების, რეჟისორებისა და თეატრთან დაახლოებული ადამიანების გარემოცვაში მიწევდა ყოფნა და ეს დედაჩემისა და მამაჩემის დამსახურება იყო. მშობლებს ძალიან გაუხარდათ, მათ კვალს რომ გავყევი.
– მსახიობებს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ და თითქმის არ რჩებათ თავისუფალი დრო. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?
– მსახიობის ცხოვრებაში ერთფეროვანი პერიოდი არასდროს არის. შეიძლება ორი კვირა გადაებას ისე, რომ საქმე არ მქონდეს, შემდეგი ორი კვირა კი ყველაფერი ერთად მოხდეს. თუმცა, სულ უსაქმურად რომ ვიყო, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. განსაკუთრებით ბოლო წლებში აქტიურად ვარ დაკავებული პროფესიული თვალსაზრისით, რაც ძალიან მახარებს. უფრო მეტი საქმეც რომ გამომიჩნდეს, არც მაშინ დავზოგავ თავს.
– პროფესიისა და პირადი ცხოვრების შეთავსებას ადვილად ახერხებთ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა უფრო ვახერხებ, ვიდრე წინათ. ვფიქრობ, ამით ძალიან ბევრი რამ დავაკელი ჩემს პროფესიას. ადრე მთელ ჩემს ენერგიას ოჯახს ვახარჯავდი. როდესაც ვუყურებდი, სხვები როგორ ახერხებდნენ ოჯახისა და პროფესიის ერთმანეთთან შეთავსებას, მიკვირდა. ვფიქრობდი, რომ ეს ცალკე ნიჭია, რაც მე არ მქონდა.
– თქვენ რატომ ვერ ახერხებდით, რა გიშლიდათ ხელს?
– იცით, ჩვენ პროფესიას, ალბათ, უფრო მეტი თავდადება სჭირდება, ვიდრე მე ვაკეთებდი. მე არც ოჯახისთვის მინდოდა რამის მოკლება, არც პროფესიისთვის, თუმცა თავისთავად მოხდა ისე, რომ ქმარი, შვილი, ოჯახური საქმეებიც და პროფესიაც, დამეჩაგრა. ახლა უფრო მეტი დრო მაქვს, მაგრამ, ის წლები აღარ არის (იცინის).
– როგორ ფიქრობთ, პროფესიაში უფრო წარმატებული ხართ თუ პირად ცხოვრებაში?
– შემეძლო, პროფესიაში გაცილებით წარმატებული ვყოფილიყავი, ვიდრე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე მიყვარს ჩემი პროფესია, მაინც არ მოვინდომე ისე, როგორც შემეძლო. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ბევრი რამ დავაკელი თავს. სანამ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერს ზერელედ უყურებ, ფიქრობ, რომ ახლა თუ არ გააკეთე, ამით არაფერი დაშავდება, წინ დიდი დრო გაქვს. მერე კი უცებ ისე სწრაფად გამექცა დრო, ვერაფერი ვეღარ მოვასწარი (იცინის). ჩემი ასაკის მსახიობისთვის უკვე ძალიან შერჩეული უნდა იყოს როლი. ისე აღარ არის, ახალგაზრდები ნებისმიერ როლს ირგებენ. ვცდილობთ, აღარ დავკარგოთ არც ერთი წამი.
– რომელიმე მნიშვნელოვან როლზე თუ გითქვამთ უარი?
– ძალიან ბევრ როლზე მაქვს უარი ნათქვამი. რასაც ერთი კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია. ყოველთვის რაღაც ახალი, განსხვავებული მიზეზი მქონდა ხოლმე, ხშირად იყო ოჯახური შეუთანხმებლობა – მეუღლის მხრიდანაც მქონდა გარკვეული აკრძალვები. მამა და დედა კი სულ მეჩხუბებოდნენ ამ თემაზე, მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი უნდა ითამაშო, ნუ იწუნებ როლებსო.
– თქვენი მეუღლეებიც მსახიობები არიან და რატომ ჰქონდათ გართულება?
– მერე რა, ქართველი კაცი მაინც ქართველი კაცია (იცინის). ზოგჯერ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ახირებებისა და კაპრიზების გამო მითქვამს უარი. ახლა ამ ყველაფერს ძალიან ვნანობ და ამ შეცდომებს ნამდვილად აღარ დავუშვებ, თუ, რა თქმა უნდა, უკვე გვიან არ არის. ხანდახან შიში მქონდა, რომ კარგად ვერ ვითამაშებდი და ამ მიზეზით რამდენიმე კინოროლზე ვთქვი უარი. თუ როლი ჩემთან ახლოს არ არის და გულთან არ მეკარება, ვერ ვითამაშებ. ღამით ყოველთვის ვფიქრობ ჩემს როლზე. ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი სპექტაკლი ძილში მითამაშია თავიდან ბოლომდე.
– რაც შეეხება სერიალს „გოგონა გარეუბნიდან”, იქ როგორ მოხვდით?
– დამირეკეს და შემომთავაზეს ეს როლი. ქასთინგი ნამდვილად არ გამივლია. თავიდან გათვალისწინებული არ იყო, რომ ჩემი გმირი ძირითად შემადგენლობაში შესულიყო. თუმცა, ნელ-ნელა მეც ჩავჯექი ძირითად „სასტავში“ (იცინის). მე მანამდეც მქონდა შეხება ამ სერიალის გადამღებ ჯგუფთან. როცა დამირეკეს და როლი შემომთავაზეს, პირველად ჩემს ცხოვრებაში, არც კი მიკითხავს, რა უნდა მეთამაშა, პირდაპირ დავთანხმდი, რადგან ძალიან მომწონს მთლიანად ეს შემოქმედებითი ჯგუფი და ბოლომდე ვენდობი მათ.
– რით ჰგავხართ და რით არ ჰგავხართ თქვენს პერსონაჟს?
– მგონი, საერთოდ არაფრით არ ვგავარ ეთერ წილოსანს. ხანდახან მისი საქციელი მაღიზიანებს ხოლმე, მაგრამ, მაინც მიყვარს და მეცოდება. მართალია, საშინელი პიროვნებაა, მაგრამ, მაინც იმდენად შეჩვეული ვარ, ხშირად ვფიქრობ მასზე. თუნდაც, მაღაზიაში რომ შევდივარ და სამკაულს დავინახავ, გავიფიქრებ ხოლმე, რომ ეს ძალიან კარგია ეთერისთვის. მოკლედ ეთერის ცხოვრებითაც ვცხოვრობ (იცინის).
– როგორ ფიქრობთ, როდის იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ეტაპი?
– იცით, თითქმის ყველა ეტაპზე მქონდა ბედნიერების განცდები. რასაკვირველია, ახლაც ძალიან კარგი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, ამაზე კარგიც ყოფილა. ადრე სათანადოდ ვერ ვაფასებდი ყველაფერს.
– რომ შეგეძლოთ, წარსულ დროში ხომ არ დაბრუნდებოდით?
– სიამოვნებით დავბრუნდებოდი 15-20 წლით უკან. შეიძლება, მთლიანად არ შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ცოტ-ცოტა გავალამაზებდი (იცინის). პროფესიული თვალსაზრისით, რადიკალურად შევცვლიდი, ხოლო პირად ცხოვრებას პატარა კორექციას გავუკეთებდი (იცინის). იცით, მე მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებსაც შეუძლიათ, ცოტათიც დაკმაყოფილდნენ – ცოტაც მყოფნის იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი. ადამიანმა თვითონ უნდა გამოუგონოს თავის თავს პატარ-პატარა ზღაპრები, თუნდაც იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს.
– აქტიური ქალი ხართ, პასიური პერიოდები თუ გაქვთ ხოლმე?
– არა, სხვათა შორის, პასიური პერიოდები არასდროს არ მაქვს ხოლმე, ყოველთვის რაღაცას ვაკეთებ. ტყუილად ყოფნა, უბრალოდ, არ შემიძლია. არასოდეს მივცემ თავს დეპრესიაში ჩავარდნის საშუალებას, რადგან ეს ავადმყოფობა, შეიძლება, ხასიათში გადაიზარდოს. ჩემი აზრით, ამის მართვა შემიძლია.
– ესე იგი, დეპრესიულობა არ გახასიათებთ.
– არავინ დამიჯერებს, რომ ვთქვა, თითქოს მთელი ცხოვრება ისეთმა დალხენილმა გავატარე, ცუდი და სასოწარკვეთილი დღეები არ მქონია. რა თქმა უნდა, მეც მქონდა ასეთი პერიოდები, მაგრამ, ლოგინში ნამდვილად არ ჩავწოლილვარ და მთელი დრო ტირილში არ გამიტარებია. ყოველთვის ვიკრებდი ძალას, რომ სხვისთვის არ დამენახვებინა ჩემი ტკივილი. ასეთ სიტუაციაში ვცდილობ თავის ხელში აყვანას და ხშირად გამომდის ხოლმე.
– ჭორებზე როგორ რეაგირებთ?
– ამ შემთხვევაშიც ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო. (იცინის). როგორ უნდა აჰყვე რაღაც უაზრო ჭორს? სათქმელად, შეიძლება, ადვილია და გასაკეთებლად – ძნელი, მაგრამ, უნდა ეცადო.
– თუ გახსოვთ ჭორი, რომელმაც ყველაზე მეტად გაგაღიზიანათ?
– იყო რაღაც საშინელი ჭორები, ალბათ, უფრო ადრე. ძირითადად, ჩემს პირად ცხოვრებაზე ავრცელებდნენ ხოლმე ჭორებს. იყო ერთი ჭორი და გავოგნდი, როცა გავიგე. ადრე ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა ამაზე არც კი ვფიქრობ. ალბათ, მაშინ ძალიან აღვშფოთდი და მეტკინა გული, რადგან დღემდე მახსოვს.
– რა ჭორი იყო?
– ახლა მართლა ვერ გეტყვით, ძალიან ძველი ამბავია და რაღა დროს მაგის გახსენებაა. ან მე რატომ გამახსენდა, არ ვიცი, მაგრამ, დავივიწყოთ, განსაკუთრებული არაფერი, ერთი სულელური, არაფრისგან აგორებული ჭორი იყო, რომელიც ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდა.