რატომ ვერ დაეშვა დედამიწაზე ქრისტინე იმედაძე და რატომ ჰყავს ის ცხოვრებას „დალურჯებული“
ბოლო პერიოდში ქრისტინე იმედაძეს ნაკლებად თუ ვხედავთ მედიაში. ის ინტერვიუებზეც კი ძალიან იშვიათად, თითქმის აღარ თანხმდება. თუმცა, მოდის კვირეულზე პოდიუმზე გამოჩნდა და კინოთეატრ „რუსთაველში” შავი გედის ამპლუაშიც მოგვევლინა. ასე ცხოვრება ბევრი ფიქრის საშუალებას აძლევს. თუმცა, დაუხარჯავი, გამოუყენებელი რესურსები და შესაძლებლობები ენანება და მოსვენებას არ აძლევს.
ქრისტინე იმედაძე: მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური შვიდწლედი დამთავრებული მაქვს და მუსიკის ანა-ბანა გამეგება, ჩემი სპეციალობა ტელე-რადიო წამყვანობაა. დიპლომი იმისა, რომ მომღერალი ვარ, არ გამაჩნია, მაგრამ იმდენი წელია, სცენაზე ვდგავარ, ასე თუ ისე, პროფესიადაც იქცა. ზოგადად, არ მგონია, რომ ტელევიზიაში მოვხვდი როგორც მომღერალი, პირიქით, ამ საქმის კეთებაა ჩემი პროფესია.
– ამ პაუზის გამოყენება და სიმღერაში ახალი რაღაცეების გაკეთება არ გიფიქრია?
– გამაზარმაცა „სტეფანეს და სამი გოგოს“ პროექტმა. ამ პროექტის ფარგლებში სულ რაღაცაა გასაკეთებელი – იქ ალბომი ჩავწერეთ, საახალწლოდ ვემზადებოდით. სულ რაღაცეებს ვაკეთებთ. წელს ძალიან მოვინდომეთ და თუ შარშან მხოლოდ საერთო პროექტით გამოვედით ახალი წლის კონცერტზე, ახლა სოლოც ვიმღერე. მოვკვდი კინაღამ, თვე-ნახევარი ორ რეპეტიციაზე ცალ-ცალკე და „პრიმერკებზე” დავრბოდი. თან, მანამდე ავარიაში მოვყევი, კისერზე კორსეტითა და ხერხემლის ტკივილით – გაძლებაზე მაინც გიჟივით დავრბოდი აქეთ-იქით. სოლო სიმღერისთვის კაბა, უნდა ითქვას, რომ ჩემს ტანზე შეიკერა. ჯიჯი და გოლა გადამყვნენ, საათობით ვიდექი და ისინი ღამეებს ათენებდნენ ორივე კოსტიუმის შეკერვისას. ახლაც სტეფანესა და გოგოებთან ერთად, ახალი სიმღერა ჩავწერეთ. რაღაცეები იმ პროექტთან დაკავშირებითაც დაიძრა, სულ მოლოდინში ვართ.
– როგორი პერიოდი გაქვს ახლა? სიმშვიდის, დეპრესიული, დასვენების...
– სულ მეცინებოდა, ჩემი მეგობრები რომ ამბობდნენ ხოლმე, დეპრესია მაქვსო. ვგიჟდებოდი, რა იცის ამან დეპრესიის მნიშვნელობა-მეთქი, რაც წლები მემატება, ცხოვრებაში ათასი პრობლემა და სანერვიულო ჩნდება. ხანდახან მართლა მინდება, დავიწუწუნო – ვაიმე, მგონი, დეპრესია მაქვს-მეთქი. მაგრამ, ეგრევე მახსენდება – რა დეპრესია, ხომ იცი, რომ ასე არ არის (იცინის). რასაც დეპრესია ჰქვია, ნამდვილად არ მქონია. ეს ძალიან მძიმე და რთული გადასალახი პრობლემაა, რომელიც, ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, არასდროს შემეხება. ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, რადგან ვიცი, გაზაფხული მოვიდა. ცოტა ხანში ზაფხული მოვა, წავალ ზღვაზე და დავისვენებ. რისგან კაცმა არ იცის, მაგრამ მაინც... (იცინის). ისე, მთელი წლის განმავლობაში მაინც ბევრი ვიმუშავე.
– საქართველოში ყველაფრის მიღწევა, შეფასება ადრეულ ასაკში ხდება. ადრე თუ არ გათხოვდი, გახდი მინისტრი უკვე „შეუმდგარი” ხარ. შენ როგორ შეაფასებ იმ საფეხურს რომელზეც ახლა ხარ და მომავალს როგორ ხედავ?
– მთელი ცხოვრება სურვილები სულ მეცვლება – ხან რა მინდა ვაკეთო, ხან – რა... სულ ფიქრებში ვარ. აი, ბალერინობა, სულ მინდოდა. რაღაც კონკრეტული სურვილები, რომელიც ბავშვობაში მქონდა, დღემდე მაქვს. სულ მინდოდა, მეცეკვა მომაკვდავი გედი. ფილმის პრემიერაზე ხომ ჩავუარე ამ ჩემს ოცნებას გვერდით და ვიცეკვე. მაგრამ, არა, სულ სხვა რაღაც მინდა, რომლის ახდენაც არა მგონია, შევძლო. სულ მინდა, ისეთი მომღერალი ვიყო, რომელიც ისე იცხოვრებს, როგორც იმ თვე-ნახევრის განმავლობაში ვცხოვრობდით ევროპული ტურის დროს – ჭამის და ძილის დრო რომ არ გაქვს. მაშინ ვწუწუნებდი, მაგრამ რეალურად, ეგ არის მომღერლის ცხოვრება – მაკიაჟსაც ოთხასჯერ რომ ისწორებ და აღარ გისწორდება, ყველას მოკვლა რომ გინდა, უკვე ყვირი და გითმენენ; ჩანთები სულ ჩალაგებული რომ გაქვს. ექვსთვიან ტურნეში თუ გამიშვებენ, ერთწლიანი მომინდება. ეს ცხოვრება მომწონს. რაღაც წვრილმანები ცხოვრებაში იცვლება, მაგრამ ის მთავარი სხივი, რომლისკენაც იყურები და მიდიხარ ყოველთვის, ერთი მაქვს. ცოტა შეიძლება, ამბიციურად ჟღერს, მაგრამ სულ მინდა, რაღაც გავაკეთო, ის რაც მსიამოვნებს, მიყვარს, და ეს სხვამაც სწორად გაიგოს, მოეწონოს. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, მეოცნებე რომ ვარ თუ...
– ვერ დაეშვი მიწაზე?
– არა, არა. ვერ დავეშვები, იქაა ჩემი ადგილი. მიწიდან ცოტა აცდენილი თუ არ ვარ, არ შემიძლია.
– მერე ცხოვრება არ გახეთქებს ძირს?
– ისე მახეთქებს, რომ სულ დალილავებული დავდივარ, სულ შეხეთქებული ვარ. მეოცნებე რომ ეხეთქება, ისეთი უნდა, თორემ, აბა, მიწაზე ვინც მყარად დგას, იმას რა დააგდებს – ზუსტად ხედავს ფეხქვეშ რა აქვს. სულ სხვენი მაქვს თავზე, მაგრამ ეგეც საინტერესოა. სხვანაირად ცხოვრება, უბრალოდ, არ შემიძლია. ადამიანს შეუძლია, ყველაფერი ისე გააკეთოს, რომ მოსახლეობა თუნდაც ორმოცდაათი კაცი რომ იყოს, დააჯეროს და მოაწონოს ის, რაც მართლა კარგია. რასაც მიაწვდი, ის მოეწონებათ. მარტო ამას ვერ გავაკეთებ. ისეთი მუსიკალური არხი არ არის, სადაც მართლა გაგიხარდება კარგი კლიპის მიტანა.
– ამ დახეთქების მერე უბრალოდ აგრძელებ გზას, თუ გიჩნდება შურისძიების სურვილი?
– არანაირი ბოროტება, ბოღმა და შური არ გამაჩნია, სამწუხაროდ. კი მჭირდება ხანდახან, მაგრამ არ ვარ ასეთი. კიდევ ერთი ძალიან საჭირო თვისება არ მაქვს – ყველა გზით რომ ცდილობენ, მიზნის მიღწევას. მე ჩემს გზას ვაგრძელებ, სხვანაირად არ შემიძლია.
– ლამაზ გოგოებს რატომ აქვთ ხშირად ეს პრობლემა – არ შემიძლია პასუხი გავცე. მართლა ამდენი გებრძვით?
– ზოგადად გეტყვი. ლამაზი გოგოები ბავშვობიდანვე გათამამებულები არიან იგივე, ბიჭებთან ურთიერთობაშიც. მათ დიდ ყურადღებას აქცევენ, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავთ, რომლებიც სულ იქვე, მის ახლოს არიან და ეს აზარმაცებს მათ. ეს მაშინ, როცა შედარებით შეუხედავმა ბევრი უნდა იბრძოლოს და იმუშაოს ამისთვის. მერე ისინი პირად ურთიერთობებსაც, როგორც სამსახურს, ისე უყურებენ. ჭკვიან გოგოებს ყველაფერი გამოთვლილი აქვთ, საქმის გარდა ურთიერთობებზეც მუშაობენ. ეს ლამაზი გოგოები კი, ხან იქით მიექანებიან, ხან აქეთ. მერე ხან ის წამოარტყამთ, ხან ეს, ხან ქარი წაიღ-წამოიღებთ და უცებ, გონს რომ მოეგებიან, აღმოჩნდება, რომ ყველა მათზე ჭორაობს. მათი ყოველი ნაბიჯი დათვლილია. რაც არ უნდა გააკეთო, სხვანაირად ხედავენ.
– დღეს კიდევ გაწუხებს ვინ რას იტყვის, ვგულისხმობ, იმ წრეში ლაპარაკს, სადაც ხარ.
– მივხვდი, რადგან პრესაში ნაკლებად ჭორაობენ. მწყინს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მართლა მიშლის ხელს პირად ურთიერთობებში. ზუსტად რამდენიმე დღის წინ განვიხილავდი ამ თემას მეგობრებთან ერთად. ერთი ამბობდა, ბიჭი თუ შენი ღირსია, მას არც შენზე ჭორები და მსგავსი რამეები აინტერესებსო. არ არის ასე. ნორმალური გოგო ვარ, კარგ ოჯახში გავიზარდე, წიგნებიც წავიკითხე, ფილმებიც ვნახე – იაფფასიანიც და კარგიც. ვიცნობ ადამიანთა ტიპს და შემიძლია, რაღაცეების მათი გადმოსახედიდან დანახვა. მაგრამ, შეყვარებულზე რომ რაღაც ამბავი მომიტანონ, ეს არ მომეწონება და როგორც მინიმუმ, ამის გამო, უსიამოვნო საუბარი მაინც შედგება. ეს ყველაფერი მერე გროვდება. გარემო მოქმედებს ურთიერთობებზე. თან, იმაზე ვგიჟდები, რომ ვინც ჭორაობს, მას ეს არაფერს აძლევს. რატომ ლაპარაკობენ, მართლა ვერ ვხვდები. რამდენიც გინდა, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა მომიწია მსგავსი ჭორების გამო, რაღაცეების ახსნა.
– ბოლომდე მიგყავს ეს თუ ფიქრობ, რაც ჰგონია, იმას ვეღარ გადავარწმუნებო?
– თუ თავს იმართლებ, ესე იგი, მტყუანი ხარო, რომ ამბობენ, ასეთი რაღაცეები არ შემიძლია. ადამიანთან თუ რაღაც გაურკვეველია, ის ბოლომდე, თეთრ ფურცლამდე რომ არ მივიყვანო, ღამე არ დამეძინება. გინდა, თავის მართლება დაარქვი ამას, თუ რაც გინდა. მირჩევნია, ყველა კითხვა დასვან და პასუხი გავცე. ყველაფერი დავულაგო, ვიდრე გავუტარო და მერე ამან სადღაც იფეთქოს. იმ საუბრის დროს ერთი პატარა გოგო ამბობს – აუ, კარგით რა, კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდებაო და აი, მანდ გავგიჟდი. შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ, რაღაცეები არ იცი და ნუ ამბობ-მეთქი. ისეთი აბსურდული რაღაცეები მსმენია საკუთარ თავზე, ისეთ ბიჭებთან მქონია რომანი, საერთოდ რომ არ ვიცნობ და ნანახიც არ მყავს. ერთი-ორჯერ ისეთ აბსურდულ ჭორზე მომიწია რაღაცეების ახსნა, რომ მეცინებოდა. გეცინება, მერე, ჰგონიათ, იტყუები (იცინის). არადა, ტყუილი მართლა არ გამომდის. რაღაც რომ მოგატყუო, ღამე არ დამეძინება, დაგირეკავ და გეტყვი, მოგატყუე-მეთქი. ვერ ვიტან, რომ მატყუებენ და არც მე ვიტყუები. შეიძლება, ყველანაირად ვეცადო, იმ თემას თავი ავარიდო, მაგრამ თუ მომიწია ლაპარაკი, სხვანაირად ვერ მოვყვები ამბავს.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– არაფერიც არ ხდება. ძირითადად, ჩემი შვილით ვარ დაკავებული. საკმაოდ გავიზარდე და როგორც ჩანს, მსოფლმხედველობაც შემეცვალა. რაღაცეები რაც ადრე მომწონდა, დღეს აღარ მომწონს. ერთადერთი, სულ მომწონდა პრინცები. დღესაც, ზღაპრის გმირი თუ შემიყვარდება. სულ პრინცი მინდოდა, არ მინდოდა ყაჩაღი, ძველი ბიჭი და წელში მოხრილი ტიპები (იცინის). ყველაზე მთავარი ის არის, რომ კაცმაც და ქალმაც თავის ოცნებაში თუ საყვარელ საქმეში რეალიზება უნდა მოახდინოს. თუ ეს არ ხდება, კომპლექსდები. ძალიან მაგარი მამა უნდა იყოს, ან მაგარი ადვოკატი, ექიმი. რაღაცაში უნდა იყოს წარმატებული, პირველი. მერე ეგეთი კაცი ოჯახსაც ინარჩუნებს. თუ ჩვენი ინტერესები არ ემთხვევა, ვერ მექნება ურთიერთობა.
– პატარა ასაკში მის ინტერესებზე უფრო ადვილად გადადიხარ.
– არასდროს. ძალიან ცუდი ჰოროსკოპის ნიშანი ვარ – ვერძი და პირად ჰოროსკოპში მეორე ნიშანი თხის რქა მაქვს. სულ რქები ვარ და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან კონკრეტული აზრი მაქვს ჩამოყალიბებული.
– ჯერ არავის მოუტეხავს შენთვის რქები?
– რაღაცეებში დათმობა შემიძლია. დათმობაზე წასვლა, რქების მოგრეხვა არ არის, როცა რაღაც გიღირს, ბევრ რაღაცას გააკეთებ. მიხარია ეს თვისება რომ მაქვს.