კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყვნენ საქართველოს პირველი მოწამეები უცხოელები და რით დასტურდება, რომ შუშანიკ მამიკონიანი წარმოშობით ლაზი იყო

ის, რომ კაცობრიობასთან ერთად ვბერდებით, კამათს არ იწვევს, როგორც ის, რომ ბევრი მათგანისგან, ვისი ჩექმის კვალი ტყავზეც გვახსოვს და ისტორიაზეც, სველი ადგილია დარჩენილი. რა მისცა მსოფლიომ საქართველოს და რა მისცა საქართველომ მსოფლიოს? – ამ ერთი შეხედვით რიტორიკულ კითხვაზე აკაკი ასათიანი შეეცდება პასუხის გაცემას.

– რომ გადავხედოთ ისტორიას, რა მოგვცა ჩვენ და რა მივეცით სანაცვლოდ სამყაროს? არც იმას გამოვრიცხავ, მათ მიერ მოცემული ჩვენ მიერ გაცემულს სჭარბობდეს.

– ძალიან ფუნდამენტური საკითხია და არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ჩავტიოთ ერთ ინტერვიუში. რამდენიმეტომიანი ტრაქტატის თემაა, მაგრამ ვეცადოთ. ჩვენი მდებარეობა ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავდა და განსაზღვრავს. ეს ტერიტორია დავიკავეთ, ალბათ, სამი ათას წელზე მეტი ხნის წინათ და, რაც უფრო დრო გადიოდა, სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა. ანტიკურ პერიოდში და შუა საუკუნეებშიც მიიჩნეოდა, რომ ჩვენ უკიდურესი ჩრდილოეთი გვეკავა, რომლის იქითაც ცხოვრობდნენ ანტიქრისტეს მსახურები, ველური ტომები, რომლებიც ემუქრებოდნენ ცივილიზებულ სამყაროს შემოჭრით და სწორედ ჩვენ გვეკავა ეს გალავანი. ამას წერდნენ შუა საუკუნეებისა და უფრო ადრინდელი უცხოელი ავტორები. ეს არის ჩვენი პირველი ფუნქცია და უმთავრესი ნიშანი. მართალია, მსოფლიომ შემდეგ გადაიწია ჩრდილოეთისკენ, მაგრამ ჩვენი ეს ფუნქცია დღესაც აქტუალურია. ამჯერად შეერთებული შტატების მეთაურობით დასავლური ქვეყნებისთვის კავკასია რჩება მიჯნად და ერთგვარ ზღუდედ.

– პირველად ვინ მოდის აქ, სადაც ჩვენ ვართ და რა მიზნით?

– პირველად მოდის პომპეუსი და დასავლეთი ჩვენ გაგვიცნობს სწორედ პომპეუსის მეშვეობით. შემდეგ, როდესაც სტრაბონი აღწერს მაშინ არსებული მსოფლიოს გეოგრაფიას და, მათ შორის, იბერიას, გაკვირვებული აღნიშნავს, რომ აქ არის კრამიტიანი სახლები, აბანოები, ქალაქები. ის აღწერს სახელმწიფოს სტრუქტურასაც. ესენი პომპეუსის მიერ წაღებული ცნობებია, რადგან სტრაბონი აქ არ ყოფილა. რომაელები არა მხოლოდ ლაშქრობდნენ, არამედ წერდნენ მოხსენებით ბარათებს, რომლებიც არ შემორჩა, მაგრამ ფაქტია, რომ სტრაბონი მათ მიერ მიწოდებულ ცნობებს ეყრდნობა. რაც შეეხება მოტანას: მათ ჩვენთან მოსვლით არაფერი მოუტანიათ.

– რამე წაიღეს?

– ჩვენმა მეფემ მისცა ძვირფასი საჩუქრები. მართალია, მეფე დატოვეს, მაგრამ მძევლები წაიყვანეს იბერიიდან და ლაზიკიდან. ხიდი ჩაანგრიეს, ოღონდ შემდეგ ააშენეს და ტყეები გადაწვეს მცხეთის მიდამოებში, რადგან ჩვენები არ ემორჩილებოდნენ და ტყეებში დაიფანტნენ. მართალია, ბრძოლა წააგეს, რადგან რომაელებთან თითქმის არავის მოუგია, თუ რომაელი სარდალი შეცდომას არ დაუშვებდა. ასე რომ, რომაელებთან დამარცხება სათაკილო არ იყო, მაგრამ ჩვენი შეუპოვრობა აშკარაა: წაგებული ბრძოლის შემდეგ დაიფანტნენ, ტყეებს შეეფარნენ და იქიდან უშენდნენ ისრებს, ამიტომ რომაელებმა გადაბუგეს ტყეები და შემდეგ დამორჩილდა ჩვენი ჯარი. თუმცა ჩვენი მეფე მეფედ დარჩა, ოღონდ ერთგვარი ვასალობა აღიარა და ჩვენ მოვექეცით მაშინდელი გლობალური პოლიტიკის ორბიტაში. ეს, ჩემი აზრით, ცუდი არ იყო, თუნდაც, იმიტომ რომ უფრო მეტი ვიცით ჩვენი ისტორიის შესახებ მათი ისტორიკოსების წყალობით და კონტაქტი დამყარდა, მაშინ სხვანაირად ეს არ ხდებოდა. დედამიწა კი არ დაპატარავებულა, უბრალოდ უფრო ადვილი საკონტაქტო გახდა და დღეს დაახლოებით იგივე მანძილია თბილისიდან ვაშინგტონამდე, რაც მაშინ იყო რომიდან მცხეთამდე. დღევანდელი გავლენაც იმ დროინდელს ჰგავს: ვიყავით ვასალური ტიპის მოკავშირე ქვეყანა. აქ მათი გარნიზონები არ იდგა, ანუ დაპყრობილი ქვეყანა არ ვიყავით, მაგრამ ანგარიშს ვუწევდით. რომაელებისგან კვალი მაინც არ დარჩა ჩვენში, გადამწყვეტი მაინც ქრისტიანობის მიღება იყო და ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო ვინმესთან ვალში ვართ; თუ ვართ, ისევ წმიდა ნინოსთან, ის კი არ გვამადლიდა.

– არაბები?

– არაბები წესიერად იქცეოდნენ, განსაკუთრებით, თავიდან. ცნობები სარწმუნოების გამო შევიწროების შესახებ არ ჩანს. ისლამი სხვანაირი იყო თავდაპირველად, ამიტომაც არიან ჩვენი პირველი მოწამეები უცხოელები. მათ იმის გამო ერჩოდნენ, რომ ჩვენს სარწმუნოებაზე გადმოვიდნენ: ევსტათი მცხეთელი სპარსია, რაჟდენიც, აბო არაბია. შუშანიკზე კი ვერ ვიტყვი, რომ სომეხია და ამას არც ჰქონდა მაშინ მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ერთნი ვიყავით. თან მამიკონიანები წარმოშობით ლაზები არიან. ამას სომეხი ისტორიკოსები ამბობენ, ჩემი მოსაზრება არ არის მხოლოდ. ჩემი აზრით, ერთადერთი, ვინც რამე მოგვცა, არის ძველი ბერძნული ცივილიზაცია, როდესაც ქალაქები დაარსდა შავიზღვისპირეთში. მართალია, ეს არ იყო ქართული ქალაქები, მაგრამ იქვე ჩვენები ცხოვრობდნენ, მიმოსვლა ჰქონდათ და ეს დიდ გავლენას ახდენდა ჩვენზე, თავი რომ დავანებოთ არგონავტების მითს. თუმცა რაღაც მსგავსი რამ, ალბათ, რეალურად მოხდა, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი მეკობრული ლაშქრობა, რომელიც ბერძნებმა უმშვენიერეს მითად გადააქციეს. სხვათა შორის, ამ მითს გაგრძელება აქვს: მედეას ვაჟი ბრუნდება მეფედ ლაზიკაში. ორი გაგრძელება აქვს ბერძნულივე ვერსიით: ერთის მიხედვით, მედეა ხოცავს შვილებს, მეორით კი მისი ვაჟი ლაზიკაში ბრუნდება. ჩვენ ვიცით, რომ ფაზისი მეშვიდე საუკუნეშია დაარსებული და ის კაციც კი ვიცით, ვინც დააარსა, ოღონდ მისი ძეგლი არ გვაქვს. სხვა ნებისმიერი ხალხი ამას სხვანაირად შეხედავდა, ჩვენ კი ვამბობთ, რას ჰქვია, სხვამ დააარსაო. გავიხსენოთ ფაზისის რიტორიკული სკოლა. მართალია, იქ ქართულ ენაზე არ სწავლობდნენ, მაგრამ პატარა საქმე იყო პლატონისა და არისტოტელეს ბერძნულად სწავლება?! თან იქ რამდენიმე ქართველიც ხომ ერია. ამ ძალიან მაღალი დონის ცივილიზაციასთან შეხებამ ბევრი რამ მოგვცა. გაერთიანებულმა ევროპამ საბერძნეთი სწორედ მადლიერების ნიშნად მიიღო და ინახავენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნები ძალიან ამპარტავანი ხალხია, მაგრამ აქვთ ამის საფუძველი. დღევანდელი კაცობრიობის მოწინავე კულტურა მათი ცივილიზაციის შედეგია. მათი დამსახურებაა, ჩვენ რომ ასე ვლაპარაკობთ დღეს, ვაზროვნებთ რაციონალურად. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ჩვენც შეგვეხო. მცხეთაში აღმოჩნდა ჰომეროსის პოემის ნაწყვეტი. ესე იგი, ერთი კაცი იჯდა მცხეთაში მესამე საუკუნეში და კითხულობდა „ილიადას“. ჩვენ შევიძინეთ ის, რომ ყველასგან ვისრუტავდით ყველაფერს, მათ შორის, დამპყრობლებისგანაც, ჩრდილოკავკასიელებისგანაც კი: ჩოხა მათია, ჩვენ რომ გვაცვია.

– მგონი, ჩვენ უფრო მოვიხდინეთ.

– ყველაფერში ასე ვართ, ჩვენი სიმცირის მიუხედავად, გვაქვს უნარი, მივიღოთ სხვისი და შემდეგ ჩვენს პროდუქციად გადავადნოთ. დიდ ნაციას რომ აქვს ეს თვისება, გასაკვირი არ არის, მაგრამ მცირერიცხოვანი ერისთვის გასაკვირია. ასეთივენი არიან, მაგალითად, თურქები, მაგრამ მათი კულტურული პროდუქციის შექმნის პროცესი არ იყო ჩქარი. ჩვენ არ ვიცით ძველი დროის დიდი თურქი მწერალი ან პოეტი, ჩვენ კი გვყავს შოთა, ქრისტიანი კაცი, რომელმაც დაწერა „ვეფხისტყაოსანი“.

– ძალიან განათლებულია, რომ იტყვიან უსაშველოდ.

– სხვათა შორის, მასზე განათლებულები იყვნენ ჩახრუხაძე და შავთელი. მათი თითოეული სიტყვა საკომენტაროა, მაგრამ შოთასთან არის გენიოსის სიცხადე. თუმცა დროდადრო მიგვანიშნებს, ესეც ვიცი და ისიცო, მაგრამ არ გადაუტვირთავს ნაწარმოები ციტატებითა და რემინისცენციებით. ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ უნდა წაიკითხო კაცმა რვაასი წლის წინათ დაწერილი რომანი?!

– ძალიან ბევრჯერ და ვერ ჩერდები.

– დაიწყებ და გითრევს და არა მარტო ჩვენ. სხვათა შორის, ყველაზე კარგი თარგმანი რუსულადაა. მოსკოვში რამდენჯერმე მომიწია ყოფნა, მათ მიბაძეს დასავლეთს და პატარა წიგნებად გამოსცემენ მსოფლიო კლასიკას. როგორც კი გამოიცემა „ვეფხისტყაოსანი“, მაშინვე იყიდება. არ არის რუსი მოაზროვნე, არ ახსენოს ის კაცობრიობის დიდ მიღწევებს შორის. უცხოელი მკვლევრებიც, როდესაც შუა საუკუნეებს მიმოიხილავენ, მაშინვე ამბობენ, რომ ამის საუკეთესო ილუსტრაციაა დიდი ქართული სარაინდო რომანი შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. ამას კი არ ამტკიცებენ, პირდაპირ წერენ. ინგლისელმა კაცმა მოუყარა თავი ევროპის ისტორიას გასული საუკუნის 90-იან წლებამდე და უცბად ამბობს, საქართველომ მიაღწია ისეთ განვითარებას, რომ დაიწერა ისეთი რომანი, როგორიც არის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. გერმანელმა მკვლევარმა შეადგინა მსოფლიო ცივილიზაციის ქრონოლოგიური ტაბულები და გრაფაში, როგორც ერთ-ერთი დიდი მოვლენა კაცობრიობის ისტორიისა იმ მომენტში, დასახელებულია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. თან ეს მაშინ, როდესაც ერთადერთი მეტ-ნაკლებად ადეკვატური თარგმანი რუსულადაა. დიდი შენაძენია მსოფლიოსთვის ვაჟა-ფშაველა. ეს არის ახლებური ხედვა, ახალი ეთიკა. ძალიან მნიშვნელოვანია ილია. უბრალოდ ჩვენ არ ვაფასებთ მას, რადგან ათ ტომში გაფანტულ მოთხრობებსა და სტატიებში გვეზარება გარკვევა, თორემ ილია არის ტიპური პროგრესული ტრადიციონალისტი. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არ ვიცნობთ რეალურად ილიას, ნიკო ნიკოლაძეს, აკაკის, გარდა პოეტისა; იაკობ გოგებაშვილს. ჩვენ არ ვაფასებთ და სხვების რა გვიკვირს?! ამიტომ ვერავის დავადანაშაულებ. თვითონ უნდა გავიცნობიეროთ ჩვენი კულტურა, რომელიც სინთეზური და ძალიან თავისთავადია. მენიშნა ტოინბის, დიდი ინგლისელი ისტორიკოსის ნათქვამი, რომელმაც ცივილიზაციების ისტორია დაწერა და თითოეული ცივილიზაცია დაახასიათა. ჩვენ ვერც ერთ ცივილიზაციაში ვერ გვათავსებს და ხმარობს ტერმინს – „სასაზღვრო ცივილიზაციას“. თითქოს ბიზანტიური ცივილიზაციის შვილები ვართ, მაგრამ არ ვთავსდებით იმ ცივილიზაციაში. უცნაურია ის, რომ, როდესაც „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, მსოფლიოში იმ დროს 5-6 ენაზე თუ იწერებოდა ნაწარმოებები. ჩვენ ვახდენდით სინთეზირებას, ვისრუტავდით ყველასგან ყველაფერს და გავცემდით საკუთარ პროდუქციად. ამაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ ორიგინალური და სხვანაირადაც ხდებოდა. მაგრამ ის ცივილიზაციები, რომლებსაც მხოლოდ თავიანთი ჰქონდათ და, რაც ჰქონდათ, იმას გასცემდნენ, დაიხშო. ბევრი უცხოელი მკვლევარი აღნიშნავს ჩვენზე, რომ მონღოლებმა შეწყვიტეს ამ უბრწყინვალესი ცივილიზაციის განვითარებაო. არ ვიცი, მათ შეწყვიტეს თუ ჩვენ მივაღწიეთ პიკს.

– და დავამთავრეთ განვითარების ის ეტაპი?

– მონღოლებმა ჩაგვყარეს ორმოში და იქიდან სულ სხვანაირი საზოგადოება ამოვედით მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში. ერეკლე ძალიან თავისებური მოღვაწეა და ერეკლეს პერიოდი ძალიან საინტერესო სამყაროა. აქამდე სულ ვწუხდი, რამდენჯერმე რომ არ შეწყვეტილიყო ჩვენი განვითარება, სადამდე მივიდოდით-მეთქი და ბოლოს მივხვდი, თვითონვე გარდაიქმნებოდა, შეიძლება უფრო ნელა, მაგრამ მაინც გარდაიქმნებოდა. ამას წინათ, ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვნახე, რუსი წერდა, არ მოგვატყუონ, არ დავიახლოვოთ ეგენი, თორემ ისევ წაიღებენ აფხაზეთსაც და ცხინვალსაცო. უცნაური ხალხია, დაპყრობილებიც კი თავიანთ პატარა იმპერიას აგებენო. ეს მართლაც ასეა, ოღონდ ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებთ. სულ ვწუწუნებთ, რატომ სხვები არ გვიცნობენო, მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ საკუთარ თავს და სხვები როგორ გაგვიცნობენ?!

– სულ მიკვირს, რა გაუხდა სახელმწიფოს მთარგმნელთა მცირერიცხოვანი ჯგუფის დაფინანსება, რომ ქართული კლასიკა ითარგმნოს უცხოურად, იქაური კი – ქართულად?

– ეს ბევრ ხალხს გაუკეთებია და ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანს.

– უკვე შეურაცხმყოფელია მთელი ქართული კულტურის ხინკლამდე დაყვანა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, ვის როგორ ეგემოვნება ხინკალი, პირადად მე, ძალიან გემრიელად მივირთმევ.

– ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ, თუ დიდი სამყაროს პერიფერიაზე ვიქნებით, დააჯილდოებენ და ფულს მისცემენო. მაგრამ, თუ ვივარგეთ და მე მგონია, რომ ვივარგებთ, ჩვენ შევდგებით ჩვენი ცივილიზაციის მშენებლობის ხელახალ წრეზე. მაგალითად, ერეკლე არ იყო უფრო მაღალი საფეხური და ერთ-ერთი მოწინავე თავისი დროის სამყაროში, მაგრამ ამ რეგიონში იყო მოწინავე. ერთ რამეს გეტყვით: პარიზიდან გამოუგზავნეს საჰაერო ბუშტების გაშვების ამსახველი ნახატები და ინფორმაცია. აინტერესებდა, პარიზში კაცი რომ გაფრინდა ბუშტით. ასე რომ, მისი ინტერესები შეზღუდული არ იყო.

– მხოლოდ ხმლის ქნევით.

– იმ დროს სხვანაირი ურთიერთობები იყო. იყო ასეთი შემთხვევა: ერეკლეზე ასაკით უფროს თავადს შავი წვერი ჰქონდა და ერეკლემ ჰკითხა, ამ ხნის ხარ და ერთი ღერი თეთრი თმა არ გირევია, არაფერზე დარდობ, მე სულ გაჭაღარავებული ვარო. თქვენ მეფე ბრძანდებით, უფალთან სპეტაკად უნდა წარდგეთ, მე არა მიშავს, პირშავადაც რომ ვიყოო. ისევ მთავარ სათქმელს რომ დავუბრუნდე: ჩვენთვის სპეციალურად არავის არაფერი მოუცია, თუმცა ახლა არის თავსმოხვევის პირდაპირი მცდელობა და ეს რუსებსაც ახასიათებდათ თავის დროზე. თან შეერთებულ შტატებს ცდუნებაც დიდი აქვს, რადგან ეს არ გამოსდის ერაყში, ავღანეთში, აქ კი რაღაც გამოსდის, ამიტომ ძალიან მარტივი და ნიშანდობლივი რამ ხდება. ფაქტია, რომ დაბალ დონეზე კორუფცია არ არის, ესე იგი, ხალხი მიდრეკილი აღმოჩნდა წესიერებისკენ. ჩვენც ამას ვამბობდით სულ. მაგრამ შტატებიც კი ელიტურ კორუფციაზე ლაპარაკობს. ამიტომაც ეს ჩვენი ოცწლიანი ისტორია უნდა გავაანალიზოთ და შევაჯამოთ: რაც გაკეთდა, შევინარჩუნოთ და რასაც ესენი ვერ გააკეთებენ, უნდა გავაკეთოთ. მარტივად ვიტყვი, არ უნდა ავყაროთ გორამდე მიყვანილი გზა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ სხვამ ვერ გაიყვანა და ამან გაიყვანა, მაგრამ სხვას ვერაფერს აკეთებს. ხსნის საწარმოებს, რომლებიც შემდეგ იხურება, ვალებს ავადებს და გვამადლის, ეკონომიკა მოკვდა, ნატოში და ევროკავშირში შანსი აღარ გვაქვს.

ერთი სიტყვით, ჩვენთვის არავის არაფერი მოუცია, აჰა, აიღეთო და არც ჩევნ ვარსებობდით იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის რამე მიგვეცა, მაგრამ უნებლიეთ გამოვიდა. ღვინის დაყენების სამი წესიდან ორი ქართულია, გვყავს ქართული ფუტკარი, ქორ-შევარდნების გაწვრთნის წესიც კი, ყველგან ერთგვაროვანია, მაგრამ ჩვენ გვაქვს განსხვავებული ნიუანსები; განსხვავებულია ქართული ცეკვა, სიმღერა და გვაქვს ძალიან მაღალი დონის ლიტერატურა. ყოველთვის ერთი დონის არა, მაგრამ ერთი დონის ლიტერატურა არავის აქვს. მეცხრამეტე საუკუნეში რამდენი ვიცით ჩვენი მდგომარეობისა და რაოდენობის ერი, ისეთივე ლიტერატურა რომ ჰქონდეს, როგორც ჩვენ გვაქვს? არც ერთი! ანუ ჩვენ უშრეტი კრეატიულობის მქონე ნაცია ვართ და ამას უნდა გახსნა. თუ პოლიტიკურ სისტემას მოვაგვარებთ, ის სამართლიანი იქნება და გვექნება მინიმალური კეთილდღეობა, ჩვენში დაგუბებული ნიჭი განვითარდება. ატომიც ერთი ციდაა, მაგრამ უდიდესი ენერგიის მქონე. ჩვენი კრეატიულობაც უნდა გამოთავისუფლდეს, ბუნებრივია, სასიკეთოდ.


скачать dle 11.3