პოლიტიკური კალეიდოსკოპი
თეთრმა სახლმა ბარაკ ობამას დაბადების მოწმობა გამოაქვეყნა
ოფიციალურმა თეთრმა სახლმა საზოგადოებას ინტერნეტის საშუალებით წარუდგინა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაბადების მოწმობის ასლი. შეგახსენებთ, რომ, მას შემდეგ, რაც ობამა პრეზიდენტად აირჩიეს, ამერიკულ საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, თითქოს ობამა არ იყო ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებული და მისი დანიშვნა პრეზიდენტად კონსტიტუციის უხეში დარღვევა იყო. ყველაზე აქტიურად თავის უკმაყოფილებას ობამას არაამერიკელობის შესახებ, მილიარდერი და ბიზნესმენი დონალდ ტრამპი გამოთქვამდა, რომელიც 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. დაბადების მოწმობიდან ცხადი გახდა, რომ ობამა 1961 წლის 4 აგვისტოს ჰონოლულუში დაიბადა და მისი არაამერიკული წარმომავლობა მხოლოდ ვარაუდი იყო.
ბრიტანეთის პრემიერის კატის პირველი ნადირობა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის კატამ, დაუნინგ სთრიტის ¹10-ში მცხოვრებმა შინაურმა ცხოველმა, პირველი თაგვი დაიჭირა პრემიერის რეზიდენციაში. კატამ, მეტსახელად „ლარი“, თაგვი ვნების კვირაში, პარასკევს დაიჭირა და ეს იყო მისი პირველი ნანადირევი. ცნობილია, რომ თავდაპირველად დევიდ კემერონი უარს აცხადებდა კატის აყვანაზე, თუმცა, მას შემდეგ, რაც ტელეკამერების ობიექტივმა პრემიერის რეზიდენციის კართან ვირთხა დააფიქსირა, იგი დათანხმდა კატის მოყვანაზე. საინტერესოა, რომ თაგვის დაჭერისთანავე, ლარიმ თავისი მსხვერპლი კემერონის სამდივნოს წარმომადგენლებს მიუტანა და მაგიდაზე დაუდო.
პრინცი ჰარი კაპიტანია
პრინცი ჰარი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების კაპიტნის რანგში აიყვანეს და ეს მოვლენა პრინცის ჯარში მსახურობის მეხუთე წლისთავზე მოხდა. ახლო მომავალში პრინცი დაასრულებს საბრძოლო ვერტმფრენ „აპაჩის” მართვის სრულ კურსს და მზად იქნება, მონაწილეობა მიიღოს საბრძოლო ოპერაციებში. უკვე ცნობილია, რომ 2012 წლის გაზაფხულიდან სამხედრო სამსახურს ჰარი ავღანეთში დისლოცირებულ, ბრიტანულ სამშვიდობო ძალებში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ 2007-2008 წლებში პრინცი ჰარი ავღანეთში იმყოფებოდა და რამდენიმე სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.
დიმიტრი მედვედევი რუსულ ფეხბურთზე წუხს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები არ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც იგი მოელის მათგან. მედვედევმა აღნიშნა, რომ იგი ხშირად ვერ ახერხებს ფეხბურთის ყურებას, თუმცა, კითხვაზე, თუ რომელ საფეხბურთო კლუბს ქომაგობს, მან მიანიშნა, რომ წარმოშობით სანკტ-პეტერბურგიდან არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მედვედევი „ზენიტის” გულშემატკივარია. პრეზიდენტის კრიტიკას გამოეხმაურა რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი სერგეი ფურსენკო და აღნიშნა, რომ უახლოეს მატჩში, რომელიც სომხეთის ნაკრებთან მოსკოვში ჩატარდება, პრეზიდენტი მედვედევი რუსეთის ნაკრებს თავის საუკეთესო ფორმაში იხილავს.
ფიდელ კასტრომ მთავარი პარტიული პოსტი დატოვა
ჰავანაში მიმდინარე კუბის კომუნისტური პარტიის მეექვსე ყრილობაზე ფიდელ კასტრომ ოფიციალურად დატოვა პირველი მდივნის თანამდებობა, ხოლო მის ნაცვლად პოსტზე მისი ძმა, კუბის ამჟამინდელი მეთაური რაულ კასტრო დაინიშნა. ფიდელ კასტროს 1965 წლიდან ეკავა პირველი მდივნის თანამდებობა, თუმცა, 2006 წლიდან, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი ჩამოშორებული იყო პარტიულ მუშაობას და მხოლოდ პუბლიცისტიკით იყო დაკავებული. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პარტიის მეორე და მესამე მდივნებად ახალგაზრდა პირებს დანიშნავდნენ, მაგრამ 80 წლის რაულ კასტროს მოადგილეებად 80 წლის ხოსე რამონ მაჩადო ვენურა და 78 წლის კუბის ვიცე-პრეზიდენტი რამირო ვალდესი დაინიშნენ.
გერმანელ მინისტრს რიბენტროპს ადარებენ
გერმანელი პოლიტოლოგების ნაწილი, ქვეყნის ამჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდო ვესტერველეს, ნაცისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს – რიბენტროპს ადარებს და აცხადებს, რომ გერმანიას ასეთი შეზღუდულუფლებიანი მინისტრი რიბენტროპის შემდეგ არ ჰყოლია. პოლიტოლოგების აზრით, ვესტერველეს დანიშვნა მინისტრის პოსტზე თავიდანვე შეცდომა იყო, რადგან ეს ადამიანი ვერ ახერხებს გერმანიის ინტერესების დაცვას უცხოელ კოლეგებთან. შეგახსენებთ, რომ გიდო ვესტერველე ჰომოსექსუალია და იგი ოფიციალურად ცხოვრობს მამაკაცთან.