უვიზო ერაყი
ყურებამდე გაღებული
ჯერჯერობით ის სიკეთეც არ გვიგრძნია, რაც ირანთან უვიზო მიმოსვლამ მოგვიტანა, როდესაც შევიტყვეთ, რომ უვიზობის პერსპექტივა კიდევ არაერთ ქვეყანასთან გველის (იმას გარდა, რომ აშშ-სა და ევროკავშირისთვის ყურებამდე გაღებული ვართ). კერძოდ, სავიზო რეჟიმის მოშლის გეგმა გვქონია: ალბანეთთან (ნატოს წევრიაო), სერბეთთან, ბოსნიასთან, ჩერნოგორიასთან (ესენი კი, საცაა, ევროკავშირში გაწევრიანდებიანო) და, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს – ერაყთან.
გავრცელებული ინფორმაციით, ზემოჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები 360 დღის განმავლობაში მიიღებენ საქართველოში უვიზოდ ყოფნის უფლებას (4-5 დღეც დაემატებინათ და ერთი წელიც გამოუვიდოდათ). საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ უვიზობით ტურისტებსაც მოიზიდავს და ინვესტორებსაც.
ბუნებრივია, იმისთვის, რომ ეს ცისფერი ოცნებები განხორციელდეს, სულ ცოტა, პარლამენტის თანხმობაა აუცილებელი, ხოლო, რაკი პარლამენტის თანხმობა მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას აქვს გარანტირებული, ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს ჩვენი საზღვარი ისე გაეღება, როგორც ჩვენთვის – ნატოს კარი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერაყის გარდა ყველა დანარჩენი ევროპის შუაგულშია და ტურიზმის განვითარებისადმი ჩვენზე არანაკლები ჟინით ხასიათდებიან, გუმანით ვგრძნობ, ტურისტთა სიმრავლეს ერაყიდან უნდა ველოდოთ (ერთგვარად სიმბოლურიცაა: ჯერ იქ დემოკრატია და მშვიდობა დავამყარეთ კოალიციის ფეხდაფეხ, ახლა კი რელაქსაციას ვთავაზობთ სავიზო შეფერხებების გარეშე). ამის ფონზე კი, იქნებ, მოვლენებისთვის დაგვესწრო და უვიზო მიმოსვლა ავღანეთთანაც დაგვემყარებინა?! ბოლოს და ბოლოს, თუ ადრენალინია, ადრენალინი იყოს!