ყველაფერს თავისი ასაკი აქვს
მსოფლიო დონის მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევების შედეგად, დაადგინეს: თუ უნდა, რომ მიზანს მიაღწიოს, ცხოვრების დაგეგმვისას, ქალმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ასაკი. თურმე, ყოველ ეტაპს, ყოველ საფეხურს ქალის ცხოვრებაში აქვს თავისი ოქროს პერიოდი – ანუ, კონკრეტული ასაკი აქვს, მაგალითად:
პირველი შვილის გაჩენისთვის საუკეთესო ასაკია 23-დან 35 წლამდე;
ოჯახის შექმნისთვის – 25-დან 29 წლამდე;
სპორტი და ფიზიკური ვარჯიში – 40 წლამდე (40 წლის ზემოთ, სასურველია, სეირნობა და ცურვა);
კარიერული წინსვლა – 40 წლამდე (თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს);
წონის კორექცია – 28 წლის შემდეგ (თუ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გაქვთ). ამ ასაკიდან ორგანიზმში ნელ-ნელა ქვეითდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები და, შესაბამისად, იმაზე ნაკლებ კალორიებს ვწვავთ, ვიდრე საკვებით ვიღებთ. ამიტომ, უნდა მივირთვათ ხშირად, ცოტა-ცოტა და აუცილებლად გავზარდოთ უჯრედისების რაოდენობა (ბოსტნეულისა და ხილის მეშვეობით).
კოსმეტიკური პროცედურები: 25 წლამდე საკმარისია, კანის ყოველდღიური მოვლა ჰიგიენური თვალსაზრისით; 25-დან 30 წლამდე მეტი ყურადღება მიაქციეთ კანს სახესა და მთელ სხეულზე. მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანები, გამოიყენეთ დამცავი და დამატენიანებელი კრემები და ასე შემდეგ; 30-დან 40 წლამდე უყურადღებოდ არ დატოვოთ არც ერთი, თუნდაც ძალიან უჩინარი ნაოჭი და სასწრაფოდ მიაშველეთ სპეციალური კრემი; 40 წლის ზემოთ – თუ გსურთ, გაიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა, აუცილებლად მოიცალეთ საკუთარი თავისთვის: წესად შემოიღეთ დილის და საღამოს მოციონები, ცურვა (ან, ელემენტარული ვარჯიშები მაინც); რეგულარულად გაიკეთეთ ანტიცელულიტური და საერთო მასაჟები; ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც გაიწმინდეთ სახე კოსმეტოლოგთან.
და... ახალი ექსპერიმენტები ინტიმურ ურთიერთობებში, რისთვისაც სულაც არ არის საჭირო, მარტოხელა, გაუთხოვარი ან განათხოვარი იყოთ. ეს ექსპერიმენტები, შეიძლება, გათხოვილმა ქალებმაც საკმაოდ დიდი წარმატებით ჩაატარონ (ცხადია, ქმრებთან) 40 წლის ზემოთ. გვერწმუნეთ, ეს სწორედ ის ასაკია, როცა შეგიძლიათ, თავისუფლება მიანიჭოთ თქვენს აქამდე დაფარულ ფანტაზიებს და მეუღლესა თუ პარტნიორში ახალი ღირსებები აღმოაჩინოთ.