რატომ დასთხარეს თვალები შანშე ქსნის ერისთავს და როგორ გადაურჩა თვალების დათხრას გივი ამილახვარი
იმპერიების ბრძოლა საქართველოში გაბატონების მიზნით დიდი უბედურების მომტანი იყო ქვეყნისთვის. განსაკუთრებით მაშინ იძაბებოდა სიტუაცია, როდესაც ერთი იმპერიის ბატონობა მეორის ბატონობით იცვლებოდა. ასე მოხდა საქართველოში მეთვრამეტე საუკუნის ოც-ოცდაათიან წლებში. ჯერ „ოსმალობამ”, ხოლო შემდეგ „ყიზილბაშობამ” უკიდურესად დაძაბა ვითარება ქართლსა და კახეთში. ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
– მტერი–მტერია და, თუ ეს ასეა, მაშინ, რატომ იყო უბედურების მომტანი საქართველოსთვის „ოსმალობის” შეცვლა „ყიზილბაშობით”?
– 1723 წლიდან ქართლსა და კახეთში ოსმალები გაბატონდნენ. თავადების ნაწილმა ოსმალებთან საერთო ენა გამონახა და გარკვეული პრივილეგიებიც მიიღო. განსაკუთრებით დიდი გავლენით სარგებლობდნენ გივი ამილახვარი და შანშე ქსნის ერისთავი.
გივი ამილახვარი იმდენად გავლენიანი იყო, რომ 1726 წელს, ოსმალებს ხელი ააღებინა თბილისში სიონის ტაძრის გადაწვაზე. აქედან კარგად ჩანს, თუ რამდენად დიდ პატივს სცემდნენ ოსმალები მას. ეს ღვაწლი საქართველოს ეკლესიამ გივი ამილახვარს არ დაუვიწყა: თბილისის სიონში გივი ამილახვრის სულის საოხად, კვირაცხოვლობის წინა დღეს – ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს, ჟამი შეიწირება.
– რატომ ჰქონდა გივი ამილახვარს ოსმალებზე ასეთი დიდი გავლენა?
– საერთოდ, ყველანაირი ურთიერთობა ორმხრივია. ცხადია, ოსმალებს არც გივი ამილახვარი და არც შანშე ქსნის ერისთავი არ უყვარდათ. ქართლში ამ დროს უმეფობა იყო, არ არსებობდა სამეფოში წესრიგისა და კანონიერების დამცველი ძალა, რაც ოსმალებს დიდ სირთულეებს უქმნიდა. გივი ამილახვარს, შანშე ქსნის ერისთავსა და მათ მომხრე თავადებს შეეძლოთ სამეფოში წესრიგის დამყარება. გივი ამილახვარსა და შანშე ერისთავს, ასევე, შეეძლოთ, მთელი ქართლი აეჯანყებინათ ოსმალთა წინააღმდეგ. ამიტომ იყო, რომ ოსმალები გივი ამილახვარს უთმობდნენ, ისევე, როგორც დაუთმეს და ხელი აიღეს სიონის ტაძრის გადაწვის განზრახვაზე.
1735 წელს განჯის ციხესთან მდგარ ნადირ- ხანთან (ირანის მომავალ შაჰთან) კახეთის სამეფო სახლის წარმომადგენლების – თეიმურაზისა და მისი ვაჟის, ერეკლეს გამოცხადება და ირანელების თბილისში მიწვევა, გივი ამილახვარმა და შანშე ქსნის ერისთავმა თავიანთი უფლებების შეზღუდვად ჩათვალეს. ცხადი იყო, რომ ნადირ-ხანი ოსმალური ორიენტაციის გივი ამილახვრისა და შანშე ქსნის ერისთავის ქართლიდან გაძევებას შეეცდებოდა.
– გამართლდა თუ არა მათი ვარაუდი?
– ცხადია, გამართლდა. ნადირ-შაჰმა ქართლსა და კახეთში ოსმალური ორიენტაციის თავადების დასჯა დაიწყო. საქართველოდან წასვლის წინ ნადირმა ქართლ-კახეთის გამგებლებად თბილისში სეფი-ხანი დატოვა, ხოლო თელავში – თეიმურაზის ძმისწული, გამაჰმადიანებული ალი-მირზა. ვერც სეფი-ხანმა და ვერც ალი-მირზამ ქართლსა და კახეთში წესრიგი ვერ დაამყარეს, რადგან გივი ამილახვარი და შანშე ერისთავი ხან ფარულად, ხანაც აშკარად ირანის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ. სეფი-ხანმა, ვითომდა მოსალაპარაკებლად, გორში მიიწვია თეიმურაზი, გივი ამილახვარი და სხვა თავადები. ისინი შეიპყრეს და ირანში გაგზავნეს ნადირ-შაჰთან.
– რა ბედი ეწიათ ირანში გაგზავნილ ქართველებს?
– ამჯერად ყველანი გადარჩნენ. ქართლში ვითარება კვლავ დაძაბული იყო. ირანის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტდა დატყვევებას გადარჩენილი შანშე ერისთავი. სეფი-ხანმა ქსნის საერისთავოს ჯარი შეუსია და ააოხრა. შანშე იძულებული გახდა, რუსეთში გაქცეულიყო. ამის შემდეგ ირანელების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა მისი უმცროსი ძმა, რომელიც მალე იძულებული გახდა ოჯახთან ერთად კახეთში გახიზნულიყო. ლტოლვილებს არაგვის საერისთავოს ტერიტორიაზე უნდა გაევლოთ. არაგვის ერისთავი უთრუთაი, თბილისის ხანის მომხრე იყო. ამიტომ მან კახეთისკენ მიმავალი შანშე ერისთავის ძმის ცოლი შეაპყრობინა და სეფი-ხანს გადასცა, რომელმაც იგი ირანში გაგზავნა.
– ნუთუ ასეთი საქციელი, თუნდაც იმ ძნელბედობის ჟამს, დაუსჯელი რჩებოდა?
– დაუსჯელი არ რჩებოდა, მაგრამ ეს კიდევ ახალ სისხლისღვრას იწვევდა.
რუსეთიდან დაბრუნებულმა შანშე ერისთავმა ლეკთა ჯარი დაიქირავა, არაგვის საერისთავო ააოხრა და ალყა შემოარტყა ანანურის ციხეს, რომელშიც უთრუთაი იყო გამაგრებული თავის ძმებთან და ოჯახთან ერთად. უთრუთაი არ ნებდებოდა, მაგრამ, როდესაც შანშემ ციხეს წყლის მიწოდება შეუწყვიტა, უთრუთაის ერთი ძმა შანშე ერისთავის ფიცს ენდო და ციხიდან გამოვიდა მოსალაპარაკებლად. არაგვის ერისთავის ძმა და მისი თანმხლები პირები შანშემ ციხიდან გამოსვლისთანავე დაახოცვინა. უთრუთაი ოჯახთან ერთად ციხის ერთ-ერთ კოშკში გამაგრდა. შანშემ კოშკს გარშემო შეშა შემოუწყო, ცეცხლი წაუკიდა და კოშკში მყოფნი კვამლში ამოახრჩო.
– სად იმყოფებოდა ამ დროს გივი ამილახვარი?
– ცბიერმა ნადირ-შაჰმა გივი ამილახვარი ტყვეობიდან გაათავისუფლა, შანშეს საერისთავო უბოძა და ჯარიც გამოაყოლა. თბილისის ხანი და გივი ამილახვარი ერთობლივი ძალით შეესივნენ ქსნის საერისთავოს. შანშემ ჭკუა იხმარა, ბრძოლას თავი აარიდა და ახალციხის ფაშასთან გაიქცა. გივი ამილახვარმა და თბილისის ხანმა აწერის ციხე აიღეს, მაგრამ იქ ვერც შანშე ერისთავი და ვერ მისი ცოლი ვერ იპოვეს. შანშეს მეუღლეს უბრალო გლეხის ქალის ტანისამოსი ჩაეცვა და შინაყმებში გარეულიყო, მაგრამ, გივი ამილახვრის თანმხლებმა ერთ-ერთმა თავადიშვილმა შანშეს მეუღლე იცნო, იგი მაშინვე დაატყვევეს და თბილისში გაგზავნეს.
– რა ბედი ეწია თავად შანშეს?
– ნადირ-შაჰმა ოსმალეთის სულთანი აიძულა, შანშე ერისთავი მისთვის გადაეცა. ახალციხის ფაშამ შანშე შეაპყრობინა და თბილისში გამოგზავნა. დატყვევებული შანშე ერისთავი ირანში გაგზავნეს. მან გზაში გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამის შემდეგ შანშეს ჯერ თვალები დასთხარეს, ხოლო შემდეგ ირანში ტყეობაში მყოფი ცოლი მიჰგვარეს.
– ცხადია, ყოველივე ამის შემდეგ ირანის შაჰის ფავორიტად გივი ამილახვარი იქცა.
– დიახ, გივი ამილახვარი ნადირ-შაჰმა ქართლის გამგებლად დანიშნა, თუმცა, ამ ენერგიულმა და მამაცმა ადამიანმა ქართლის დაწყნარება ვეღარ შეძლო. მალე მდგომარეობა ქართლში კიდევ უფრო კრიტიკული გახდა. ნადირ-შაჰმა დაღესტანზე ლაშქრობა დაიწყო და ქართლ-კახეთიდან დიდი რაოდენობის სურსათის მიწოდება მოითხოვა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ უამრავი ქართველი შიმშილით იხოცებოდა. გივი ამილახვარი ცოლ-შვილთან ერთად თბილისიდან გაიპარა და ქსნისა და არაგვის საერისთავოები ააჯანყა ირანის წინააღმდეგ.
– რა მოჰყვა ამ აჯანყებას?
– გივი ამილახვარი დამარცხდა და სურამის ციხეს შეაფარა თავი. ამ დროისათვის ნადირ-შაჰის მიერ ქართლის მეფედ თეიმურაზი, ხოლო კახეთის მეფედ მისი ვაჟი – ერეკლე იყო დამტკიცებული. შაჰი თეიმურაზს კატეგორიულად სთხოვდა გივი ამილახვრის დასჯას. თეიმურაზმა სურამის ციხე ვერ აიღო. მეფე იძულებული შეიქნა, ციხეში შუაკაცები შეეგზავნა და ურჩ თავადთან მოლაპარაკება გაემართა. გივი ამილახვარი მოლაპარაკებას დათანხმდა, ციხიდან გამოვიდა, თეიმურაზს ერთგულება შეჰფიცა და თანაც დასძინა: თქვენს სიტყვას კი ვენდობი, მაგრამ, შაჰისგან მინდა ნდობის დადასტურებაო. თეიმურაზმა კაცი აფრინა ნადირ-შაჰთან. მალე ირანიდან შაჰის სიგელი მოვდა, რომელიც ადასტურებდა, რომ გივი ამილახვარს დანაშაული ეპატია და შეუვალობის გარანტია მიიღო. ამილახვარი შაჰის პირობას არ ენდო და ციხის ჩაბარებაზე კვლავ უარი განაცხადა.
– აპატია შაჰმა გივი ამილახვარს ასეთი ჭირვეულობა?
– ნადირ-შაჰი განრისხდა. მან ირანიდან მხატვარი გამოგზავნა, რომელმაც სურამის ციხე და მისი მიდამოები დახატა. ნახატის დათვალიერების შემდეგ შაჰმა თეიმურაზსა და სურამთან მდგარ ირანელთა ჯარის სარდალს მითითებები მისცა, თუ როგორ უნდა აეღოთ ციხე. გივი ამილახვარი მიხვდა, რომ ციხეს დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებდა და დანებდა. ირანიდან ნადირ-შაჰმა შემოთვალა: გივი ამილახვარმა აირჩიოს, თვალების დათხრა ურჩევნია თუ ჩემთან გამოცხადებაო. გივი ამილახვარს ამ წინადადების პასუხად უთქვამს: სამშობლოში თუ დავრჩები, მხოლოდ თვალებს დავკარგავო, ირანში თუ წავალ, სამშობლოსაც დავკარგავ და თვალებსაცო. თეიმურაზმა გივი ამილახვარს თვალები მაინც არ დასთხარა და მისი ნების წინააღმდეგ ირანში გაგზავნა, თანაც, შაჰს სთხოვა, თავადი შეეწყალებინა.
– როგორ დამთავრდა ეს ისტორია?
– ირანში მიმავალი გივი ამილახვარი შეხვდა ირანიდან საქართველოში მომავალ, თვალებდათხრილ შანშე ქსნის ერისთავს. თვალებდათხრილმა და თვალების დათხრის მომლოდინემ ერთმანეთს წუთისოფლის გაუტანლობა შესჩივლეს. გამოთხოვებისას შანშე ერისთავს ქართული ზღაპრის სიტყვები გაუხსენებია: იქით მიმავალი ბევრი მინახავს, უკან დაბრუნებული – არც ერთიო. ცხადია, „იქით მიმავალში” გივი ამილახვარი იგულისხმებოდა. გივი არ დაიბნა და შანშეს უპასუხა: შეიძლება, ღმერთმა შემიბრალოს და უკან ისე არ დავბრუნდე, როგორც შენ ბრუნდებიო. გივი ღმერთმა, მართლაც, დაიფარა. თავისი კეთილშობილური ქცევითა და დიპლომატიური ნიჭით მან ნადირ-შაჰი ისე მოხიბლა, რომ თვალების დათხრას გადაურჩა და რამდენიმე წლის შემდეგ უვნებლად დაბრუნდა სამშობლოში.