კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვკითხულობთ გალაკტიონის უბის წიგნაკში მერი შერვაშიძის შესახებ და ვინ დაუტოვა მას 500 ათასი ფრანკი

თათული ღვინიაშვილს ძალიან საინტერესო და ფათერაკებით სავსე ცხოვრება ჰქონდა; ისეთივე საინტერესო, როგორი წინაპრებიც ჰყავდა. ამიტომაცაა, რომ ძალიან ბევრი რამ აქვს ჩვენთვის მოსაყოლი. მასთან საუბარს მერი შერვაშიძით დავიწყებთ, რომელიც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის მშობლების მეჯვარე იყო და რომელთან ურთიერთობაც უშუალოდ ქალბატონ თათულის ჰქონდა. თუმცა ინტერვიუში კიდევ ბევრი საინტერესო პიროვნებისა და ამბის შესახებ შევიტყობთ.

თათული ღვინიაშვილი: მერი შერვაშიძე იყო დედაჩემის, ბაბო დადიანის მეჯვარე და უახლოესი მეგობარი. ისინი დაახლოვდნენ მაშინ, როდესაც დედაჩემი საზოგადოებაში გამოვიდა, თუმცა, მანამდეც ჰქონდათ ურთიერთობა ჩვენს ოჯახებს, რადგან მერი იყო ჩვენი ნათესავი შერვაშიძეების მხრიდან. პროკოფი შერვაშიძე, მერის მამა, ხშირად ჩადიოდა ხოლმე სტუმრად ბანძაში დედაჩემის ბებია-ბაბუასთან. დედაც ბანძაში იზრდებოდა, მანამ სანამ ლორის მელიქოვის პანსიონატში შეიყვანდნენ. იცით, იმ დროისათვის ბანძა ერთ-ერთ საუკეთესო კულტურულ ცენტრად ითვლებოდა. სხვათა შორის, პირველი სპექტაკლი საქართველოში ბანძაში დაიდგა მეთვრამეტე საუკუნეში.

– მერისა და ქალბატონ ბაბოს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო?

– მერი დაახლოებით ოთხი წლით უფროსი იყო დედაზე, მაგრამ, რატომღაც: „ტიოტია მერის” და „დიადია გიგუშას“ (მერის მეუღლე) ვეძახდიო – იტყოდა ხოლმე ის.

– ვინ იყო, მერის მეუღლე?

– მერის მეუღლე გახლდათ გიორგი ერისთავი, სამხედრო პირი, იმპერატორ ნიკოლოზთან დაახლოებული პიროვნება.

– თქვენს მამაზე, ანუ ბაბო დადიანის მეუღლეზეც გვიამბეთ.

– მამაჩემი იყო ალექსანდრე მასხარაშვილი. ის საქართველოში 1920 წელს დაბრუნდა ლონდონიდან, კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე. მამა ძალიან მდიდარი ოჯახიდან გახლდათ. ჭიათურის მარგანეცის მფლობელი იყო ბაბუაჩემი. ძალიან უკვირდათ, რომ დადიანის ქალმა ასეთი არჩევანი გააკეთა. დედას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა: ჩოლოყაშვილები, ორბელიანები, მაგრამ მისი ყურადღება მხოლოდ მასხარაშვილმა დაიმსახურა. თურმე, დედას და მამას სიყვარულის ამბავი ქაქუცა ჩოლოყაშვილს „გაუცია”. ერთხელ ჩამოსული ყოფილა ქაქუცა სტუმრად ბაბუაჩემთან, სუფრასთან რომ ისხდნენ, ჭიქა აუწევია და უთქვამს: ბაბოშკა, ეს შენს შტატსკის გაუმარჯოსო. ვინ არის ეს შტატსკიო, უკითხავთ? ბაბუამ უკვე იცოდა, მაგრამ ბებიას ვერ ეუბნებოდნენ მის გვარს (იცინის).

ჩემი მეორე ბებია, მერი, კარგად იცნობდა მამაჩემის ოჯახს.

მერი ბებიასთან (წერეთლებთან), ბანძიდან სტუმრად ჩასული დედა თავის დღიურში წერს: – მერი დედასთან და კოკი ბაბასთან ჩამიყვანეს ურმით. ჩვენი აივნიდან დასახლება ჩანდა. ვკითხე, ეს რა სოფელია-მეთქი. სოფელი არაა, ეს მასხარაშვილების დასახლებააო, – მიუღია პასუხად. ამაზე დედას სიცილი აუტეხავს, – მასხარაშვილი რა გვარიაო. ბებიას უთქვამს, ძალიან პატივსაცემი ხალხია და არ გაიგონ, რა გაცინებსო. იმ ზამთარს გაუცნია მამას დედა. თურმე, მამას უცხოეთიდან სტუმრები მოსდიოდა და კრუშონის სპეციალური ჭურჭელი უნათხოვრებია მერი ბებიასგან. მოგვიანებით, თავისი მსახური გაუგზავნია გადასამოწმებლად, დააბრუნეს თუ არა ჭურჭელი. სწორედ დედასგან მიუღია მსახურს პასუხი. როდესაც მსახური სახლში მისულა, მამასთვის უთქვამს: „ბარინ, ია ანგელა ვიდელ ი ჟენიტეს ნა ნეი-ო”. თუმცა, ამ პერიოდისთვის მამას დედა უკვე გულში ჰყოლია ჩავარდნილი.

მამა იმავე წრეში ტრიალებდა, რომელშიც დედა: მერი შერვაშიძე, გიგუშა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი... ალექსანდრე მასხარაშვილი იყო ძალიან დახვეწილი ინტელიგენტი. თურმე, მერი ეუბნებოდა დედას: „ბაბოშკა, ტი ზნაეშ, ონ პროსტო ზოლოტო”. მერის ამ შეფასებამ კიდევ უფრო გააღვივა ჩემი გრძნობები ალიოშას მიმართო,– იხსენებდა ხოლმე დედა.

– ბაბოსა და ალექსანდრეს ქორწილზეც გვიამბეთ.

– როგორც გითხარით, მეჯვარეები იყვნენ მერი შერვაშიძე და ვალოდია წულუკიძე. ქორწილი გაიმართა ორბელიანების სასახლის გვერდით (ყოფილი ამერიკის საელჩო) მდებარე სახლში, რომელიც ულამაზესად მოაწყო მამამ და დედას ოჯახში, სოლოლაკში, რტიშჩევის ქუჩაზე (ახლანდელი იაშვილის ქუჩა), სადაც დედას ოჯახს 14 ოთახი ჰქონდა დაკავებული – მთელი სართული. თურმე, მთელი თბილისი ამ ქორწილზე ლაპარაკობდა. ის იმდენად დასამახსოვრებელი ყოფილა, რომ, იყო ასეთი ქალაქის კოლორიტი, ქირურგი მიხეილ გიგოლოვი, რომელმაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია გამიკეთა, შემოვლაზე რომ მიდიოდა, მივყავდი ხოლმე და ყველას ასე აცნობდა ჩემს თავს: „ზნაეტე, კტო ანა? – მასხარაშვილი. ა მატ უ ნეიო კრასოტკა. ი ზნაეტე, კაკაია უ ნიხ ბილა სვადბა“? მე ამ პერიოდში უკვე მეცხრეკლასელი ვიყავი და ისევ ჩემი მშობლების ქორწილს იხსენებდნენ.

დედას და მამას ქორწილი 1921 წლის 20 იანვარს გაიმართა. ზუსტად ერთ თვეში კი მოხდა საქართველოს გასაბჭოება, რის შემდეგაც, ძალიან მალე, ყველა ჩვენი ახლობელი ემიგრაციაში გაემგზავრა კონსტანტინოპოლში.

კონსტანტინოპოლში კარგა ხანს გაჩერდნენ – ჩვენები, მერი შერვაშიძე მეუღლესთან და თავის ტყუპ დებთან ერთად. ერთ-ერთი ტყუპისცალი, თამარა შარვაშიძე, ზარნიკაუს მეუღლე იყო, პრინც ოლდენბურგელის ვაჟის.

– ოლდენბურგელის ვაჟი ზარნიკაუ როგორ იყო?

– ეს გრძელი ისტორიაა. თუ პრინცი აგრაფინა ჯაფარიძეს შეირთავდა, რომელიც მან საქართველოში გაიცნო და შეუყვარდა, მაშინ, უარი უნდა ეთქვა თავის წოდებაზე. სწორედ ამ სიყვარულის სანაცვლოდ შეელია წოდებასაც და ქონებასაც.

– აგრაფინა ვინ იყო?

– აგრაფინა ჯაფარიძე გახლდათ სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ქალბატონი. ის იყო ტარიელ დადიანის მეუღლე. ტარიელი კარტის თამაშის მოყვარული ყოფილა. პოკერი და კარტი, შეიძლება ითქვას, მეცხრამეტე საუკუნის თავად-აზნაურთა დაავადება ყოფილა. ამბობენ, რომ ტარიელს წაუგია დიდძალი თანხა და პრინცს შეუთავაზებია: დამითმე შენი ცოლი და მე გაგასტუმრებინებ წაგებულ თანხასო. ტარიელმა მიიღო ეს წინადადება. პრინცმა ბევრი კარგი საქმე გააკეთა საქართველოში: ქუთაისში მეღვინეობისთვის ქარხნები ააშენა, თბილისში – სასახლე...

– „ერთი ღამის სასახლეს“ რომ ეძახიან?

– სამწუხაროდ, ასე ეძახიან, რაც წაბილწვაა აგრაფინას სახელის და, გიამბობთ, რატომაც. აგრაფინამ მიატოვა ტარიელი. შეიძლება, ტარიელმა თანხის სანაცვლოდ დათმო აგრაფინა, მაგრამ, პრინცი ოლდენბურგელი არ იკადრებდა საყვარელი ქალი ერთი დღით ეთხოვა. ხუთი შვილი შეეძინა მას აგრაფინასთან, ამ ქალის გამო დათმო მან ტიტული, ქონება და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.

რადგან ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც ოლდენბურგელის გვარს ვეღარ ატარებდა, მას ორი გვარი შესთავაზეს, – ბოზე და ზარნიკაუ. გიორგი შარვაშიძეს უთქვამს, თუ შენ საქართველოში ცხოვრება გინდა, ბოზე არ უნდა აიღო გვარადო.

აგრაფინასა და პრინცის შვილები უკვე გრაფები იყვნენ და არა პრინცები. ლექსიც იყო ასეთი: „აგრაფინა კისკისაო დადიანმა პრინცს მისცაო”.

მოკლედ, ემიგრაციაში ჩემს მშობლებთან ერთად იყვნენ თამარა ზარნიკაუ, ანუ აგრაფინას რძალი, თავის შვილებით, ბაბუა, ბებია. დედა და მამა ჩამოვიდნენ საქართველოში, მაგრამ, აქ ისეთი არეულობა დახვდათ, ისევ კონსტანტინოპოლში გაბრუნდნენ.1922 წელს ჩემი ძმა დაიბადა კონსტანტინოპოლში. იქ იყო მაშინ კედიების ოჯახი, სალომე ზურაბიშვილის დედ-მამა. სალომეს დედა, ზეინაბი და ჩემი ძმა ერთდროულად დაბადებულან. ამის შემდეგ ყველანი პარიზში გააცილეს, ჩემი მშობლები კი, რვა თვის თავზე დაბრუნდნენ საქართველოში. მაგრამ, ვაი ამ დაბრუნებას. მას შემდეგ ბევრი სიმწარე გამოიარეს. სტალინის სიკვდილისა და შუა აზიიდან ჩვენი დაბრუნების შემდეგ აღდგა მიწერ-მოწერა. მერის უამრავი წერილი აქვს მოწერილი დედასადმი. გახარებული იყო, რომ აღდგა მიწერ-მოწერა.

ამის შემდეგ დედამ დაიწყო ხლაფორთი, რომ წასულიყო საფრანგეთში და ყველა მოენახულებინა.

– ეს როდის გახდა შესაძლებელი?

– ეს შესაძლებელი გადა 1964 წელს. მოინახულა 45 წლის უნახავი ახლობლები და ნათესავები. ბაბუაჩემი პარიზში გარდაიცვალა. მერის ისე უყვარდა ჩემები, რომ სპეციალურად უყიდია ბინა მათ მოპირდაპირედ. დედა იხსენებდა ხოლმე, იქ რომ ჩავედი დაიწყო გაუთავებელი სტუმრობები. მერი ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან ან პირიქითო. მოგვიანებით უკვე მეც შევძელი პარიზში ჩასვლა. მერის ყველგან დავყავდი. გამოფენებზე „ვოგში“, სტუმრად... ის სულ იგვიანებდა. ყველა ვახშამი ასე მთავრდებოდა: „მერი მოვა, მერი არ მოვა, მოვა-არ მოვა“... ბოლოს, როგორც იქნა, მოვიდოდა ხოლმე. ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება მერის სადგურში მოსვლა.

– ეს როდის?

– უკვე უკან რომ ვბრუნდებოდი. ისე მინდოდა, რომ მოსულიყო, მაგრამ, არ იქნა მისი გამოჩენა. მახსოვს, 30 აპრილი იყო. სადგური „პერონი” სავსე იყო ჩემი და ვიღაცა რუსი კაცის გამცილებლებით. დახვეწილი ინტელიგენტი ჩანდა, მასაც არაჩვეულებრივი საზოგადოება აცილებდა. დაიწყო ისევ: „მერი მოვა, – არ მოვა”... „თბილისში იქნება მატარებელი, მერი რომ გამოჩნდება“... და, ამ დროს, გამოჩნდა: ლილისფერი კოსტიუმი ეცვა, შიგნით ოდნავ ღია ფერის ბლუზით და ხელში იების თაიგული ეკავა. რომ შემოვიდა, ყველა მოტრიალდა და მას მიაჩერდა. მალე მატარებელიც დაიძრა და, რომ იტყვიან, მერიმ ვაგონში შემომიგდო ყვავილები. ეს რუსი მამაკაცი მეკითხება: „კტო ეტა დამა, პოსლედნაია ჩტო პრიშლა? ია ზნაიუ, იო პო პარიჟუ“. მე ვუპასუხე: ის, იმპერატორის ფრეილინა იყო, რომელმაც ასე სთქვა მასზე: „კნიაჟნა, გრეშნო ბიტ ტაკოი კრასივოი”-მეთქი. მერე შანელის მოდის სახე იყო, რაც მისი წოდებისა და წრის ქალს არ ეკადრებოდა, მაგრამ, დისშვილები ჰყავდა გასაზრდელი და ამიტომ აირჩია ასეთი სამსახური. სხვათა შორის, თამარა ზარნიკაუ ადრე გარდაიცვალა და მერი პატრონობდა მის შვილებს.

მე ამ კაცის მეშინოდა და მას, ალბათ, ჩემი. მოგეხსენებათ, დამსმენები და „კაგებეს“ თანამშრომლები გვდევდნენ სულ. ორივე შევიკეტეთ კუპეში და ხმა აღარ გაგვიცია ერთმანეთისთვის მოსკოვამდე.

– ამის შემდეგ კიდევ იყავით პარიზში?

– დედა ორჯერ ჩავიდა, შემდეგ – მე და ჩემი ვაჟი, დათოც წავიყვანეთ. მერი ამ დროისთვის ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. გადავწყვიტეთ მოგვენახულებინა. დათო სადღაც იყო დაპატიჟებული და ამბობდა, მერის იმდენი სურათი მაქვს ნანახი, რად მინდა, ახლა, 90-ს გადაცილებული ვნახოო. მთელი გზა ბუზღუნებდა. თავი მოვიკალი, სანამ არ წავიყვანე. რომ წამოვედით მერისგან, თვალებზე ხელს იფარებდა და გაიძახოდა: ეს რა ვნახე, ეს რა ვნახეო. მახოვს, უაზრმაზრი თაიგული ედო მაგიდაზე. „ეტო ოტ მოეგო პოკლონნიკა”, – გვითხრა მერიმ. საოცრად მომხიბლავი იყო. ამ ხნის ქალს, როგორ ჰქონდა ასეთი სიცოცხლით სავსე თვალები...

– ყველა ამბობს, მერი შერვაშიძე ულამაზესი იყოო, მაინც, როგორი იყო ის?

– ვერ ვიტყვი, რა ფერის თვალები ჰქონდა: არც ყავისფერი, არც ცისფერი. წაბლისფერი თმა და სახისფერი ჰქონდა საოცარი – მაშინ მაკიაჟი არ იყო, მოგეხსენებათ. ერთხელ მამა კონსტანტინოპოლიდან ლონდონში წასულა საქმეებზე და მერი დარჩენილა იმ პერიოდში დედასთან. მათ ერთ ოთახში ეძინათ. დედა იტყოდა ხოლმე, ვუყურებდი მძინარე მერის და თვალს ვერ ვაშორებდიო. ენით აუწერელი გარეგნობის ქალბატონი იყო მერი შერვაშიძე.

– ამ ულამაზესი ქალბატონის პირადი ცხოვრება როგორ წარიმართა?

– მერის ძალიან ადრე გარდაეცვალა ქმარი, შვილი არ ჰყოლიათ. მას შემდეგ არ გათხოვილა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ადმირალ მაკაროვის ვაჟი, რომელიც უგონოდ იყო შეყვარებული მერიზე. მაკაროვმა მერის უზარმაზარი ქონება დაუტოვა – 500 ათასი ფრანკი.

– ნოსტალგიის გრძნობა თუ ჰქონდა?

– რა თქმა უნდა. სულ კითხულობდა ნათესავებს, ნატრობდა მათ ნახვას....

– გალაკტიონი და მერი?

– მერიმ მოსწერა დედას: ქუთაისში ყველა ამობობს, თითქოს გალაკტიონის ის ლექსი მე მეძღვნება, მაგრამ მე მას არ ვიცნობდიო. კოლაუ ნადირაძე მარწმუნებდა, რომ მე და გალაკტიონი ვიყავით მერის ჯვრისწერაზეო.

სტუდენტობის პერიოდში, ჩემი მეგობარი წერდა გალაკტიონზე საკურსოს და შევპირდი, რომ შევახვედრებდი პოეტთან. მართლაც, შევხვდით და ვუთხარი: ძია გალაკტიონ, ჩემი მეგობარი თქვენს შემოქმედებაზე და „მერიზე” წერს საკურსოს და რას ეტყვით-მეთქი. მან კი მიპასუხა: ო, ეგ ჩემი საიდუმლოა, გეთაყვა, მაგაზე არ ვლაპარაკობო. რა გითხრათ, ეს ისეთი თემაა, რომელზეც დაუსრულებლად შეიძლება ვისაუბროთ და მაინც ვერ მივიდეთ საერთო დასკვნამდე.... აკი მითხრა – საიდუმლოაო... თუმცა, მის უბის წიგნაკში ვკითხულობთ: „იყო ასეთი ქალი, ნამდვილი და რეალური..”


скачать dle 11.3