როგორ გამოირჩეოდა ყველასგან „ცეერუს” ქართველი თანამშრომელი დავით ჭავჭავაძე ვაშინგტონში არისტოკრატიულ წვეულებებზე და აპირებდა თუ არა ის სვეტლანა ალილუევაზე დაქორწინებას
20 მაისს, ამერიკელ მწერალს, პუბლიცისტს, მთარგმნელს, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილ თანამშრომელს, დავით ჭავჭავაძეს 87 წელი შეუსრულდება, რომლის მამას, ცნობილ ამერიკელ მწერალ პავლე (პოლ) ჭავჭავაძეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. როგორც დავით ჭავჭავაძის, ასევე, მისი წინაპრების ისტორია ძალიან საინტერესოა და ამის შესახებ გვესაუბრება ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი.
წინაპრები
პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძეს და სალომე ორბელიანს 4 შვილი ჰყავდათ. ყველასთვის კარგად ცნობილი ქალიშვილები – ნინო, ეკატერინე, სოფიო და ვაჟი – დავითი. ჭავჭავაძეების ოჯახი გამორჩეული იყო თავისი სტუმართმოყვარეობით. მათი სახლი წინანდალსა და თბილისში ანდამატივით იზიდავდა ყველას. მშვენიერი დიასახლისისა და ულამაზესი ქალიშვილების გარდა, სტუმრებს ოჯახის წევრთა ნიჭიერება, განათლება, მუსიკალობა ხიბლავდა. დავითის დაქორწინების შემდეგ, რძალმა ახალი მომხიბვლელობა შემატა ალექსანდრე ჭავჭავაძის ისედაც ყველასგან გამორჩეულ ოჯახს. ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკის მეთაურს, წმიდა გიორგის ჯვრის კავალერს, გენერალ-მაიორ დავით ჭავჭავაძეს ცოლად ჰყავდა მეფე ერეკლე მეორის შვილთაშვილი ანა გრუზინსკაია (ბაგრატიონ-მუხრანელი) – მეფე გიორგი მეთორმეტის და მარიამ ციციშვილის ვაჟის, ილია ბატონიშვილის ასული. როცა მულები გათხოვდნენ – ეკატერინე სამეგრელოს მთავარ დავით დადიანზე, ხოლო სოფიო – ბარონ ნიკოლაიზე, შემდეგ კი ნინო ჭავჭავაძე გარდაიცვალა, ანა გახდა ჭავჭავაძეების სალონის დიასახლისი. სწორედ მან გაუწია მასპინძლობა ალექსანდრე დიუმას, რომელმაც თავის წიგნში – „კავკასია” მთელი თავი მიუძღვნა თავად ჭავჭავაძის მეუღლეს. შამილის მიერ მისი გატაცებისა და ერთწლიანი ტყვეობის ისტორიას. მოზრდილ აბზაცში დიუმა ანას მშვენიერებასა და ულამაზეს თვალებს აღწერს. მით უფრო საყურადღებოა, დიდი მწერლის საქებარი სიტყვები, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროს, ანას უკვე 10 შვილი ჰყავდა – 3 ვაჟი: ალექსანდრე, ილია, არჩილი და 7 ქალი: სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია, ნინო და ლიდა. ლიდა გზაში დაიღუპა, როცა 1853 წელს, ლეკებმა წინანდლიდან დავითის ოჯახი სტუმრებთან და მსახურებთან ერთად გაიტაცეს. დავითისა და ანას მეორე ქალიშვილი მარიამ (კაკო) ჭავჭავაძე ასევე ჭავჭავაძეს – ლადო ასათიანის ცნობილი ლექსის პერსონაჟის, გულბაათ ჭავჭავაძის ვაჟს, ზაქარიას გაჰყვა ცოლად. მათი უფროსი ვაჟი – კორნილოვის „ველური დივიზიის მეთაური”, მრავალი ჯილდოს მფლობელი და მამაცი მხედარი გენერალი ალექსანდრე ჭავჭავაძე კისლოვოდსკში დაქორწინდა. მისი მეუღლე გახდა იმპერატრიცას ფრეილინა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, მიხეილ როძიანკოს ძმისშვილი მარია პავლეს ასული როძიანკო. მათ 3 შვილი ჰყავდათ: უფროსი პავლე – ამერიკაში ცნობილი მწერალი, გიორგი (იური) – საფრანგეთში მოღვაწე ნიჭიერი პიანისტი და მარინა, რომელიც ლონდონში დასახლდა და წიგნებს წერდა. პავლე 1922 წელს დაქორწინდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილზე, კავკასიის მეფისნაცვლის დიდი მთავრის მიხეილის უმცროსი ვაჟის, გიორგის (გოგი) ქალიშვილ ნინა რომანოვაზე. პავლე და ნინა ერთმანეთს პირველად 1908 წელს შეხვდნენ რომში, ინგლისის საელჩოში გამართულ წვეულებაზე. როგორც რუსეთის სამეფო ოჯახის წევრს, პრინცესა ნინას უფლება ჰქონდა, თვითონ შეერჩია პარტნიორი და როცა „თეთრი ცეკვა” გამოცხადდა, 7 წლის ნინამ 9 წლის პავლე აირჩია. დიდი ხნის შემდეგ, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ლონდონში და ხანმოკლე რომანის შემდეგ, დაქორწინდნენ. ჯვრისწერა ლონდონის მართლმადიდებლურ ტაძარში შედგა, ქორწილში კი, რომელსაც ნინას ბებია – დედოფალი ოლგა ნიკოლოზის ასული საბერძნეთიდან და უამრავი ევროპელი ტიტულოვანი სტუმარი დაესწრო, ახალგაზრდებმა ბევრი ძვირფასი საჩუქარი მიიღეს. ეს საჩუქრები ძალიან გამოადგათ, რადგან საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში დარჩენილ ჭავჭავაძეებს, ისევე, როგორც რომანოვებს, 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, ევროპაში დანაზოგი არ ჰქონდათ. ამ ქორწინების შედეგად, 1924 წელს, დაიბადა ვაჟი, რომელსაც დავითი დაარქვეს. ინგლისმა ყველაზე ადრე – 1921 წლის 16 მარტს დადო სავაჭრო ხელშეკრულება საბჭოთა რუსეთთან. ამიტომ, ლოიდ-ჯორჯის ლეიბორისტული მთავრობა ნელ-ნელა იშორებდა თეთრგვარდიელებსა და ლტოლვილ არისტოკრატიას ქვეყნიდან. პავლე ჭავჭავაძის ოჯახიც იძულებული გახდა, ინგლისი დაეტოვებინა. 1926 წელს, ამერიკაში გადასახლდა და ნიუ-იორკში დაფუძნდა. პავლემ ამერიკის მოქალაქეობა მიიღო და წითელი ჯვრის თანამშრომელი გახდა. 50-იან წლებში კი, წერა დაიწყო.
დავით ჭავჭავაძე – „ცეერუში”
დავითს რუსი ძიძა ზრდიდა და კარგად შეისწავლა რუსული ენა. პავლემ ქართული იცოდა, მაგრამ შვილისთვის იშვიათად იცლიდა. ამიტომ, დავითმა ქართული ვერ ისწავლა. პავლე ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს წევრი იყო და ქართულ ღონისძიებებზე შვილიც დაჰყავდა, რის წყალობითაც დავითს ქართველ ბავშვებთან და თანამემამულეებთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა. თუმცა, მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვით ახერხებდა მათთან ურთიერთობას. პავლე ყველაფერს აკეთებდა, რომ შვილს სამეფო ჩამომავლის შესაფერისი განათლება მიეღო. 1942 წელს, დავითი იელის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ვინაიდან ამერიკა ამ დროს, უკვე ჩაბმული იყო მეორე მსოფლიო ომში – არმიის რეზერვშიც ჩაეწერა. პირველი კურსის დახურვისთანავე, 1943 წელს, გაიწვიეს სამხედრო-საჰაერო ძალებში, მაგრამ მამამისის მსგავსად, რომელიც მაიორის ჩინით მსახურობდა ამერიკის არმიაში, დავითს ბრძოლაში ჩაბმა არ მოუწია. როგორც რუსული ენის კარგი მცოდნე ქემფ-რიჩში, მერილენდის შტატში სამხედრო დაზვერვის განყოფილებაში გაგზავნეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ლინგვისტური ჯგუფიდან მერე რუსულ განყოფილებაში გადაიყვანეს, საველე პრაქტიკა კი მთებში გაიარა. იქ გამოჩენილი ინიციატივისა და მოსაზრებულობის გამო, დავითი სერჟანტად დააწინაურეს. 1943 წლის ოქტომბერში ალასკაზე გაგზავნეს. ერთ წელიწადში, სწრაფად წაიწია წინ და ჯერ – უმცროსი, 20 წლისამ კი, უფროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო. ომის განმავლობაში, როგორც თარჯიმანი, ბევრ ცნობილ საბჭოთა მოღვაწეს შეხვდა. ომის შემდეგაც ხშირად უხდებოდა იმ შეკრებებზე თარჯიმნად მუშაობა, სადაც მოკავშირეები გერმანიის მომავლის, ევროპის ომის შემდგომი მოწყობისა და საერთაშორისო სისტემის შექმნის საკითხებზე მსჯელობდნენ. ამის გამო, ერთხანს გერმანიაშიც ცხოვრობდა. 1950 წლის აგვისტოში დავითი ვაშინგტონში ანგარიშის ჩასაბარებლად გამოიძახეს და ასე დაიწყო მისი 25-წლიანი კარიერა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ინიციატივით შექმნილ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში (CIA, ცსს, ან „ცეერუ”) ის იყო ერთადერთი რუსეთის საიმპერატორო ოჯახის შთამომავალთაგან, ვინც ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურად საქმიანობდა და ამ უწყებაში მუშაობდა. 1974 წელს, 50 წლის დავითი გადადგა, მაგრამ უწყებისთვის მეტისმეტად აუცილებელი იყო. ამიტომ, კონტრაქტით გააგრძელა სამსახური. იმ პერიოდში მან ძალები სრულიად განსხვავებულ ასპარეზზე მოსინჯა – სიმღერასა და მწერლობაში. მომღერლის კარიერაზე მეტად მწერლობა გამოუვიდა. არის რამდენიმე ისტორიულ-პოლიტიკური, პუბლიცისტური ნაშრომისა და მოგონების ავტორი – „დიდმთავრები”, „ვლასოვის მოძრაობა: გერმანელების მხარეს მებრძოლი საბჭოთა მოქალაქეები 1941-1945 წლებში” (1989), „გვირგვინები და შინელები სანგრებში: რუსი ბატონიშვილი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში” (1990). გარდა ამისა, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას – ინგლისურ ენაზე თარგმნა რამდენიმე რუსული ნაწარმოები. საბჭოთა სისტემის შესახებ ასწავლიდა ქალაქ ფერფაქსის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში; კერძო კომპანიების შეკვეთით გამოკვლევებს ატარებდა ტერორიზმის პოტენციალის შესახებ.
ქართველი „ჯიგიტი“ თუ „ინდიელი – ჩეროკის ტომის წევრი“
დავითი აქტიურად იყო ჩაბმული ამერიკის რუსული დიასპორის ცხოვრებაში. რუსეთიდან ჩასული ერთი ჟურნალისტი იხსენებდა, როგორ გაიცნო დავითი ძველით ახალ წელს ვაშინგტონში გამართულ არისტოკრატიულ მეჯლისზე. რუსეთის იმპერიის ჰიმნის შესრულების შემდეგ ომახიანი „ურა” დააგუგუნეს და შამპანურების საცობების ბათქა-ბუთქის ფონზე, თავადმა ობელინსკიმ, მეჯლისის გახსნის გამოცხადების წინ, პირველი სადღეგრძელო თქვა: „ზა რასიუ“ – გამოეხმაურა დარბაზი. ვახშამს ცეკვები მოჰყვა – კადრილი, ვალსი, მაზურკა. მეცხრამეტე საუკუნის მოდაზე შეკერილი უმშვენიერესი კაბების შრიალი, შიშველი მხრების სითეთრე და ბრილიანტების ბრწყინვალება, ფრაკების, ჟაბოებისა და ბაფთების ფრიალი მუსიკასთან ერთად უეცრად შეწყდა და წამით ჩამოწოლილი სიჩუმე გაჰკვეთა საბრძოლო ყიჟინასავით შეძახილმა – „ასა-ასა“! დარბაზში ჩოხიანი, ქამარ-ხანჯლით წელდამშვენებული „ჯიგიტი” შემოიჭრა და ლეკურის ხმაზე, ფეხის წვერებზე შემდგარმა ამაყად მხარგაშლილმა ჩაუქროლა დარბაზს. „ასა-ასა“! – ტაშითა და აღზნებული შეძახილით გამოეხმაურა დარბაზი, „ჯიგიტმა” რამდენიმე წრე შემოუარა და ისევე უცაბედად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ასეთი დაამახსოვრდათ იმ და არაერთი სხვა მეჯლისის მონაწილეებს დავით ჭავჭავაძე. თავად დავითის სახლი 70-80-იან წლებში საბჭოთა დისიდენტთა ნამდვილი თავშესაფარი გახდა. დავითი მათ პრესკონფერენციების მოწყობასა და კონგრესმენებთან შეხვედრაში ეხმარებოდა. ამას „ცეერუ” არ ავალებდა – საკუთარი მრწამსის მიხედვით მოქმედებდა. ამერიკელებს ჭავჭავაძის გვარის წარმოთქმა უჭირდათ და როცა წარმოშობის შესახებ ეკითხებოდნენ, ინდიელი, ჩეროკის ტომიდან ვარო, პასუხობდა დავითი. რა თქმა უნდა, არისტოკრატიული გარეგნობისა და მანერების ადამიანს არ უჯერებდნენ „ჩეროკულ” წარმოშობას. ამის მერე, დავითი დაწვრილებით უხსნიდა მათ, თუ სად მდებარეობდა მისი წინაპრების მიწა-წყალი და საუბრისას, ყოველთვის ერთ დასკვნამდე მიდიოდნენ – „სტალინიც ქართველი იყო, არა?“ „დიახ, სამწუხაროდ”. სტალინთან კიდევ ერთმა ისტორიამ დააკავშირა. 1967 წელს, სტალინის ქალიშვილმა სვეტლანა ალილუევამ დელიში ამერიკის საელჩოს თავშესაფარი სთხოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. 1960-იანი წლების ბოლოს, ნაბოკოვის რეკომენდაციით, პავლემ დაიწყო თარგმნა სვეტლანას წიგნის – „მხოლოდ ერთი წელიწადი”. სტალინური რეპრესიების გამო, ლტოლვილად ქცეული ოჯახის წევრისგან ამ საქმისთვის ხელის მოკიდება, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ფული ძალიან გვჭირდებოდაო, – თავს იმართლებდა დავითი. „კომუნისტი დესპოტის” ქალიშვილი სახლშიც მიიწვიეს. დედამისმა სახლის დალაგება დაიწყო, შუალედში სუპერმარკეტში პროდუქტებზე გაიქცა. დაბრუნებულმა კი სამზარეულოში უცნობი ქალი აღმოაჩინა, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი გულმოდგინედ ხეხავდა იატაკს. ეს იყო სვეტლანა, რომელიც დათქმულ დროზე ადრე მისულა ჭავჭავაძეებთან. სვეტლანა, მალე დაუმეგობრდა ჭავჭავაძეებს. დავითი იმ დროს ცოლს გაშორებული იყო და ხშირად აკითხავდა მშობლებს. მასა და სვეტლანას შორის, რაღაც გრძნობა გაჩნდა. დავითი სტუმრად ჩადიოდა პრინსტონში, სადაც იმ დროს, ალილუევა ცხოვრობდა. სვეტლანას სპეციალურად მისთვის გიტარაც კი შეუძენია და ორ ხმაში ასრულებდნენ რუსულ სიმღერებს. ერთხელ, ძველი და ძალიან სევდიანი სიმღერის ბოლო აკორდზე აცრემლებული სვეტლანა ხელზე ემთხვია და უთხრა: „დამიჯერე, დავით, ეს მოსკოვური ბანდა რომანოვებზე მეტადაც კი მძულს”. „მაშინ, ვიგრძენი, რომ ეს იყო ერთგვარი მობოდიშება იმისთვის, რაც მამამისმა და მისმა გარემოცვამ ჩვენ და საერთოდ, რუსეთს დამართა,” – შენიშნავდა დავითი. 1974 წელს, როცა დავითმა გადადგომაზე პატაკი დაწერა, მისი კოლეგები იცინოდნენ: სწორედ რომ დროულია, წარმოიდგინეთ, „ცეერუს” ანკეტას როგორ შეავსებდი: სიმამრი – იოსებ სტალინი (ჯუღაშვილი). ასეთ დარტყმას სააგენტო როგორ გადაიტანდაო. შვილი თუ გაგიჩნდებოდათ, ჭავჭავაძე-ჯუღაშვილი-სტალინი-რომანოვი როგორი შესაკავშირებელი იქნებოდაო?! თავად დავითი კი, ამტკიცებდა, რომ მას მხოლოდ მეგობრული გრძნობა ამოძრავებდა, თუმცა, სვეტლანას ამის გაგონებაც კი არ სურდა. „ცეერუსა” და ანტისაბჭოთა ემიგრაციის საბედნიეროდ, დავითის მომდევნო ცოლი სვეტლანა არ გამხდარა. დავითის პირველმა ცოლმა ჰელენ ჰასტედმა კარგად შეისწავლა რუსული ენა, დისერტაცია კი ქართულ ფონემებზე დაიცვა. მათი ქალიშვილები – მარიამი და ალექსანდრა, ქორწინების პირველ სამ წელიწადში – 1953 და 1954 წლებში დაიბადნენ. ჰელენთან გაშორების შემდეგ, 1960 წელს, დავითი მეორედ დაქორწინდა ჯუდით კლიპინგერზე. მასთან ორი შვილი ჰყავს – 1960 წელს დაბადებული ქალიშვილი – კატერინა და 1966 წელს დაბადებული ვაჟი – მაიკლი. მესამედ, დავითმა ცოლად შეირთო ნიუიორკელი, რუსი – ჟენია (ეჟენ) სმიტი, რომელიც მეორე ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე გაიცნო ჯორჯთაუნის რუსულ რესტორანში, სადაც გოგონა მღეროდა. მართალია, დავითი მაშინ თავს მოერია, მშვენიერი ჟენიას ნაცვლად ჯუდით კლიპინგერზე იქორწინა, მაგრამ 20 წლის შემდეგ, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და 1979 წელს დაქორწინდნენ.
ჩამოსვლა თბილისში
დავითი საქართველოში 1977 წელს ჩამოვიდა უფროს ქალიშვილ მარიამთან (მარუსია) ერთად. ამ მოგზაურობის შესახებ წერდა, რომ საქართველოში აღმოაჩინა, თუ რა ეფექტს ახდენდა ქართველებზე, როცა თავისი მწირი ქართულით საკუთარ ვინაობას დაასახელებდა; რა დიდი პატივით ეპყრობოდნენ უცხოელებისთვის არაფრისმთქმელ მის გვარს. იმის გამო კი, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი იყო, ტაქსის მძღოლმა მგზავრობის ფული არ გადაახდევინა, თუმცა, მანამდე დაბალ შემოსავალზე ეწუწუნებოდა. უფასოდ ემსახურებოდნენ რესტორანში და ერთმა ქალმა ხელებიც კი დაუკოცნა (ეს უკვე მეორედ, სვეტლანას შემდეგ). საქართველოში აღმოაჩინა ის ქართული გულუხვობა, სტუმართმოყვარეობა და წარსულისადმი მოწიწება, რაც მხოლოდ მონათხრობითა და წიგნებით იცოდა. კახეთში ჩასვლისას, ვენახებით დაფარული ველის ჩრდილოეთით გადაჭიმული თოვლიანი ქედის დანახვაზე, წარმოიდგინა – რა საშიში იქნებოდა 100 წლის წინ ლეკების შემოსევა და დაუცველი ქალების მოგზაურობა გამტაცებლებთან ერთად, ამ პირქუშ მთებში. წინანდალში, როცა სამუზეუმო ექსპონატად ქცეული, დიდი წინაპრის საწერ მაგიდასთან დაჯდომის ნება მისცეს, საოცარი გრძნობა დაეუფლა. თითქოს, თვალწინ გადაეშალა მრავალი თაობის ცხოვრება ამ სახლში, რაც მამის წიგნებიდან კარგად იცოდა. კიდევ ერთი დიდი შთაბეჭდილება იყო, ჭავჭავაძეთა შთამომავლების ფოტოებს შორის მამის ფოტოს და ორი წიგნის აღმოჩენა. „იქნებ იმისთვის ვიცხოვრე, რომ ამ დღეს, მოვსწრებოდი?” – წერდა დავითი. ახლა, დავით ჭავჭავაძე, 86 წლისაა. ცხოვრობს ნიუ-იორკში. მისი უფროსი ქალიშვილი, მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე ხშირად ჩამოდის წინაპრების სამშობლოში. ის არის საქართველოს უმძიმეს ჟამს – 1994 წელს ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერის კონსტანტინე სიდამონ-ერისთავის მიერ დაარსებული „საქართველოს მეგობართა ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი. საერთოდ, დავითის შთამომავლობა ცალკე საუბრის თემაა. ბოლო წლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, სმითსონიას ინსტიტუტთან თანამშრომლობით მოამზადა ვებ-გვერდი – „ჭავჭავაძეების ოჯახი”. ინტერნეტის ქართულ, რუსულ თუ ინგლისურენოვან საიტებზე ბევრი რამის გაგება შეიძლება „ამერიკელ ჭავჭავაძეებზე”. მაგრამ, ალბათ, უფრო კარგი იქნება, რაც შეიძლება, მალე ითარგმნოს პავლე და დავით ჭავჭავაძეების წიგნები, რაც გახდება ჩვენი მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, საზოგადოება კი უკეთ გაიცნობს ჭავჭავაძეების ოჯახს.