მხიარული ტიპოლოგია
გიახლოვდებათ და, თქვენი გული გამეტებით იწყებს ძგერას?! – ეს სიყვარულის ტიპური „ანამნეზია”, მაგრამ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, აბსოლუტურად არ იცით, როგორია ის სინამდვილეში. მამაკაცებსაც კარგად შეუძლიათ ნიღბის ქვეშ დამალონ თავისი ჭეშმარიტი ზრახვანი. თუმცა, ქალს მაინც აქვს უპირატესობა მასთან შედარებით, ის ევას შთამომავალია. ანუ, თუ კარგად დააკვირდებით, იმის მიხედვით, თუ როგორ ცდილობს მამაკაცი თქვენს „შებმას”, ბევრის გაგება შეიძლება.
ჯენტლმენი – სამწუხაროდ, მამაკაცების ეს „სახეობა” გადაშენების ზღვარზეა. დიახ, სამწუხაროდ, რადგან მათ ყველაზე კარგად შესწევთ უნარი, ქალს ქალობა აგრძნობინონ. ის ყველაფერს გააკეთებს, თავისი რჩეულის სიამოვნებისთვის. მომთმენია, მშვენივრად იტანს ქალების საზოგადოებას. აჰყვება კიდეც მათ საუბარში, საკუთარ აზრსაც გამოთქვამს, თანაც ისე, ქალბატონების პოზიციას ოდნავაც რომ არ მიადგეს ჩრდილი. ის ღირსეული კაცია და, თუ მოგატყუებთ, ამასაც ღირსებით გააკეთებს.
ავტომოყვარული-მრბოლელი – მიაჩნია, რომ ძალიან მოხერხებულია და არასდროს ცდება. სინამდვილეში, იშვიათად არის დარწმუნებული საკუთარ თავში. შეიძლება, ჭარბი წონაც ჰქონდეს. მანქანის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია. არ უყვარს ლიფტი, ეშინია. უყვარს საკუთარი თავი და მორცხვობს მაშინ, როცა, პირიქით, სითამამე უნდა გამოიჩინოს.
მეოჯახე – ძალიან მორიდებული, მშვიდი და წყნარია. მისგან ნუ ელით საგმირო საქმეებს. თამამი მხოლოდ სახლშია, მშობლიურ კედლებს შორის. თუ ვინმეა დასაჩაგრავი – ეს თქვენ იქნებით. იმიტომ არა, რომ არ უყვარხართ. უბრალოდ, ზოგჯერ არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს. სხვათა შორის, კარგი საყვარელია, მაგრამ პასუხისმგებლობა მისთვის ტვირთია.
პატივცემული პედაგოგი ყოველთვის ყველაფერს გასწავლით. სულით ხორცამდე პედაგოგია, თუნდაც მანქანებს რეცხავდეს ან შენობებს აგებდეს. საიმედო ადამიანია, თუკი შეძლებთ და აიტანთ იმას, რომ გამუდმებით ჩაყოფს ცხვირს ცომიან ტაშტშიც კი.
თავისუფალი მხატვარი – ასე ნუ უყურებთ. მას სიძნელეების არ ეშინია. ნებისმიერ საქმეს მოჰკიდებს ხელს და ბოლომდე მიიყვანს. შრომისმოყვარეა და არასდროს წუწუნებს. ბავშვებისთვის შესანიშნავი ძიძაა, მაგრამ თქვენ უნდა იაქტიუროთ ყველაფერში, რადგან მას გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. ძალიან დასჭირდება თქვენი მზრუნველი ხელი, ყოველთვის და ყველგან.