ეს გჭირდებათ
თუ ქალს იუმორის გრძნობა აქვს, ის მამაკაცებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. ნუ იტყვით, რომ თქვენ ეს არ გჭირდებათ. პირიქით, სასწრაფოდ უნდა გააკეთოთ ყველაფერი მის გამოსამუშავებლად.
კონკრეტულ სიტუაციაში და კონკრეტულ თემაზე მოსწრებული ხუმრობა თქვენს რეიტინგს ერთიორად ასწევს. მთავარია, თქვენი იუმორი ირონიას არ დაემსგავსოს. გაითვალისწინეთ რამდენიმე სასარგებლო წესი:
1. თუ კარგად დააკვირდებით, მარტივად აღმოაჩენთ, რომ გარშემო უამრავი სასაცილო რამ ხდება. სამყარო არ არის იუმორს მოკლებული. ზოგჯერ შეიძლება მოულოდნელობაც კი ძალიან სასაცილო იყოს. თუ არ გჯერათ, გაჩერებებზე გაკრული განცხადებები წაიკითხეთ ხოლმე.
2. შეისწავლეთ ტიპაჟები, მაგრამ, დაკვირვებით და აზრიანად. დაათვალიერეთ სახუმარო ვიდეოები შესაბამის საიტებზე, გაერთეთ და გაიცინეთ – ამაზე დროის დაკარგვა ნამდვილად ღირს, მით უფრო, როცა დღე არც ისეთი მხიარულია.
3. დაიმახსოვრეთ: ფრაზა, რომელიც თქვენთვის ძალიან სასაცილო იყო და მის გახსენებაზე ახლაც ძალიან გეცინებათ, შეიძლება, საერთოდ არ მოეწონოს დედათქვენს ან ბებიათქვენს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუმორს ასაკი აქვს.
4. დაიჭირე წამი! დროულად, საჭირო მომენტში ნათქვამი სიტყვა ზოგჯერ ისეთი ეფეტურია, თავად გაოცდებით. რა არის ამისთვის საჭირო?! – ყურადღების კონცენტრაცია და მახვილი გონება.
5. ზომიერების გრძნობა აუცილებელია. როცა თქვენი იუმორი ვიღაცას გულს სტკენს ეს უკვე აღარ არის ხუმრობა. ფსევდო-იუმორი არ არის შირმა, რომელიც უხეშობას, აგრესიას ან ბოღმას დაფარავს. ადამიანი, რომელიც ყველაფერზე ხუმრობს, ანუ „ღადაობს”, ძალიან გამაღიზიანებელია. ამასაც რომ თავი დავანებოთ, იმას მიაღწევთ, რომ არასერიოზულად აღგიქვამენ.