როდის უქმნიან საფრთხეს ადამიანებს ცხოველები და რატომ არ უნდა ვაჭამოთ მათ საჭმელი საერთო თეფშიდან
თუ გიყვართ ცხოველები, გყავთ სახლში და ისინი თქვენი ოჯახის წევრებად მიგაჩნიათ, არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ მათ თქვენი ყურადღება ყოველთვის გამორჩეულად სჭირდებათ, რაც მხოლოდ ცხოველის საკეთილდღეოდ კი არა, საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავადაც აუცილებელია, რადგან ზოგიერთი დაავადება არა მარტო ცხოველისთვის, ადამიანისთვისაც საშიშია. თავიდან რომ ავიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები, აუცილებლად უნდა მოვერიდოთ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტს. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ ჰიგიენის დაცვა შინაური ცხოველების მოვლის დროს. ყოველივე ამის შესახებ უფრო დაწვრილებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი გიამბობთ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: საკმაოდ ხშირია დაავადებები, რომლებიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის.
– კონკრეტულად რომელ დაავადებას გულისხმობთ?
– ესენია: ჰელმინთოზი, ლეპტოსპიროზი, ტოქსოპლაზმოზი, ცოფი და სხვა მრავალი დაავადება.
– და როგორ ავადდებიან ამით ადამიანები?
– ზოოანთროპოზული დაავადებით ადამიანი ავადდება შინაურ ცხოველთან კონტაქტით. რაც შეეხება ლეპტოსპიროზს, ის მწვავედ მიმდინარე დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან ძუძუმწოვარა ცხოველებიც და ადამიანიც. ადამიანზე გადადის დაავადებული ცხოველის შარდთან ან დაბინძურებულ გარემოსთან უშუალო კონტაქტის დროს. განსაკუთრებით საშიშია ნესტიანი ადგილები და დამდგარი წყალსაცავები. ბაქტერია მრავლდება სისხლში, ღვიძლსა და თირკმელებში.
– თუ არის რაიმე საშუალება, რაც დაიცავს ადამიანს ამ დაავადებებისგან?
– პასიური იმუნიზაციისთვის გამოიყენება ჰიპერ იმუნური შრატები, რაც ადამიანს ორი კვირის განმავლობაში იცავს დასნებოვნებისგან. თუ ცხოველი დაავადდა, სასურველია, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მკურნალობა და დაავადებულ ცხოველთან კონტაქტის დროს დავიცვათ ჰიგიენის წესები.
დიაგნოზის დასმის დროს არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში და სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ გამოცდილ ვეტერინარს.
როგორც არ უნდა გიყვარდეთ ცხოველი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მას თქვენი თეფშიდან აჭამოთ საჭმელი, არ უნდა დაალევინოთ წყალი ჭიქიდან, რომელსაც თქვენ მოიხმართ და ასე შემდეგ.
გახსოვდეთ, რომ ცხოველის პატრონები პასუხს ვაგებთ არა მარტო საკუთარი თავის და ჩვენი ცხოველის ჯანმრთელობაზე, არამედ გარშემო მყოფებზეც.
– ყოველთვის აქტუალურია ცოფის თემა, რომლისაც ყოველთვის ყველას ეშინია და, ხშირად, კბენის კი არა, ცხოველის მიერ კანის გაკაწვრის შემთხვევაშიც კი, სათანადო აცრებს იკეთებენ პროფილაქტიკისთვის.
– გეთანხმებით, რომ ცოფი მართლაც არ არის ხელწამოსაკრავი თემა. როცა ადამიანები უყურადღებოდ ტოვებენ ცხოველის ნაკბენს, ხშირად სავალალო შედეგს იღებენ. ამიტომ, თუ ცხოველი შემთხვევით გაგკრავთ კბილს, ან გიკბენთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას ჩაგიტარებთ. გახსოვდეთ, ცოფი მსოფლიო მნიშვნელობის დაავადებაა, რომლის აღმძვრელ წყაროდ ითვლება შინაური ან გარეული ცხოველი. კბენის დროს ვირუსი ხვდება ქსოვილში, საიდანაც მიგრირებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პერიფერიული ნერვების საშუალებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12 დღიდან და შეიძლება ერთ წლამდე გაგრძელდეს, მაგრამ ძირითადი ხანგრძლივობა 4-6 კვირაა.
აღნიშნული პერიოდი მცირდება ვირუსის მაღალი კონცენტრაციის დროს და თავზე ან კისერზე კბენისას. ცოფის მკურნალობა არ არსებობს და კლინიკის გამოვლინების დროს შედეგი ყოველთვის სასიკვდილოა. ამიტომ, ვაქცინაცია ეფექტური პროფილაქტიკის საშუალებაა, რომელიც აუცილებელია ყველა ძაღლისა და კატისთვის და უნდა ჩავატაროთ ყოველწლიურად. ცოფით დასნებოვნების პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, დროულად აცრათ თქვენი ძაღლი, ჩაატაროთ რეგულარული დერატიზაცია კერძო სახლებში. შეეცადეთ არ გაიყვანოთ ცხოველი არაკეთილსაიმედო ადგილებში.
– კიდევ რა დაავადებები გადადის ცხოველიდან ადამიანზე?
– მაგალითად, მუნი, რომელიც კანის სოკოვანი დაავადებაა და მისი აღმძვრელია ორი სახის სოკო: ტრიქოპიტოზი და მიკოსპოროზი. დაავადება გადადის ადამიანზე კონტაქტით და მისი განვითარების ძირითადი მიზეზია იმუნოდეფიციტი, ამიტომ ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. საერთოდ კი, სასურველია თავი ავარიდოთ დაავადებულ ცხოველთან კონტაქტს.
– იკურნება თუ არა ცხოველი მუნისგან?
– მუნით დაავადებული ცხოველი ადვილად იკურნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით.
– რაც შეეხება ურთიერთობას გარეულ ცხოველებთან, ალბათ ესეც საშიშია სხვადასხვა დაავადების გადადების თვალსაზრისით.
– რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად საშიშია, რადგან გარეული ცხოველი არ არის დაცული დაავადებებისგან. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, თავი უნდა ავარიდოთ გარეულ ცხოველებთან კონტაქტს.