რა იწვევს ტილანზიას დაღუპვას და როგორ ვაყვავილოთ უხვად ქაღალდის ყვავილი
„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან მიწაძესთან ორ ძალიან საინტერესო მცენარეზე – ტილანზიასა და ქაღალდის ყვავილზე ვისაუბრებთ. სჭირდება თუ არა მათ გაზაფხულზე გადარგვა და მორწყვა, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ბატონო ამირან, რას გვეტყვით ტილანზიას შესახებ, როგორი მცენარეა ის?
– ეს მცენარე ბრომელიების ოჯახს მიეკუთვნება. მისი სამშობლო არგენტინაა. ამ უცნაური, მაგრამ ეფექტური მცენარის მარაოსებრი, ბრტყელი ყვავილედი ერთმანეთზე გადაფარებული თანაყვავილედისგან შედგება, საიდანაც ყვავილები ამოდის.
– რამდენ ხანს ყვავილობს მცენარე?
– ერთმანეთის მიყოლებით ოცამდე ყვავილი იშლება და, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ცოტა ხანს ცოცხლობს, ყვავილობა დიდხანს, დაახლოებით ათ კვირას გრძელდება. აყვავილების შემდეგ ფოთლების როზეტიც კვდება, მაგრამ, მის ნაცვლად ახალი როზეტი ვითარდება, რომელიც, შეიძლება, გასამრავლებლად გამოიყენოთ.
– ანუ, თესლით არ მრავლდება?
– ეს მცენარე მხოლოდ ამონაყარით მრავლდება. საერთოდ, ტილანზია კარგად გავრცელებული მცენარეა და ხშირად გვხვდება. მის ყიდვასაც იოლად შეძლებთ. ამიტომ, თუ ვერ გაამრავლებთ, შეგიძლიათ, სპეციალურ მაღაზიაში შეიძინოთ.
– როგორ პირობებში გავახაროთ ტილანზია?
– მცენარე იზრდება კაშკაშა სინათლეში, მაგრამ მცხუნვარე მზეს მოარიდეთ – მწველი მზის სხივები წვავს და აშრობს მის ფოთლებს.
– რა სიხშირით მოვრწყათ ტილანზია?
– ზედმეტი წყალი მცენარის სიკვდილს იწვევს, ამიტომ, აუცილებელია კარგი დრენაჟის მქონე მიწა. ზაფხულში ან ხშირად დანამეთ, რომ მიწა წყლით გაიჟღინთოს, ან, თუ მიწა თითქმის მშრალია, ქოთანი ოთახის ტემპერატურის რბილ წყალში ჩაუშვით და შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ზაფხულში მორწყვა შეიძლება, რადგან მისი ფესვები სწრაფად იწოვს წყალს. შემოდგომით კი ტილანზია აჩერებს ზრდას, ამიტომ, ამ დროს არ არის სასურველი მორწყვა. როგორც კი აცივდება, მცენარე იწყებს ფოთლების ფერის შეცვლას, რაც იმის ნიშანია, რომ ტილანზია დასვენების რეჟიმში გადადის. ზამთრის პირობებში იშვიათად უნდა მორწყათ.
– ახლა თუ შეიძლება ამ მცენარის მორწყვა?
– მცენარის მორწყვა მარტის ბოლომდე წყდება, შემდეგ კი კვლავ გრძელდება. ახლა შეგიძლიათ დანამოთ ხოლმე. ფოთლების რეგულარული დანამვა სასურველია ზაფხულშიც, რადგან წყალი და სასუქი ფოთლებით შეიწოვება.
– როდის მივაწოდოთ მცენარეს სასუქი?
– ზრდის პერიოდში მეოთხედად გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქი თვეში ერთხელ – დანამვისას ან წყალში ჩაშვებისას შეასხურეთ. შეუქმენით მაქსიმალურად ტენიანი გარემო.
– რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ ამ მცენარის გადარგვას და შესაძლებელია თუ არა მისი გასხვლა?
– ტილანზია ნახევრად პარაზიტია, ამიტომ მისი გადარგვა ყოველ წელს შეგიძლიათ. ახლა საუკეთესო დროა მის გადასარგავად. ამ მცენარეს შეთხელება და გასხვლა არ სჭირდება.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ ეს მცენარე და სად არის მისთვის ყველაზე სასურველი ადგილი?
– ტილანზიასთვის იდეალურია 18-25 გრადუსი მთელი წლის განმავლობაში, თუმცა ზამთრობით მინიმუმ 14 გრადუსსაც აიტანს. სასურველია, თუ მას სააბაზანოში დადგამთ.
– როგორი შემადგენლობის ნიადაგში ჩავრგათ ტილანზია და რისთვის გამოიყენება ეს მცენარე?
– ტილანზიას სჭირდება მიწისა და ქვიშის ნაზავი. აუცილებლად მიაწოდეთ ვიტამინები, რათა უკეთ გაიზარდოს. ტროპიკულ ჯუნგლებში მისი გრძელი ფოთლებისგან აკეთებენ თოკებს, წნავენ კალათებსა და ხელჩანთებს. ასე რომ, თუ სურვილი გაგიჩნდებათ, იოლად შეგიძლიათ, ეს მცენარე არა მხოლოდ დეკორატიული მიზნით, არამედ თქვენთვის სასიკეთო საქმეშიც გამოიყენოთ.
– ემუქრება თუ არა ამ მცენარეს მავნებლების დასევის საშიშროება?
– ტილანზიას მხოლოდ ტილი შეიძლება დაესიოს, მაგრამ, მისი განკურნება იოლია: 1 გრამი კარატე გააზავეთ 1 ლიტრ წყალში და შეასხურეთ მცენარეს როგორც ფოთლებზე, ასევე მიწაზეც. ამ ქიმიური საშუალების გამოყენების შემდეგ თქვენი მცენარე სრულიად განიკურნება.
– როგორ მოვუაროთ ქაღალდის ყვავილს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და განსაკუთრებით – გაზაფხულსა და ზაფხულში?
– ეს მცოცავი მცენარე ბუნებრივ გარემოში (თბილ კლიმატში) მაღალი და ძლიერი იზრდება. თუ ქოთანში ჩარგავთ, რეგულარულად გაკრეჭის შემთხვევაშიც კი, შეიძლება, 1,5 მეტრს მიაღწიოს. მისი მცოცავი ღეროს ეკლები ნებისმიერ საყრდენს ებღაუჭება. ქაღალდის ყვავილი ზაფხულში ყვავის. ის თითქმის ყველა სეზონზე აყვავილებულია, მხოლოდ ზამთარში ისვენებს.
– თუ უკვე ბინაში გვაქვს ქაღალდის ყვავილი, რას გვირჩევთ, გაზაფხულზე განსაკუთრებული მოვლა ხომ არ სჭირდება?
– მნიშვნელოვანია ის, რომ გაზაფხულზე კარგად განათებულ ადგილას დადგათ. საერთოდ, ამ მცენარეს მთელი წლის განმავლობაში სინათლე სჭირდება, რათა კარგად იყვავილოს. ახლა, გაზაფხულის ბოლოდან ზაფხულის ბოლომდე მიაწოდეთ ბალანსირებული თხევადი სასუქი.
– ზაფხულში რა სიხშირით მოვრწყათ?
– ზაფხულში, ზრდის პერიოდში, ხშირად მორწყეთ, ზამთარში კი მიწა მხოლოდ ოდნავ ტენიანი უნდა იყოს, ზედმეტ წყალს ნუ დაასხამთ.
– რაც შეეხება ტემპერატურას?
– ამ მცენარეს უყვარს ზაფხულის სითბო, დაახლოებით 25 გრადუსი. ახლაც ეცადეთ, რომ მცენარე სითბოში გედგათ. ის ვერ იტანს სიმშრალესა და სიცხეს. მთელი წლის განმავლობაში მისთვის იდეალურია 18-24 გრადუსი ტემპერატურა.
– ბოლოს, კიდევ რა გავითვალისწინოთ ქაღალდის ყვავილის კარგად გასახარებლად და უკეთ ასაყვავებლად?
– როცა თანაყვავილი შეფერადდება, მცენარე ჩრდილში გაიტანეთ და მეტხანს იყვავილებს. თუ ახალ ყლორტებს საყრდენზე შემოახვევთ, ყვავილების რაოდენობა მოიმატებს. ზამთარში გამხმარი ნაწილები კი გაზაფხულზე მოაშორეთ. ქაღალდის ყვავილი უპრეტენზიო მცენარეა, იოლად ყვავის და, მინიმალური მოვლის პირობებშიც კი, თქვენ საშუალება გექნებათ, დატკბეთ მისი ლამაზი ყვავილების ცქერით.