მწვანე კუთხე
კითხვა: ჰოლში დასადგმელად რომელ მცენარეს მირჩევდით?
პასუხი: ჰოლში თბილ და მყუდრო გარემოს უამრავი მცენარე ქმნის, თუმცა კარის ხშირი გაღების დროს ქარი და ცივი ჰაერი შემოდის, რასაც ზოგიერთი მცენარე ვერ უძლებს. ჰოლში დასადგმელად შეარჩიეთ განსაკუთრებით გამძლე მცენარეები, რომლებიც მიჩვეული არიან ცივ ღამეებსა და ყინვას. მე გირჩევდით, რომ ჰოლში დადგათ შემდეგი მცენარეები: აგავა, სპარმანია, ტოლმია და კორდილინა.
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს მარაოსებრი პალმა?
პასუხი: ამ მინიატურული სუბტროპიკული პალმის სამშობლო ჩინეთი და იაპონიაა. ბუნებრივ გარემოში ტყის ქვედა ზოლში იზრდება, ანუ, ეს მცენარე უმზეო ოთახში ყოფნასაც გაუძლებს.
კითხვა: არის თუ არა პტერისი პრეტენზიული მცენარე?
პასუხი: ეს ეფექტური და მოხდენილი გვიმრა ნაკლებად ჭირვეული მცენარეა და ის დიდ ყურადღებას არ მოითხოვს. მისი მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად კი, მცენარე სითბოში, სველკენჭებიან ლანგარზე დადგით და რეგულარულად დანამეთ.
კითხვა: როდის იწყებს ყვავილობას ნერტერა?
პასუხი: ეს მცენარე ადრიან ზაფხულში იწყებს ყვავილობას. ამ დროს მას მოყვითალო-მომწვანო ყვავილები ამოსდის, მოგვიანებით კი წვრილი ნაყოფი უვითარდება კენკრის სახით, თუმცა ეს ნაყოფი საკვებად უვარგისია.
კითხვა: პელარგონიუმის როგორი სახეობები არსებობს?
პასუხი: ამ მცენარის ასობით სახეობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი სურნელოვანი ფოთლებით ფასობს, ზოგი კი – ფერადი ყვავილებით. სამეფო პელარგონიუმებს ამშვენებს დიდი ყვავილები, რომლებიც სხვადასხვა ფერისაა: მოშავო, ვარდისფერი, წითელი ან თეთრი. ამ მცენარის სახეობებიდან ყველაზე გავრცელებულია „ზონალური” პელარგონიუმი. მისი პატარა ყვავილების კონები საკმაოდ შთამბეჭდავია. საერთოდ, ეს მცენარე სათანადო პირობებში მთელი წლის განმავლობაში ყვავის.
კითხვა: როგორ გავამრავლო სანსევიერა?
პასუხი: ეს მცენარე ძირის დაყოფით ან ფოთლის გადანაჭრით მრავლდება, თუმცა ფოთლის გადანაჭერი სიჭრელეს დაკარგავს. სანსევიერას გასამრავლებლად ფესურები ერთმანეთს უნდა დააშოროთ და მჭრელი დანით ჩაჭრათ. შემდეგ მისი ამონაყარი კარგი დრენაჟის მქონე მიწაში ჩარგოთ.