რა ანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას ამერიკიდან ჩამოსულ ინგლისურის მასწავლებელს, როგორ მოხვდა ის სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” და რას ფიქრობს ქართველ გოგონებზე
ცოტა ხნის წინ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” ახალი პერსონაჟი გამოჩნდა – ამერიკიდან ჩამოსული ინგლისურის მასწავლებელი. ნიკოლოზ ნარსავიძე ერთ-ერთია იმ უცხოელთაგან, რომელიც განათლების სამინისტროს პოპულარულ პროექტში ჩაერთო. რამდენ ხანს აპირებს დარჩენას ქართველი ემიგრანტი და როგორ აუწყო მან ფეხი თბილისურ ცხოვრებას, ამაზე თავად ჩვენი სტუმარი ისაუბრებს.
– როდის გაემგზავრე პირველად ამერიკაში და რა იყო ამის მიზეზი?
– ეს ცოტა რთული ისტორიაა, ალბათ, თქვენ ამდენი დრო არ გექნებათ, რომ მოისმინოთ. ვეცდები, მოკლედ გიამბოთ: მე სოხუმში დავიბადე. ომის გამო ჩვენმა ოჯახმა, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა ეკავა, ყველაფერი დაკარგა. შემდეგ ისევე, როგორც მრავალი ლტოლვილი, კოდორის ხეობის გავლით, ჩამოვედით თბილისში. ცოტა ხანს აქ ვცხოვრობდით და შემდეგ წავედით მოსკოვში. იქიდან კი, ბაბუას ახლობლების დახმარებით, აღმოვჩნდით ამერიკაში – მახსოვს, სიყვარულის დღე იყო. მას მერე მთელი ოჯახი ამერიკაში ვცხოვრობთ. იქ დავამთავრე სკოლა, დავიწყე ჩემი პირველი ბიზნესი.
– საქართველოში დაბრუნება როდის გადაწყვიტე?
– ბოლო ხუთი წელია, სულ საქართველოში ჩამოსვლაზე ვფიქრობ. უბრალოდ, ხელცარიელი არ მინდოდა ჩამოსვლა, ტურისტივით. სწორედ ამ დროს, შევიტყვე ახალი პროგრამის შესახებ, რომელიც საქართველოში უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანას ითვალისწინებს. გამოცდილება მქონდა ამ საკითხში, რადგან აფრიკელებს ვასწავლიდი ინგლისურ ენას. ამიტომ, სიამოვნებით დავთანხმდი აქ მასწავლებლად წამოსვლას. საქართველოში ბევრი ნათესავი მყავს. უკვე რამდენიმე თვეა, აქ ვარ და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
– როგორ მოხვდი სერიალში „გოგონა გარეუბნიდან”?
– სერიალში სჭირდებოდათ, ინგლისურის მასწავლებლის როლის შემსრულებელი და, ამ პროგრამის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ, მათ კი მე მომმართეს. სიმართლე, გითხრათ, თავიდან უარი ვთქვი, რადგან დრო არ მქონდა. მახსოვს, ბიცოლაჩემის დაბადების დღე იყო და მან მითხრა, ჩემთვის საჩუქარი იქნება თუ ამას დათანხმდებიო. ამიტომ, დავთანხმდი და მივედი სტუდიაში. ჩემი აზრით, მშვენივრად მოვირგე მაქსის როლი, მიუხედავად იმისა, რომ არც ქართული ვიცი სრულყოფილად და არც რუსული.
– შენ მათ მოგვიანებით შეუერთდი, როგორ მიგიღეს გუნდში?
– ყველანი ძალიან თბილები არიან, კარგად მიმიღეს გუნდში, მიუხედავად იმისა, რომ მე მსახიობი არ ვარ. თავიდან ცოტა კომპლექსები მქონდა, მაგრამ მთელი გუნდი გვერდში დამიდგა და ძალიან დამეხმარნენ. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. ძალიან თბილი და კარგი გარემოა. მათ გვერდით თავი უცხოელად არ მიგრძნია.
– შენი გმირი როგორ მოგწონს?
– კარგი ბიჭია, მაგრამ მე მისგან განსხვავებით, ნათურის გამოცვლა ვიცი (იცინის). ისევე როგორც მე, მასაც არ ესმის ქართული და ვერ იგებს, რას ლაპარაკობენ მასზე. მოსწონს ერთი ქართველი გოგონა – ციცინო. ის ძალიან კარგი გოგონაა, როგორც სერიალში, ისე ცხოვრებაში.
– სინამდვილეშიც თუ მოგეწონებოდა ციცინოსნაირი გოგონა?
– ახლა ასეთ რაღაცეებზე არ ვფიქრობ, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს. ჯერ ქართულიც არ ვიცი და არც კი მესმის, ჩემზე რას ამბობენ. რაც შეეხება ციცინოსნაირ გოგონებს, რატომაც არა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სოფლელია თუ ქალაქელი, მთავარია, ერთმანეთს გავუგოთ.
– მსახიობობა როგორ მოგეწონა?
– ძალიან საინტერესო პროფესიაა. სხვათა შორის, პატარაობაში ძალიან მომწონდა რეჟისორობა. ცოტა ხანს ვსწავლობდი კიდეც ამ განხრით, მაგრამ შემდეგ ჩემი ბიზნესი დავიწყე და დრო აღარ მქონდა. როდესაც ეს ვარიანტი გამომიჩნდა, პატარაობა გამახსენდა.
– ხომ არ აპირებ სამსახიობო კარიერის გაგრძელებას?
– რატომაც არა, თუ მექნება მსგავსი შემოთავაზებები, უარს არ ვიტყვი. თუ მომავალშიც შემომთავაზეს, ესე იგი, ჩემი თამაში მოეწონათ. ამიტომ, მეც სიამოვნებით დავთანხმდები.
– რაც შეეხება შენი აქ ჩამოსვლის მთავარ მიზეზს. ქართველ ბავშვებს ასწავლი ინგლისურ ენას. როგორები არიან ისინი, გიჯერებენ?
– ძალიან კარგი ბავშვები არიან. მონდომებულები, მხიარულები და როცა დამინახავენ, სულ „ციცინო, ციცინოს” მეძახიან. ვცდილობ, არ გავბრაზდე და მეგობრული ურთიერთობა მქონდეს მათთან. ხანდახან მეც ვყვები ხუმრობაში და ამ გზითაც ვცდილობ, უკეთ შევასწავლო მათ ინგლისური.
– მკაცრი მასწავლებელი ხარ?
– არა, მკაცრი არ ვარ. ალბათ, უფრო საშუალო. ვცდილობ, მათ ფსიქოლოგიურად მივუდგე. გაკვეთილზე ისე შევდივარ, როგორც მათი მეგობარი. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა ბავშვებს მათ ენაზე ველაპარაკები.
– რა მოგწონს და რა არ მოგწონს თბილისში?
– უპირველესად, ადამიანები მომწონს. თბილები არიან და მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობენ. ეკონომიკური სიძნელეების მიუხედავად, გულთბილები და ადამიანურები არიან, რაც, ვფიქრობ, მთელმა მსოფლიომ უნდა ისწავლოს ქართველებისგან. მართალია, ამერიკაში ადამიანები უფრო დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ოჯახური კუთხით შორდებიან ერთმანეთს. აქ სხვანაირი, ძალიან თბილი დამოკიდებულებაა ადამიანებს შორის, რაც ძალიან მომწონს.
– რით განსხვავდება ქართული და ამერიკული ცხოვრება ერთმანეთისგან?
– აქაც და იქაც ადამიანებს სურთ იყვნენ თანამედროვეები და პროგრესულები. მეტიც, აქ უფრო გემოვნებიანი და მოდის მიმდევარი ხალხი ცხოვრობს. იქ ძალიან უბრალოები არიან. შეუძლიათ ქუჩაში „პიჟამოთი“ იარონ (იცინის). აქ, მაღაზიაშიც კი გემოვნებით ჩაცმულები დადიან.
– რამდენი ხნით აპირებ საქართველოში დარჩენას, როგორია შენი გეგმები?
– არ ვიცი მომავალში სად ვიცხოვრებ, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდე, საქართველო ყოველთვის ჩემი სახლი იქნება. რაც შეეხება აქ დარჩენას, თუ ჩემი ბიზნესის საქმე კარგად წავა და შევძლებ აქ ცხოვრებას, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება.
– აქ ჩამოსვლის შემდეგ, ალბათ, ქართველი თაყვანისმცემლებიც გაიჩინე. შენი აზრით, რა განსხვავებაა ქართველ და ამერიკელ გოგონებს შორის?
– როგორც უკვე გითხარით, აქ ადამიანებს შორის უფრო თბილი ურთიერთობებია. ეს პლუსი ქართველ გოგონებსაც ეხება. ისინი ძალიან ლამაზები არიან. სამწუხაროდ, იმდენი საქმე მაქვს, ჯერ მათზე ფიქრისთვის დრო არ მრჩება. მთელი დღე დაკავებული ვარ. საღამოს კი, როცა აქაურ საქმეებს ვამთავრებ, ამერიკა იღვიძებს (იცინის). ინტერნეტის საშუალებით, ამერიკაში გადავდივარ და იქაურ საქმეებს ვაგვარებ.
– როგორც ვიცი, წარმოშობით სვანეთიდან ხარ. თუ მოინახულე შენი კუთხე?
– სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოვახერხე იქ წასვლა, მაგრამ ვაპირებ. ნელ-ნელა მთელ საქართველოს დავათვალიერებ. ცოტა ხნის წინ ვიყავი სიღნაღში – სერიალიდან გამომდინარე, წავედით. გადაღებები გვქონდა. ძალიან მომეწონა იქაურობა. ცოტა ხნის წინ მცხეთაც დავათვალიერე. ვფიქრობ, საქართველო ულამაზესი ქვეყანაა.