რატომ მალავს ბესო ზანგური ახალ სიყვარულს და როგორ ინარჩუნებს ის კარგ ურთიერთობას ყოფილ მეუღლეებთან
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი ბესო ზანგური, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ყოველთვის ხალხის ყურადღების ცენტრშია. 28 წლის ასაკში ბესომ ოჯახი სამჯერ შექმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, სამივეჯერ წარუმატებლად. როგორც გავიგეთ, ბესო კვლავ შეყვარებულია და, იმედი აქვს, რომ მისი რჩეული მისთვის მარადიული მეუღლე გახდება.
– შენი ყველა ინტერვიუ სხვადასხვა სიახლითა და ინტრიგით გამოირჩევა. ამჯერად რა სიახლეა შენს ცხოვრებაში?
– ჩემგან ხალხს ეს არ გაუკვირდება, მაგრამ, მე შეყვარებული ვარ.
– დიდი ხანია?
– არა. უბრალოდ, ისტორიაა დიდი ხნის, მაგრამ ცალმხრივი იყო და ამჯერად გავაორმხრივეთ.
– ცალმხრივი ვისგან იყო?
– რა მნიშვნელობა აქვს?
– როდის დაიწყო თქვენი სიყვარულის ცალმხრივი ისტორია?
– დაახლოებით ერთი წელია.
– კი მაგრამ, ერთი წლის წინ ცოლი არ გყავდა?
– არა. თუ, მყავდა? აღარ მახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ცოლს რომ გავშორდი, მაშინ დაიწყო.
– როგორ განვითარდება თქვენი სიყვარულის ისტორია, რას ფიქრობ?
– ერთი ვიცი, რომ ჯერ კარგად უნდა დავფიქრდე – აღარ მინდა, ვიჩქარო. ჩემი ცხოვრებაა და, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დალაგდეს. ამიტომ, დაუფიქრებელ ნაბიჯს აღარ გადავდგამ. მეოთხეჯერ მსგავსი შეცდომის დაშვებას ცხოვრებაც აღარ მაპატიებს.
– ვინ არის?
– მსახიობია და მარიამი ჰქვია – მეტს ვერაფერს გეტყვი. ყველაფერი რომ გადაწყდება, დანარჩენს მაშინ ვიტყვი. აღარ მინდა, ვილაპარაკო და ხალხის ჭორის ობიექტი გავხდე. როგორც ვატყობ, თბილისში ძალიან უყვართ რაღაცეების გაბუქება. ამიტომ, ჩემთვისაც და ყველასთვის ისე ჯობია თუ ნაკლებს ვილაპარაკებ.
– როგორც წესი, მანდილოსანზე, რომელსაც შენ გვერდით დაინახავენ, მაშინვე იწყებენ ჭორაობას. რამდენად ახერხებ ამ ამბის, ანუ მისი ვინაობის დამალვას?
– იცი, როგორ ვახერხებ? მაგალითად, სოციალურ ქსელში, შემიძლია, ერთდროულად ათი სხვადასხვა გოგოს სურათი დავდო და დავწერო: „მიყვარხარ“. სინამდვილეში ვინც ჩემთვის არსებობს, ის საერთოდ არ ჩანს. მეგობრებში მყავს, მაგრამ, არასდროს არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან, ძალიან ვცდილობ, ეს ამბავი არ გახმაურდეს. სულ ორმა-სამმა მეგობარმა იცის ეს ამბავი.
– გენდობა ეს ადამიანი შენი სამი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ?
– რატომ წარუმატებელი? ორი ბიჭის მამა ვარ, ანგელოზებივით შვილები მყავს... მე ეს ძალიან წარმატებულად მიმაჩნია.
– მე მეუღლეებთან არშემდგარ ურთიერთობებს ვგულისხმობ. ჩემი აზრით, ალბათ, მაინც ერთგვარი რისკია მისი მხრიდან შენთან ოჯახი შექმნას.
– იმ ადამიანმა მითხრა, რომ ის ყველაფრისთვის მზად არის. ქალის ფსიქოლოგიას ვერ გაიგებ. თუ ქალს ძალიან უყვარხარ, ძალიან შენკენ არის და შენთან უნდა ცხოვრება, ამას რა ჯობია? არც ერთი ქალი თავისი თავის მტერი არ არის.
– ბევრი მანდილოსანი სიმპათიით არის შენს მიმართ განწყობილი და მზად არის შენთან ურთიერთობისთვის. როგორ ფიქრობ, ბესო ზანგურის მთავარი ხიბლი რა არის?
– ჩემი ხიბლი მხოლოდ ერთი რამ არის, მე მიყვარს ზოგადად ქალი და ქალებსაც სწორედ ეს მოსწონთ – რომ მათ მიმართ ღირსეულად ვიქცევი. შეიძლება, ადამიანი ფსკერზე იყო დაშვებული, მაგრამ ქალთან ღირსება არ უნდა დაკარგო. სხვა ხიბლი კაცს რა უნდა ჰქონდეს?
– შენს ყოფილ მეუღლეებთან თუ გაქვს ურთიერთობა?
– პირველ მეუღლესთან მაქვს ურთიერთობა – ბავშვის სანახავად ყოველთვის დავდივარ. მეორე მეუღლესთანაც კარგი, ნორმალური ურთიერთობა მაქვს – ერთ თეატრში ვართ და ერთ სპექტაკლში ვთამაშობთ. მესამე მეუღლეს კი, „ფეისბუქს” თუ გადახედავთ, ნახავთ ჩემს „ფრენდებში.”
– გამოდის, რომ ყოფილ მეუღლეებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ახერხებ.
– მეც ვახერხებ და დროც.
– ანუ, დრო ყველაფრის მკურნალია?
– ოღონდ, ჩემთვის არა (იცინის). დრო ძალიან წინ წავიდა და ეს პრობლემაც უფრო მსუბუქი გახადა. ისეთ ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი, რომ ოჯახის დანგრევა ძალიან დიდი პრობლემა იყო. ოჯახი რომ დამენგრა, ამის გამო გარკვეული დროის განმავლობაში ჩემი მშობლები არ მელაპარაკებოდნენ. მათი აზრით, ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ოჯახის შენარჩუნებისთვის.
– შენ თუ ცდილობდი ამას?
– არა.
– რატომ?
– როცა მოვდივარ – მოვდივარ და მორჩა, იქ ურთიერთობა აღარ აეწყობა. პირველ ცოლს ორჯერ გავშორდი და ორჯერ შევრიგდით, მაგრამ, შანსი არ არის, ერთხელ რომ აირევა ურთიერთობები, იქ უნდა დაამთავრო.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, ვინც გოგოს გამიჩენს, ის იქნება ჩემი მარადიული მეუღლეო.
– ჰოდა, მარიამი გამიჩენს გოგოს, რომელსაც ყველა ვარიანტში მარიამს დავარქმევ.
– რატომ?
– მარიამობას ვარ დაბადებული და ღვთისმშობელს შევპირდი. რაღაცნაირად, მთელი ცხოვრება მიფარავს წმიდა მარიამის მადლი და მინდა, ჩემმა შვილმა ატაროს მისი სახელი.
– როგორც ვატყობ, შენი ამოჩემებაა, ყველა მეუღლე მსახიობი გყავდეს.
– სულ თეატრში ვარ – ასეთია მსახიობის ცხოვრება. სხვა სამყაროში ვერ მივდივარ, თუ მივდივარ – იქ ვერ ვურთიერთობ. რატომღაც მსახიობებზე სხვანაირი შეხედულება აქვს ხალხს, განსაკუთრებით – საქართველოში. მათი აზრით, აუცილებლად კარგი ანეკდოტი უნდა მოუყვე, უნდა „იტინგიცო“ და გაართო ისინი. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მოვერიდო კონფლიქტს და სულ თეატრში და მსახიობების გარემოცვაში ვარ, ანუ, ჩემიანებთან.
– 28 წლის ხარ. რა შეიცვალა შენს პიროვნებაში ბოლო დროს?
– ცხოვრებამ ამ 28 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ დატია ჩემში. ზოგი მთელი ცხოვრება ვერ გაივლიდა იმას, რაც მე ცხოვრებამ ამ ასაკში გამომატარა. არაფერზე არ ვწუწუნებ, უბრალოდ, ბევრ რამეზე დავიწყე ფიქრი. მაგალითად, რასაც შარშან დაუფიქრებლად გავაკეთებდი, ახლა ასე აღარ ვიზამ. დაუფიქრებლად საჭმელსაც კი აღარ ვჭამ: აღარ მინდა შეცდომების დაშვება – ამ შემთხვევაში მარტო ჩემს თავს არ ვგულისხმობ.
– გამოგდის?
– მე ყველანაირად ვცდილობ და, თუ ვერ შევძლებ, ეს სხვისი საქმე არ იქნება – ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა და არა სხვისი. პირველ ყოვლისა ისე მინდა, გავაკეთო, რომ ჩემს თავს არ ვატკინო გული. ერთ რამეს მივხვდი: თუ მე არ მივხედე საკუთარ თავს, ჩემს რეპუტაციას და ჩემს ღირსებებს, ამას ჩემ მაგივრად არავინ გააკეთებს. ასეთი ბედისწერა მომცა უფალმა – საკუთარ თავზე მხოლოდ თვითონ უნდა ვიზრუნო. იმასაც შევეცდები, ვიღაც არ ვატლიკინო, რადგან, ვიღაცის სალაპარაკო არც ცხოვრება მაქვს, არც ოჯახი და არც არაფერი. არ მინდა, ვინმე დადგეს და ჩემზე უაზროდ იჭორაოს. უღირსი ადამიანი არავის არ სჭირდება – არც ქალს, არც კაცს, არც პროფესიას და არც არავის.
– შენი მთავარი ღირსება რა არის?
– ის, რომ ვიყო ღირსეული.
– პრინციპი, რომელსაც არასდროს უღალატებ?
– არასოდეს ვუღალატებ ჩემს რწმენას. ასევე, არასდროს ვუღალატებ ქალს, რომელთან ერთადაც ვიცხოვრებ – რაოდენ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს, ეს ასეა.
– ანუ, ცოლისთვის არასდროს გიღალატია?
– არა. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გოიმობაა, იყო ერთთან და პარალელურად სხვასთან გქონდეს ურთიერთობა.
– და, ბოლოს, როდისთვის გეგმავ ახალი ოჯახის შექმნას?
– ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. გადაწყვეტილება ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით მაქვს და ძალიან მინდა, მაგრამ, ამჯერად არ ვჩქარობ, დრო მჭირდება, ყველაფერში რომ დავრწმუნდე. სწრაფმა ნაბიჯებმა ზღვარზე მიმიყვანა, რაც აღარ მეპატიება. ორი წელი ოჯახის შექმნას ნამდვილად არ ვაპირებ. აი, 28 აგვისტოს, როცა 30 წლის გავხდები, ცოლსაც მოვიყვან.
– ანუ, საკუთარ დაბადების დღეზე გინდა საკუთარ თავს ასეთი კარგი საჩუქარი გაუკეთო?
– დიახ, თან, მანამდე ცოტა კიდევ გავიზრდები, ცხოვრებისეულად უფრო დავლაგდები, რაღაცეებში დავრწმუნდები. ეს ორი წელი ხომ ჩემი ცხოვრების რიტმისთვის ძალიან დიდი დროა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ, თუ შევქმენი, აღარ დავანგრიო. მაგრამ, თუ ცხოვრება მიმიყვანს იქამდე, რომ დავანგრიო, პირდაპირ მინდა ვთქვა, არც ეგ იქნება ჩემთვის პრობლემა.