როგორ დაფრინავენ პლასტიკაში ნული გამოცდილების მქონე მატრიცული პანტომიმის ოსტატები
„ნიჭიერის” ყველაზე უცნაურ გამომსვლელებად ჯგუფი „ფანტომი” მიმაჩნია, რადგან მათ ისეთი ნომერი შემოგვთავაზეს, რომლის მსგავსიც საქართველოში კი არა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არ უნახავთ. ბექა რაზმაძე, გიორგი კილაძე, გიორგი რაზმაძე, დიტო წერუაშვილი, დაჩი სირბილაძე, ნიკა საღირიშვილი, ვატო გომარელი და გიგი ფურცელაძე ის ადამიანები არიან, ვინც ერთმა ექსპერიმენტულმა იდეამ გააერთიანა, „ნიჭიერში” გაიყვანა და მაყურებელიც გააკვირვა.
ბექა რაზმაძე: ვაკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. მარტივად, რომ აგიხსნათ, მატრიცული პანტომიმის ჯგუფი შედგება რამდენიმე ადამიანისგან, სადაც წინა პლანზე წამოწეული ვართ სულ ორი მონაწილე, რომლებთანაც უფრო მეტი დატვირთვა აქვს მსახიობურ მონაცემებს. დანარჩენი მონაწილეები შავებში არიან ჩაცმულები და უფრო რთულ ფიზიკურ სამუშაოს, უფრო რთულ ილეთებს ასრულებენ.
– სიბნელეში ანათებთ და თითქოს შენელებულად მოქმედებთ, ეს რა ტექნოლოგიით ხდება?
– ჩვენს ნომერს, სხვათა შორის, ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ხალხი ვერ ხვდება, რა ტექნოლოგიით კეთდება ეს ყველაფერი და თავისი დასკვნები გამოაქვს – თითქოს ეს რაღაც ლაზერ-შოუა და რაღაც ამდაგვარი. გამორიცხეთ ყველანაირი ლაზერი და უახლესი ტექნოლოგიებით მანიპულაცია. ერთადერთი, რასაც შუქი აკეთებს, ის არის, რომ ჩვენს სპეციალური ფერის ტანსაცმელს ანათებს. უკან კი ისეთი ფონი კეთდება, რის ხარჯზეც შავებში ჩაცმული მონაწილეები არ ჩანან. აკრობატული ილეთებით, თვალის მოტყუების სხვადასხვა ხერხით, ისე ჩანს, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, დავფრინავთ.
გიორგი კილაძე: 3D-ს ეფექტი ხდება მარტივი ტექნოლოგიის ხარჯზე.
– ანუ, ის დანარჩენი ადამიანები გწევენ ჰაერში, გატრიალებენ, გაკეთებინებენ ყველაფერს, რასაც ჩვენ შენელებულ კადრად ვხედავთ?
– ზუსტად ასეა. ძალიან საინტერესო სამუშაოა, დამიჯერეთ.
– ეს ხერხი სადმე არსებობდა თუ თქვენი მოფიქრებულია?
– პირველად ამ ჟანრის თეატრს ინტერნეტში წავაწყდით: ჩინეთში არსებობს თეატრი, რომელმაც სახელი ამით გაითქვა. ვუყურეთ და ძალიან დაგვაინტერესა. გადავწყვიტეთ, აუცილებლად გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი, თან – ხარისხიანად.
ბექა: პირველი ტურის შემდეგ დაიწყო საუბრები იმაზე, რომ ეს გადმოღებულია და სხვა. ამას ჩვენ თავადაც ვამბობთ. 95 პროცენტი, რაც „ნიჭიერში” ხდება, გადმოღებულია: გინდა ბიდ ბოქსი, პარკური და სხვა. მაინცდამაინც ჩვენს ნომერზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. მაგრამ, რადგან ეს გადმოღებულია, მეორე ტურისთვის გადავწყვიტეთ, შემქმნელები – „კრეატორები” ვყოფილიყავით თავად და დაგვედგა ისეთი შოუ, რომლის მსგავსიც არაფერი გინახავთ. ინტერნეტსივრცეშიც კი ვერ ნახავს ვერავინ მსგავს რამეს. უმაგრეს სიურპრიზს ვპირდებით მაყურებელს.
– მანამდე რას აკეთებდით, სანამ ამით დაინტერესდებოდით?
გიორგი: მანამდე ამ მიმართულებით არაფერი გვიკეთებია. ვსწავლობდით ტექნიკურ უნივერსიტეტში. ბავშვობის მეგობრები ვართ. გვინდოდა „ნიჭიერში” გასვლა და ვფიქრობდით, როგორ გაგვეკეთებინა ეს. ერთხელაც, ბექა ამბობს, ჩამოვაყალიბოთ ჯგუფი მატრიცული პანტომიმის ჟანრშიო. ხუთი თვის განმავლობაში ვსწავლობდით და ვვარჯიშობდით, ვითვისებდით პლასტიკას, ეფექტებს, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა და – შედეგი სახეზეა.
ბექა: შვიდი კაციდან არც ერთს არ უვლია პანტომიმის თეატრში, არც ერთს არანაირი კავშირი არ აქვს აკრობატიკასთან, ცეკვასთან.... სცენის გამოცდილებაც კი არ გვქონია. ხან შვიდნი ვართ, ხან რვანი.
გიორგი: ოთხი კალათბურთელი ვართ.
ბექა: ჩვენი შრომით, თანდაყოლილი ნიჭით დავამტკიცეთ, რომ ეს საქმე კარგად გამოგვდის. ჩვენ შორის შრომა გადანაწილებულია იმის მიხედვით, ვის რა უნარი და ნიჭი აქვს, ვის რა შეუძლია. სინქრონზე, ერთმანეთთან კარგად შეწყობაზე ისიც მოქმედებს, რომ ბავშვობიდან ვიცნობთ და გადასარევად ვუგებთ ერთმანეთს.
– იქ, სადაც არ ჩანს, ძალიან ბევრი ილეთი კეთდება?
გიორგი: იქ ხდება სასწაულები. მათ რომ თეთრი ტანსაცმელი ჩააცვა და უყურო რაებს აკეთებენ, გაგიჟდები. ეს არის ძალიან გიჟური სანახაობა. თუმცა, საყურებლად ისე ჯობია, როგორც ეს „ნიჭიერში” ნახეთ. მართალია, ჩვენ მსახიობები ვართ და ვჩანვართ, მაგრამ, შავებში ჩაცმულები ძირითად შავ სამუშაოს ასრულებენ.
– სად ვარჯიშობთ? ამისთვის, ალბათ, გარკვეული ტექნიკური აღჭურვილობა გჭირდებათ.
ბექა: თავიდან ორ-ორ საათს, შემდეგ კი ოთხ საათს ვვარჯიშობდით დღეში. რაც შეეხება ტექნიკას, ამაში ძალიან სერიოზულად გვეხმარება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარბაზებით და ასე შემდეგ, ასევე, საორგანიზაციო საკითხებში გვიდგანან გვერდში.
– გვიამბეთ თქვენს ცხოვრებაზე – რას აკეთებთ, რითი ერთობით? თუ, მთლიანად ამ საქმით ხართ მოცულები?
– ამ ეტაპზე მარტო ამაზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ. შვიდი მეგობრიდან თანაკლასელები ვიყავით ყველა. ზოგი კარგად სწავლობდა, ზოგი სპორტს „აწვებოდა“, ზოგს მაიმუნობა და მასხარაობა გვაერთიანებდა. მერე, როდესაც „ფანტომი” შეიქმნა, თითქოს ერთ ჩარჩოში მოვექეცით, ყველა ერთმა იდეამ შეგვიპყრო და მეტზე ვეღარაფერზე ვფიქრობთ.
– შეყვარებულებიც კი არ გყავთ?
გიორგი: არა, არ გვაქვს ამის დრო. ახლა მთელი ჩვენი ენერგიები მიმართულია მატრიცული პანტომიმისკენ.
– ფიქრობთ, რომ ამ საქმეს გაჰყვებით მთელი ცხოვრება და გააკეთებთ ამას?
ბექა: არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვფიქრობთ. კარგი ხელშეწყობის პირობებში, არ არსებობს ამ დარგში ისეთი რამ, რომ ჩვენ ვერ გავაკეთოთ. ნებისმიერი რაღაცის გაკეთება შეიძლება; წიგნს წაიკითხავ – იდეა გაგიჩნდება, რაღაცას ნახავ – მისი მატრიცულ პანტომიმაში გადმოტანა მოგინდება. შეიძლება, ბავშვებისთვის დაიდგას ზღაპრები ამ ჟანრში! განათებებით ისეთი რაღაცეების გაკეთებაა შესაძლებელი, რომ დევის თავი გამომიჩნდება. ამ ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება კინოშიც – მწვანე ფონზე ამუშაო და მერე ამოჭრა. მოკლედ, ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, დიდი მასშტაბი აქვს. შეგიძლია, ისეთი ორწუთიანი შოუ დადგა, რომ კაცმა თვალი ვერ მოსწყვიტოს; შეიძლება, თხუთმეტწუთიანი შოუ გააკეთო ისე, რომ გაერთო, უბრალოდ, კარგად საყურებელი სანახაობა შექმნა, რომელსაც ყავის დალევისას, უყურებ და გაერთობი.
– მშობლებისგან და ახლობლებისგან არ იყო ის პრობლემა – რაებს აკეთებთ, რა მატრიცა, რა პანტომიმაო?
გიორგი: თავიდან ცოტა ისე იყვნენ. პირველ „ნიჭიერში” ძალიან ბევრი სახალისო გასაშარჟებელი გამოსვლა იყო და, როგორც კი სახლში ვთქვი, „ნიჭიერში” ვაპირებთ გასვლას-მეთქი, გაგიჟდნენ – დაგცინებენ, ნუ გაიმასხარავებთ თავსო. ეს ისეთი რაღაცაა, თუ არ ნახა ადამიანმა, ვერ წარმოიდგენს.
ბექა: როგორც კი მშობლებთან ეს ვთქვი, სამ-ოთხ დღეში მათგან მაგარი მხარდაჭერა წამოვიდა – მიდით, ყველაფერი გამოგივათო. დაახლოებით ოთხი თვე ბიძაჩემს ვატყუებდი: გიტარით ხელში გავდივარ და გიორგი აჭარულს ცეკვავს-მეთქი. ოთხი თვე მეხვეწებოდა, არ გახვიდე, თავი არ მომჭრაო. „ნიჭიერის” გადაღებებზეც ყველას ვატყუებდით – გიორგიმ სიმძიმეები უნდა ასწიოს და მე თანაშემწე ვარ-მეთქი. ბოლოს „რუსთავი 2-ის” თანამშრომელი რომ შემოვიდა ჩვენი ტანსაცმლით და ყვიროდა მატრიცული პანტომიმა სად არისო, აღარავის სჯეროდა რომ ჩვენ ვიყავით. ხელმოწერები და მთელი ამბები დაგვჭირდა იმისთვის, რომ ფორმები მოეცათ და სცენაზე ავეშვით.