ვისგან ეყოლა შვილი ელტონ ჯონს და ვის დაუკავშირა ბედი ცნობილმა დიზაინერმა ტომ ფორდმა
უცხოეთის ვარსკვლავების პირადი ცხოვრება მუდამ საზოგადოებისა და საინფორმაციო საშუალებების დაკვირვების ქვეშაა, ხოლო, თუ ვარსკვლავი მალავს ან შემჩნეულია თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში, მის მიმართ სულაც გაათმაგებულია ყურადღება როგორც ჟურნალისტების ასევე პაპარაცების მხრიდან. თუმცა, არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც სულაც არ მალავენ თავიანთ პირად ცხოვრებას და თამამად პოზირებენ ფოტოგრაფების წინაშე არატრადიციული სექსუალური ლტოლვის ობიექტებთან ერთად. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჰომოსექსუალურ და ლესბოსურ ვარსკვლავურ წყვილებს.
ელტონ ჯონი და დევიდ ფერნიში
აღარავის ახსოვს, რომ 20 წლის წინათ მომღერალი, რომელმაც კარიერის განმავლობაში 200 მილიონამდე ცალი ფირფიტა გაყიდა, გერმანელ ქალზე – რენატა ბლაუელზე იყო დაქორწინებული. თავად ელტონი ამ ფაქტს შემდეგნაირად იხსენებს: „მე არ ვიყავი გულწრფელი რენატასთან და დღემდე ვნანობ ამას. მე ვიყავი მასზე დაქორწინებული, თუმცა, ამავე დროს, მამაკაცი მიყვარდა”. 1993 წელს ელტონმა კინორეჟისორი და პროდიუსერი დევიდ ფერნიში გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან. 2005 წელს ისინი ლეგალურად დაქორწინდნენ და მათი ქორწილის ცერემონიალის ორგანიზება ნახევარ მილიონამდე დოლარი დაჯდა, სულ ახლახან კი წყვილს სუროგატი დედისგან შვილი გაუჩნდა. ბიჭი, სახელად ზაჰარი, ჯექსონ ლივონ ფერნიშ-ჯონი, 62 წლის ელტონისა და 48 წლის დევიდის პირველი შვილია.
ჯორჯ მაიკლი და კენი გოსი
80-იან წლებში ჯორჯ მაიკლი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ითვლებოდა, თუმცა მან ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა თავისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ და მას შემდეგ მისი საყვარელი მამაკაცების შესახებაც გახდა ცნობილი. 1993 წელს ჯორჯის დიდი ხნის პარტნიორი – ანსელმო ფელიპე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჯორჯი დიდი ხნის განმავლობაში სიყვარულის ძიებაში იყო. შეხვედრა ჩირლიდერების მწვრთნელ კენი გოსთან საბედისწერო გამოდგა. ამბობენ, რომ ისინი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბუტიკში შეხვდნენ ერთმანეთს და მრავალი წლის განმავლობაში ერთად იყვნენ. საუბრობდნენ წყვილის სავარაუდო ქორწილზეც, თუმცა 2010 წელს ისინი დაშორდნენ. ჰომოსექსუალობის გამო ჯორჯ მაიკლი არაერთხელ გამხდარა სკანდალური ქრონიკების გმირი.
ზემფირა და რენატა ლიტვინოვა
ისინი ერთმანეთის გაცნობამდე იყვნენ ყურადღების ცენტრში: ზემფირა პოპულარული ავტორ-შემსრულებელი, ხოლო რენატა – ექსცენტრიკულობით ცნობილი მსახიობი და რეჟისორი. ამბობენ, რომ რენატას გაცნობამდე ზემფირას საყვარლები იყვნენ მისი პირადი მძღოლი ანა კრუჩინინა და პროდიუსერი ანასტასია კოლმანოვიჩი. მიუხედავად დიდი აჟიოტაჟისა ზემფირა და რენატა არანაირ კომენტარს არ აკეთებდნენ პირად ცხოვრებაზე, სამაგიეროდ, ნაყოფიერად მუშაობდნენ და ზემფირას რამდენიმე კლიპის რეჟისურა სწორედ ლიტვინოვას ეკუთვნის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, წყვილი უკვე 10 წელია, ერთად ცხოვრობს, გავრცელებული ვერსიის თანახმად კი 2009 წელს მათ თავისი ქორწინება დააკანონეს შვედეთში, სადაც დაშვებულია ერთსქესიანი ქორწინების რეგისტრაცია.
ლინდსი ლოჰანი და
სამანტა რონსონი
სამანტამდე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობის კავალრები იყვნენ მსახიობი ვილმერ ვალდერამა და მომღერალი აარონ კარტერი, თუმცა მათთან რომანს დიჯეი სამანტა რონსონთან ურთიერთობამ წერტილი დაუსვა. ლინდსი და სამანტა სამი წელი ცხოვრობდნენ ერთად და ამ ხნის განმავლობაში ისინი არაერთხელ მოხვდნენ სკანდალურ ისტორიებში. ალკოჰოლი, ნარკოტიკები და რამდენიმე დაპატიმრება – ეს ყველაფერი ლინდსის ისედაც ცუდ რეპუტაციას სრულად ანადგურებდა და საბოლოოს ისინი დაშორდნენ, თუმცა ლინდსი დღემდე ამბობს, რომ ის დრო, რომელიც მან სამანტასთან ერთად გაატარა, საუკეთესოა მის ცხოვრებაში.
ტომ ფორდი და რიჩარდ ბაკლი
ეს რომანი, აგერ უკვე 20 წელია გრძელდება და, მიუხედავად იმისა, რომ ბაკლი კიბოს უკურნებელი სენით არის დაავადებული, ფორდი მის მიტოვებას არ აპირებს და სერიოზულად ფიქრობს, რომ ელტონ ჯონის მსგავსად, ბავშვი იშვილოს. ცნობილმა მოდელიერმა ტომ ფორდმა და გავლენიანმა ჟურნალისტმა რიჩარდ ბაკლიმ ერთმანეთი 1986 წელს გაიცნეს, ჟურნალ „ვოგ ჰომ ინტერნეიშენალისთვის” მოწყობილ ფოტოსესიაზე, რომლის რედაქტორი ბაკლი იყო. ბაკლის ჯერ კიდევ 1989 წელს დაუსვეს კიბოს დიაგნოზი, თუმცა, ფორდი ყველა ღონეს ხმარობს, რომ თავისი ცხოვრების თანამგზავრს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს.
სინტია ნიქსონი და
კრისტინა მარინონი
სერიალის – „სექსი დიდ ქალაქში” ვარსკვლავი, სინტია ნიქსონი, 2004 წლიდან ცხოვრობს კრისტინა მარინონისთან – ამერიკაში განათლების რეფორმებში ჩართული ორგანიზაციის აქტივისტთან, რომელიც ნიუ-იორკში, ერთ-ერთ სკოლაში გაიცნო. მანამდე, 15 წლის განმავლობაში სინტია სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა დენი მოზესთან, რომელსაც ორი შვილი გაუჩინა. სინტიას თქმით, მისი შვილები გაგებით მოეკიდნენ იმ ფაქტს, რომ მათ დედას მეგობარი ქალი გაუჩნდა. „მე ის უზომოდ მიყვარს. ასე არავინ მყვარებია”, – ამბობს სინტია კრისტინაზე.
ელენ დე ჯენერისი და
პორშა დე როსი
ელენ დე ჯენერისი ამერიკის ყველაზე ცნობილი ლესბო-კერპი, პოპულარული და საყვარელი ტელეწამყვანია, რომელიც სრულიადაც არ მალავს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. 2004 წლიდან იგი პორშა დე როსისთან ცხოვრობს, რომელთანაც 2000 წლიდან აქვს ურთიერთობა. 2008 წელს წყვილმა თავისი ქორწინება რეგისტრაციაში გაატარა, ხოლო 2010 წელს პორშამ ოფიციალურად აიღო მეუღლის გვარი და პორშა დე ჯენერისი გახდა.
დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა
მათ 1982 წელს გაიცნეს ერთმანეთი ერთ-ერთ მილანურ ატელიეში და საერთო ბიზნესის წამოწყებაზე დაიწყეს ფიქრი, რომელიც საქვეყნოდ ცნობილ ბრენდად იქცა. გარდა ბიზნესისა დოლჩემ და გაბანამ ერთად ცხოვრებაც დაიწყეს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყველაზე სტაბილურ გეი-წყვილად ითვლებოდნენ. ამბობენ, რომ დოლჩეს და გაბანას შვილის აყვანის სურვილი ჰქონდათ, მაგრამ იტალიური კანონმდებლობა ამას კრძალავდა. საბოლოოდ მათი საოჯახო იდილია დასრულდა: ამჟამად სტეფანო გაბანა მოდელ ალესანდროსთან ერთად ცხოვრობს, ხოლო დომენიკო დოლჩე მარტოა, პარტნიორის გარეშე. ახლა მათ მხოლოდ საერთო საქმე აკავშირებთ.