კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გადადის კახა კეპულაძე აბსოლუტურად სხვა კატეგორიაში, ვისი ცხოვრებით დაიწყო მან ცხოვრება და როდის ვარდება ის სასაცილო სიტუაციებში

კახა კეპულაძე მაყურებელმა არც ისე დიდი ხნის წინ სერიალ „მეზობლებში” იხილა. როგორც მისგან შევიტყვეთ, მსახიობობა მისთვის, უბრალოდ, ჰობია, პროფესიით კი ექიმი გახლავთ. მას კიდევ ერთი საინტერესო ჰობი აქვს – როკ-ჯგუფში უკრავს. მოკლედ, მისი მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრების შესახებ თავად ექიმი, მსახიობი და მუსიკოსი კახა კეპულაძე გვესაუბრება.

კახა კეპულაძე: ჩემს ცხოვრებაში სიახლეა – ეს არის სერიალი „მეზობლები”. ეკრანზე გამოჩენით განებივრებული არასდროს ვყოფილვარ, რადგან ჩემი ძირითადი პროფესია მსახიობობა არ არის, ამას, ალბათ, უფრო ჰობის ვუწოდებდი. ზოგჯერ ადამიანებს სურვილი უჩნდებათ, კიდევ რაღაცით გამოხატონ თავიანთი ცხოვრებისეული ხედვა. ამიტომ, როდესაც ამ სერიალის შესახებ შევიტყვე, დიდი სურვილი გამიჩნდა, მეც მეთამაშა. თავიდან ცოტა მეშინოდა ქასთინგზე მისვლა, რადგან პროფესიონალი მსახიობი არ ვარ, თუმცა, გამიმართლა და სერიალში მოვხვდი. ძალიან თბილი და კარგი სერიალია. პირადად მე ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, ქართველი მაყურებლის სიმპათიასაც დაიმსახურებს.

– მსახიობობის გარდა კიდევ თუ გაქვთ სხვა ჰობი?

– კიდევ ერთი ჰობი მაქვს, ეს არის როკ-ჯგუფი „ალუბალი”, რომელშიც ვუკრავ. ის დიდად ცნობილი არ არის, რადგან ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა, ეს საქმე კომერციულ კალაპოტში ჩაგვეყენებინა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შემოთავაზება, როგორც ქალაქგარეთ, ისე უცხოეთიდანაც. ჩვენ ვუკრავთ იმ მუსიკას, რაც ჩვენ მოგვწონს, რაც ჩვენშია. ხშირად ვუკრავთ კლუბებში და კონცერტებზეც ხშირად გვპატიჟებენ. ეს საქმე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. სხვა შემთხვევაში, ამას არ გავაკეთებდი. ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალება ჩემს ჯგუფთან ერთად დაკვრაა.

– როგორც ჩანს, ძალიან აქტიური ცხოვრება გაქვთ.

– ძალიან. თუმცა, ისეთი არა, როგორც ახალგაზრდობაში. ადრე უფრო მეტის გაკეთებას ვასწრებდი. საერთოდ, ადამიანის ცხოვრება ერთფეროვანი არ უნდა იყოს. მართალია, ძნელია ბევრი საქმის ერთად კეთება, მაგრამ, რაც უფრო რთულია, მით უფრო საინტერესოა. საერთოდ, არ მიყვარს რაღაცის დაგეგმვა, რადგან, არავინ იცის, როდის რა მოხდება. თუნდაც ის, რომ მე სერიალ „მეზობლებში” ვთამაშობ, წინასწარ როგორ უნდა დამეგეგმა? სრულიად შემთხვევით მოხდა: გამოცხადდა ქასთინგი, დამაინტერესა, მივედი და როლზე დამამტკიცეს.

– რამე თუ შეცვალა ამ სერიალმა თქვენს ცხოვრებაში?

– ვერ ვიტყვი, რომ ამ სერიალმა ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება-მეთქი, თუმცა, ცოტათი, ალბათ, შეცვალა. უბრალოდ, ჩემთვის ახალი, კარგი და საინტერესო ეტაპი დადგა. აღარ ვცხოვრობ მხოლოდ ჩემი ცხოვრებით. სერიალში მე ვარ სოსო და ვალდებული ვარ, მისი ცხოვრებაც შევისწავლო. თუმცა, ხანდახან ერთმანეთში მერევა. ზოგჯერ ჩემი ნამდვილი მეუღლისთვის დამიძახია ჩემი გმირის მეუღლის სახელი, ან, დედაჩემთან მისაუბრია ისე, როგორც სოსო ესაუბრება დედამისს.

– როგორც ვიცი, პროფესიით ექიმი ხართ. როგორ ახერხებთ თქვენი სხვადასხვა ჰობისა და ძირითადი პროფესიის ერთმანეთთან შეთავსებას?

– ჩვენს როკ-ჯგუფში ოთხი კაციდან სამი ექიმია. მუსიკა, უბრალოდ, ჰობია – როცა ვუკრავთ, ვისვენებთ. რაც შეეხება ჩემს ძირითად პროფესიას, ძალიან რთული საქმეა, რადგან ვებრძვით ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორებიცაა: აივ ინფექცია, შიდსი, ვირუსული ჰეპატიტები და ასე შემდეგ. საკმაოდ სტრესული სამუშაოა და, ამავე დროს, არის განტვირთვაც, რადგან იცვლი გარემოს, გადადიხარ აბსოლუტურად სხვა კატეგორიაში და აკეთებ საქმეს, რითაც ადამიანებს ეხმარები. ძალიან ადვილად ვახერხებ პროფესიისა და ჰობის ერთმანეთთან შეთავსებას. მთავარია, გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ და აუცილებლად ყველაფერს მოასწრებ.

– სერიალში თქვენი გმირი ძალიან მხიარული და სახალისო ადამიანია. რეალურად თუ ჰგავხართ მას?

– ჩემი გმირი ძალიან კეთილი ადამიანია, მას არავის წყენინება არ უნდა. ალბათ, მეც ასეთი ვარ. მიხარია, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებს უხარიათ. მეც, ისევე, როგორც ჩემს გმირს, ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი; ჩვენ ორივე „იუვენტუსის“ გულშემატკივრები ვართ, მოკლედ, ბევრი რაღაცით ვგავართ ერთმანეთს.

– რით არ ჰგავხართ?

– არ ვგავართ იმით, რომ ის მუსიკისგან შორს არის, მე – უფრო ახლოს (იცინის). ის ხანდახან სასაცილო სიტუაციებში ვარდება ხოლმე, რაც მე არ მახასიათებს (იცინის). დანარჩენში თითქმის ყველაფრით ვგავარ.

– თქვენი მშობლებიც რომ ისე ერეოდნენ თქვენს ცხოვრებაში, როგორც სოსოს ცხოვრებაში ერევიან, აიტანდით?

– არ ვიცი, მაგას ვერ წარმოვიდგენ, რადგან მე სხვა ტიპის მშობლები მყავს, იდეალური ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს ზედმეტად არ ვაბეზრებთ თავს. ალბათ, ვერც მე და ვერც ჩემი ცოლი ვერ გავძლებდით, გამუდმებით მშობლები რომ გვაკონტროლებდნენ.

– რომელი ცოლი გაუძლებდა ამას?!

– მართალი ხარ (იცინის), ძალიან ძნელია, ამას გაუძლო. კიდევ კარგი, რეალურ ცხოვრებაში ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა.

– რა ხდება თქვენს რეალურ ცხოვრებაში?

– რეალურ ცხოვრებაში მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილები. ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ცოტა დრო მრჩება მათთვის და, ვატყობ, რომ აშკარად დავაკლდი ბავშვებს.

– ისეთივე მოსიყვარულე და მზრუნველი მამა ხართ, როგორიც სერიალში?

– ძალიან მოსიყვარულე მამა ვარ. მახსოვს, პატარები რომ იყვნენ, ვცდილობდი, მაქსიმალურად მეზრუნა მათზე. მე პედიატრი ვარ და, აქედან გამომდინარე, ბავშვებთან ადვილად ვახერხებ ურთიერთობას. ჩემი შვილები კი ისინი არიან, ვისთვისაც ვცხოვრობ, ვისთვისაც ვარსებობ და ვისთვისაც ბევრი რამ გავრისკე ცხოვრებაში.

– დასვენებისთვის თუ გრჩებათ დრო?

– დასვენება რა არის, არ მახსოვს (იცინის). სიამოვნებით დავისვენებდი სადმე წყნარ გარემოში: დავხუჭავდი თვალებს და რამდენიმე დღე საერთოდ არ გავახელდი. ვისვენებ მაშინაც, როდესაც მეგობრებთან ერთად ვარ, ვსაუბრობთ, ვმღერით. მათთან ერთად მოწყენა გამორიცხულია (იცინის).

– ცხოვრებაში თუ გეხმარებათ რამეში თქვენი იუმორის გრძნობა?

– იუმორის გრძნობა რამეში რომ დაგეხმაროს, შენ გვერდით მყოფ ადამიანებსაც უნდა ჰქონდეთ ეს გრძნობა. ალბათ, ძალიან მძიმე იქნებოდა ცხოვრება იუმორის გარეშე. ეს თვისება ადამიანს პრობლემების ადვილად გადალახვაში შველის. მით უმეტეს – ჩემს შემთხვევაში, რადგან ექიმების წრეში იუმორი არის ის ამოსავალი წერტილი, რომელზეც იგება ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა. ექიმი იუმორის გარეშე დაღუპულია.

– ხანდახან პაციენტებს რომ არ ეცინებათ ხოლმე?

– მთავარია, ექიმი იცინის, თორემ, პაციენტს ეცინება თუ არა, მაგას არა უშავს (იცინის) – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჩვენ ვცდილობთ პაციენტები გავამხიარულოთ და დროებით მაინც დავავიწყოთ ის პრობლემები, რაც აქვთ. არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ, მთელი სულითა და გულით ვცდილობ ხოლმე.

– საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხართ?

– ნაწილობრივ ვარ კრიტიკული და ეს, ალბათ, კარგიცაა. მთავარია, ზედმეტმა კრიტიკამ დეპრესიაში არ ჩაგაგდოს. მე კი ეს არ მემუქრება, რადგან ჩემი მეგობრები ამის საშუალებას არ მაძლევენ – საკმარისია, ცოტა შემითრიოს დეპრესიამ, მაშინვე მომადგებიან და, პირიქით, დასაწყნარებელი ვხდები ხოლმე.

– მერე, ეს კარგი არ არის?

– რა თქმა უნდა! უბედნიერესი ადამიანი ვარ ასეთი მეგობრები რომ მყავს. სიმართლე გითხრათ, მათ ჩემი ოჯახის წევრებისგან დიდად არ ვასხვავებ. მიმაჩნია, რომ მე მყავს იდეალური მეგობრები, არაჩვეულებრივი ოჯახი და ვაკეთებ საქმეს, რისი კეთებაც სიამოვნებას მანიჭებს.

– ბედნიერი კაცი ყოფილხართ.

– მე ბედნიერი კაცი ვარ მას შემდეგ, რაც დავიბადე და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გაგრძელდება.


скачать dle 11.3