კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აკივლებდა გურიაში მიშა ანდღულაძე ქალებს სირენის ხმაზე და როგორ გადარჩა ის გიტარის თანხლებით გარეპვას

„კომედი შოუს” მსახიობი მიშა ანდღულაძე, რეალურ ცხოვრებაში გაცილებით დინჯი და გაწონასწორებულია, ანუ არც ისეთია, როგორც ტელეეკრანიდან აღიქვამთ. თუმცა, არც გურული ენაკვიმატობა აკლია და არც იუმორში „ჭედვები” სჭირს. ერთი სიტყვით, ძალიან მხიარული ადამიანია. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, შეგიძლიათ, მიშას თვალდახუჭული ენდოთ, რადგან ის ძალიან ერთგული და სანდო ადამიანია.

თუ რა გატაცებები ჰქონდა მას ბავშვობაში, რატომ ვერ აგნებდა სახლის მისამართს და რატომ აკივლებდა გურულ ქალებს ბოლო ხმაზე, ამაზე თავად მოგიყვებათ.

– მიშა, ხშირია შენს ცხოვრებაში კურიოზული და გამოუვალი სიტუაციები და თუ გშველის ამაში გურული მაკვარანცხობა?

– მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი კურიოზი არ არის? ისე მივეჩვიე ასეთ სიტუაციებს, რომ მგონია, აუცილებელიც კია და ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა. ასე რომ, კურიოზებშიც ხშირად ვეხვევი, არც იქიდან თავის დაძვრენა მიჭირს და არც გურული მაკვარანცხობა მაკლია (იცინის). აი, თქვენ კურიოზული გინება თუ გაგიგიათ? ალბათ, არა. ჰოდა, გეტყვით. აი, მაგალითად, მანქანით რომ მიდიხარ და წინ გიჟივით ჩაგიჭრის ვიღაც გზას, რა უნდა ქნა ამ დროს?

– რა უნდა ქნა? ალბათ, ერთი კარგი გვარიანად შეიგინო, არა?

– ნაწილორივ მართალი ხარ, მაგრამ გვარიანად კი არა, კურიოზულად. მე ასე ვიქცევი, კურიოზულად ვიგინები, „ლაითად” კი არა.

– ისე, შენი მეგობრები ამბობენ, მიშა ძალიან მოწესრიგებული მძღოლიაო, მაგრამ, როგორც ვიცი, პრობლემები პატრულებთან მაინც გაქვს. რას აშავებ ასეთს?

– მართლა ძალიან მოწესრიგებული ვარ, როცა საჭესთან ვზივარ – არც ნასვამი დავდივარ და არც სხვას ვუქმნი პრობლემას და წინაღობას. დამცინიან ხოლმე ჩემი ახლობლები. მოსახვევში რომ ჩავრთავ „პავაროტნიკს”, მერე გამორთვა მავიწყდება და ასე ციმციმ-ციმციმით დავდივარ ქუჩაში. ერთხელ, არ დამავიწყდება, ზოლიდან ზოლზე გადავედი და არ ჩავრთე ციმციმა, ბედი არ გინდა? მაინცდამაინც მაშინ გამაჩერა პატრულმა.

– ისეთი გარეგნობა გაქვს, შენი ვინმეში შეშლა გამორიცხულია. არ მეთანხმები?

– თქვენ წარმოიდგინეთ და, შევეშალე. თანაც, ისეთ ადამიანში, საერთოდ რომ არ მგავს. ოთარ რამიშვილი გვყავდა მოწვეული შოუში. მეუღლესთან ერთად მოვიდა. მეუღლემ რომ დამინახა, გამიღიმა და ქმარს უთხრა: ოთარ, ხომ იცანი, ვინ არისო? იმანაც, გამომხედა, გამიღიმა და ჩაიცინა: რა ვერ ვიცანი, ამას შემოვევლე, ამას ვენაცვალე, ჩვენი ლექსენიო (იცინის). ახლა ვფიქრობ, რომ ეთქვა, აბა, მიდი, ერთი გამირეპე გიტარაზეო, რა უნდა მექნა (იცინის)?

– ხომ თქვი, გამოუვალი სიტუაციიდან ადვილად ვიძვრენ თავსო. ჰოდა, ამას ვერ გააკეთებდი?

– ეგ რა პრობლემაა, რამეს მოვახერხებდი, მაგრამ ცოტა მაინც ხომ უნდა ვგავდე ადამიანს, რომ მასში შეგეშალო (იცინის). ისე, პოპულარობა, რომ გითხრათ, ჭრის-მეთქი, მოგატყუებთ...

– რატომ არ ჭრის? ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც ამას ამბობს...

– მანქანა რომ ვიყიდე, იმ კაცმა მარტო ორჯერ დამიკლო. მერე კი ფეხი აღარ მოუცვალა და რა ვიცი... (იცინის). ეტყობა, მანქანის ყიდვა-გაყიდვაში მაინცდამაინც არ ჭრის.

– ისე, დიდი მოუსვენარი და ანცი ბავშვი იქნებოდი, არა?

– მართალია, მაგარი სასაცილო ბავშვი ვიყავი. ბავშვობაში ხშირად ვიკარგებოდი და სახლში ხან ვის მივყავდი და ხან – ვის. გზააბნეული ხან სომხის ქალი მიმაცილებდა და ხან – ქურთის. მთელი ბავშვობა იმას ვიძახდი, ბუხუტის შვილი ვარ და „დომ ხაჩუ”-მეთქი (იცინის). გლდანში ვცხოვრობდი და მამაჩემს თითქმის ყველა იცნობდა. ბირჟაზე რომ ისხდნენ კაცები და დამინახავდნენ, უცხო ქალი მიმაცილებდა სახლამდე, გაოცებულები მხრებს იჩეჩავდნენ – ვა, ეს ბუხუტის ბიჭი მერამდენედ უნდა დაიკარგოს და აცდეს სახლის გზასო. არ დამავიწყდება, ერთხელ გურიაში ვისვენებდი. სიმინდი მოვიპარე და ისეთ დღეში ჩავყარე გურული ქალები, პატრულის სირენა მიმიქარავს. (იცინის).

– გაკაპასებული გურული ქალის დაშოშმინება, მართლაც ძნელია. მერე რა ქენი, შეგერგო მოპარული ტარო?

– რომ დამინახეს, სიმინდს ვიპარავდი, ისეთი დღე დამაყენეს და ისე დაწიოკდნენ, გეგონება, მილიონი დოლარი მოვხსენი მათი საბანკო ანგარიშიდან. აწიკვინდნენ, მარა რა აწიკვინდნენ, იმათი დამაშოშმინებელი ვიყავი მე, სულ რომ ტონობით მიმეტანა სიმინდი? ისე, ახლა რომ დავფიქრდი, კი იყო საყვირალი. აბა, ერთ დღეში ას ცალ სიმინდის ტაროს რომ მოგპარავენ, ხომ არ დალოცავ (იცინის)?

– არ თქვა ახლა, ასივე მე შევჭამეო, მაინც არ დაგიჯერებ...

– არა, რას ამბობთ, თავი კი არ მქონდა მოძულებული (იცინის). ასი არა, მაგრამ ერთ დღეს, ოცდახუთი სიმინდის ტარო რომ ვჭამე მარტო მე, ამაში კი გამოგიტყდებით. სხვათა შორის, გურულს შენ მოატყუებ ჭკუაში? ამის შემდეგ, სულ გვიან თესავდნენ ყანას, რომ მოსავალი გვიან შემოსულიყო და სექტემბრის ბოლოსთვის თუ უნდა აეღოთ, დეკემბრის გაგანია ყინვაში იწევდნენ ჭირნახულს. ასე ჩაგვიგდეს სეზონი იქ ჩასულ „მომპარავ” „სასტავს” (იცინის).

– ის თუ გახსოვს, სულ პირველად რომ დათვერი რამხელა იყავი და თუ დატრიალდა დედამიწა შენს ფეხქვეშ?

– როგორ არ მახსოვს. ალბათ, სამი წლის ვიქნებოდი. დედაჩემის გადამალული კონიაკის ბოთლი ვიპოვე, მოვიყუდე და გამოვცალე. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა? ძლივს გადამარჩინეს. ვყვიროდი, მიშველეთ, მწარეა, მწარე-მეთქი (იცინის). დედამიწა დატრიალდა კი არა... ფეხზე რომ დამაყენებდნენ, აქეთ-იქეთ ვვარდებოდი, თავს ვერ ვიკავებდი. მერე მოვიწამლე, ტანზე გამომაყარა და კინაღამ შევეწირე ამ ჩემს პირველ დათრობას (იცინის).

– ალბათ, ისე იმოქმედა, იმ დღის შემდეგ დალევას ვერ იტან?

– იმოქმედა კი არა... ისე გამიჯდა ძვალ-რბილში ის კონიაკი, რომ დღესაც კარგად გეახლებით – არც ვიქცევი, არც ტანზე მაყრის და არც მემწარება (იცინის). ერთი ისტორია გამახსენდა: კოლეჯში ვსწავლობდი და მეგრელი ჯგუფელი მყავდა. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ერთ დღესაც მიმიპატიჟა კაი მეგრულ პურმარილზე. იქ „გაიჩითა” ორი ტიპი. თურმე, ორივეს ეს გოგო მოსწონდა თუ უყვარდა. დავსხედით, დავიწყეთ დალევა და ცოტა რომ შეზარხოშდნენ, არ დასცხეს ერთმანეთს მეგრულად?

– მერე, მეგრულად რას ჩხუბობდნენ გესმოდა?

– არაფერიც არ მესმოდა, მაგრამ ისეთი სასაცილოები იყვნენ, ისე იჭაჭებოდნენ, რომ ამივარდა ისტერიკული სიცილი, ძლივს შევიკავე თავი, რომ მაგიდისთვის არ ჩამომერტყა. ისე „უჭერდნენ” მეგრულად, უნდა გენახათ (იცინის). პირველად მოვხვდი ასეთ სიტუაციაში და კინაღამ გავსკდი სიცილით. თან, ხმას აწვრილებდნენ ჩხუბის დროს, იჭაჭებოდნენ, ამაზე „იქაჩებოდნენ“ და ამ დროს მე ვიცინოდი. სულ გადაირივნენ. გავიხედე, დიასახლისმა შემოყო კარიდან თავი და რომ დაინახა სიტუაცია, აბა, ის უნდა გენახათ.

– არ მითხრა ახლა, ქალი ჩადგა შუაში მათ დასაშოშმინებლადო.

– რა შუაში ჩადგა... რომ დაიწვრილა იმანაც ხმა და ატეხა წივილ-კივილი, ეს ნამდვილი „პრიკოლი” იყო. ისე გავერთე, კარგა ხანს გამყვა იქ მიღებული ემოცია. ერთი სიტყვით, მაგრად ვიხალისე.


скачать dle 11.3