30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–16(538)
ეზოში მომხდარ მოვლენებს ჯაბას დედა დერეფნის ფანჯრიდან ადევნებდა თვალყურს. როდესაც ყველაფერი გაიაზრა, ტანში გააცია და თქვა: „ეს გოგო რომ არა, ჩემი შვილი ცოცხალი აღარ იქნებოდა, მან გადაარჩინა ჯაბა. ნეტავ, ვინ არის?”
აფეთქებული მანქანა ჯერ კიდევ ეზოში იწვოდა, როდესაც ჯაბა და შორენა სახლში დაბრუნდნენ. ლიფტიდან რომ გამოვიდნენ, ჯაბას დედა მათ წინ შემოეგება და შვილს უთხრა:
– ჯაბა, დედა, ეს მშვენიერი ქალიშვილი რომ არა, ახლა შენ ცოცხალი არ მეყოლებოდი. შენს მხსნელს არ გამაცნობ?
– ეს შორენაა, – ჯაბამ მხარზე ხელი დაადო გოგონას, წინ გაუშვა და დაამატა: – ჩემი საცოლე.
– შენი საცოლე?! – ხმის კანკალით გაიმეორა ქალმა.
– რა, არ მოგწონს?
– როგორ არა, დედიკო, მაგრამ, მე რატომ არაფერი ვიცოდი?
– სამთვიანი განშორების შემდეგ ამ დილით პირველად გნახე და როდის უნდა მეთქვა? – თავი იმართლა ჯაბამ.
– სამი თვის წინ გეთქვა, სანამ იმ ბაქოელი ბიზნესმენის საქმეში გაებმებოდი.
– მაშინ მე თვითონ არ ვიცოდი, – ჩაეცინა ჯაბას – არ ვიცოდი კი არა, შორენას არც კი ვიცნობდი.
– აბა, სად გაიცანით ერთმანეთი?
– საგიჟეთში.
– საგიჟეთში?! – ფერი ეცვალა ჯაბას დედას, შორენა ყურადღებით შეათვალიერა და გაიფიქრა: „ღმერთო, ესღა მაკლდა. ნუთუ ეს „კრასავიცა” გოგო გიჟია? ისე შემოვარდა და შემდეგ ჰანტელი სტყორცნა, რომ ასეთ რამეს გიჟი თუ იზამს. კი, შვილი გადამირჩინა მისმა სიგიჟემ, მაგრამ, გიჟი რძალი მინდა ოჯახში?”
ახალგაზრდებმა ერთმანეთს ღიმილით გადახედეს, შემდეგ ჯაბამ დედას უთხრა:
– ნუ გეშინია, დედა, შორენა გიჟი არ გეგონოს, ექთნად მუშაობდა საგიჟეთში, იქ გავიცანი და მერე მის სახლში ვიმალებოდი.
– მადლობა ღმერთს, – ჯაბას დედას სახეზე შვება გამოეხატა, შორენას მიუახლოვდა, ჩაეხუტა, აკოცა და უთხრა:
– გაიხარე, დედიკო, ჩემი შვილის პატრონი ყოფილხარ და ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს!
– გმადლობთ, ქალბატონო, – უთხრა შორენამ სადედამთილოს და უხერხულად გაეღიმა, რადგან მისი სახელი არ იცოდა.
– დედას მერი ჰქვია, – უთხრა ჯაბამ შორენას.
– გმადლობთ, ქალბატონო მერი, – თქვა შორენამ.
– ეს მე ვარ, შვილო, შენი მადლობელი, რომ ჯაბა სიკვდილს გადამირჩინე, – უთხრა მერიმ შორენას და დაამატა: – რას ვუდგავართ აქ, წამოდით, სახლში შევიდეთ.
– თქვენ შედით, მე კი მალე მოვალ, – უთხრა ქალებს ჯაბამ და კიბეებისკენ გაემართა, მაგრამ შორენამ მაჯაში ჩაავლო ხელი და უთხრა:
– გაჩერდი, ფეხი არსად გაადგა!
– რა იყო, რა გჭირს? – იუკადრისა ჯაბამ და შორენას ხელის მოშორება დააპირა, მაგრამ გოგონას საიმედოდ ჰქონდა ხელი ჩავლებული და მიუგო:
– მოიცა, ჯაბა, მომისმინე და მერე წადი, თუკი საჭიროდ ჩათვლი.
– არავითარი მერე, – მკაცრად თქვა ყმაწვილმა, – ჩავალ, სიგარეტს ვიყიდი და ამოვალ.
– სიგარეტს მე ამოგიტან, ოღონდ, შენ არსად გაადგა ფეხი, – მიუგო შორენამ.
– რატომ? რა მოხდა?
– იმიტომ, რომ შენი სახლიდან გასვლა დღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აქ სწორედ ამიტომ მოვვარდი და, როგორც უკვე გითხარი, ჰანტელიც იმიტომ ვესროლე მანქანას, რომ შენი აქედან გასვლა შემეჩერებინა, – თქვა შორენამ, მერის შეხედა და დაამატა: – აი, ამიტომ ვეგონე ქალბატონ მერის გიჟი. ღმერთმა გვიშველა და, მოდი, ნუღარ გამოვცდით უფლის მოთმინებას.
– კი მაგრამ, რა ხდება, არ მეტყვი?
– სახლში შევიდეთ და ყველაფერს მოგიყვები, – უთხრა შორენამ.
– ჰო, შვილებო, შევიდეთ, აქ რას ვდგავართ? – თქვა მერიმ და ქალ-ვაჟი სახლში შეიყვანა.
– კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სახლში, – თქვა შორენამ და ინვალიდის ეტლში მჯდარი, ჯამბულ ონიანისკენ გაემართა, რომელიც მას უღიმოდა. გოგონა ჩაეხუტა მას და უთხრა:
– როგორ ხარ, ჯამბულ ბიძია?
– შენ, ჩემო მშვენიერო, შენ როგორ ხარ? უფრო დამშვენებულხარ.
– გმადლობთ, ჯამბულ ბიძია, მე რა მიჭირს, შენ როგორ ხარ?
– ღვთის ნებით ცოცხალი ვარ, თუმცა, ჯერჯერობით სიარული არ შემიძლია, აი, ამ ტრანსპორტით გადავადგილდები და ალბათ, ამითვე მომიწევს სიცოცხლის ბოლომდე სიარული, – თქვა ჯამბულმა და თვალები აუცრემლიანდა.
შორენას ძალიან შეეცოდა ჯამბული, გული აუჩუყდა, ცრემლები ძლივს შეიკავა, თავზე მოეფერა, გაუღიმა და უთხრა:
– რას ამბობ, ჯამბულ ბიძია, სულ მალე გამოჯანმრთელდები და ძველებურად კარგად იქნები.
– გაიხარე, შვილო, კარგი გოგო ხარ და, ნეტა იმ ოჯახს, სადაც შენ შეხვალ! – თქვა ჯამბულმა და მერის გადახედა, რომელიც უხმოდ უსმენდა მაზლისა და სარძლოს საუბარს. შემდეგ პაუზით ისარგებლა და თქვა:
– როგორც ვხედავ, თქვენ ერთმანეთს კარგად იცნობთ.
– მშვენივრად, – მიუგო ჯამბულმა მერის, – როგორი გოგონაა, მოგწონს შორენა, მერი?
– კი, ძალიან მომწონს, – გაიღიმა მერიმ.
– ჰო, მართლა, გარეთ რა აფეთქდა ამ ცოტა ხნის წინ? მეძინა და საშინელმა ხმაურმა და ვიბრაციამ გამაღვიძა, – თქვა ჯამბულმა.
– შენი ძმისშვილი სიკვდილს გადაურჩა, – მიუგო ჯამბულს მერიმ.
– რა მოხდა?
– რა და, ტაქსი, რომელშიც ჯაბა იჯდა, აფეთქდა, – თქვა მერიმ, ჯამბულს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და დაამატა: – ასე რომ, შორენამ შვილი გადამირჩინა და მისი მოვალე ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე.
– შორენა, შვილო, შენ რა იცოდი, რომ ტაქსი დანაღმული იყო? – ჰკითხა გოგონას ჯამბულმა.
გოგონა ყველაფერს დაწვრილებით მოყვა და ბოლოს თქვა:
– მე არ ვიცი, ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყო თუ ჟუჟუნას ფანტაზიის ნაყოფი, მაგრამ, ფაქტია, რომ ტახტის ქვეშ მართლაც იდო ალესილი დანა და, ეშმაკური ხრიკები რომ არა, იქ რკინის ნაგლეჯსაც კი ვერავინ შეიტანს.
– მდაა, საინტერესო რამ მოყევი, – თქვა ჯამბულმა, – მე მჯერა. რადგან ითქვა, რომ დილის ცხრა საათამდე სახლიდან არ უნდა გახვიდე, ესე იგი, არ უნდა გახვიდე.
– მაინც, სად მიდიოდი, დედიკო? – ჰკითხა მერიმ.
– ძმაკაცთან, – მიუგო ჯაბამ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ შორენა აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა და რომ მისი მოკვლის მცდელობა ეშმაკის ხრიკები იყო.
– შენი „პაეზდკა” გადაიდო და დილის 9 საათამდე სახლიდან ფეხს ვერ მოიცვლი, – უთხრა ჯაბას ჯამბულმა.
– არის, ბიძია უფროსო! – ხუმრობით გამოეჯგიმა ჯაბა ჯამბულს, მის სიგარეტს დასწვდა, გააბოლა და მერის უთხრა:
– სტუმარი ყავაზე მაინც დაპატიჟე, დედიკო.
– ყავაზე კი არა, ვივახშმოთ, შორენა მოშიებული იქნება, ჯამბულსაც უნდა ვაჭამო და შენც მიირთვი, – თქვა მერიმ და სამზარეულოსკენ გაემართა, მაგრამ შორენამ სადედამთილო შეაჩერა და უთხრა:
– შეიძლება, რომ ამაღამ თქვენთან დავრჩე, ქალბატონო მერი?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, შვილო, დარჩი, – გაუღიმა სარძლოს მერიმ, – მე წავალ და ვახშამს მოვამზადებ.
– მეც მოგეხმარებით. მანამდე კი სახლში დავრეკავ და დედ-მამას გავაფრთხილებ, – თქვა შორენამ, დედას დაურეკა და გააფრთხილა, რომ ჯაბასთან რჩებოდა, შემდეგ კი სამზარეულოში გაემართა სადედამთილოს მისახმარებლად.
შორენა რომ ოთახიდან გავიდა, ჯამბულმა ძმისშვილს გადახედა და უთხრა:
– მშვენიერი გოგონაა, შენი ნამდვილი მფარველი ანგელოზი.
შორენას ვიზიტმა ჯაბას საგანძურის სანახავად წასვლა გადაადებინა და, რადგან დილის 9 საათამდე სახლიდან გასვლა აკრძალული ჰქონდა, ლოგინიდანაც არ წამომდგარა, ხოლო ცხრას რომ თხუთმეტი წუთი გადასცდა, ლოგინიდან ზანტად წამოდგა, ხალათი მოისხა და სააბაზანოსკენ გაემართა. სამზარეულოს რომ გაუსწორდა, დაინახა რომ მერი და შორენა საუზმეს ამზადებდნენ, თან ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ.
– გაიღვიძე, შვილო? – მერიმ ჯაბას გაუღიმა, – როგორ გეძინა?
– კარგად, დედი, შენ როგორ გეძინა?
– მე და შორენასაც კარგად გვეძინა, – მიუგო მერიმ შვილს და სარძლოს გაუღიმა.
– დილა მშვიდობისა, შორენ, – ჯაბა საცოლეს მიესალმა.
– დილა მშვიდობისა, – მიუგო შორენამ ჯაბას.
– შორენ!
– ჰო, ჯაბა.
– გინდა, დღეს სადმე წავიდეთ?
– სად?
– რა ვიცი, სადმე.
– წავიდეთ.
– მაშინ, მითხარი, სად.
– რა ვიცი, სადმე, – გაიმეორა შორენამ, მხრები აიჩეჩა და მერის შეხედა.
– მაშინ, მოდი, უბრალოდ, გავისეირნოთ და გზაში მოვიფიქროთ.
– კარგი, თანახმა ვარ.
– შხაპს მივიღებ, შემდეგ ვისაუზმოთ და წავიდეთ.
– კარგი, – მიუგო შორენამ, ჯაბა კი სააბაზანოში შევიდა და შხაპი მოუშვა, შემდეგ წყლის ჭავლს შეუდგა და იმაზე დაიწყო ფიქრი, მეორე დღეს, უთენია როგორ გაემართებოდა საგანძურის სანახავად მარტოდმარტო.
„ხვალის – ხვალ იყოს, – ფიქრობდა ჯაბა, – ახლა კი დღევანდელზე ვიფიქროთ. სად წავიყვანო შორენა? რესტორანში? ბანალურია. შეიძლება, სადმე ქალაქგარეთ, მაგრამ სად? მოდი, მთაწმინდის პარკში ავიყვან, როგორც ამბობენ, იქაურობა ძალიან გაულამაზებიათ, თან ვისეირნებთ, თან დავათვალიერებთ. გადაწყვეტილია, შორენას მთაწმინდაზე ვპატიჟებ სასეირნოდ“.
ჯაბა რომ სააბაზანოდან გამოვიდა, საუზმე უკვე გაწყობილი იყო.
– ჯამბული სადაა? – იკითხა ჯაბამ.
– თავის ოთახშია, შვილო. თქვა, ცოტას დავისვენებო და საუზმე იქ მივუტანე, – მიუგო შვილს მერიმ, – მოდით, შეუდექით საუზმეს.
– შორენ, – თქვა ჯაბამ, – ვერ მოიფიქრე, სად წავიდეთ?
– სადაც შენ იტყვი, – მიუგო შორენამ.
– შენ სად გინდა?
– სადაც მეტყვი.
– რადგან არ მოგიფიქრებია, მოდი, მთაწმინდის პლატოზე ავიდეთ.
– ძალიან კარგი, ავიდეთ, – თქვა შორენამ, – მთაწმინდის პარკში ორჯერ ვარ ნამყოფი და ორჯერვე ბავშვობაში, მაგრამ იქაურობა გაპარტახებული იყო, ახლა კი, ამბობენ, სამოთხეს დაამსგავსესო.
– ჰო, მეც დიდი ხანია, იქ არ ვყოფილვარ, – თქვა ჯაბამ, – ძალიან მაინტერესებს, როგორ მოაწყვეს იქაურობა.
– გახსოვს, დედიკო, ბავშვობაში რომ დამყავდი მთაწმინდაზე? – ლაპარაკში ჩაერთო მერი, – კვირა არ გაივლიდა, რომ არ ამეყვანე. ჯერ პანთეონში ავდიოდით და საფლავებს ვათვალიერებდით, ყველა საფლავის ადგილმდებარეობა იცოდი და თვალდახუჭული შეგეძლო მიგნება. შემდეგ, ტყით პლატოზე ავდიოდით ხოლმე და იქვე, საზაფხულო კაფეში რომ კარგად დაგანაყრებდი, ატრაქციონებზე მიმყავდი. მანქანები და ეშმაკის ბორბალი გიყვარდა ყველაზე მეტად და საათობით არ ჩამოდიოდი იქიდან, გახსოვს?
– როგორ არ მახსოვს, – გაეღიმა ჯაბას.
– გახსოვს, ერთხელ, ეშმაკის ბორბალი რომ გაჩერდა და ჩვენი კაბინა ყველაზე მაღალ წერტილში აღმოჩნდა?
დედის სიტყვებმა ჯაბას ის დღე გაახსენა, როდესაც ეშმაკის ბორბალი თითქმის ერთი საათით გაჩერდა:
სექტემბრის ერთ მშვენიერ, მზიან კვირა დღეს, 4 წლის ჯაბა და დედამისი მთაწმინდის პარკში ავიდნენ და ბავშვმა რომ მანქანის ატრაქციონზე გართობით იჯერა გული, ეშმაკის ბორბალზე დაჯდომა მოითხოვა. მერიმ ბილეთი აიღო და შვილთან ერთად ღია კაბინაში მოკალათდა. კაბინა ნელ-ნელა მიიწევდა ზევით, დედა-შვილი თბილისის ხედების ცქერით ტკბებოდა და როდესაც მათ უმაღლეს წერტილს მიაღწიეს, ბორბალი მოულოდნელად გაჩერდა.
– აღარ წავა? – ბავშვურად იკითხა ჯაბამ.
– როგორ არა, შვილო, ალბათ, დენი გამოირთო, გააკეთებენ და ჩართავენ, – მიუგო მერიმ შვილს და ცას ახედა, სადაც ღრუბლები გროვდებოდა და მზეს ეფარებოდა. უცებ ძლიერი ქარი ამოვარდა, მზე შავ ღრუბლებში გაეხვია და კაბინამ აქეთ-იქით ქანაობა დაიწყო. მერის ძალიან შეეშინდა, მაგრამ შვილისთვის რომ არაფერი ეგრძნობინებინა, მკერდზე მიიკრა და უთხრა:
– ნუ გეშინია, ჯაბა, არ შეშინდე, შვილო.
– არ მეშინია, – მიუგო ჯაბამ და ჰაერში დაკიდებულ რქიან კაცს მიაშტერდა, რომელიც მას უცინოდა, მარჯვენა ხელით ბორბლის კაბინას აქანავებდა, მარცხენათი კი ჯაბას იხმობდა და მხოლოდ ბავშვის გასაგონად ამბობდა:
– მოდი ჩემთან, არ გინდა, ჩემს სამფლობელოში წაგიყვანო და გაგართო?
– არა, არ მინდა, – მიუგო ჯაბამ.
– რატომ პატარავ, მე ტკბილ-ტკბილი კანფეტები და ჭრელ-ჭრელი და ლამაზ-ლამაზი სათამაშოები მაქვს. წამოდი და კარგ დროს გაგატარებინებენ.
– არა, არ წამოვალ, შენთან რა მინდა, მე დედასთან უნდა დავრჩე, – მიუგო ჯაბამ.
– დედაც წამოიყვანე, პატარავ, ჩემთან ადგილი ყველასთვის მოიძებნება.
– არა, არ წამოვალ! – მტკიცედ უთხრა ჯაბამ და დედას ჩაეხუტა.
უცებ თეთრებში გამოწყობილი გრძელთმიანი და გრძელწვერიანი მოხუცი გამოჩნდა ღრუბლებიდან. მან რქიანს ხელი აუქნია და გააქრო, შემდეგ ჯაბას გაუღიმა და უთხრა:
– ხომ არ შეგეშინდა, პატარავ?
– არა, არ შემეშინდა, – მიუგო ჯაბამ თეთრებში გამოწყობილს და გაუღიმა.
– ჰოდა, ძალიან კარგი, მაგარი ბიჭი ყოფილხარ. ახლა დედიკოსთან ერთად სახლში წადი, მაგრამ, რაც აქ ნახე, არავის მოუყვე. მოვა დრო და ისევ შევხვდებით.
– კარგი, არ მოვუყვები.
– კარგად იყავი, ნახვამდის, – თქვა თეთრებში გამოწყობილმა, შემდეგ ხელით გააჩერა მოქანავე კაბინა, შეტრიალდა და ღრუბლებში გაუჩინარდა. ამ დროს კვლავ მზე ამოვიდა, ღრუბლები გაიფანტა, ქარი ჩადგა და ეშმაკის ბორბალიც ჩაირთო.
– აი, ისევ დავიძარით, შვილო, – უთხრა მერიმ ჯაბას და ჰკითხა: – ხომ არ შეგეშინდა?
– არა, არ შემეშინდა, – მიუგო ჯაბამ.
„მას მერე ზუსტად ცხრამეტი წელი გავიდა – გაიფიქრა ჯაბამ – მაშინაც სამი სექტემბერი იყო და დღესაც. ნუთუ, ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა, თუ, რამეს ნიშნავს?”
– ჯაბა, შვილო, სად დაფრინავ? გაიგონე, რა გკითხე? გახსოვს, ფუნიკულიორზე რომ ეშმაკის ბორბალი გაჩერდა და თითქმის ერთი საათი გვაქანავებდა ქარში? – გაუმეორა მერიმ შვილს.
– კი, როგორ არ მახსოვს, – მიუგო ჯაბამ.
– იცი, როგორ შემეშინდა, მაშინ? – გაეცინა მერის, – უბრალოდ, არ ვიმჩნევდი, რომ შენც არ შეგშინებოდა.
– შეგეშინდებოდა, დედიკო, აბა, რა იქნებოდა, ერთი საათი ცაში გამოკიდებული ვქანაობდით.
– ისე, რომ იცოდე, არ შეგშინებია და ყოჩაღად იყავი მაშინ, – თქვა მერიმ.
– მაგარი ბიჭი ვარ, – იხუმრა ჯაბამ, შორენას თვალი ჩაუკრა და ჰკითხა:
– რა ვქნათ, წავიდეთ?
– ქალბატონ მერის მივეხმარები სუფრის ალაგებაში და წავიდეთ, – მიუგო შორენამ.
– არავითარ შემთხვევაში! – თქვა მერიმ, – აქაურობას მე მივხედავ, თქვენ კი წადით, გაისეირნეთ, იმხიარულეთ, დრო გაატარეთ და ისიამოვნეთ, მაგრამ ეშმაკის ბორბალს ნუ გაეკარებით. მით უმეტეს, რომ უზარმაზარი ზომისაა და ძველს ოთხჯერ აღემატება.
ქალ-ვაჟი წასასვლელად გაემზადა სახლიდან რომ გადიოდნენ, მერიმ გაუმეორა:
– აბა, თქვენ იცით, შვილებო, კარგი დრო გაატარეთ, მაგრამ ეშმაკის ბორბალს არ გაეკაროთ.
შეყვარებულები ფეხით გაუყვნენ მზით განათებულ თბილ ქუჩებს და მთაწმინდაზე რომ ავიდნენ, პლატოსკენ მიმავალ გზასაც ფეხით აუყვნენ. წყვილი მამა დავითის ეკლესიასთან შეჩერდა და მათ პანთეონი დაათვალიერეს. – რა ვქნათ, ზევით ხომ არ ავიწიოთ?
– ავიდეთ, – მიუგო შორენამ საქმროს, ხელკავი გამოსდო და მასთან ერთად ფეხით გაუყვა პარკისკენ მიმავალ ტყის ბილიკს.
ხელიხელჩაკიდებული შეყვარებულები პლატოზე რომ ავიდნენ, ჯაბამ მიმოიხედა და გაოცებულმა თქვა:
– აქაურობა ისეა შეცვლილი, რომ მხოლოდ ეს უზარმაზარი ნაძვებია ჩემთვის ნაცნობი.
– ნაძვები შენი ბავშვობისა, – თქვა შორენამ და დაამატა: – ეჰ, რა კარგია ბავშვობა, მაგრამ, ჩემი ბავშვობა სულ სხვა იყო – დიდივით ვცხოვრობდი და მუდამ ვიღაცის მოგერიება და თავის დაცვა მიხდებოდა.
– სამაგიეროდ, გამოიბრძმედე და ვერავინ მოგატყუებს, თანაც უკვე ყველაფერი დალაგდა და სრული ბედნიერებისთვის ერთი კარგი ბიჭი გჭირდება.
– ის ერთი კარგი ბიჭიც მყავს.
– მართლა?
– მართლა, მართლა, – გაიმეორა შორენამ.
– არ გამაცნობ შენს კარგ ბიჭს?
– კი, გაგაცნობ.
– გიყვარს ის ბიჭი?
– ძალიან.
– იცი, რა ბედნიერია ის ბიჭი?
– მეც ძალიან ბედნიერი ვარ.
– შორენ!
– რა, ჯაბ!
ჯაბამ გოგონას წელზე შემოხვია ხელები, სხეულზე მიიკრა და ჰკითხა:
– შორენ, მართლა გიყვარვარ?
– კი, ძალიან მიყვარხარ.
– მეც ძალიან მიყვარხარ, – მიუგო ჯაბამ გოგონას და ჯერ შუბლზე აკოცა, შემდეგ კი უთხრა: – არ მიღალატებ?
– არა.
– არასოდეს?
– არასოდეს!
– რაც არ უნდა მოხდეს?
– რაც არ უნდა მოხდეს!
– არც მაშინ, რომ მოვკვდე?
– ღმერთმა დაგიფაროს, ნუ სულელობ, ჯაბა, – მიუგო შორენამ ვაჟს, წელზე ხელები შემოხვია და მკერდზე თავი მიადო.
– შორენ, საყვარელო, მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ და, რაც არ უნდა მოხდეს, არც მე გიღალატებ არასოდეს, – თქვა ჯაბამ და შორენას თმაზე აკოცა.
– რაც არ უნდა მოხდეს?
– რაც არ უნდა მოხდეს.
– რომ მოვკვდე, მაშინაც?
– სისულელეს ნუ ამბობ, – თქვა ჯაბამ, საცოლეს მხარზე მოხვია ხელი და უთხრა: – წამოდი, ატრაქციონებზე წავიდეთ.
ქალ-ვაჟმა ატრაქციონებით რომ იჯერა გული, პატარა კაფეს შეაფარეს თავი, შემდეგ გარეთ გამოვიდნენ და შორენამ ჯაბას უთხრა:
– ეშმაკის ბორბალზე ხომ არ ავიდეთ?
– მერიმ რომ აგვიკრძალა?
– გეშინია?
– შენ?
– მე არა, შენ?
– არც მე, ავიდეთ?
– ავიდეთ, – მიუგო შორენამ და ჯაბასთან ერთად უზარმაზარ კაბინაში შევიდა, რომელიც ბადეებით იყო დაცული და მათ გარდა იქ არავინ იმყოფებოდა.
– წავედით, – თქვა ჯაბამ, შორენას მხარზე მოხვია ხელი და ბადეს მიუახლოვდა, რომ უკეთ დაენახათ თბილისის ხედები.
მზიანი, თბილი დღე იდგა. უზარმაზარი პანორამული ბორბალი ნელა მიიწევდა ზევით და შეყვარებულების წინაშე თბილისის თვალწარმტაცი ხედები იშლებოდა.
– რა ლამაზია, არა, თბილისი? – თქვა შორენამ და შეყვარებულს სხეულზე მიეკრა.
– ძალიან, ძალიან ლამაზია.
– აქედან რომ გავემგზავრებით, აქაურობა ძალიან მომენატრება. შენ?
– მეც.
– ძალიან მიჭირს აქაურობის დატოვება. შენ?
– მეც.
– აქედან რომ გავემგზავრები უცხოეთში, ალბათ, ყოველდღე ვიტირებ. შენ?
– კარგი რა, შორენ, რა დროს ტირილია, ახლა ბედნიერების დროა და არა ტირილის, გადახედე ამ სილამაზეს და დატკბი.
– ვტკბები, ვტკბები, მაგრამ, რომ მახსენდება, აქაურობა მალე უნდა დავტოვო, ცრემლს ვერ ვიკავებ.
– აი, შორენ, კრიტიკულ წერტილს მივაღწიეთ, – თქვა ჯაბამ და შეყვარებული მაგრად მიიკრა სხეულზე.
– ამინდი იცვლება? – თქვა შორენამ და ცას ახედა.
– ჰო, როგორც ეტყობა – მიუგო ჯაბამ და სიტყვა გაუწყდა, რადგან მათი კაბინა უმაღლეს წერტილში გაჩერდა და ჯაბამ გაიფიქრა: „ესეც ასე, ისტორია მეორდება.”
– ბორბალი გაჩერდა, – თქვა შორენამ.
– ჰო, გაჩერდა, – გაიმეორა ჯაბამ.
– ისტორია მეორდება?
– რა ისტორია?
– აი ის, ამ დილით რომ ყვებოდით.
– ხომ არ გეშინია?
– არა. შენ?
– არც მე, – მიუგო ჯაბამ და შორენა მთელი ძალით მიიკრა სხეულზე, რადგან მზე ღრუბლებმა დაფარა, საშინელი ქარი ამოვარდა და უზარმაზარი კაბინა აქეთ-იქით გააქანავ-გამოაქანავა.
– როგორც ეტყობა, ისტორია მეორდება – თქვა შორენამ და ჯაბას მთელი ძალით შემოხვია ხელები და გაირინდა, მაგრამ ჯაბა სივრცეში იყურებოდა და ვიღაცას ელოდა.
უცებ, ის რქიანი კაცი გამოჩნდა, ცხრამეტი წლის წინ რომ გამოეცხადა და ჰაერიდან იხმობდა თავისთან. მას ისევ ჩავლებული ჰქონდა ხელი კაბინისთვის და აქეთ-იქით აქანავებდა, თან ჯაბას იხმობდა და ეუბნებოდა:
– მოდი ჩემთან, ჩემს სამფლობელოში წაგიყვან.
– ვერ მოგართვი! – მიუგო ჯაბამ.
– მოდი, ჯაბა, პატარა ხომ არ ხარ, რა დროს სიჯიუტეა, წამოდი, გავფრინდეთ და ბედს გწევ, უზომოდ გაგამდიდრებ და, რასაც მეტყვი, ყველაფერს შეგისრულებ.
– არა, გამშორდი!
– ეს რკინის ბადე გზღუდავს, – თქვა რქიანმა, ბადეს ხელი ჩაავლო, გააღო და ჯაბას უთხრა: – აი, ესეც ბადე, ჩვენ შორის დაბრკოლება და ზღუდე აღარ არსებობს, მოდი, წამომყევი!
– არა, გამშორდი! – მტკიცედ გაიმეორა ჯაბამ და შორენა მაგრად მიიკრა.
– ეგ გოგო არ გეთმობა? რად გინდა, იცი, რა ქალები მყავს ჩემს სამეფოში? ეგ იმათ ფეხის მტვრადაც არ ივარგებს. მიატოვე და წამომყევი!
– არა, მომშორდი!
– კარგი, კარგი, ნუ ცხარობ, შენებურად იყოს. ეგეც თან წამოიყვანე და სამივე ერთად წავიდეთ. წინ მრავალი საინტერესო სიურპრიზი გველოდება.
– არა! წადი, გამშორდი, თავიდან მომწყდი! – ჯიუტად და მტკიცედ იმეორებდა ჯაბა.
– ნახე, რა განახო, – თქვა რქიანმა, ჩრდილოეთისკენ გაიშვირა ხელი და ჯაბას შორეთიდან, მიწის წიაღიდან ამომავალი მოშავო-მოყვითალო სხივები დაანახვა: – აი, ჩემი სამეფო, ხედავ რა ბრწყინვალებაა? იქ, ყველაფერი ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა ნაგები. წამოდი, თუ დამიჯერებ და წამომყვები, ეს ყველაფერი მხოლოდ შენი იქნება.
– არა, წადი, გამშორდი, შე ბილწო!
– აბა, აბა, სიტყვები შეარჩიე! – თითი დაუქნია რქიანმა ჯაბას, – შენ მე ვინ გგონივარ? რა დროს ბავშვობა და სიჯიუტეა, თანაც, მეუზრდელები! ჰე, წამოდი და დავამთავროთ ლაპარაკი!
– არა! – მტკიცედ თქვა ჯაბამ და, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ხელის აწევა ძალიან გაუჭირდა, მან მაინც მოახერხა და რქიანს ჯვარი გადასახა.
– არ ქნა, არ ქნა! – აღრიალდა რქიანი, მაგრამ ჰაერში განზავდა, გაქრა და მხოლოდ მისი შემპარავი და მაცდური ხმა ისმოდა, რომელიც იმეორებდა: – უგუნურო, წამოსულიყავი და ჩემსავით ყვლისშემძლე გახდებოდი!
ჰაერში თეთრებში ჩაცმული, თეთრთმიანი და თეთრწვერა ადამიანი გამოჩნდა. მან ჯერ კაბინას ჩაავლო ხელი და გააჩერა. შემდეგ ბადე მიხურა და ჯაბას მიესალმა:
– გამარჯობა, ჯაბა!
– გაგიმარჯოთ – მიუგო ჯაბამ.
– ყოჩაღ, შენ პირობა შეასრულე და ჩვენი პირველი შეხვედრის შესახებ არავის მოუყევი. ხომ შეგპირდი, კვლავ შევხვდებით-მეთქი. ჰოდა, აი, მეც მოვედი. როგორ ხარ?
– გმადლობთ, არა მიშავს, თქვენ?
– მეც არა მიშავს, ძველებურად ვარ. ეგ რა კარგი გოგონა გიდგას გვერდით.
– ეს შორენაა, ჩემი საცოლე.
– ვიცი, ვიცი, კარგად ვიცნობ შორენას და, უნდა გითხრა, რომ ეგ არა მარტო შენი საცოლეა, არამედ, შენი მფარველი ანგელოზი.
– მფარველი ანგელოზი? – გაიმეორა ჯაბამ.
– დიახ, დიახ, მფარველი ანგელოზი. აბა, გაიხსენე, ვინ გიხსნა სიკვდილისგან გუშინ?
– შორენამ.
– მართალი ხარ, შორენამ, შენმა მფარველმა ანგელოზმა, რომელიც შენთან მე გამოვაგზავნე და, იცოდე, თვალის ჩინივით მოუფრთხილდი.
– მოვუფრთხილდები.
– ძალიან კარგი. ახლა კი საგანძურის შესახებ გეტყვი.
– საგანძურის?
– ჰო, საგანძურის. შენ ხომ ხვალ დილით აპირებდი მის სანახავად წასვლას, მე კი ამის გაკეთებას ახლავე გთავაზობ.
– ახლავე?
– კი, ახლავე.
– შორენაც თან უნდა წავიყვანოთ?
– არა, მარტო შენ წამოხვალ.
– შორენა აქ, მარტო დავტოვო?
– მარტო რატომ, შენ აქაც იქნები და ჩემთანაც. აქ სხეული დარჩება, ჩემთან კი სული წამოვა.
– სული? – გაიმეორა ჯაბამ.
თეთრსამოსიანმა გულიანად გაიცინა და ჯაბას უთხრა:
– ნუ გეშინია, შენი სული დროებით წამოვა და მალევე დაბრუნდება უკან, იმდენად მალე, რომ შორენა ვერაფერს გაიგებს.
– მაშინ, წავიდეთ. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ნება თქვენია, – თქვა ჯაბამ და თავი დახარა.
– ყოჩაღ, ჯაბა, ყოჩაღ! რწმენა მორჩილების გარეშე არ არსებობს, გეტყობა, რომ რწმენაში ხარ შესული, ყოჩაღ! წამოდი, წავიდეთ! – თქვა თეთრებში გამოწყობილმა, ჯაბას კაბინის კარი გაუღო და მასთან ერთად გაფრინდა.
ჯაბამ და თეთრთმიანმა სატელევიზიო ანძას შემოუფრინეს, შემდეგ კლდეებისკენ დაეშვნენ და ერთ-ერთ ნაპრალში შეძვრნენ, რომელსაც ხშირი, ეკლიანი ბუჩქები ფარავდა და ვერავინ იფიქრებდა, რომ იქ გამოქვაბულის შესასვლელი იყო.
– აი, აქვეა დამალული საგანძური, – უთხრა ჯაბას თეთროსანმა.
– ვერასდროს ვიფიქრებდი ამას, – მიუგო ჯაბამ, – მე სულ სხვა გზით ვაპირებდი აქ მოსვლას. ესე იგი, გზა არ ვიცოდი?
– როგორ არა, მაინც აქ მოხვიდოდი, მაგრამ, ეგ გრძელი გზაა და მტრების გზა-კვალის ასაბნევადაა მოგონილი. მე კი აქ მოკლე გზით მოგიყვანე. ცოტაც და მივალთ.
თეთროსანმა და ჯაბამ ორმოცდაათიოდე მეტრიც გაიარეს და ერთ ნიშასთან შეჩერდნენ. თეთროსანი ნიშასთან მივიდა, იქიდან ზანდუკი გადმოიღო, თავი ახადა და ჯაბას წინაშე ზღაპრული სხივები აკიაფდა, რომელსაც ზანდუკში მოთავსებული საგანძური აფრქვევდა.
– აი, ეს შენია და კისერზე ჩამოკიდებული უნდა ატარო, – თქვა თეთროსანმა და ჯაბას ოქროს ჯაჭვზე მიმაგრებული ოქროს გასაღები დაჰკიდა, შემდეგ ოქროს ნალი მიაწოდა და უთხრა: – აი, ესეც მთავარი ნივთი, იცანი?
– დიახ, ვიცანი, ეს ხომ წმიდა გიორგის ცხენის ნალია!
– მართალი ხარ. ახლა შენ იცი, სადაცაა საგანძური და ისიც იცი, როგორ მოიქცე. წავედით უკან. დღეიდან შენ ბევრი რამის გადაწყვეტა შეგიძლია. დიდი ძალა გეძლევა და, თუ მას არასწორად გამოიყენებ, იცოდე, დიდ უბედურებას დაატრიალებ, გასაგებია? – უთხრა ჯაბას თეთროსანმა და სანამ ჯაბა პასუხს გასცემდა, გაქრა, მანამდე კი გააფრთხილა: – იცოდე, რაც თავს გადაგხდა, არავის უთხრა.
– არ ვეტყვი, არავის არ ვეტყვი, არა, არა – მიუგო ჯაბამ თეთროსანს და გვერდში მუჯლუგუნი იგრძნო, მარჯვნივ გაიხედა და შორენა დაინახა, რომელიც მას გაოცებული უყურებდა და ეკითხებოდა:
– რა არის, რა გჭირს, ჯაბა?
– არაფერი, საყვარელო, რა უნდა მჭირდეს?
– ქარი ჩადგა, მზემ გამოანათა და ბორბალი დაიძრა, – თქვა შორენამ.
– ვიცი, საყვარელო, ვხედავ, – მიუგო ჯაბამ საცოლეს, თმაზე მოეფერა და უთხრა:
– ძალიან მიყვარხარ.
– მეც ძალიან მიყვარხარ, – მიუგო შორენამ.
– შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ.
– შენ კი ჩემი მბრძანებელი, – თქვა გოგონამ და ჯაბას მიეკრა.
– იცი, რა, შორენ?
– რა, ჯაბა?
– რა და, ხვალ დილით არსად აღარ მივდივარ.
– კი მაგრამ, სად აპირებდი წასვლას?
– ქალაქგარეთ, მაგრამ, გადავიფიქრე.
– ერთი იდეა მაქვს.
– რა იდეა?
– მოდი, საგიჟეთში წავიდეთ.
– საგიჟეთში?
– ჰო, საგიჟეთში. გუშინ იქ ვიყავი და ლუქსელებს შევპირდი, რომ შენთან შევახვედრებდი. იცი, როგორ გელოდებიან?
– მელოდებიან?
– ჰო, ჯაბა, გელოდებიან. იმედი აქვთ, რომ სულ მალე 30 თებერვალი დადგება.
– 30 თებერვალი?
– ჰო, წამოდი, რა!
– წავიდეთ.
ქალ-ვაჟი მთაწმინდიდან ქვევით ჩამოვიდა, რუსთაველის გამზირზე ტაქსი გააჩერეს და ფსიქიატრიული კლინიკისკენ გაემართნენ.
– გამარჯობა, ზაურ, – მიესალმა შორენა კარისკაცს, რომელიც მას უღიმოდა, შემდეგ მზერა ჯაბაზე გადაიტანა და გაოცებული მიაშტერდა, თან სალმის თქმას აგვიანებდა. ბოლოს გამოერკვა და მიუგო:
– გაგიმარჯოს, შორენ, როგორ ხარ?
– კარგად, ზაურ, შენ როგორ ხარ?
– მეც კარგად. ბიჭი ვინაა? რაღაც, ძალიან მეცნობა.
– არ გახსოვს? – გაეცინა შორენას, – აქედან რომ გაიქცა, ისაა.
– ესე იგი, არ შევმცდარვარ. ბატონი ედუარდია, ხომ?
– ეგ ადრე იყო ედუარდი, ახლა კი ჯაბაა – მიუგო შორენამ და უთხრა: – ზაურ, „ლუქსში“ მივდივართ.
– არ შეიძლება. ნაბრძანები მაქვს, არავინ გავატარო, – თქვა ზაურმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში