შანსის დღე
საუბარი უბრალოდ დაიწყო:
– ძვირფასო, ძალიან მიხარია, რომ ცივილიზებულად იქცევი, – თქვა შერიმ.
– მე დედამიწაზე ყველაზე ცივილიზებული არსება ვარ, – ვუპასუხე მე.
– და მაინც, მე უტოპია მეგონა, რომ შენ დათანხმდებოდი შეხვედრას, სადაც სამივე შექმნილ ვითარებას განვიხილავდით.
– რაზე ლაპარაკობ?
– ჩემს გადაწყვეტილებაზე – მინდა, რომ მიგატოვო.
– შენი გადაწყვეტილება ჩემთვის საიდუმლო არაა, მაგრამ, შენზე გავლენის მოხდენის იმედი მაქვს.
– ალბათ, სამართლიანი იქნებოდა, შენთვის ასეთი შანსი მომეცა, მაგრამ მე დეიზი მიყვარს და, ვშიშობ, მაინც არაფერი გამოგივა. ცოლად მივყვები.
– მარტინიზე რას იტყოდი?
– როდესაც დეიზი მოვა, ერთად დავლიოთ. ეს დაძაბულობას მოხსნის. მოიცა, მგონი ზარია. ეს, ალბათ, ის არის.
შერი კარის გასაღებად წავიდა. ეს მართლაც დეიზი იყო. შემოვიდა, თუ არა, შერიმ ხელები კისერზე შემოხვია და აკოცა. მე ამ სანახაობას თვალი ავარიდე და მარტინი ჩამოვიღე.
– ყველანი შევიკრიბეთ, – გამოაცხადა შერიმ. – ეს დეიზია, შერმელ... დეიზ, ეს შერმია.
– სასიამოვნოა შენი გაცნობა, – ჩაიბურტყუნა დეიზმა.
მართალია, ის ჩემზე დაბალი იყო, მაგრამ, სამართლიანობა მოითხოვდა, მეღიარებინა, რომ ჩემზე უკეთ გამოიყურებოდა. შეიკერი დავდგი და ხელი ჩამოვართვი.
– თქვენ ისეთი კეთილი, ხართ, – მითხრა მან.
– უბრალოდ, კარგი აღზრდილი ვარ და, თანაც, ცივილიზებული. ვცდილობ, ახლობლებს დისკომფორტი არ შევუქმნა. მარტინის ინებებთ?
ჭიქები შევავსე. შერი და დეიზი სოფაზე ისხდნენ და ერთმანეთისთვის ხელი ჩაეჭიდათ. ძალიან ცუდ გუნებაზე დავდექი.
– ეე... როგორც ვხვდები, თქვენ გინდათ დაითრიოთ ის, რაც მე მეკუთვნის, მე კი, მინდა, ის შევინარჩუნო. შესაბამისად, სირთულეები წარმოიშობა.
– სირთულეები? – დეიზმა გაიკვირვა, – მე ვერანაირ განსაკუთრებულ სირთულეებს ვერ ვხედავ.
– ვერც მე, – მხარი დაუჭირა შერიმ, – რა სირთულეები? მე და შენ გავცილდებით და მერე, მე და დეიზი დავქორწინდებით – სულ ესაა.
– ვერ დაგეთანხმებით, – ვთქვი მე, – მე კი მინდა, მოვიქცე, როგორც ცივილიზებული ადამიაინი, მაგრამ, არ ვაპირებ უბრძოლველად დანებებას. მე ვფიქრობ, ყველას თანაბარი შანსი უნდა ჰქონდეს. ახლავე მოვალ.
ოთახი გადავჭერი, ბარი გავაღე და იქიდან პორტვეინის სამი მომცრო ბოთლი წამოვიღე, შემდეგ ისინი სავარძლის წინ, ჟურნალებისთვის განკუთვნილ პატარა მაგიდაზე დავალაგე.
– ეს პორტვეინები დღისით მოვიმარაგე – ამათ გარეშე არაფერი გამოგვივა. საქმე ისაა, რომ ერთი დანარჩენი ორისგან ოდნავ განსხვავდება: ორში ჩვეულებრივი პორტვეინია, ერთში კი – შხამი, თანაც იმდენი, რომ მთელ ქალაქს ეყოფა. ჩემი ჩანაფიქრის მიხედვით, ერთ-ერთი ჩვენგანი მოწამლულ ღვინოს დალევს და სხვებს პრობლემებისგან გაათავისუფლებს. ვფიქრობ, ეს ლოგიკურია და ჩემი ჩანაფიქრი ყველას თანაბარ შანსს აძლევს. ძალიან ცივილიზებულია.
– ვაღიარებ, მართალი ხარ, – თქვა შერიმ, – ალბათ, ამაზე ცივილიზებულს და ჭკვიანურს ვერაფერს მოიფიქრებდი.
შერის ეტყობოდა, სიამოვნებდა იმის შეგრძნება, რომ ორი ცივილიზებული მამაკაცი მზად იყო, მის დასაუფლებლად სიკვდილზე წასულიყო.
– ერთი წუთით, – ხმა ამოიღო დეიზმა, – აქ სამი ბოთლია. ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ამ ველურობაში შერიც მიიღებს მონაწილეობას?
– არა, არა, ცივილიზებულ, და არა ველურ წამოწყებაში, – შევუსწორე მე, – ჩვენ ყველას თანაბარი შანსი უნდა გვქონდეს. თუ მე დავლევ საწამლავს, შერის მიიღებთ თქვენ; თუ საწამლავს თქვენ დალევთ, შერი მე დამრჩება. თუ საწამლავს შერი დალევს, მას ვერავინ მიიღებს – მხოლოდ ასე აღდგება სამართლიანობა.
– მე თანახმა ვარ, – მაშინვე თქვა შერიმ.
– მე წინააღმდეგი, – გამოსცრა დეიზმა.
– დაწყნარდი, ძვირფასო, – შეაჯანჯღარა შერიმ, – შენს მდგომარეობაში ვერაფრის წინააღმდეგი ვერ იქნები.
– დათანხმდი, დეიზ, – მხარი ავუბი შერის. – ვერავინ სხვას ნებას თავს ვერ მოახვევს, თუ ისინი უმრავლესობაში არიან.
– საქმე მარტო რისკში არაა, – თავისას არ იშლიდა დეიზი, – ეს წამოწყება უსიამოვნებას გადაგვყრის. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ პოლიცია ორ გადარჩენილს მოსვენებას არ მისცემს?
– მართალი ხართ, – დავეთანხმე მე. – მაგრამ, ყველაფერი გავითვალისწინე: აქ არ დავლევთ. ყველა ჩვენგანი თავის კუთვნილ ბოთლს თან წაიღებს და მაშინ დალევს, როდესაც მარტო დარჩება, ორი გადარჩენილი ერთმანეთს ხვალ, ვთქვათ სამ საათზე, რესტორან „პიკარდის” ბარში შეხვდება. რადგან ხვალ შობაა, ასეთი გადაწყვეტილება ჩვენ არა მარტო პოლიციასთან უსიამოვნებებს აგვაცილებს, არამედ, ამ საქმეს რომანტიკულ ელფერსაც შესძენს, რომ არაფერი ვთქვათ დაძაბულ მოლოდინზე – ვინ მოვა ხვალ „პიკარდში”. ეს დამატებითი სიამოვნებაა.
– იმედი მაქვს, ეს ორნი ჩვენ არ ვიქნებით – მე და თქვენ, არა, შერმელ, – გამოსცრა მან.
– ესე იგი, თანახმა ხართ, გარისკოთ?
– სხვა რა ვქნა? ვხედავ, შერიც მზადაა. გამოდის, რომ მეც...
– კი, კი! – წამოიძახა შერიმ, – შერმ, შენი გეგმის დაბოლოება, უბრალოდ ბრწყინვალეა. ტყუილად არ გაფასებდი. თუმცა, ერთი რამ მაინც გამოგრჩა.
– ჰო?! რა?
– შენ „შერის” დალევა უნდა შემოგეთავაზებინა და არა პორტვეინის.
– ო, „შერი” – შერისთვის! მართალი ხარ, მშვენიერი სვლა „გავმაზე“. მაგრამ ახლა უკვე გვიანაა რაიმეს შეცვლა.
– მოიცადეთ! – წამოხტა დეიზი, – მაგრამ, თქვენ ხომ იცით, რომელ ბოთლშია საწამლავი?
– არა, – ვუპასუხე მე, – ბოთლები განურჩეველია. თანაც, თქვენ და შერის შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ ბოთლები, მე კი დარჩენილს ავიღებ. იმედია, გაწყობთ.
ჩვენ ჯერ „მარტინი” დავლიეთ, შემდეგ კი მანჰეტენის სამხრეთით გავემართე და სასტუმროში ნომერი ავიღე. იქ პიჟამა ჩავიცვი, რადგან, მინდოდა, სიკვდილს შესაფერისად გამოწყობილი შევხვედროდი. დავლიე პორტვეინი და ლოგინში ჩავწექი...
საშობაოდ მორთულ ბარში ვიჯექი და არომატულ კოქტეილს ვწრუპავდი, როდესაც შერი შემოვიდა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ბარი „პიკარდი”, მაგრამ ადგილი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. შერი, ალბათ, შეძრა ჩემმა აქ დანახვამ, მაგრამ ემოცია არ გამოამჟღავნა და გვერდით მომიჯდა.
– რა ჯანდაბას აკეთებ აქ, მიწაზე? – მკითხა მან.
– მოგესალმები, შერი, – ვთქვი მე, – აღსანიშნავია, რომ შენ ეს გამოთქმა გამოიყენე – „მიწაზე”.
– ო! – მან მე შემომხედა და მარჯვენა ხელის საჩვენებლი თითის ფრჩხილით დახლზე კაკუნი დაიწყო, – შერმელ, არ იფიქრო, რომ ჩემთან თამაში გაგივა. ყველაფერს მივხვდი. უბრალოდ, ნაძირალა ხარ. ორ ბოთლში ჩაყარე საწამლავი და შემდეგ შენთვის და ჩემთვის აირჩიე. შენ მზად იყავი, მოგეკალი, ბინძურ ტრიუკზე წასულიყავი, ოღონდ დეიზთან დაგეშორებინე.
– უსამართლო ხარ, – შევეკამათე მე, – მართალია, ყველაფერი მთლად ისე არ ყოფილა, როგორც მე გითხარით, მაგრამ, არანაირი უსამრთლობა არ ჩამიდენია და შანსი მართლა ყველას თანაბარი გვქონდა.
– შეეცადე, ამიხსნა.
– სინამდვილეში, საწამლავი სამივე ბოთლში ჩავყარე.
– მაშინ, სადაა დეიზი? რაღაც, ვერ ვხედავ.
– ვერც მე და ვერც ვნახავთ.
– შენ გინდა თქვა, რომ მან პირობა დაარღვია და თავისი პორტვეინი არ დალია?
– ზუსტად ასეა.
შერიმ ისევ შემომხედა. მისი საჩვენებლი თითი სულ უფრო ნელა ცეკვავდა, შემდეგ სულ გაჩერდა და მე მომეჩვენა, რომ მის თვალებში ვხედავდი მინიშნებას იმაზე, რომ ჩვენ, შეშლილობის და დაუცხრომელი ვნების ახალ ზეციურ საფეხურზე გადავდიოდით.
– ალბათ, მე უსამართლო ვიყავი, როდესაც ჩემს ქმარს ნაძირალა ვუწოდე, – თქვა მან, – საწამლავი ყოველთვის ასე სასიამოვნოდ მოქმედებს?
– არა, ეს აქ, ზეცაში გეჩვენება ასე, – ვუპასუხე მე, – კოქტეილს არ დალევ?
– სიამოვნებით, – მიპასუხა შერიმ, – თუმცა, „შერი” უკეთესი იქნებოდა. როგორ გგონია, ზეციურ ბარში „შერი” ექნებათ?
თარგმნა
ნინო წულუკიძემ