თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-16(538)
მარიკა ძალიან შეეცადა, უხმაუროდ გაეღო კარი და ფეხის წვერებზე შეპარულიყო საკუთარ საძინებელში, მაგრამ მამამისი აშკარად საგანგებოდ მოემზადა შვილთან შესახვედრად. ჰოლში იჯდა და მზერა შემოსასვლელ კარზე ჰქონდა მიპყრობილი.
– უჰ, არ გძინავს? – ნაძალადევად გაუღიმა გოგომ და ხელი უდარდელად აიქნია, – ცოტა დამაგვიანდა, ხომ?
– ჰო, ცოტა დაგაგვიანდა, – გაიცინა კაცმა და შვილთან მივიდა, – ეტყობა, მძიმე დღე გქონდა. ძალიან დაიღალე? საერთოდ თუ ჭამე რამე დღეს?
– მგონი, ვჭამე. ჰო, ნამდვილად ვჭამე. ტანსაცმლის გამოსაცვლელად სახლში რომ შემოვირბინე, მაშინ ვივახშმე.
– ეგ რომელ საათზე იყო?
მარიკა შეიჭმუხნა:
– ბრაზობ?
– არა, რას ამბობ! უბრალოდ, არ მინდა, სამსახურმა ჭამა დაგავიწყოს. წამოდი, ჩაი დავლიოთ და ბუტერბროდებს მოგიმზადებ.
– წავიდეთ, – გახალისდა მარიკა – რა კარგია, დანარჩენებს რომ სძინავთ და ხელს არავინ შეგვიშლის. იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი.
– ისეთი კმაყოფილი სახე გაქვს, აღარც გეკითხები, მოგწონს თუ არა შენი საქმე. მაგრამ, თუ სახლში ყოველდღე გამთენიისას დაბრუნდები, დედაშენი ამას ვერ შეეგუება. ახლაც შენს მოსაძებნად მიშვებდა და ჰოლში იმიტომაც დაგხვდი. დავპირდი, რომ წამოვიდოდი. მერე გოგოებს აძინებდა და თვითონაც ჩაეძინა. წამოდი, წამოდი, ერთი-ორი საათით წაძინებასაც მოასწრებ.
– მეეჭვება. ათზე სამსახურში უნდა ვიყო, შხაპის მიღებაც ხომ უნდა მოვასწრო.
– არა, არა, ასე არაფერი გამოვა. უნდა დაიძინო, თორემ ისევ შენი საქმე დაზარალდება.
ზურამ მხარზე მოხვია შვილს ხელი და სამზარეულოსკენ წაიყვანა. ჩაი დაუსხა და ტოსტერში პურის ნაჭრები ჩააწყო.
– შენი ბუტერბროდიც ახლავე იქნება. აბა, მოყევი, როგორ არის საქმე?
– უჰ, ცუდად. თემური შავ დღეშია, ხვალ, ალბათ, შეჭამენ თათბირზე.
– ჰო, ელჩის სასიძოს, თითქმის სიძის მკვლელობას დიპლომატიური სკანდალის სუნი უდის.
– სიძის არა, თავიდან უფრო შესაფერისი სიტყვა თქვი – სასიძო, თანაც, მგონი, მადლობა უნდა თქვას, რომ მოკლეს და მასთან დანათესავებას გადაურჩა. აშკარად ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთა მისმა ქალიშვილმა. შეიძლება ითქვას, უცნაურიც. იმ ტიპს ძალიან ცუდი საქმეები აქვს გაკეთებული. ჰო, მართლა, მამა, შენი დახმარება მჭირდება – ერთ ადამიანს ვეძებ.
– მითხარი.
– დარწმუნებული არ ვარ, რომ იცნობ, პედიატრიასთან კავშირი არ აქვს. თუმცა, მითხრეს, რომ სამედიცინო წრეებში ძალიან დიდ პატივს სცემენ და, საერთოდაც, ძალიან ანგარიშგასაწევი პიროვნებაა.
ზურაბმა სენდვიჩები თეფშზე დააწყო და შვილს წინ დაუდგა.
– მაშინ აუცილებლად მეცოდინება.
– ია ლომიძე – იცი ასეთი?
კაცმა თვალები მოჭუტა, დაფიქრდა:
– ია ლომიძე, გინეკოლოგი? როგორ არ ვიცი, შორიდან ვიცნობ, არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ, თქვენ რისთვის დაგჭირდათ?
– ექსპერტად ფიგურირებს ერთ საქმეში, რომელსაც ელჩის სასიძოს მკვლელობასთან კავშირი აქვს. უნდა შევხვდე, თან, რაც შეიძლება, მალე. ტელეფონის ნომერს გამიგებ? ან, სახლის მისამართს მაინც. მირჩევნია, შინ მივაკითხო, ცოტა დელიკატური საქმეა.
– სამსახურში წავალ და, როგორც კი მის მობილურის ნომერს გავიგებ, მაშინვე დაგირეკავ. არ ვიცოდი, ექსპერტიც თუ იყო ია. ისე, არაჩვეულებრივი გინეკოლოგია.
– არ ვიცი. როგორც მითხრეს, ოფიციალურად არ მუშაობს ექსპერტად, განსაკუთრებულ შემთხვევებში იწვევენ ხოლმე.
– გასაგებია. შენს უფროსზე რას მეტყვი?
მარიკამ სენდვიჩი ჩაკბიჩა და მხრები აიჩეჩა:
– ცოტა უცნაური კაცია. თან, ვატყობ, აშკარად არ ვესიმპათიურები.
ზურაბს გაეცინა:
– საიდან შეატყვე?
– სულ ცდილობს, თავიდან მომიშოროს. ისე მიყურებს, როგორც პატარა და მეტიჩარა ბავშვს, რომელიც სხვის საქმეში ცხვირს ყოფს. არც მენდობა, ალბათ, ერთი სული აქვს, სხვა გამომძიებელს შეაჩეჩოს ჩემი თავი.
– პროფესიონალი ყოფილა, – დაასკვნა კაცმა.
მარიკა აღშფოთდა:
– ამას როგორ ამბობ? პროფესიონალი იმიტომ არის, მე რომ არ მაძლევს აქტიურობის საშუალებას? ეს რა ლოგიკაა? შენ შენს ინტერნებს ასე ექცევი ხოლმე?
– არა, არა. მაგის თქმა არ მინდოდა. უბრალოდ, პროფესიონალიზმი მოქმედების თავისუფლებასაც ნიშნავს და მე მისი მესმის. ისე კი, ზოგიერთი ინტერნი ისეთი გამაღიზიანებელია, წონასწორობიდან გამოვყავარ.
– მაგრამ მაინც არ გაქვს უფლება, არ ასწავლო.
– რა თქმა უნდა. თუმცა, როცა მძიმე შემთხვევასთან გაქვს საქმე და ყველაფერს წუთები წყვეტს, სწავლებისთვის დრო ნაკლებად გრჩება. ამიტომაც, შემიძლია, გავუგო შენს გამომძიებელს. წარმომიდგენია, რა დღეშიც ჰყავთ.
– ჰო, მის მდგომარეობაში ყოფნას არ ვისურვებდი. სამმართველოს უფროსი მთელ ბრაზს მასზე ანთხევს. ყოველ ნახევარ საათში ურეკავდა და მთელი ხმით უყვიროდა, ყველანი უსაქმურები ხართო.
– ყველაში შენც იგულისხმები?
– ალბათ, – გაეღიმა მარიკას, – თუმცა, მგონი, მე მოწყალე თვალი მიყურებს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
– რას იზამ, ასეა. ერთნი მუშაობენ, მეორენი – ყვირიან და სწორედ ეს არის მათი სამსახური. თუ არ ვცდები და სწორად მახსოვს, ინდირა განდის აქვს ასეთი რაღაც ნათქვამი: „ჩემი ბაბუა მეუბნებოდა, ადამიანების ორი კატეგორია არსებობს: ერთნი რეალურად აკეთებენ საქმეს, მეორენი კი მათ დამსახურებებს მიიწერენ. შენ ეცადე, როგორმე პირველ კატეგორიაში აღმოჩნდე, რადგან იქ კონკურენცია გაცილებით ნაკლებიაო”.
– საინტერესოა. ესე იგი, შენც გინდა, მე საქმე ვაკეთო, ჩემი დამსახურებები კი სხვებმა მიიწერონ? – ეშმაკურად ჩაიცინა გოგომ.
– არა, მე მხოლოდ ინდირა განდის ფრაზების ციტირება მოვახდინე. გააჩნია, შენ რა დამოკიდებულება გაქვს კონკურენციის მიმართ, – ზურაბმა ალერსით მოუჩეჩა შვილს თმა, – ახლა არ მითხრა, რომ არ გეძინება. მიდი, წაუძინე და ცხრა საათისთვის მე თვითონ გაგაღვიძებ. სამსახურშიც მიგიყვან.
– დედაჩემის რისხვისგანაც დამიცავ?
ზურაბმა ხელები გაშალა:
– ყოველთვის ამას არ ვაკეთებ? შეგეძლო, არც გეკითხა, მაგრამ, თუ ახლა არ დაიძინებ...
– მივდივარ, – აღარ დაასრულებინა სათქმელი მარიკამ და უკვე კართან მისულმა, მამას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, – ძალიან მიყვარხარ!
***
„საჭირო სიტყვა საჭირო ადგილას“ – აი, სტილის ჭეშმარიტი განსაზღვრება. აი, თავად ჭეშმარიტება. დამაჯერებელი და არგუმენტირებული.
თემომ ნელა გაახილა თვალები. დამძიმებული ქუთუთოები ჯიუტად არ აპირებდნენ დანებებას და დამორჩილებას. ძილი ქრონიკულად არ ჰყოფნიდა. ამას თითქოს შეეჩვია, მაგრამ ზოგჯერ სხეული აპროტესტებდა არაბუნებრივ რეჟიმს. ხელით მობილური მოიძია კარგად ახსოვდა, რომ დაწოლისას ბალიშთან ახლოს დადო. ყოველთვის ჩართულს ტოვებდა – ყოველ წუთში შეიძლებოდა, დაერეკათ. მობილური არც ბალიშის ქვეშ აღმოჩნდა, არც საწოლის ქვეშ. თემო საბოლოოდ გამოფხიზლდა. ტრუსის ამარა მივიდა სკამზე გადაკიდებულ შარვალთან და ჯიბეები მოუსინჯა.
– ამას ხომ არ ეძებ? – მაკა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს და გამომწვევი, ირონიული ღიმილით აუქნია ცხვირწინ მობილურიანი ხელი. მერე, ისე, რომ პასუხს არ დალოდებია, პირველ შეკითხვას მეორეც მოაყოლა: – მარიკა ვინ არის?
– მირეკავდა? მომეცი, უნდა დავურეკო, რატომ მაშინვე არ გამაღვიძე? – უკმაყოფილება ვერ დამალა კაცმა და ცოლისთვის მობილურის გამორთმევა სცადა, მაგრამ მაკამ სწრაფად დაიხია უკან. აღარ იღიმებოდა, თვალები ფართოდ გაახილა და ავად აუელვარდა.
– ჰა, პრეტენზიასაც გამოთქვამ, არა?! ვინ არის-მეთქი, მარიკა?
– მაკა, გეყოფა, მორჩი სისულელეებს და მობილური მომეცი! – შეიჭმუხნა თემო და შარვალი შეიკრა, – მაგვიანდება!
– რა თქმა უნდა, შენ ხომ სულ გაგვიანდება, სულ გეჩქარება! მთავარია, ჩემგან გაიქცე და მერე სულერთია. სამაგიეროდ, გათენებამდე ვიღაც მარიკასთან ერთად ატარებ დროს და საერთოდ არ გრცხვენია. არ გრცხვენია იმიტომ, რომ შენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია!
– მაკა, გეყოფა-მეთქი, მომეცი ტელეფონი!
– „მაკა, გეყოფა-მეთქი!“ – გამოაჯავრა ცოლმა, – მეტი არაფერი გაქვს სათქმელი? მითხარი, რომ ტყუილუბრალოდ ვეჭვიანობ. რომ არავითარი მარიკა არ არსებობს. მითხარი, რატომ არ მეუბნები?
– ტყუილუბრალოდ ეჭვიანობ, – ნაძალადევი სიმშვიდით წარმოთქვა კაცმა, – მარიკა კი ჩემი თანაშემწეა. ახლა კმაყოფილი ხარ? მომეცი ტელეფონი!
ქალმა ჯიუტად გააქნია თავი:
– არ მოგცემ, გელოდოს. მე ხომ გელოდები? სულ გელოდები.
– მეტი აღარ შემიძლია! – ნერვებმა უმტყუნა თემოს, ერთი ნახტომით ცოლთან გაჩნდა და მობილური ისე სწრაფად წაგლიჯა ხელიდან, ქალმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრო.
– ძალიან დავიღალე შენი სისულელეებით, ყოველ დილით ისტერიკების ყურებით და უსაფუძვლო ეჭვიანობით.
– მართლა?! – ისტერიკულად იწივლა მაკამ, – იმას რატომ არ კითხულობ, მე რითი დავიღალე? საერთოდ არ მაქცევ ყურადღებას, ფეხებზე გკიდივარ!
– ვმუშაობ! ნუთუ ასე ძნელია გაიგო, რომ ვმუშაობ?
– მატყუებ. სხვებიც მუშაობენ, მაგრამ ოჯახისთვის დრო რჩებათ.
თემომ კბილები გააღრჭიალა, დღე საშინლად იწყებოდა და აშკარად, არაფერ კარგს არ უქადდა.
– მე წავედი! – გამოსცრა და ცოლს ბრაზით შეხედა, – საღამომდე იქნებ დამშვიდდე.
– ცინიკოსი ხარ. აუტანელი, უსულგულო ცინიკოსი და ვერ გიტან! შენი დანახვაც არ მინდა!
– ჰოდა, მოისვენე. მივდივარ! – ხმას აუწია თემომ და კარი გაიჯახუნა.
მხოლოდ მანქანაში მოახერხა დამშვიდება, მეორე ღერი სიგარეტის შემდეგ მობილურზე ნომერი აკრიფა და ჯერ დევის დაურეკა.
– ჰო, დევი. მე ვარ. არის რამე ახალი? მართლა? მგონი, აჯობებს, პირდაპირ შენთან წამოვიდე. ახვლედიანი და მისი თათბირი მოიცლის. იყვიროს, რამდენიც უნდა, თანაც ნახევარი საათი გვაქვს, დალაპარაკებას მოვასწრებთ. ის ამბავი მაინტერესებს, წუხელ რომ გითხარი. ათ წუთში შენთან ვიქნები.
თემომ მობილური სავარძელზე დადო და ძრავა აამუშავა. მარიკა მოგვიანებით გაახსენდა, უკვე პროზექტურასთან მისულს. ისიც იმიტომ, რომ გოგომ თვითონ დაურეკა.
– გისმენ, მარიკა, განყოფილებაში რატომ ხარ? დავალება გქონდა და შედეგებს ველოდები. ვიცი, რომ დამირეკე, ვიცი. მიხედე საქმეს. მეც მოვალ.
მარიკამ ნაწყენი სახით ჩაიტენა მობილური ჯიბეში. სამმართველოს დერეფანში მდგარმა, თავი ერთბაშად უცხოდ იგრძნო და კინაღამ გულიც აუჩუყდა. კიდევ კარგი, რომ გვერდით არავინ ჰყავდა ისეთი, ვინც თავზე ხელს გადაუსვამდა, თორემ ცრემლები უკვე გადმოსაღვრელად ჰქონდა მზად. „აშკარად ვერ მიტანს. რა უნდა? რატომ ამითვალწუნა ასე? საერთოდ არ მიცნობს და მაინც ფიქრობს, რომ მისთვის ხელის შემშლელი ტვირთი ვარ. ვიცი, რომ უნდა დავუმტკიცო, რა შემიძლია, მაგრამ, თუ ამის საშუალება არ მომცა?“ – მარიკამ ამოიოხრა და შუბლით ფანჯრის მინას მიეყრდნო. სწორედ ასეთ პოზაში მოუსწრო ახვლედიანმა.
– რაშია საქმე, აქ რატომ ხარ? პაპავაც აქ არის? ახლა ვურეკავდი და არ მიპასუხა. აგრძელებს ეგ თავის ჭკუაზე სიარულს და არ ვიცი, ბოლოს რა მოხდება. შენ რაღას აკეთებ?
– ველოდები. ათი წუთის წინ ველაპარაკე, მითხრა, მოვალო.
– აჰა! მასთან ერთად რატომ არ ხარ? – ახვლედიანმა გოგო თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და პასუხს არ დაელოდა, ისე განაგრძო: – ისე, მაინც რა გინდოდა ამ სისტემაში? მშვენიერი გოგო ხარ, მოდელად უფრო გამოდგებოდი – პოდიუმზე ივლიდი და თაყვანისმცემლების ზღვა გეყოლებოდა. აქ კი თემურ პაპავა გიშლის ნერვებს.
მარიკამ უცებ ვერც მოიფიქრა, რა პასუხი უნდა გაეცა, მხოლოდ მხრები აიწურა. ახვლედიანმა ჩაახველა და საქმიანი იერი მიიღო:
– იმედია, თათბირზე არ დააგვიანებს. ერთ საათში უნდა ვიცოდე, რას აპირებს იმ ეჭვმიტანილთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, აღიარებითი ჩვენება არ აქვს. მაგრამ, არა უშავს, ბრალის წაყენებას მაინც შევძლებთ. არსებობს მოტივი და არ არსებობს ალიბი. ეს უკვე ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს.
მარიკას არ მოეწონა განყოფილების უფროსის მსჯელობა. ახვლედიანს ისე ეჩქარებოდა საქმის გახსნა, ნაკლებად ადარდებდა დაკავებულის ბედი.
– მის ბრალეულობას დამტკიცება სჭირდება.
– ეგ სასამართლოს საქმეა – თუ დამნაშავე არ არის, გაამართლებენ. მთავარია, ჩვენ საქმე გავხსნათ. მახრჩობს, ისე მაქვს კისერში მოწოლილი.
– დიახ, მესმის, – მექანიკურად, უფრო ზრდილობის გამო ჩაილაპარაკა გოგომ. მაგრამ ახვლედიანი მის ნათქვამს, როგორც ხავსს, ისე მოებღაუჭა.
– შენ კი გესმის, მაგრამ, პაპავას ვერ გავაგებინე. ეტყობა, კიდევ ვერ მიხვდა, რა პრობლემას გვიქმნის, თუ ეს ორი მკვლელობაც ერთმანეთთან კავშირშია, – ახვლედიანმა ამოიოხრა და თავში იტაცა ხელები, – ეს რა უბედურებაა. ორი თვეა, რაც ამ თანამდებობაზე ვარ და ყველაფერი მაინცდამაინც ახლა მოხდა. უკვე დაადგინეთ, ვინ არის მოკლული?
– მუშაობდნენ მაგაზე. თენდებოდა, სახლში რომ წავედი.
– ჰო, აბა, ხომ არ გაათენებდი. აი, პაპავას კი უნდა გაეთენებინა და, დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეც იყო, – ახვლედიანმა მარიკას მკლავზე მოჰკიდა ხელი და გაიყოლა, – წამოდი, წამოდი, ჩემს კაბინეტში დაველოდოთ.
მარიკას უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა და მორჩილად გაჰყვა უკან. თან თემოზე ფიქრობდა.
ცოტაოდენი ისტორია
გვამი ყველაზე კარგი მოწმეა. გვამს შეუძლია, ყველაფერი თქვას, ან, არასოდეს გაამხილოს თავისი ისტორიაო – ამას ამბობდა ძველი რომაელი ექიმი.
დევიმ ხელები საგულდაგულოდ დაიბანა და თემოს მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრა თვალი:
– ისე, შუა საუკუნეების ევროპას იმ ჩინური წიგნის მსგავსი არაფერი მოუცია. იქ ეჭვმიტანილებისა და დამნაშავეების დაკითხვის მთავარი საშუალება ტანჯვა-წამება იყო. მაგრამ, შენ ახლა ისეთი სახე გაქვს, მგონი, ნანობ, შუა საუკუნეების ევროპაში რომ არ ვართ.
– მე იმას ვნანობ, რომ არ მაქვს იმის ფუფუნება, ერთი-ორი შენნაირი თანამშრომელი კიდევ მყავდეს.
– ნუ მაქებ, თორემ, შემრცხვება და გავწითლდები.
– მოკლედ, როგორც ვვარაუდობდი, გვამის გაკვეთამ ბევრი არაფერი მომცა. ახლა უკვე ძალიან ძნელია, სიკვდილის ზუსტი დრო დაადგინო.
– რითია მკვდარი, ის მაინც მითხარი.
– ჰო, მაგას გეტყვი – ეს ბატონი გაგუდეს.
– როგორ?
– შეიძლება, ბალიშით, ან, შეიძლება ქსოვილის ნაჭერი ჩაუტენეს პირში. მერე კი, სავარაუდოდ, მანქანაში ჩადეს, მდინარესთან მიიყვანეს და წყალში გადაუძახეს. თუ ის თავიდანვე მანქანაში არ იყო.
– შიშველი? დევი, შიშველი იჯდა საჭესთან?
ექსპერტმა თავი გააქნია:
– რატომ ნერვიულობ? ნერვიულობა საღ აზროვნებაში გიშლის ხელს. მე ვთქვი, საჭესთან იჯდა-მეთქი? მე მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვი, რომ, შეიძლება, მანქანაში გაგუდეს. მანქანაში სექსი არც ისე კომფორტულია, მაგრამ, როცა სხვა საშუალება არ არის... – დევიმ ხელები გაშალა, – ეტყობა, უჭირდა კაცს.
– მოიცა, შენ ამტკიცებ, რომ მკვლელობა მანქანაში მოხდა?
– არ ვამტკიცებ, ვვარაუდობ. გვამი დიდხანს იყო წყალში. სავარაუდოდ, ის წყალმა საკმაოდ დიდ მანძილზე ათრია. მერე ნაპირზე გამოათრიეს. გვამური ლაქები თითქმის გაფერმკრთალებულია – ეს წყალმა გააკეთა. სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის შემდეგ სისხლი მიდის ქვემოთ, რაც იწვევს რუხი-იისფერი ლაქების გაჩენას კანზე. პროცესი, ჩვეულებრივ, სიკვდილიდან ნახევარი საათის შემდეგ იწყება. პირველ ათ-თორმეტ საათში გაჩენილი ლაქები, შეიძლება, გაქრეს, თუ დავაწვებით. იმიტომ, რომ სისხლი ძალის ზემოქმედების შედეგად დაბლა დაიწევს. უფრო მოგვიანებით კი, სისხლი აღწევს კანის ქსოვილებში და დაწოლით მათი გაქრობა აღარ ხერხდება. ეს თავისებურება ძალიან გვეხმარება, განვსაზღვროთ სიკვდილის დადგომის დრო. სიკვდილიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ლაქები, შეიძლება, გადაადგილდეს გვამის მდგომარეობის შეცვლით – სისხლი სხეულის ქვედა ნაწილებში ეშვება. შემდეგ კი ეს პროცესი წყდება.
პაპავამ ხელის აქნევით შეაჩერა ლაპარაკის საღერღელაშლილი ექსპერტი.
– ჩვენს შემთხვევაზე ილაპარაკე და თან, უფრო კონკრეტულად.
– უფრო კონკრეტულად? კი, ბატონო. დაახლოებით ორი თვის მკვდარია. ჯერ გაგუდეს და წყალში ისე გადააგდეს. ფილტვებში არც ქვიშაა და არც იმ რაოდენობის წყალი, რაც, ჩვეულებრივ, წყალში დამხრჩვლებს აქვთ ხოლმე. სამწუხაროდ, მეტს ვერაფერს გეტყვი, იმიტომ, რომ წყალმა თავისი საქმე გააკეთა.
– ესე იგი, მკვლელი ქალია?
– არა, ასეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები. მე გვამი ძალიან ყურადღებით დავათვალიერე და...
– გასაგებია. მოკლედ, უნდა მოვძებნოთ, ვინ დაიკარგა ორი თვის წინ. ახლავე დავრეკავ და ვეტყვი, ყველა შემოსული განცხადება გადაამოწმონ.
– მოიცა, – დევიმ შუბლი მოისრისა.
– რა იყო?
– საქმე ისაა, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა გვამი კვირაობით, თვეობითაც კი ყოფილა წყალში და ახლად დამხრჩვალის გარეგნული ნიშნები შეუნარჩუნებია. ეს მაშინ ხდება, როცა გვამი მაშინვე არ ამოტივტივდება წყლიდან, რადგან ზედაპირზე მოტივტივე გვამი ჰაერის მოქმედების გამო ხრწნას განიცდის. ჩვენი გვამი კი დაცული იყო. კანი ძალიან თეთრია. გვამმა წყალქვეშ საკმაოდ დიდხანს დაყო.
– საკმაოდ დიდხანს? მაინც, რამდენ ხანს?
– მინიმუმ ერთი თვე მაინც. თემოს მოუსვენრობა დაეტყო, წამოხტა და ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა.
– დაწყნარდი, ასე არაფერი გამოვა – მშვიდად გააჩერა დევიმ, – მე იმიტომ გიყვები ამ ყველაფერს, რომ შენ საჭირო დასკვნები გააკეთო.
– სამი თვეც დასაშვებია, რომ ვივარაუდოთ?
– სავსებით და, კიდევ ერთი დეტალი, ოღონდ, არ ვიცი, ეს რამდენად გამოგადგება: გვამს აშკარად აღენიშნება თანდაყოლილი დეფექტი, კერძოდ, ფილტვის ანომალია.
– ეს რას ნიშნავს?
დევიმ სიგარეტის კოლოფი ამოიღო:
– მოვწევ და გეტყვი.
– არა, არა, ჯერ მითხარი, რა ანომალიაზე მელაპარაკები?
– კარგი, მარტივად აგიხსნი: ის სხვა ნებისმიერ ადამიანზე სწრაფად გაიგუდებოდა უჰაერობით. მაგალითად, ჩემზე და შენზე, ანუ, ჯანმრთელზე ბევრად მალე. მკვლელს, შესაძლოა, ეს სცოდნოდა, ან არ სცოდნოდა.
– აქედან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?
– შეიძლება დავუშვათ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის ვერსია.
– ანუ? – თემური შეიჭმუხნა.
– ანუ, თუ პირი რამე საგნით ან... – დევი შეყოყმანდა, – მოკლედ, ხვდები, რასაც ვგულისხმობ. შეგიძლია, წარმოიდგინო?
– ჯანდაბა! ამის დედაც! რა საზიზღრობაა! შეგიძლია, ეს ამბავი დამიზუსტო?
– ვეცდები. პირის ღრუს კიდევ ერთხელ დათვალიერება და ანალიზი მომიწევს. წყალმა ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია, ძალიან.
თემური აწრიალდა:
– სასწრაფოდ მჭირდება გვამის იდენტიფიკაცია. რას აკეთებენ ამდენ ხანს? აი, მგონი, მირეკავენ. ფუ, შენი! ახვლედიანი რეკავს. შენ რას შვრები, თათბირზე არ მოდიხარ?
– აუცილებლად. მაგრამ, ცოტა დრო რომ კიდევ სჭირდება? თან, არც ყავა დამილევია და „ლომკა” მაქვს.
– შენ ყავა არ დაგილევია, მე კი დილიდან ლუკმა არ ჩამსვლია პირში და, მგონი, არც მშია. თათბირის მერე კი ახვლედიანი დიდი ხნით დამაკარგვინებს ჭამის მადას. წამოდი, წამოდი. ბიჭებს დავურეკავ, სანამ თათბირზე შევალ, მოკლულის ვინაობა უნდა ვიცოდე.
***
წყალს ოდნავ ასდიოდა გოგირდის თუ ქლორის სასიამოვნო სუნი და მუქ ჭაობისფრად ლივლივებდა. დათომ ქუდი გაისწორა და აუზში ჩახტა. რამდენიმე წუთი შეუსვენებლად იცურა. საერთოდ არაფერს აქცევდა ყურადღებას. მერე ზურგზე ამოტრიალდა და თვალებდახუჭული მიეცა განცხრომას.
– დავით, როგორ ხარ? – გაიგონა ვიღაცის ძალიან ნაცნობი ხმა და გვერდით ამ „ვიღაცის” სხეული იგრძნო. თვალები გაახილა.
– მივხვდი, რომ შენ იქნებოდი. დილით გირეკავდი.
– ჰო, ვნახე. დედაჩემს ვაცილებდი და ვერ გიპასუხე.
– ბიჭო, ეგ ამბავი აღარც მახსოვდა. ესე იგი, მარტო ხარ?
– ჰო, რა! – ბიჭმა გაიცინა, პეშვით წყალი მიასხურა და ცოტა შორს გაცურა. მერე ისევ უკანვე მოცურდა, – დღეს ვარჯიშზე რჩები?
– რა ვიცი, საღამოს რაღაც საქმე მაქვს.
– ვიცი შენი საქმე ვინმე ნაშა გეყოლება შებმული და იმასთან გარბიხარ. არ მოგბეზრდა მაინც? ერთი მაინც დაიძველე.
– დავიძველო, რა, ღვინოა? ახალ-ახალი არ ჯობია? მაგრამ, ამჯერად სხვა შემთხვევაა. დედაშენი რამდენი დღით წავიდა? ორივე ბინა შენს განკარგულებაშია?
– რა ვიცი, მინიმუმ, ერთი კვირით, რაღაც კონგრესია თუ სემინარი. შეიძლება, ცოტა მეტითაც. გინდა, რომ გავერთოთ?
– უარს არ ვიტყოდი. ეე, ვიცი, ახლა რაზეც ჩაფიქრდი. დედაშენი ვერაფერს გაიგებს. ნიკუშ, ნუ იგრუზები, რა. დედაშენი ვერაფერს გაიგებს. მე არ ვეტყვი და შენ. გულთმისანი ხომ არ არის?
– შენ არ იცნობ დედაჩემს, არ იცი, როგორ ვერ იტანს ასეთ რაღაცეებს. თან, ცოტა გულთმისანიც არის – ზოგჯერ ისეთ რაღაცას მიხვდება, გაოგნდები.
– ჰო, კარგი, წყნეთში მაინც ავიდეთ. თქვენი აგარაკი ისეთ ადგილას დგას, ტურები და მგლები თუ მიუტანენ ენას დედაშენს. ჩვენც არ ვიხმაურებთ. ჩუმად, ჩვენთვის გავერთობით.
– ვნახოთ. წინასწარ ვერაფერს შეგპირდები. არ მიყვარს ტყუილები.
– საერთოდ ნურაფერს იტყვი და ტყუილიც აღარ გამოგივა, – იპოვა გამოსავალი დათომ.
– შენ რა კაი ტიპი ხარ, რა ადვილად უყურებ ყველაფერს.
– ადვილად უნდა უყურო, აბა რა! ცხოვრება ისედაც რთულია, რომ შენ კიდევ არ გაართულო. სულ ამას ვასწავლი მაკასაც, მაგრამ, ესმის? იშვიათი ნიჭი აქვს, არც თვითონ მოისვენოს და სხვასაც არ მისცეს მშვიდად ცხოვრების საშუალება.
– მაკა?!
– ჩემი მაკა, რა! თუმცა, შენ არ იცნობ. ქმარი გამომძიებელი ჰყავს და მოკვდა მასზე ეჭვიანობით. საღამოსაც უნდა შევხვდე და სადმე წავიყვანო. დავამშვიდებ ცოტას.
– ვარჯიშზე მოსულიყავი, ბიჭო. მალე ჩემპიონატი იწყება. არ გინდა, სასტავში ჩაგსვან?
– ჰო, რა ვიცი. მინდა, მაგრამ, თან ცოტა მეზარება. ხომ იცი, როგორი ურეჟიმო და თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ, – გაიცინა დათომ, მკლავები ღონივრად მოუსვა და აუზის კიდისკენ გაცურა.
***
ახვლედიანს გაფართოებული თათბირი ჰქონდა. უბრალო პოლიციელებიდან დაწყებული, ლამის დარაჯი და დამლაგებელიც კი ოთახში ჰყავდა შეყრილი, თვითონ კი მრისხანე სახით სცემდა ბოლთას.
– მოკლედ, პირი შეკარით – ერთი გაუხსნელი საქმე არ გვეყოფოდა, მეორეც აიკიდეთ. ის მაინც თუ დაადგინეთ, ვინ არის მოკლული?
– დიახ, ბატონო გიორგი. გუსტავ ფუგანი. საქართველოს მოქალაქე არ არის. ხუთი თვის წინ ჩამოჰყვა საქველმოქმედო მისიას საქართველოში. გერმანელია, – სულმოუთქმელად ჩაარაკრაკა უმცროსმა გამომძიებელმა და შვებით ამოისუნთქა.
– ისევ უცხოელი! – თავზე იტაცა ხელები ახვლედიანმა, – გავგიჟდები და თქვენც, ალბათ, ეგ გინდათ.
– ეს ის არის, თვე-ნახევრის წინ რომ დაიკარგა. განცხადება შემოვიდა და მერე აღარავის მოუკითხავს – დაუკონკრეტა გამომძიებელმა და წარბებს ქვემოდან გახედა მოღუშულ თემოს.
– აღარავის მოუკითხავს და თქვენც თავები აღარ შეიწუხეთ მისი ძებნით! – იფეთქა ახვლედიანმა.
– როგორ გეკადრებათ, ბატონო გიორგი. ვეძებდით, – უხერხულად შეიშმუშნა საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე.
– ეძებდით! შემთხვევით რომ არ გამოერიყა წყალს, კიდევ დიდხანს მოგიწევდათ მისი ძებნა. ესეც შიშველი იყო, ხომ? – მიუბრუნდა თემოს.
– დიახ, შიშველი იყო.
– წყალი ტანსაცმელს ვერ გახდიდა – დამცინავი ტონით განაგრძო მთავარი გამომძიებლის „დაკითხვა” ახვლედიანმა, – თუ, შენ უფრო ორიგინალური ვერსია გაქვს?
– მე მაქვს ვერსია, – ჩაახველა დევიმ და წამოდგა, – ჯერ დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ჯერ გაგუდეს და მერე გადააგდეს წყალში, რა თქმა უნდა, შიშველი.
– კიდევ?
– ხვალ ზუსტი დასკვნა გექნებათ.
– კარგი. პაპავა, მაჩაბელი და ნოდარ დევიძე დარჩებიან, დანარჩენებს შეუძლიათ, წავიდნენ. იმუშავეთ!
თემომ წყალი დაისხა და ფანჯარასთან მივიდა. ახვლედიანი დაელოდა სანამ ყველა გაიკრიფებოდა ოთახიდან და თემურთან მივიდა.
– პაპავა, შენ ფიქრობ, რომ ეს ორი მკვლელობა ერთმანეთთან კავშირშია?
– ამას ასე ვერ გეტყვით, ძიება დაადგენს.
– პაპავა, შენ სრულ ჭკუაზე ხარ? რატომ უნდა იყოს ეს ორი მკვლელობა ერთმანეთთან კავშირში, რის საფუძველზე ვარაუდობ ამას?
– ბატონო გიორგი, ვარაუდის დონეზე დავუშვი.
– საჭირო არ არის. არ არის საჭირო! მე ამ მეორე მკვლელობის გამოძიებას სხვას დავაწერ და ის გამოიძიებს. შენ შენს საქმეს მიხედე. დროულად მიხედე, სანამ კიდევ გვითმენენ ზოზინს!
– ვის დააწერთ? – თემო შესამჩნევად გაწითლდა.
– გამომძიებლების მეტი რა არის ამ განყოფილებაში? მივცემ რომელიმეს და მე რომ მკითხო, ეს საქმე ნაკლებად მაღელვებს, ყოველ შემთხვევაში, შენ ეს აღარ გეხება. სასწრაფოდ უნდა მიიყვანო დასასრულამდე ის საქმე, რომელსაც იძიებ. და, კიდევ: ერთ საათში ელჩთან გვაქვს შეხვედრა, არაოფიციალურ გარემოში. ამ ერთ საათში მოვასწრებთ, ბრალი ოფიციალურად წავუყენოთ იმ ქალს და წინასწარ პატიმრობაც შევუფარდოთ.
– კი, მაგრამ, მისი ბრალეულობა არც ისეთი სარწმუნოა.
– პაპავა, მოტივი არის? – არის. ვერ ამტკიცებს, რომ მკვლელობის ღამეს იმ ტიპთან ერთად არ იყო? – ვერ ამტკიცებს. მეტი რაღა გინდა? საკმარისია, წინასწარი პატიმრობა რომ შევუფარდოთ. მართალია, მოტივი არც ისეთი სასიამოვნო და შესაფერისია ელჩის სასიძოსთვის, მაგრამ, მე ხომ მაინც აღარ ამიკლებენ ზარებით. მოკლედ, მოემზადე. მეც შენთან ერთად წამოვალ.
– ბატონო გიორგი, – ხმა ჩაეხრინწა მღელვარებისგან პაპავას.
– ჰო, რა გინდა? არგუმენტები არ მაინტერესებს, მით უმეტეს – საპირისპირო. ეს ამბავი უნდა მიჩუმდეს. სხვათა შორის, მე სულ არ მეპარება ეჭვი, რომ მკვლელი სწორედ ნათია დეისაძეა. ქალებს ახასიათებთ ასეთი ღვარძლიანობა. გულში ჩადებული ბოღმა მაშინ გადმოანთხია, როცა ამის შესაძლებლობა მიეცა. ეს ხომ ცხადია?
– დეისაძეს არაფერში სჭირდებოდა ბერაძის მოკვლა. ეს არალოგიკურია. ძლივს ცხოვრება აიწყო ქალმა, რაღაცას მიაღწია, წარსული დაივიწყა.
ახვლედიანმა ხელები აიქნია:
– პაპავა, მკვლელი ეს ქალია და ლოგიკაზე ნუ მელაპარაკები, მკვლელს ლოგიკა არ აქვს. მაშინ მოკლა, როცა ამის ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა. იქნებ, მთელი ამ ხნის განმავლობაში საყვარლებიც იყვნენ, შენ რა იცი?
– სერგი ბერაძეს ჰყავდა საყვარელი, მაგრამ, ის კაცია! – მოულოდნელად წამოიძახა აქამდე თავისთვის, მაგიდის კუთხეში მჯდარმა მარიკამ. ახვლედიანს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს.
– რა თქვი?
– დიახ, მე და ბატონმა დევიმ გავიცანით ის კაცი ღამის კლუბში. ძალიან მგლოვიარეა და, სხვათა შორის, არც მალავს ამ ურთიერთობის შესახებ.
ახვლედიანი სავარძელზე დაეხეთქა:
– ვაიმე, გული გამისკდება! მკვლელობის ღამეს ბერაძე მასთან ერთად იყო?
– ჯერ არ დაგვიკითხავს, ბატონო გიორგი. ვერ მოვასწარით – შემთხვევის ადგილზე გავედით, მეორე გვამთან დაკავშირებით.
– მეორე გვამს თავი დაანებეთ-მეთქი, პაპავა, ელჩთან, კი არც ერთი სიტყვა – მისი სიძისა და იმ ცისფერის ურთიერთობის შესახებ. გასაგებია? როგორც უკვე გითხარი, ეჭვმიტანილი გვყავს და ის ნათია დეისაძეა!
გაგრძელება შემდეგ ნომერში